Batumelebi | რაში დაიხარჯება ყველაზე მეტი თანხა ქედაში რაში დაიხარჯება ყველაზე მეტი თანხა ქედაში – Batumelebi
RU | GE  

რაში დაიხარჯება ყველაზე მეტი თანხა ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის ბიუჯეტისგან 4 მილიონი ლარით გაზრდილია – დამტკიცებული ბიუჯეტი ამ ეტაპზე 9 331 800 ლარია, აქედან 4 559 000 ლარი ქედაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. 

 

ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ყველაზე მეტი თანხა ქედაში საკანალიზაციო სისტემის გამართვისთვის დაიხარჯება. წყალსადინარი სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ 450 000 ლარია გამოყოფილი.

 

კანალიზაციის შემდეგ ყველაზე ბევრი თანხა –  380 000 ლარი, სასმელი წყლის მაგისტრალების რეაბილიტაციისთვის არის გათვალისწინებული.

 

მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული სანიაღვრე არხების გამართვას – 250 000, 11 სოფელში სარწყავი არხის მშენებლობას კი, 64 000 ლარი მოხმარდება.

 

გაზრდილია საბინაო ამხანაგობის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი, ბინების გადახურვასა და ფასადების მოწესრიგებისთვის 140 00 ლარი გაწერილი.

 

დაბა ქედისა და მახუნცეთის კეთილმოწყობაზე 350 000 ლარია გამოყოფილი.

სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები ქედაში ჯერ არ დაწყებულა, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ გამგეობა ამ ეტაპზე არქიტექტურულ და საპროექტო მომსახურებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციაზე მუშაობს.

 

„ჩემი მიზანია ყველაფერი კარგად და ხარისხიანად გაკეთდეს, მირჩევნია სამუშაოები 10 დღით დაგვიანებით დავიწყო, ოღონდ ხარისხზე იყოს ორიენტირებული, შესაბამისი პროექტები მომზადდეს და ცდომილება არ იყოს. საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.  მნიშვნელოვანია, როგორც პროექტის სათანადო დაგეგმარება, ასევე მშენებლობის წარმართვაც”, – აცხადებს გამგებელი.

გასული წლისგან განსხვავებით მუნიციპალიტეტის გამგეობა პროექტებზე მომუშავე კომპანიებს წელს კონკურსით შეარჩევს. კონკურსით გამოვლინდება ის კომპანიებიც, რომლებიც ქედაში ძვირადღირებულ სამუშაოებს შეასრულებენ.

 

კონკურსის მთავარი მოთხოვნა კი ლიცენზირებული ექსპერტიზის დასკვნაა. არქიტექტურულ და საპროექტო მომსახურებაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის კომპანიებს საექსპერტო დასკვნასთან ერთად შესაბამისი პროექტის სქემა და აქამდე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ევალებათ. ასევე დამკვეთი ითხოვს კონკურსში მონაწილე კომპანიის ძირითადი თანამშრომლების კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის გამგეობა გამარჯვებულს გამოავლენს 10-ქულიანი შეფასების სისტემით და ხელშეკრულებას გაუფორმებს.

 

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული შესაბამისი კომისია ვეღარ ჩაიბარებს, მშენებლობის პროცესს კი თვითონ გააკონტროლებს:

 

“საპროექტო სამუშაოებზე წინა წლებში ტენდერი ცხადდებოდა. ის იმარჯვებდა, ვინც ნაკლებ თანხას შესთავაზებდა, რაც ზოგჯერ ცუდი შედეგით მთავრდებოდა. მაგალითად, დოლოგნის ბაგა-ბაღი, რომელიც პროექტით ყოფილ შენობაზე მეორე სართულის დაშენებას ითვალისწინებდა, მშენებლობის დროს ჩამოინგრა. საპროექტომ არ შეამოწმა შენობის მდგრადობა და პროექტი არამდგრად შენობაზე შეიმუშავა, ეს დაუდევრობაა, რამაც მშენებლობის პროცესი შეაყოვნა. მე ყველა პროექტზე კონკურსი გამოვაცხადე. პროცესის გასაკონტროლებლად, მთავარ მოთხოვნად საექსპერტო დასკვნა ჩავდე“.

 

დავით დუმბაძის აზრით, „არ შეიძლება მილიონ-ნახევარი დახარჯო საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისთვის და ორი წლის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდეს“.

 

ქედის მუნიციპალიტეტის შესყიდვების განყოფილების უფროსი გივი დევაძე ამბობს, რომ შესყიდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობა იღებს: „ჩვენი გადასაწყვეტია, კონკურსს გამოვაცხადებთ, თუ ტენდერს, რთულ ობიექტებზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია კონკურსის გამართვა, რადგან ფირმა სხვადასხვა კრიტერიუმით ირჩევა. გასულ წელს კონკურსი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვქონდა. რაც შეეხება ტენდერებს, უმეტეს შემთხვევაში საექსპერტო დასკვნა იყო ჩადებული მთავარ მოთხოვნად“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე