Batumelebi | „წინასაარჩევნო ძალების გადასინჯვა“ აჭარის ტელევიზიაში „წინასაარჩევნო ძალების გადასინჯვა“ აჭარის ტელევიზიაში – Batumelebi
RU | GE  

„წინასაარჩევნო ძალების გადასინჯვა“ აჭარის ტელევიზიაში


დღეს აჭარის ტელევიზია პირადი განცხადების საფუძველზე ორმა პროდიუსერმა დატოვა. ტელევიზიიდან წამოსვლის მიზეზებზე „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მათგანი, დღის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი სოფო ჟღენტი საუბრობს.



სოფო, რატომ წამოხვედით თქვენ და ქეთი დუმბაძე აჭარის ტელევიზიიდან?

 

ბოლო ორი თვის განმავლობაში ისეთი პროცესები მიდიოდა, რაც ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის არ იყო მისაღები და საინტერესოა. მაგალითად, მურმან დუმბაძესთან დაკავშირებული ფაქტი – რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა ჩვენი ტელევიზის წინ: პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მეოთხე-მეხუთე პირია, ქუჩაში ცემით ემუქრებოდა ვიღაცას და ამაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად, ყველასთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ამბავზე მე უარგუმენტოდ მეუბნებოდნენ, რომ ეს მასალა არ უნდა გაგვეშვა პირველ სიუჟეტად. არ გავა-გავა, რატომ გავა… როცა ამაზე ვკამათობდით, საინფორმაციოს უფროსმა [შორენა ღლონტი] უბრალოდ მითხრა, რომ მან ასე გადაწყვიტა.  

 

ეს ის ფრაზაა, რომელსაც მე, როგორც ჟურნალისტი, ვერ მივიღებ. მე მჭირდება არგუმენტი საინფორმაციოს უფროსისგან, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს, რატომ არ უნდა იყოს ვიცე-სპიკერთან დაკავშირებული ინციდენტი პირველი სიუჟეტი… დიდი კამათის შემდეგ, როცა ნეტგაზეთმა დადო, სააგენტოებმა დადეს, როცა ყველამ ატეხა ამაზე ამბავი, ბოლოს ვთხოვე შორენას, რომ ყველა ამაზე წერს და სირცხვილია-მეთქი. ბოლოს დამთანხმდა, რომ ჩამესვა პირველ სიუჟეტად.

 

ბოლო დროს ჯგუფები გადაღებაზე მიდიოდა ისე, რომ მე პროდიუსერმა არ ვიცოდი და მოჰქონდათ, მაგალითად, ასეთი სიუჟეტი: ორთაბათუმის გამგებელმა ბრიფინგი ჩაატარა მომავალ წელს 50-ათასიანი პროექტის განხორციელებასა და ქუჩის გალამაზებაზე. ან ქობულეთის გამგებელი მივიდა რომელიღაც კერძო საავადმყოფოში და თქვა, რომ მომავალ წელს მიმდებარე ტერიტორიას მოაპირკეთებს.

 

მეუბნებოდნენ, რომ ეს და მსაგვსი ნიუსები უნდა გასულიყო. მე კატეგორიულად ვამბობდი, რომ არ ჩავსვამდი ამ ნიუსს, რადგან ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი მგონია-მეთქი.


მსგავსი ნიუსები მთავარ გამოშვებაშიც კი ხვდებოდა.

 

ამიტომაც გადავწყვიტე, რომ იქ არ არის ჩემი ადგილი. მით უმეტეს წინ გვაქვს არჩევნები და მეშინია, რომ ეგეთი ტიპის ნიუსები, რაზეც უკვე ვისაუბრე, ძალიან ბევრი იქნება და კითხვაზე რატომ? –  მე პასუხს ვერ მივიღებ.

 

მთავარი საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერმა რატომ გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა?

სხვათა შორის, ფაქტის წინაშე მარტო მე არ დავუყენებივარ – ახალი ხელშეკრულების გაფორმების დროს ცხრიანის პროდიუსერსაც პოსტფაქტუმ უთხრეს, რომ მასთან ერთად იმუშავებდა კიდევ ერთი პროდიუსერი. ქეთის [დუმბაძე – მთავარი გამოშვების პროდიუსერი] უთხრეს, რომ ძალები უნდა გადასინჯონ. როცა ქეთიმ დაიწყო შეკითხვების დასმა თუ რატომ, მას უთხრეს: „ჩვენ გვეჩვენება, რომ შენ დაიღალეო”, ანუ მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ქეთი დაიღალა ისე, რომ ქეთიმ არ იცის ამის შესახებ.

 

ქეთიმ ამ პროცესს დაარქვა „წინასაარჩევნო ძალების გადასინჯვა“. ძალების გადასინჯვა წინასაარჩევნოდ ძალიან სარისკოა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მით უფრო, როცა ექვსი თვის წინ დაგეგმე სტრუქტურა, რითაც ახლა მუშაობ.

 

შეიძლება ითქვას, რომ აჭარის ტელევიზიაზე ზეწოლას ახორციელებენ სახელისუფლო გუნდის პოლიტიკოსები?


სიმპტომები არის, მაგრამ  კონკრეტულად არ შევსწრებივარ ვინმეს სატელეფონო ზარს. ფაქტია, ჩნდება ისეთი ნიუსები, მომავალ არჩევნებში მონაწილე პირების პიარზე რომ მუშაობს.

 

რვა თვეა რაც აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობ და პირველი ექვსი თვე მე ამ ტიპის პრობლემა არ მქონია. თუმცა შეექმნა პრობლემა იმ ადამიანს, რომელსაც ან ჩვენამდე არ მოჰქონდა ამ ტიპის პრობლემები, ან უბრალოდ არ არსებობდა.

 

ჩვენამდე პრობლემა შეექმნა იმ ადამიანს, რომლის საინფორმაციო პოლიტიკასაც მე ვეთანხმებოდი და დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი მასთან ერთად. ფაქტია, რომ ეს ადამიანი წავიდა და ჩვენ ვიცით, რომ მასაც ჰქონდა იგივე შეთავაზება რაც, მაგალითად, მე – ირინა ყურუასაც უთხრეს, რომ გადასულიყო რადიოში პროდიუსერად, სადაც, უბრალოდ, ჟურნალისტებიც კი არ ჰყავთ. ამ პოლიტიკის ნაწილი მგონია ჩვენი შემთხვევაც – ყოველ შემთხვევაში ჰგავს ძალიან ერთმანეთს. არ უნდიხარ იმიტომ კი არა, რომ არ მოსწონს შენი გაკეთებული საქმე, თითქოს პირიქით – გეუბნება, რომ სუსტი რგოლის გასაძლიერებლად სჭირდები.

 

ტელევიზიის დირექტორი და საინფორმაციოს უფროსი ალბათ ფიქრობენ, რომ რასაც თვითონ აკეთებენ ის არის სწორი. მე კი ვფიქრობ, რომ ისინი არ არიან სწორი. შესაბამისად, როცა მე არ ვეთანხმები პროცესებს, უნდა გავშორდე იქაურობას, რადგან ვინც დგას ამ პროცესის სათავეში, მას ეს მოსწონს.

 

ვიცი, რომ  ეკლესიასთან დაკავშირებული ინციდენტიც გქონდათ. ეს რამდენად სწორია?


სიუჟეტი ბარბარეს ეკლესიის რეაბილიტაციასა და მის კანონთან შესაბამისობას ეხებოდა; ამ შემთხვევაშიც გაუგებარი არგუმენტები მოვისმინე საინფორმაციოს უფროსისგან. პროცესი ასე დაიწყო: სამიანი გამოშვების წინ დავურეკე მოძღვარს და ვკითხე, მამაო, ჩვენ სიუჟეტს ვამზადებთ და თუ ჩაგვეწერებით-მეთქი. პასუხად მითხრა – შენს უკან ვინ დგას, რატომ აკეთებთ… და არ გაუშვაო. ვუთხარი, რომ გაშვება-არგაშვების საკითხს მე გადავწყვეტდი, უბრალოდ, მინდოდა მას ეთქვა ექვსამდე ჩამეწერებოდა თუ არა. მითხრა, რომ არ მეწერება და სიუჟეტის გაშვების საკითხს გადაწყვეტს შორენა.

 

საინფორმაციოს უფროსი მართლაც იყო ამ სიუჟეტის გაშვების წინააღმდეგი – დაგვირეკეს და უხერხულიაო.  

 

სიუჟეტი სამიანის გამოშვებაში მაინც ჩავსვი. ამის გამო ორი საათის განმავლობაში საინფორმაციოს უფროსი, ტელევიზიის დირექტორი და მის მოადგილე იხილავდნენ ჩემ საკითხს, დავარღვიე თუ არა სუბორდინაცია, როცა უფროსმა მითხრა, რომ ამომეღო სიუჟეტი და მე მაინც ჩავსვი. მე მათ ვუხსნიდი, რომ მოტივი არ მქონდა ეს სიუჟეტი არ გამეშვა. მაშინ მითხრეს, რომ დამეწერა ახსნა-განმარტებითი ბარათი, რაზეც ასევე უარი ვთქვი.

 

ჩვენი ყოველდღიური კამათი შეიძლება განმეხილა სამუშაო პროცესად, მაგრამ ერთი კვირის წინ დამაყენეს ფაქტის წინაშე, – ხელშეკრულებას მიფორმებდნენ არა იმ პოზიციაზე, რომლითაც კონკურსში გავიმარჯვე – დღის გამოშვების პროდიუსერად, არამედ გადავყავდი კორპუნქტების პროდიუსერად. როცა ვკითხე, რატომ? მიპასუხეს, რომ უნდათ გააძლიერონ კორპუნქტები.


კითხვაზე – გვემატება ქედაში, შუახევში, ქობულეთში, ხელვაჩაურში კორპუქტები?

 

მეუბნებიან, – ამ ეტაპზე არა.

 

გამოდიოდა, რომ ვიქნებოდი მხოლოდ ხულოს კორპუნქტის პროდიუსერი, რადგან სხვა რეგიონებში კორპუნქტები არ გვაქვს (ქუთაისის და თბილისის ბიუროებს  ადგილებზე ჰყავთ პროდიუსერები).

 

მოხარული ვიქნები, თუ საზმაუწყებელში რეგიონიდან ბევრი ამბავი იქნება, მაგრამ ჩემი გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ მე აღარ მქონოდა საინფორმაციო გამოშვების გეგმასთან წვდომა – რა გავიდოდა, როდის და რის შემდეგ, რა უფრო აქტუალური იყო. გეგმას განზრახ რომ მომაშორეს, ამას მაფიქრებინებს ის, რომ ამ პერიოდში ძალიან ბევრი მსგავსი ფაქტი მოხდა. 

 

ყოველ ჯერზე როცა მქონდა ასეთი პრობლემა, ვახერხებდი საბოლოო ჯამში საინფორმაციოს უფროსის დათანხმებას. არც მიფიქრია სამსახურიდან წამოსვლა იმის გამო, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე ვკამათობდით, რადგან ეს მუშა პროცესი მეგონა, მაგრამ როცა ეკლესიის შემთხვევის შემდეგ დირექცია ითხოვდა, რომ დამეწერა ახსნა-განმარტება, ორი კვირის შემდეგ კი მითხრეს, რომ სხვა პოზიციაზე უნდა გადავეყვანე, გამიჩდა განცდა, რომ ეს არის მიზანმიმართული.

 

 

მე ვიცი, რომ კონკურსის წესით დანიშნული სხვა პროდიუსერებიც აპირებენ ტელევიზიიდან წასვლას. ამის შესახებ თუ იყო საუბარი რედაქციაში?


მსგავსი ინფორმაცია მეც მაქვს – ზუსტად ვიცი, რომ  ერთი წავა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე