კვირის ამბები

მიწა გლეხს თუ კომპანიას-სახელმწიფოს არჩევანი

24.03.2014 • 2361
მიწა გლეხს თუ კომპანიას-სახელმწიფოს არჩევანი

თინათინ ყოლბაია

ქალბატონო თინათინ, რატომ დააყენა საჯარო რეესტრმა მის მიერვე მიღებული აქტების კანონიერება ეჭვქვეშ, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება?

-საჯარო რეესტრი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მიღებული თავისი გადაწყვეტილებების კანონიერება გადაამოწმოს. ის ასევე ვალდებულია განახორციელოს თანამდებობის პირებზე ადმინისტრაციული კონტროლი. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება.

რეგისტრაციის კანონიერებაზე „აჭარ-ენერჯი-2007“-იც დავობს, რომელმაც სარჩელით სასამართლოს მიმართა. კონკრეტულად რას ითხოვს კომპანია?

-ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც გამოიწვია არსებული გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლა, არის სწორედ „აჭარ-ენერჯი-2007“-ის სარჩელი, რომელიც ზუსტად ამ ნაკვეთებს უკავშირდება. კომპანია რეგისტრაციების გაბათილებას ითხოვს; არსებობს რისკები, რომ სასამართლომ გააბათილოს ეს სადავო რეგისტრაციები. როცა ამ ოდენობით სასარჩელო მოთხოვნაა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეამოწმოს იმ აქტების კანონიერება, რომლებზეც არის დავა. ასეთი სასარჩელო მოთხოვნით დავა სასამართლოში ჯერ არ გვქონია.

რა ეტაპზეა პროცესი სასამართლოში?

– გაიზარდა სასარჩელო მოთხოვნა. პირველ ეტაპზე მოიცავდა 89 მიწის ნაკვეთს, შემდეგ დაემატა 10 ნაკვეთი. კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენს ამ 99 მიწის ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა. სასამართლო სხდომა ჩანიშნული არ არის. სასამართლოში მხარედ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურია. გვაქვს წარდგენილი ჩვენი წერილობითი პოზიცია და მტკიცებულებები.

სხვა რეგიონებში თუ გადაგიმოწმებიათ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობა?

– რა თქმა უნდა. სხვა რეგიონებშიც და თბილისშიც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ვერ გეტყვით, რომ ამგვარ პირთა ფართო წრე ხშირად არის, მაგრამ ყოველთვის გვაქვს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება რამდენიმე პირს ან ინდივიდუალურად ერთი რეგისტრაციის საგანს.

რეგისტრაციის გაბათილების შემთხვევაში ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება?

– ეს ჩვენი კომპეტენციის საგანი არ არის. ვიღებთ გადაწყვეტილებას რეგისტრაციის კანონიერების დადასტურების შესახებ, ან პირობითად, რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ.

რეგისტრაციების გაუქმების საბოლოო გადაწყვეტილებას ვინ იღებს?

– ამ წარმოების შედეგი იქნება ან კანონიერების დადასტურება, ან რეგისტრაციების ბათილად ცნობა. ეს იქნება საჯარო რეესტრის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც მხარეებს დადგენილი წესით ჩაბარდებათ, რის შემდეგაც მათ ეძლევათ გასაჩივრების უფლება. წინასწარ, რა გადაწყვეტილება მოყვება ამ წარმოებას, ჩვენთვის უცნობია.

 

 

-რატომ გადაწყვიტეთ ამ ადამიანებთან საჯარო შეხვედრა, ეს პირველი შემთხვევაა?

– ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იცნობს წარმოების სამ ფორმას – მარტივს, ფორმალურსა და საჯარო ადმინისტრაციულს. ასეთი მაღალი სტანდარტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება იმიტომ შევარჩიეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება პირთა ფართო წრეს და გვინდა ყველა მონაწილე პირის უფლება იყოს დაცული, შეძლონ მათ თავიანთი პოზიციებისა და არგუმენტების წარმოდგენა.

ხელვაჩაურიდან თბილისში ჩამოსვლა ბევრად უფრო რთული იქნებოდა მოსახლეობისთვის, ვიდრე – ბათუმში. ამიტომაც გადავწყვიტეთ საჯარო საქმის განხილვა ბათუმის იუსტიციის სახლში. თუმცა ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ სხვა რეგიონში ყოფილიყოს ასეთი მაღალი სტანდარტის ადმინისტრაციული წარმოება.

ამ მოსახლეობის მიწების საკუთრების კანონიერება სადავოა, ვინაიდან მათ აქვთ მდინარის პირას მიწის ნაკვეთები, ზოგს კლდოვანი ან სასოფლო დანიშნულებისთვის გამოუსადეგარი მიწა და ა.შ. თავის დროზე რატომ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა ეს ნაკვეთები?

-ამ ეტაპზე სწორედ ეს არის განხილვის საგანი. თქვენს კითხვებს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გაეცეს პასუხი. მანამდე ეს იქნება წინასწარი მოსაზრების გამოთქმა, ამიტომ ნამდვილად არ გვაქვს ამისი არც შესაძლებლობა და არც უფლება.

შეხვედრა მოსახლეობასთან იუსტიციის სახლში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: