„მოხალისეთა კლუბი“ ბათუმში

 

კლუბის მიზანია შშმ პირთა პრობლემების შესახებ  საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების ხარისხის ამაღლება. კლუბში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 

კლუბის წევრები ყოველი თვის 29 რიცხვში, დაარსების თარიღთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩებში  შშმ პირებთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტოვობებს, აქცია-პერფორმანსებს, ფოტო გამოფენებს და  სხვა ღონიძიებებს გამართავენ.

 

დღეს ბათუმში ერთი საათით ელექტროენერგია გაითიშება

 

„დედამიწის საათი“ საერთაშორისო გლობალური აქციაა. მას ყოველწლიურად მსოფლიოს 150 ქვეყანაში მარტის ბოლო შაბათს მართავენ, რომლის დროსაც სხვადასხვა დაწესებულებებში ერთდოულად თიშავენ ელექტროენერგიას.

 

ამ დღის აღსანიშნავად აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზებით ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ ფილმის „სახლის“ ჩვენება გაიმართა.

 

 იან არტიუს ბერტრანისა და ლუკ ბესონის ფილმი მსოფლიოს  ელექტოენერგიის დაზოგვას და გარემოსადმი ზიანის შემცირებას მოუწოდებს.

 

საქართველოში აქციის ორგანიზატორები არიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

 

ორგანიზატორების ინფორმაციით აქციის მიზანია გარემოსადმი ზიანის შემცირება, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება თუ როგორ შეუძლიათ შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება. მათ შორის შეძლონ ალტერნატიული წყაროების გამოყენება, ენერგოეფექტური ნათურების მოხმარება და არასაჭირო შუქის გამორთვა.

 

„დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს სიდნეიში გაიმართა. საქართველო ამ აქციას 2009 წელს შეუერთდა. წელს აქციაში თბილისი, ქუთაისი და ბათუმი მონაწილეობს.

 

თბილისში 20:30 – 21:30 საათზე ელექტროენერგია გაითიშება რამდენიმე ქუჩაზე, ნარიყალას ციხე-სიმაგრაზე, მშვიდობის ხიდზე, თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ძეგლზე, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებზე, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, პრეზიდენტისა სასახელესა და გაეროს სახლში.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით მსგავსი აქციებით კანადაში 2011 წელს 115 მეგავატი ენერგია დაიზოგა, რაც დაახლოებით 1 150 000 100-ვატიანი ელექტრონათურების ჩასართველად გამოიყენება.

 

 ინდოეთში 2011 წელს, დედამიწის საათის დროს დაიზოგა 60 მეგავატი ენერგია.

 

 ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ 2008 წელს, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ჯავარტაში  ელექტროენერგიის 170 მეგავატი, ვიეტნამში – 400 000 კილოვატი, დუბაიში – 204 000 კილოვატი დაიზოგა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მეციტრუსეებისთვის კომპენსაციის გაცემას ითხოვს

 

ირაკლი ბარამიძის  თქმით აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ბათუმში, ციტრუსის სუბსიდიებისთვის თანხა  ორ ეტაპად გამოიყო:

 

 

არასტანდართული მანდარინისთვის და სტანდარტული ციტრუსისათვის. სულ 11 მილიონ 700 000 ლარი. აქედან დანახარჯმა   მთელი თანხის 18 % –   2 მილიონ 207 000ლარი შეადგინა .

 

 

”რეალურად გამოყოფილი თნხიდან მხოლოდ 18,9%-ს აითვისეს, ესენი ფულს ვერ ხარჯავენ და არც  გლეხს აძლევენ, რადგან  იმ  პირობებით, რაც იყო წამოყენებული  თანხის მისაღებად ფერმერმა მისი მიღება ვერ შეძლო.

 

 

ვითხოვთ, ისე როგორც სტიქიისგან დაზარალებულ კახელ გლეხებს გადაეცათ ერთ კილოგრამ ყურძენზე ერთი ლარი კომპენსაციის სახით, ასევე მოხდეს აჭარელი გლეხების ზარალის კომპენსირებაც,  რადგან ყინვისა და სტიქიის გამო მათ  დიდი რაოდენობით ციტრუსი გაუფუჭდათ.” – განაცხადა ირაკლი ბარამიძემ.

 

 

აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის როინ გოგაძის განმარტებით გამოყოფილი 12 მილიონი ლარიდან თანხის გაცემა დღემდე მიმდინარეობს და ფერმერები, რომლებსაც წესრიგში აქვთ ყველა დოკუმენტი, კუთვნილ თანხას მიიღებენ.

 

 

დოკუმენტების სახით სამინიტრო ფერმერისგან – დეკლარაციიის შევსებას, მიღება-ჩაბარების აქტსა და საბანკო ანგარიშის ნომერს ითხოვს.

 

როინ გოგაძის თქმით  „ფერმერები, რომლებსაც არ აქვთ მოწესრიგებული დოკუმენტაცია სუბსიდიებს ვერ მიიღებენ.“

 

გამოყოფილი თანხის აუთვისებელი ნაწილი კი მთლიანად დაუბრუნდება ბიუჯეტს.

 

 

 

საგამოძიებო სამსახური სოფელ ხალას რწუმებულის დაკავების მიზეზებს განმარტავს

2013 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთვრობის 2013 წლის 26 დეკემბრის #2174 განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოეყო 12 000 000 ლარი, საექსპორტოდ ჩაბარებული ციტრუსისათვის სუბსიდიის სახით 1კგ.-ზე 0.15 ლარის ანაზღაურების გასაცემად. აღნიშნული სუბსიდიის მისაღებად აუცილებელ გარემოებას წარმოადგენდა შესყიდვის აქტის შედგენა, რომელიც ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის, ციტრუსის შემსყიდველი პირისა და თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლის მიერ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 25 დეკემბერს ვალერიან პოღოსოვმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას თემში მცხოვრებ ლევან ფალავანდიშვილისაგან შეიძინა 2 780 კგ. მანდარინი.

 

მანდარინის შესყიდვისას, შესყიდვის აქტში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას  თემის რწმუნებულის მალხაზ დიასამიძისა და ლევან ფალავანდიშვილის მიერ სახელმწიფოსაგან გამოყოფილი სუბსიდიის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოხდა ყალბი მონაცემების შეტანა, ერძოდ: შესყიდვის აქტში ხელოვნურად იქნა გაზრდილი ვალერიან პოღოსოვზე რეალიზებული მანდარინის რაოდენობა, 2 780 კილოგრამი მანდარინის რეალიზაციის ნაცვლად მითითებული იქნა 7 000 კილოგრამი მანდარინის რეალიზაცია.

 

შესყიდვის აქტი დამოწმებულ იქნა ხალას თვითმმართველი ერთეულის ბეჭდითა და რწმუნებულის მალხაზ დიასამიძის ხელმოწერით.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 341-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

სოფელ დიდაჭარაში მეწყერი ჩამოწვა

 

ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის  საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ მიაწოდა. მისივე ინფორმაციით მეწყერის განმეორების შემთხვევაში სამაშველო სამსახურები ადგილზე მზადყოფნაში არიან და შესაბამის ზომებს დაუყონებლივ მიიღებენ.

 

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალდებას უარყოფს

 

„  მე შევხვდი მალხაზ ფარტენაძეს და ვესაუბრე. ის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს რომ  ეს ყველაფერი შეთითხნილია და ვიღაცას უნდა ხელის შეწმენდა მასზე.

 

ის საერთოდ არ შეხებია ფულს, არ არსებობს  მსგავსი კადრები. გარდა ამისა მიწის ნაკვეთი რომელზეც  ბრალდების მხარე საუბრობს გონიოს ტერიტორიაა, რომელიც დიდი ხანია ქალაქს ეკუთვნის და მისი განკარგვა ხელვაჩაურის საკრებულოს კომპეტანცია არ არის. შესაბამისად მალხაზ ფარტენაძე ვერანაირ ქმედით ღონიძიებას ვერ გაატარებდა ამ მიწის ნაკვეთის მიმართ.

 ნაკვეთის გასხვისება მის პრივატიზაციის ნუსხაში  შეტანას საჭიროებს, როგორც ამას აჭარის მთავრობა ახორციელებს. შემდეგ კი უნდა გამართულიყო აუქციონი. მალხაზ ფარტენაძე როგორც ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე სადაო ნაკვეთს აუქციონზე ვერ გაიტანდა. შესაბამისად ვერც ამ ნაკვეთის მითვისებაში დაეხმარებოდა  ვინმეს.

 

გარდა ამისა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს  მგავსი ქმედების მცდელობა რომ ქონოდა ის წლების განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარეა და მას შეეძლო პარალელურად ყოფილიყო საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ არცერთხელ არ მოუნდომებია ეს.

 

 ადვოკატის ინფორმაციით მალხაზ ფარტენაძისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. შესაბამისად უცნობია მას სასამართლოში ბრალის წარდგენის შემდეგ დააპატომრებენ თუ გირაოთი გაათავისუფლებენ.

დაკავებულია სოფელ ხალას რწმუნებული

 

ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის გიორგი გრძელიშვილის ინფორმაციით  მალხაზ დიასამძეს ციტრუსის მოსავლისათვის გამოყოფილი სახელწიფო სუბსიდიების მითვისების ბრალდებით ედავებიან.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ ფარტენაძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით მოქალაქეს გონიოს დასახლებაში, ზღვისპირა ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით დაბალ ფასად შეძენაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით 1 600 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.

 

2014 წლის 28 მარტს მალხაზ ფარტენაძემ წინასწარ აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

 

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). 

 

 

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო ავრცელებს.

 

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ქედასა და შუახევში

 

ქედაში გამართულ პარტიულ ყრილობას, პარტიის 30 წევრიდან მხოლოდ 12 წევრი ესწრებოდა.

 

პარტიის წევრებმა კომიტეტის 6 კაციანი და სამდივნოს 3 კაციანი ჯგუფი ფარული კენჭისყრით აირჩია. კენჭისყრა  ღია  მხოლოდ  კომიტეტის და სამდივნოს არჩევისას იყო.  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევისას ყრილობა დახურულ ფორმატში წარიმართა.

 

ქედაში პარტიის ყრილობაზე, თავმჯდომარის არჩევისას ქედაში ხმები თამაზ შარაშიძესა და გიორგი ბერიძეს შორის თანაბრად გადანაწილდა.  კენჭისყრა ხელმეორედ ჩატარდა და რესპუბლიკური პარტიის ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ შარაშიძე გახდა.

 

პარტიული ყრილობა დაძაბულობის ფონზე წარიმართა შუახევში. კრება აქ ორჯერ ჩაიშალა, საბოლოოდ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მარინა მახარაძე აირჩიეს.

 

„რესპუბლიკურ პარტიას 65 რაიონული და საქალაქო ორგანიზაცია აქვს და 8 000-მდე ადამიანია გაწევრიანებული.  რაც შეეხება რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ჩვენ არ ვირჩევთ, მას პარტიაში გაწევრიანებული ადამიანები ირჩევენ, სწორედ ეს არის გამჭირვალე პროცესი.

 

ამ ეტაპზე გამგებლებისა და მერების კანდიდატებთან დაკავშირებით კოალიციური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატებზე ხდება შეთანხმება.

 

კოალიციაში შემავალი პარტიები დაასახელებენ კანდიდატებს და საბოლოოდ შევჯერდებით საუკეთესო კანდიდატზე, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია.

 

რაც შეეხება პარტიაში გაწევრიანების საკითხს, ეს ადგილზე გადასაწყვეტი საკითხია და მას რაიონულ ორგანიზაციაში ჩამოყალიბებული კომიტეტები გადაწყვეტენ,“ –  განაცხადა რესპუბლიკური  პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, რომელიც ქედასა და შუახევში პარტიის ყრილობებს ესწრებოდა. 

 

„მკვდარი ჩვილი ვაგონიდან გადააგდეს“

GE DIGITAL CAMERA

ნოდარ ირემაძე

„დედა მიყვებოდა, რომ ადამიანები კონდახის ცემით ჩაყარეს მანქანებში. არც სასმელი, არც საჭმელი. პირუტყვივით გამოამწყვდიეს და ასე ატარეს ბათუმამდე. შემდეგ კი იქედან სატვირთო ვაგონებში გადასვეს და ყაზახეთისკენ გაუყენეს გზას“.

ნოდარ ირემაძის ოჯახი იმ დროის კვალობაზე საკმაოდ შეძლებული ყოფილა. ოჯახს 40 სული მსხვილფეხა და 80 სული წვრილფეხა პირუტყვი ჰყოლია, რომელიც გადასახლების შემდეგ კოლექტივისთვის გადაუციათ.

„სახლში ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელიც გვქონია, ყველაფერი უპატრონოდ დაგვატოვებინეს. მთელი ქონება გადასახლების შემდეგ დაუტაცებიათ. დედაჩემს ოცამდე ოქროს მონეტა ჰქონია გადანახული, მაგრამ ჯარისკაცს წაურთმევია. უბიდან ააცალა თურმე. 18 დღე გაუსაძლის პირობებში იმგზავრეს. დედა მაშინ ჩემზე ფეხმძიმედ იყო და ძალიან უჭირდა. ვაგონში სამი ადამიანი გარდაცვლილა, ერთი ახალშობილი იყო. რადგან მატარებელი არ ჩერდებოდა, მკვდარი ჩვილი ვაგონიდან გადაუგდიათ. ვაგონში ჩვენი სოფლელი კაციც გარდაცვლილა, რომელიც ერთი კვირის შემდეგ, სადღაც გაჩერებაზე ძლივს დაუმარხავთ“.

ნოდარ ირემაძე ყაზახეთში დაიბადა, ფეხი კი სამშობლოში დაბრუნებისას კურსკის ვაგზალში ავიდგიო, გვიყვება: „გადასახლებული ოჯახები ბოსელივით დაბალ მიწურებში ცხოვრობდნენ. ჩვენი ქოხიც ასეთი ყოფილა. როცა დავიბადე, მამაჩემს ხის აკვანი გამოუთლია და იქ ვიწექი. თუმცა, მიწურში ჭერიდან და კედლებიდან წვიმის წყალი ჩამოდიოდა. ხან თავზე მეცემოდა თურმე ტალახიანი შხეფები და ხან სად. გუბურებიდან კი ბაყაყები ძვრებოდნენ, საწოლებზეც კი ამოდიოდნენ. ჩემი ოჯახის წევრები იმ წლებს სიცოცხლის ბოლომდე მწარედ იხსენებდნენ“.

1953 წელს გადასახლებულებმა სამშობლოში დაბრუნების ბრძანება მიიღეს. თუმცა, სიაში ნოდარ ირემაძის ოჯახი არ აღმოჩნდა: „მამაჩემს დაუწყია გარკვევა. მაშინ უთქვამთ, თქვენი ოჯახი არც გადასასახლებელთა სიაში ყოფილა, ამიტომ თუ გინდათ დარჩით, ან თქვენივე ხარჯებით დაბრუნდითო. ფული, რა თქმა უნდა, არ გვქონდა. მგზავრობის ფული ნათესავებმა გამოგვიგზავნეს და წვალებ-წვალებით ჩამოვაღწიეთ საქართველოში. ბაბუა გადასახლებაში არ ყოფილა. ის მანამდე დააპატიმრეს. ექვსი წლის შემდეგ, როცა დაბრუნდა, საბჭოს თავმჯდომარე მოკლა, რადგან სწორედ მისი მიზეზით გადაასახლეს ჩემი ოჯახი. ჩვენი გვარი შეძლებული, ქონების პატრონი იყო და ალბათ ეს არ მოსწონდა. მკვლელობის გამო ბაბუაჩემმა სამ წელიწად-ნახევარი ისევ ციხეში გაატარა. გვარებს შორის მტრობა წლების შემდეგ დასრულდა, როცა ჩვენი გვარიდან ერთი გოგო მოკლულის სანათესაოში გათხოვდა“.

ირემაძეებმა გაპარტახებულ მიწაზე ცხოვრება თავიდან დაიწყეს: „ეს დიდი ტრაგედია იყო. დედა, მამიდა, ბიძა – სულ ამ წლებზე გვიყვებოდნენ და საშინლად განიცდიდნენ. მამიდაჩემი ამ ხნის ქალია და დღესაც ცრემლი ადგება, როცა იმ წლებს იხსენებს. უკან დაბრუნების შემდეგ ისევ მეექვსე კლასში დაუსვამთ და ბავშვები დასცინოდნენ თურმე… ვგიჟდები, როცა რუსეთის სიკარგეზე საუბრობს ზოგიერთი. ის ბოროტება ხომ რუსული `დერჟავას~ სისასტიკის შედეგი იყო. რუსეთს კაცობრიობის ისტორიაში დიდი ბოროტება აქვს ჩადენილი და არასდროს გამოვა მაგათთან ურთიერთობა. რუსეთი ბოროტების ბუდეა და ჩემი ოჯახი მაგ ბოროტებას ვერასდროს დაივიწყებს“.

ირემაძეების ოჯახი სახელმწიფომ რეპრესირებულად აღიარა. ყაზახეთში გატარებული წლებისა და რეჟიმისგან მიყენებული ზარალის სანაცვლოდ ნიგარ ირემაძეს 310 ლარი უნდა მიეღო, თუმცა ის 2011 წელს, კომპენსაციის აღებამდე გარდაიცვალა. ნოდარ ირემაძე კი, როგორც მემკვიდრე, დედის და ვერც თავის კუთვნილ კომპენსაციას ამ დრომდე ვერ იღებს, რადგან იუსტიციის სახლში უთხრეს, რომ დაბადების მოწმობაში ყაზახურ ენაზე დაწერილი მისი სახელი არ იკითხება.

„ყველა ოფიციალურ დოკუმენტში, მათ შორის დიპლომშიც, ნოდარი მიწერია. იუსტიციაში კი მეუბნებიან, რომ ჩემი დაბადების მოწმობაში „ნოდარი“ არ იკითხება. ძველი, გაცრეცილი მოწმობაა. ყაზახეთიდან უნდოდათ დოკუმენტების გამოთხოვა, თუმცა იქ არაფერი აღმოჩნდა“.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ჩინეთის კონსულს შეხვდა

 

შეხვედრაზე საუბარი იყო ბათუმში  „იაფი სახლის“ მშენებლობაზე და საქართველოში ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისათვის  ტიბეტური მედიცინით მკურნალობის გაწევაზე. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს რომ ეს მეორე სამუშაო შეხვედრა იყო და მომდევნო შეხვედრებზე უფრო კონკრეტული წინადადებები ექნებათ.

 

„ჩვენ ვგეგმავთ მათთან თანამშრომლობას.  საქმიან შეხვედრაზე  ელჩმა შემოგვთავაზა ორი ჩინური სამშენებლო კომპანია რომელიც საქართველოში მუშაობს და ასევე ცერებრალური დაავადებით დავადებული ბავშვების მკურნალობა, მათი გამოცდილების გაზიარებით“,  – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა. 

სხალთა ჰესის მშენებლობის არეალში მოქცეული სოფელი კომპენსაციას ითხოვს

„მთელი სოფელი მონაწილეობს აქციაში,  დაახლოებით 150 მოსახლემდე.  ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გვაქვს მოთხოვნები. ჩვენ არ ვუშლით მთავრობას აშენებას,  მხოლოდ რა ზარალიც გვადგება, მაგის ანაზღაურება მოხდეს.  ადეკვატურ კომპენსაციას ვითხოვთ.  14 თუ 15 ჰექტარი მიაქვს ჰესს, ამას გარდა ჰექტარი, მიწა, ტყე, სახნავ-სათესი ყველაფერი ნადგურდება. ისე რომ ჩვენ არაფრის უფლება აღარ გვექნება. ჩვენ ვკარგავთ მამპაპისეულ მიწა-წყალს,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ სოფელ კვატიის მკვიდრმა ოთარ ბერიძემ.

აქცია სოფელ კვატიაში 3 საათს გაგრძელდა.  სოფელ კვატიადან 1 კილომეტრში, მდინარე სხალთისწყალზე  9.8 მვტ სიმძლავრის „სხალთა ჰესის“  აშენებაა დაგეგმილი.  ჰესის აშენებას „აჭარისწყალი ჯორჯია“ გეგმავს.

ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

 

 „2014 წლის 11 აპრილს ბათუმის სასტუმრო „შერატონში“  გაიმართება დასაქმების ფორუმი.  სტუდენტებს  შეეძლებათ წარმოდგენილ კომპანიების წარმომადგენლებს  ადგილზე გაესაუბრონ და  დატოვონ თავიანთი რეზიუმე,“- განმარტა „ბათუმელებთან“ საუბრისას კომპანია „ეიჩარის“ კადრების შერჩევის უფროსმა ლელა კრასტკოვსკაიამ.

 

 „ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაცია გავიგეთ, საერთაშორისო კომპანიები გვაძლევს სტუდენტებს  დასაქმების საშუალებას. მათი თქმით ჩვენ დამწყებ პოზიციებზე არ გვესაჭიროება გამოცდილება რაც ჩვენთვის მისაღებია,“ –  ამბობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ ქურციკიძე.

 

დასაქმების ფორუმი ბათუმში უკვე მესამე წელია ტარდება.

ჟიული შარტავას ქუჩა ბათუმში

 

დღესვე ბათუმის ხელოვნების ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში  ჟიული შარტავას დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ასევე დაგეგმილია მწერალ  მაყვალა ბერიანიძის წიგნის „ორივე მხარე“ პრეზენტაცია.  

ვაკანსია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში

 

აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი უკვე გამოცხადდა.  კონკურსი  სამ ეტაპად ჩატარდება.  პირველი ეტაპზე სააპლიკაციო ფორმების შეფასება/გადარჩევა მოხდება, მეორე ეტაპზე დაგეგმილია ტესტირება, მესამე ეტაპი კი გასაუბრება იქნება.

 

მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა  www.hr.gov.ge-ზე უნდა შეავსონ. განაცხადების მიღება 2014 წლის 2 აპრილს სრულდება. 

გმირი დედების სოფელი

 

„ბარსამი“ – ასე პასუხობენ გმირი დედები კითხვას: რამდენი შვილთაშვილი გყავთ? და მერე თითებზე იწყებენ თვლას. თითები არ ჰყოფნით და სათვალავი ისევ ერევათ. მერე ისევ თავიდან იწყებენ და ეფერებიან შვილთაშვილებს, მათ მონაგარსა და მომავალს.

 

სოფელი ზეგარდანი ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემში შემავალი ერთი პატარა სოფელია, სადაც 16 ოჯახი ცხოვრობს და მათგან თორმეტში გმირი დედაა. ამ ქალებს (და არა მარტო მათ) „გმირის“ წოდება ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მიანიჭეს, როგორც ათი და მეტი შვილის დედებს. დრომ თავისი გაიტანა და 12 გმირი დედიდან დღეს მხოლოდ ცხრაა ცოცხალი. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 68 წლის სონია მახარაძეა. სონიას 13 შვილი და 25 შვილიშვილი ჰყავს. როგორც ზეგარდანის ყველაზე ახალგაზრდა „დიდედა“, შვილთაშვილების მოლოდინშია. უხუცესი გმირი დედა ემინე შაინიძე 87 წლისაა. მას 11 შვილი, 40 შვილიშვილი და 61 შვილთაშვილი ჰყავს.

 

 

შვილების სიმრავლით გამოირჩევა 73 წლის გულიკო მახარაძე. მან 14 შვილი და 27 შვილიშვილი გაუზარდა სოფელს. დღემდე თავს კარგად გრძნობს და რძლებს ხუთი შვილთაშვილის აღზრდაში ეხმარება.

 

სოფელ ზეგარდანში ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევენ – სიმინდი და ლობიო მოჰყავთ, მაგრამ არა საკმარისი რაოდენობით. „წინათ კარგი მოსავალი მოდიოდა. ეს იყო ჩვენი საარსებო წყარო… რვა წელია აღარც მოსავალი მოდის საკმარისი და რაც მოდის, უხარისხო: აღებიდან ორ თვეში აღარც სიმინდი ვარგა და აღარც ლობიო, ჩიჩი ესევა“, – ამბობს წუხილით 11 შვილის გამზრდელი გმირი დედა ვენერა შაინიძე.

 

მისი უფროსი შვილი 47 წლისაა, უმცროსი – 27-ის. მას 28 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს. დღეისათვის ოჯახში 13 წევრი ცხოვრობს და მათი ფულადი შემოსავალი ქალბატონი ვენერას და მისი მეუღლის პენსია – 300 ლარია. ვენერას ბევრი საფიქრალი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი უმცროსი შვილია: „სახლში ორი რძალი მყავს, სამი წყვილი ვცხოვრობთ (მე ქმართან ერთად და ორი ბიჭი ცოლებით), მესამეც დასასახლებელი მყავს, ორთან მესამე რძალი რაფერ მევყვანო? აღარც ადგილი გვაქვს სახლში და არც საშუალება, რომ უფროსები გავანაწილო და ცალკე იცხოვრონ. არადა, უკვე 27 წლის გახდა, ყველას თავისი ოჯახი, თავისი ბუდე უნდა…“

 

 

სოფელს ბევრი პრობლემა აქვს: ზეგარდანში მხოლოდ დაწყებითი სკოლაა და მეოთხე კლასის შემდეგ ბავშვები მეზობელი სოფლის სკოლაში დადიან, ნაკლებმიწიანობა, მეწყრული პროცესები, უმუშევრობა, საავადმყოფოსა და სატრანსპორტო საშუალების არ ქონა. არ აქვთ სპორტული მოედანი. ზეგარდანში პრობლემებზე საუბარს ტრანსპორტის უქონლობით იწყებენ: „ქალაქში ან რაიონში თუ დაგვჭირდა წასვლა, სოფელ წაბლანამდე 5 კილომეტრი ფეხით უნდა ვიაროთ. იქედან რომ მოვდივართ, მძღოლს თუ ცოტა ფულს დავუმატებთ, მოგვიყვანს ადგილზე. აქ „რაფი“ იყო დანიშნული მოსწავლეებისთვის, დილით მოაკითხავდა და წაიყვანდა სკოლაში, გაკვეთილების მერე მოიყვანდა. ახლა „რაფიც“ აღარ დადის! „შოფერს“ რომ ვეკითხებით, ასე ამბობს, თბილისიდან დიმირეკეს აღარ გახვიდე, ვეღარ დავაფინანსებთო. ვინ უთხრა, ვერ ამბობს. 5 კილომეტრი სკოლის მოსწავლისთვის დიდი გზაა. გვეშინია, ბავშვებს ხერხემლის გამრუდება არ დაემართოთ, ამხელა გზაზე ჩანთები ზურგით რომ დააქვთ“.

 

ზეგარდანში ხანგრძლივი და უხვთოვლიანი ზამთარი იცის. აქაურები ამბობენ, რომ ზამთარში კიბეები არ სჭირდებათ სახლში შესასვლელად – აივნებამდე აღწევს თოვლი. უსაქმურობისგან გადაღლილი ახალგაზრდები უხვი ნალექის გამო მეზობლებთანაც ვეღარ გადადიან. არადა, მაღალმთიან სოფელში ახალგაზრდების გართობის ერთადერთი საშუალება ერთად შეკრება და თამაშია. თამაშობენ ჯოკერს, ნარდს, დომინოს… ზამთრობით თხილამურებზე სრიალებენ და სოფლის სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

 

 

გულიკო ახალგაზრდებისგან განსხვავებით ზამთრობით შეშის (შეშა ერთადერთია, რისი პრობლემაც სოფელს არ გააჩნია) ღუმელთან თბება და მთავარ პრობლემად საავადმყოფოს არ ქონას ასახელებს: „შარშან ზამთარში რძალი კიღამ დამეღუპა, მეზობლებმა გიდიმირჩინეს. მშობიარე ქალი საკაცეზე დადვეს და სხალთაში ხელით ჩეიყვანეს, სასწრაფო იქ ძლივს მოვიდა. ამბულატორია კი გვაქ სხალთაში, მარა ელემენტარული ანალგინ-დიმედროლი არ აქვთ. ძველათ საავადმყოფოც კაი გვქონდა და ჯანმრთელებიც ვიყავით. ამ ხეობას აუცილებლად სჭირდება ერთი საავადმყოფო!“

 

ზეგარდანი საოცრად ლამაზია გაზაფხულზე. აქ ტყემალი ყვავილობს და იქვე, ცოტა მოშორებით მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებს თოვლი. მიწა მცოცავია და გაზაფხულზე, როცა თოვლი დნება, მეწყრული პროცესები ვითარდება. ზეგარდანში დღემდე ახსოვთ 1989 წლის 19 აპრილი, როცა სოფელ წაბლანაში განვითარებულმა მეწყერმა ორი ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ უსიამოვნო წარსულის გახსენებაზე ზეგარდანელებს თვალზე ცრემლი ადგებათ და სინანულით იგონებენ მთავრობის დანაპირებს: „ყველას მოგვცეს დოკუმენტი, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობდით. დაგვპირდნენ, იაფი ბინები აშენდებოდა და ჩაგასახლებთ სადმე დაბლობშიო, მაგრამ აღარავის ახსოვს. ყოველ გაზაფხულს შიშით ვხვდებით, წასასვლელი კი არსად გვაქვს…“

 

მკაცრი პირობების მიუხედავად ზეგარდანის დატოვება უხუცესებს არ უნდათ. „აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ, ოფლი ჩავღვარეთ ამ მიწაში და ვერსად წავალთ, აქ უნდა დავიმარხოთ!“ ისინი თვითმმართველობის ყურადღებას ითხოვენ: „ადრე დედის დღეზე მაინც გვიხსენებდნენ, რაიონში გვპატიჟებდნენ, სიმბოლურ საჩუქრებს გვჩუქნიდნენ… ამ მთავრობას აღარ ვახსოვართ, დაკარგა ჩვენმა ოქროს მედლებმა ფასი!“

 

 

სოფელ ზეგარდანში თვლიან, რომ აქაური მოსახლეობა სოციალურად დაუცველია, მაგრამ ოფიციალურად ასეთი სტატუსი და დახმარება მხოლოდ ექვს ოჯახს აქვს. რადგან ახალგაზრდების დასაქმების არანაირი საშუალება არ არის სოფელში, ისინი სეზონურად თურქეთში დადიან ჩაის საკრეფად. 45 წლის ბადრი შაინიძე ოჯახს სწორედ ასე არჩენს: „თურქეთია ჩვენი მარჩენალი. მთელი ზაფხული ჩაის ვკრეფთ, ოჯახი რომ ვარჩინოთ. ყველაზე ბევრი 3 000 ლარი გამომიმუშავებია სეზონზე, მაგრამ ამ თანხით მთელი წელი ოჯახს ვერ შეინახავ. ჩვენ სტაბილური სამუშაო გვჭირდება!“

 

ზეგარდანში გაზაფხული ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. აქაურები უკვე ემზადებიან საგაზაფხულო სამუშაოებისთვის. მერე გმირი დედები იალაღებზე გაემგზავრებიან შვილიშვილებთან ერთად, ახალგაზრდა მამაკაცები – თურქეთში, ჩაის საკრეფად, იმათი წვრილშვილი კი, სოფელს მიხედავს.

 

ბათუმში შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 

გამოძიების ინფორმაციით,  დაკავებული ქალბატონებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ოთახებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად უთმობდა.

 

სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

“ასწავლე საქართველოსთვის” – მთაში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მთის სოფლების საჯარო სკოლებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ინგლისური ენის მასწავლებელზე მოდის. ასევე მოთხოვნაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტებზე.

კითხვაზე – ამჟამად თუ არის ისეთი სკოლები, სადაც ცალკეული საგნის მასწავლებელი სჭირდებათ და არ ჰყავთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს:

„ზოგ მუნიციპალიტეტში კვლავ ფიქსირდება სხვადასხვა საგნის მასწავლებლის ვაკანსია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სწორედ ამ მოთხოვნის საფუძველზე, ეტაპობრივად ავსებს ვაკანტურ ადგილებს“.

“ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ – ასე ჰქვია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამას, რომლის მიზანი მაღალმთიანი აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში არსებული ვაკანსიების შევსებაა. ინგლისური ენა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება – ეს ის საგნებია, რომელთა სპეციალისტები ყველაზე მეტად სჭირდებათ.

პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს კონკურსის წესით არჩევენ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი აქვს.

გასულ წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის სოფლების საჯარო სკოლებში 30 მასწავლებელი წავიდა სამუშაოდ. წელს მათი რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

„წელს ბიუჯეტი გავზარდეთ 17 ათას ლარზე მეტით. ჯამში დავასაქმეთ 35 მასწავლებელი, მაგრამ მოთხოვნა კიდევ არის სკოლებიდან. თუ საშუალება გვექნა, მომავალი წლისთვის გავზრდით ბიუჯეტს,“ – ამბობს სულიკო თებიძე, აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე.

მასწავლებლებს, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში მიდიან სამუშაოდ, სახელმწიფო დამატებით 400 ლარს უხდის ხელფასის სახით. მასწავლებელი უზრუნველყოფილია ბინით და არ იხდის კომუნალურ გადასახადებს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობა 2013 წელს მიიღეს, წელს ავტომატურად გაუგრძელდათ ხელშეკრულება.

როგორია პროგრამის შედეგები? – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ პროგრამა წარმატებულია.

„2013-2014 სასწავლო წლის I სემესტრში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოკითხულ დირექტორთა 97% აცხადებს, რომ პროგრამა კარგად მიმდინარეობს, ხოლო 3% ამბობს, რომ პროგრამა დამაკმაყოფილებელია. მათი 98% კმაყოფილია კონსულტანტ-მასწავლებლების პროფესიული საქმიანობით. ადგილობრივ პედაგოგთა უმრავლესობა (98%) კმაყოფილია კონსულტანტ-მასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობით და საქმიანობით. მათი უმრავლესობა თანამშრომლობს კონსულტანტ-მასწავლებლებთან და საჭიროების შემთხვევაში უსვამს შეკითხვებს (86%) კონსულტანტ-მასწავლებლებს. მშობელთა 87% ამბობს, რომ დაესწრო კონსულტანტ-მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სადემონსტრაციო გაკვეთილს. მათი 98% კმაყოფილია კონსულტანტ-მასწავლებლების ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობით. გამოკითხულ მშობელთა 98% ამბობს, რომ მათი შვილის აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდა კონსულტანტ-მასწავლებლის სკოლაში მისვლის შემდეგ,“ – ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცენტრის ინფორმაციით, ყოველწლიური მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები: გაიზარდა საგნის მიმართ ინტერესი და სწავლის მოტივაცია, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე; გააქტიურდა სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მოსწავლეების ჩართულობა; სკოლებში დაინერგა სწავლების თანამედროვე მეთოდები, აქტიურად გამოიყენება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; გაიზარდა მშობელთა ჩართულობის ხარისხი სასკოლო ცხოვრებაში. ხუთი წლის მანძილზე პროგრამაში მონაწილე პედაგოგების 73% აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას.

სახელმწიფო პროგრამის  – „ასწავლე საქართველოსთვის“  – განხორციელება 2009 წელს დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. 2014-2015 სასწავლო წლისთვის პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი, სავარაუდოდ, მაისში გამოცხადდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2009 წლიდან დღემდე პროგრამაში მონაწილეობა 210-მა პირმა მიიღო. 2013-2014 სასწავლო წელს 145 კონსულტანტ-მასწავლებელია მივლინებული საქართველოს 93 საჯარო სკოლაში.

მსგავს პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს. გარდა ამისა, აჭარის განათლების სამინისტროს სპეციალური პროგრამა აქვს სტუდენტებისთვის მაღალმთიანი რეგიონებიდან. ამ ჯგუფს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში აფინანსებს. ხომ არ აპირებს სახელმწიფო მასწავლებლების დეფიციტი მაღალმთიან რეგიონებში ამ ჯგუფებზე დაყრდნობით აღმოფხვრას? სტუდენტს, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობს, მაგალითად, ორი წლით მშობლიურ სოფელში სამუშაოდ დაბრუნების ვალდებულებას ხომ არ დააკისრებს სახელმწიფო? – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე ამბობს, რომ მსგავსი პირობა, ჯერჯერობით, სამინისტროს არ აქვს:

„კარგი იდეაა, თუმცა ჩვენ ამჟამად მხოლოდ ხარისხზე ვართ ორიენტირებული. ამ საკითხზე როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჯერ არ ვიცი. რაც შეეხება ხარისხს, სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარიერი ავწიეთ 71%-მდე. დაფინანსებული სტუდენტისგან მაღალ აკადემიურ მოსწრებას ვითხოვთ. ახალი სასწავლო წლიდან 71%-იან ბარიერს ვინც ვერ გადალახავს, ვუწყვეტთ დაფინანსებას“.

2012 წელს „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 171 სტუდენტი დაფინანსდა, 2013 წელს – 290 სტუდენტი, ხოლო 2014 წლის პირველ სემესტრში – 461 სტუდენტი. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტუდენტებისთვის მაღალმთიანი რეგიონებიდან 1 850 000 ლარი დაიხარჯა.

ბათუმში ყინულის მოედნით სარგებლობა გაიაფდა

 

„ტარიფები შემცირებულია. მაგალითად აქამდე ნახევარი საათით მომსახურეობა ყინულის მოედანზე მასწავლებელთან ერთად ღირდა 10 ლარი. საუბარია შემთხვევაზე როცა ბავშვი მოდის და ინდივიდუალური მომსახურება ჭირდება.  ახლა ნახევარი საათი არის განსაზღვრული 8 ლარით.   ასევე 4-15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის 12 საათი თვეში გახდა 20 ლარი. ეს ოცი ლარი არის მინიმალური რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ანალოგიური მომსახურეობა თბილისში 85 ლარი ღირს,“ – აცხადებს ირაკლი ბერიძე.

 

ყინულის მოედნით სარგებლობა ერთ ადამიანს ერთი საათის განმავლობაში ხუთი ლარი დაუჯდება.  ერთი თვის  აბონიმენტი (12 საათი) კი 50 ლარი.

 

იმ შემთხვევაში თუ საკუთარი ციგურები არ გაქვთ, და ყინულის მოედნის კუთვნილი ციგურებით გსურთ სრიალი, ერთი საათის ღირებულება 6 ლარია,  ერთთვიანი აბონიმენტი (12 საათი) 60 ლარი.

 

ნახევარი საათით მწვრთნელის მომსახურება 5 ლარი. ასევე 5 ლარი ღირს  ნახევარი საათით ქორეოგრაფის მომსახურეობა.

 

4-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის ჯგუფური მომსახურეობის ღირებულება ერთი თვით (12 საათი)  20 ლარია. სასწავლო-საწვრთნო შეკრებებისთვის ერთი საათით დარბაზით სარგებლობის  ღირებულება 100 ლარია.    საქართველოს, აჭარისა და ბათუმის სახელით მოასპარეზე  სპორტსმენებისა და გუნდებისათვის კი დარბაზით სარგებლობა უფასოა.

 

ასევე სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი, მრავალშვილიანი,  მარჩენალდაკარგული, მარტოხელა დედების შვილებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის  ყინულის მოედნით სარგებლობა უფასო იქნება.

 

 

10 წლის გოგონაზე ძალადობაში ბრალდებული ტაქსისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

 

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე და 140-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სასამართლო დარბაზში პროკურორმა დავით ხორავამ მოსამართლეს სხდომის დახურვა სთხოვა, რადგან საქმე არასრულწლოვანის პირად ცხოვრებას ეხება, მოსამართლემ ეს თხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.


სასამართლო დარბაზში მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაცხადა, რომ დაკავებული გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, 16 წლამდე მიუღწეველ პირთან.


მოსამართლემ დახურული სხდომა გახსნა და გადაწყვეტილება საჯაროდ გამოაცხადა.

უმაღლეს საბჭოს დადგენილების გაბათილება სააპელაციო სასამართლომაც დაავალა

სიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარის, გია ქარცივაძის ინფორმაციით, სასამართლომ ბათილად ცნო უმაღლეს საბჭოს დადენილება აჭარის ტელევიზიაში ვახტანგ ღლონტისა და ოლღა ჟღენტის არჩევის ნაწილში და დაავალა უმაღლეს საბჭოს გამოსცეს დადგენილება ბეჟან გობაძის დანიშვნის თაობაზე.

დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ასევ უნდა განეხილა აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კიდევ ერთი კანდიდატურის, ირაკლი დარცმელიძის სარჩელი. ის, ისე როგორც ბეჟან გობაძე, ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.

ოპოზიციის წარდგენილ კანდიდატურებს უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი. უფრო მეტიც, კანონის მიხედვით უმცირესობისთვის გამოყოფილ ორ ადგილზე თავიანთი კანდიდატურები წარადგინეს – ვახტანგ ღლონტისა და ოლიკო ჟღენტის სახით და დაამტკიცეს კიდეც.

ირაკლი დარცმელიძის სარჩელის განხილვა 7 აპრილს გაგრძელდება ბათუმის სასამართლოში.

გია ქარცივაძის თქმით, უმაღლესი საბჭო აპირებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც – საქართველოს უზენეს სასამართლოში.

აჭარის ტელევიზიის 5 წევრიანი საბჭო კი ამ დროისთვის სამი წევრით აგრძელებს საქმიანობას.

საკრებულოს ჯანდაცვის კომისია ავტომანქანას ითხოვს

 

„შენ მაინც არ დადიხარ სამსახურში და მანქანა რად გინდა“-  ასე უპასუხა ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნას საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, რაზეც გიორგი დიასამიძემ შემდეგი პასუხი გასცა: „მომეცით მანქანა და ვივლი“. 

 

გიორგი დიასამიძის თქმით, საკრებულოში მხოლოდ ჯანდაცვის კომისიას არ ჰყავს ავტომანქანა:  

 

„ამ დრომდე საკრებულოს ჩვენი კომისიისთვის ავტომობილი არ შეუძენია.  ახალ ავტომობილს ველოდებოდით, თუმცა ამ ავტომობილით დღეს ირაკლი ჩავლეიშვილი სარგებლობს.  მხოლოდ ჩვენს კომისისა არ ემსახურება ავტომანქანა, ვერ ვხვდები რატომ აქვთ ასეთი მიდგომა ჯანდაცვის კომისიის მიმართ“.

 

“ვერ დავინახეთ საჭიროება გიორგი დიასამიძეს ყოლოდა ავტომობილი. ის ძალიან კარგი ექიმია გამორჩეულია თავის საქმიანობაში მაგრამ ვერ ახერხებს ამ ორი თანამდებობის ერთად შეთავებას” – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

შსს-მ ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

 

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკისას ამოიღეს: „კალაშნიკოვი“-ს კონსტრუქციის ორი ცეცხლსასროლი იარაღი ორი მჭიდით, „გეკო“-ს ტიპის ორი მცილეკალიბრიანი შაშხანა და მაშხალის გასასროლი ერთი პისტოლეტი. ასევე ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის 155 საბრძოლო ვაზნა.

 

გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

პატრიოტიზმი თუ „ღრმა პროვინციალიზმი“

 

„ბათუმში არ უნდა იყოს იმ კაცის სახელობის ქუჩა, რომელსაც ქართველები არ უყვარდა. თავის დროზე იმიტომ ვერ გადავარქვით სახელი, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას მოელოდნენ, თუმცა დღეს არავინ არაფერს აღარ მალავს. ამიტომ მე კენჭისყრაზე ვაყენებ საკითხს, რომ გრიბოედოვის ქუჩას სახელი გადაერქვას და დაეთქვას ჟიული შარტავას სახელი“- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

 

 საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა გიორგი კირთაძის ინიციატივა პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასა:  „გრიბოედოვი მთაწმინდაზეა დაკრძალული და ამაზე პრეტენზია არ ჰქონიათ არც ილიას, არც აკაკის და არც სხვა ადამიანებს. ჩვენ რატომ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი დღეს, არ მესმის. ვფიქრობ ამაზე საუბარი ღრმა პროვინციალიზმია. ამ თემას ჟიული შარტავას საკითხს ნუ მივაბამთ, რადგან სხვანაირი ინტერპრეტაციით იქნება გაგებული“.

 

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გიორგი კირთაძის ინიციატიავას კენჭი მაინც უყარეს. მას მხარი საკრებულოს ოთხმა წევრმა დაუჭირა, შესაბამისად, საკითხი არ გავიდა.

 

საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, ჟიული შარტავას სახელი ბათუმში, იუსტიციის სახლის მარცხენა მხარეს არსებულ ქუჩას ეწოდა. საკითხს მხარი ცხრა წევრმა დაუჭირა.

 

ქუჩისთვის ჟიული შარტავას  სახელის მინიჭება ხვალ ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში მოხდება.

 

ქუჩების სავალ ნაწილს მაინც აფართოებენ

 

 

ასევე იგეგმება ქუთაისის ქუჩის სავალი ნაწილის გაფართოებაც. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით გამსახურდიას ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მერიაში ყველა სამუშაოს დასრულებას 14 აპრილისთვის ვარაუდობენ.

 

ძველ ბათუმში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს კომპანია „მონოლითი 2005“ აწარმოებს.

მერიის ბიუჯეტიდან საამისოდ 224 899 ლარია გამოყოფილი.

 

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ციხეში გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე

 

გარდაცვლილის დამ, როზეტა მაისურაძემ დღეს,  ბათუმში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა,  რომ მისი ძმა ორ კვირაში ტოვებდა საპატიმროს და ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

 

 

„როცა დაგვირეკეს და გვითხრეს, წაიყვანეთ გარდაცვლილი ციხიდანო, ვუთხარით, რომ ამის საშუალება არ გვქონდა, რადგან სოციალურად დაუცველები ვართ. გვითხრეს,  გვამი გაიხრწნებაო. ჩვენ თვითნებურად შესახლებულები ვართ ხელვაჩურში,  ყოფილი 53 ბატალიონის შენობაში, იმის გამო, რომ მიწის ნაკვეთიც არ გვაქვს, ჩემი ძმა აბაშაში ნათესავების დახმარებით დავკრძალეთ“.

 

გარდაცვლილის და ყვება, რომ როცა მისი ძმის წამოსაყვანად მივიდნენ, მასთან ერთად კიდევ ოთხი გვამი ნახეს გეგუთის ციხეში.

 

„წელში გადამტვრეული იყო, დაჩეჩქვილია, მე წინასწარ ვიცი ექსპერტიზის დასკვნა და მისი არ მჯერა“ – ამბობს გარდაცვლილის და.

 

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ გეგუთის ციხე უკვე „სასაკლაოდ“ იქცა და ის პირადად სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს მიმართავს გამოძიების ჩატარების თხოვნით;

 

გარდაცვლილი პატიმრის სისხლის სამართლის საქმე  (მას იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედებოდა ბრალად) სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად უკვე მიიღო. სამართლებრივ დახმარებას ოჯახს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევდა.

 

 

გარდაცვლილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევნდა, მან უარი თქვა პროკურატურის შეთავაზებაზე და ბრალის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება არ გააფორმა.

 

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი 25  წლის პატიმარი ავთანდილ მაისურაძე ბათუმელია.

 

 

ის სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,   2014 წლის 23 მარტს, დაახლოებით 8:10 საათზე,  სასჯელაღსრულების N14 (გეგუთის) დაწესებულებაში გარდაიცვალა.   

 

 

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მომხდარი მალევე ეცნობა ოჯახს. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად კი დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

საზმაუწყებლის საბჭოს წევრობის კანდიდატები აჭარიდან

 

 

აჭარიდან კონკურსის მონაწილეებს შორის არიან: იურისტი ემზარ პაქსაძე, 25-ე არხის პროდიუსერი ირმა ზოიძე, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ემზარ დიასამიძე, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, ლექსების გამოფენის ორგანიზატორი ზაზა ფირცხალაშვილი, მწერალთა კავშირის წევრი, მთარგმნელი ბადრი თევზაძე და დემოკრატიის ინსტიტუტის თავმჯდომარე გენო გელაძე, რომელმაც მესამედ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობაზე.

 

 

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია გუშინ საღამოს გამოქვეყნდა. სიაში, ბადრი თევზაძის გასწვრივ ფრჩხილებში მითითებული იყო „უზენაესი საბჭო“. მოგვიანებით ეს აღნიშნვა ვებ-გვერდიდან გაქრა.

 

შეგახსენებთ, რომ აჭარიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრის კანდიდატურა აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამისი საზოგადოებრივი კომისია 60 კანდიდატიდან შეარჩევს.

 

რატომ გაჩნდა მსგავსი მინაწერი ბადრი თევზაძის კანდიდატურის გასწვრივ?

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი ამბობს, რომ უმაღლეს საბჭოს ამ აღნიშვნასთან კავშირი არა აქვს:

 

„არა, ჩვენ არავისთვის არ გაგვიწევია რეკომენდაცია. თუმცა ბადრი თევზაძეს ვიცნობთ ეროვნული მოძრაობიდან. ვიცნობთ ყველა კანდიდატს, მაგრამ სანამ არ გავეცნობით ყველას კონცეფციას და ხედვებს, არ შემიძლია არჩევანი გავაკეთო. არ ვიცით თბილისი ვის დატოვებს, რამდენს გამოგზავნის.“

 

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს უმაღლესი საბჭო გენო გელაძის კანდიდატურას მესამედ, ალექსანდრე ჩიტიშვილი პასუხობს:

 

„მე ვფიქრობ, რომ რადგან პარლამენტმა გენო გელაძის კანდიდატურა ორჯერ დაბლოკა, მას ხელმეორედ დავუჭიროთ მხარი, აზრი არ ექნება. ხომ უნდა დაკომპლექტდეს ბორდი“.

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 5 წევრის შესარჩევად კონკურსი მეორედ 11 მარტს გამოცხადდა, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევად 2 თვის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგად პარლამენტმა შეძლო მხოლოდ 4 წევრის არჩევა 9 ვაკანტურ თანამდებობაზე.

 

მე-7 საერთაშორისო გამოფენა “EXPO BATUMI 2014”

 

“’EXPO BATUMI 2014’’-ში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.

 

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, პოლონეთი, ერაყი, მოლდოვა, ბელორუსია, ყაზახეთი, იტალია, ჩინეთი გერმანია და სხვა.

 

გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

 

გამოფენის მხარდამჭერები არიან აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ახალი დირექტორი ჰყავს

 

სულ წარმოდგენილი იყო სამი კანდიდატი: გიორგი ჩხეიძე, პაატა დუმბაძე და ბიძინა ბიბილეიშვილი. კენჭისყრაში  საკრებულოს 17-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.   

 

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ერთი თვის წინ გამოცხადაა. ახალი დირექტორის არჩევის საკითხი   მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების გაფიცვის შემდეგ გახდა აქტუალური. 400-მდე მძღოლი ხელფასების გაზრდას და ძველი დირექტორის გიორგი ლორიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდა, რამდენიმე მძღოლემა კი შიმშილობა დაიწყო. 

 

 

 

სამინისტროს გუნდმა მინიფეხბურთში ჩემპიონობა მოიპოვა

 

 

სამინისტროს გუნდმა ფინალური შეხვედრა სს „ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან“ გამართა და გამარჯვება ანგარიშით 6–2 მოიპოვა.

 

ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობდა, ჯანდაცვის სამინისტროს გუნდმა ფინალური საგზური კლინიკა ,,სტომა“-სთან 9-2 გამარჯვებით მოიპოვა. ფინალურ საგზურამდე სამინისტროს გუნდმა შპს „საზღვაო ჰოსპიტალისა“ და შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ საფეხბურთო გუნდები დაამარცხა.

დღეს საკრებულო ავტოტრანსპორტის დირექტორს დაამტკიცებს


საკრებულო დირექტორობის სამი კანდიდატის ხედვებს უსმენს. კანდიდატებს შორისაა გიორგი ჩხეიძე, რომელიც აჭარის მთავრობის ეკონომიკისა და სოციალური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კობა ჩხეიძის ძმაა.


საკრებულოს თავისი ხედვები წარუდგინეს კანდიდატებმა პაატა დუმბაძემ და ბიძინა ბიბილეიშვილმაც. ის თუ ვინ გახდება ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი დღესვე, კენჭის ყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

აქცია „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება

 

 

აქციაში ჩაერთო ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, თემის რწმუნებულები და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები.

 

აქციის ფარგლებში შეგროვებული სისხლი ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას“ სისხლის ბანკს და შპს „ჰემა 2012“–ის სისხლის ბანკს გადაეცემა. დაწესებულებების წარმომადგენლები სისხლის შესაგროვებლად ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ.

 

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 60 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, სტომატოლოგთან ვიზიტიდან 2-3 თვე  უნდა იყოს გასული. ტატუს არსებობის შემთხვევაში, მისი გაკეთბიდან ერთი წელი უნდა იყოს გასული. სისხლის აღება არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის. დონორს ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში), არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში. დონორის წონა უნდა იყოს 55 კგ-ზე მეტი ქალბატონებითვის,  მამაკაცებისთვის კი 65კგ-ს ზემოთ. ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.


მსგავსი აქციები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ინიციატივით, გასული ორი წლის განმავლობაში, სისხლის უანგაროდ დონაციის მიზნით ეს მეექვსე აქცია.

როგორი იქნება ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური

 

 

დიმიტრიადის ქუჩაზე არსებული კომპლექსი 23 000 კვმ ტერიტორიას მოიცავს. შენობის ზედა სართულებზე  სავაჭრო ცენტრის  –  მაღაზიების, სწრაფი კვების ობიექტების და რესტორნების, საბანკო სერვისისა და გასართობი  ცენტრების გახსნაა დაგეგმილი.

 

პროექტის ღირებულება 8 მილიონი აშშ დოლარია. სადგურსა და ბიზნესცენტრში 200 ადამიანი უნდა დასაქმდეს.  კომპლექსში პირველ სართულზე რკინიგზის სადგურს  1000 კვ/მ დაეთმობა, სადაც მოეწყობა რკინიგზის მომსახურების სერვისცენტრი, ოფისებითა და სალაროებით.  მგზავრთა მოსაცდელი დარბაზი 150 ადამიანისთვის. ავტო სადგურისათვის კომპლექსში გათვალისწინებულია 15 საოფისე ფართი სატრანსპორტო-სამგზავრო კომპანიებისათვის. მოეწყობა  ავტოსადგომი 22 ავტობუსისთვის. დღე-ღამის განმავლობში კი 600 ავტობუსის გატარება იქნება შესაძლებელი.

 

 ბიზნესცენტრს შპს „Georgia Inn“  22 706 კვ. მეტრზე აშენებს,   ოთხსართულიანი შენობა 4200 კვ/მ ფართზე განთავსდება.    სხვადასხვა დანიშნულების კომერციულ ობიექტებს 4300 კვ/მ დაეთმობა.

 

 

„ეროვნული ფორუმი“: „ნაციონალებს არ მივიღებთ“

 

დავით ანანიძის თქმით თვითმართველობის არჩევნებისთვის ეროვნული ფორუმი აქტიურ სამზადისშია, მისი თქმით პარტიაში მხოლოდ ის ადამიანები ვერ გაწევრიანდებიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ იყვნენ.

 

 „ჩვენი მიზანია მოვემზადოთ თვითმართველობის არჩევნებისათვის ისე, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ ქართული ოცნების იდეების გამარჯვებას. საპარლამენტო არჩევნების დროს მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი ქედის მუნიციპალიტეტში და ის დაპირებები, რაც ქართული ოცნების სახელით მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების დროს დავპირდი, ადგილობრივ მმართველობაში მოსვლით შევძლებ სისრულეში მოვიყვანო.

 

ჩვენ ყველა თემში ჩვენს კანდიდატს წარმოვაყენებთ, ეს საკითხი საბოლოოდ კოალიაციასთან შეჯერდება, გვეყოლება რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიული სია. პარტიაში რეგიონში მცხოვრები 950 ადამიანია გაწევრიანებული“ – აცხადებს დავით ანანიძე.

 

ქედის ოფისის თავმჯდომარის, რამაზ გოლომანიძის განცხადებით ამ ეტაპზე ეროვნულ ფორუმი ქედაში მხოლოდ ერთი თემის მაჟორიტარის კანდიდატზე არის შეთანხმებული: „ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი ცხმორისის თემში გურამ ანანიძე იქნება“ – აცხადებს რამაზ გოლომანიძე.

 

დღეის მდგომარეობით პარტიას  ოფისები აქვს ბათუმში, ხელვაჩაურში, ხულოსა და შუახევში, რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, პარტია ოფისის გახსნას მომავალი კვირისთვის გეგმავს, ოფისის თავმჯდომარედ კი ნუკრი ბეჟანიძის კანდიდატურა მოიაზრება. ეროვნული ფორუმის სიით პირველი კანდიდატი ქედაში რამაზ გოლომანიძე იქნება.

გაერთიანება „ზნეობა, მამულიშვილობა“ რეფერენდუმს ითხოვს

 

საზოგადოებრივი გაერთიანება  „ზნეობა, მამულიშვილობა, ერთობა სამართლიანობისათვის“ „ნატოსთან“ დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საზოგადოებრივი გაერთიანების წევრებმა ბრიფინგი დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს.

 

ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ რეფერენდუმი აჩვენებს დამოკიდებულებას, უნდა თუ არა საქართველოს საზოგადოებას „ნატოში“ გაწევრიანება.

 

„ჩვენ ვითხოვთ კონსტიტუციურ ცვლილებას. დღეს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება. ამიტომ ჯერ ხელისუფლებას და პარლამენტს ვთხოვთ კონსტიტუციური ცვლილების შესახებ პარლამენტმა განიხილოს, რის შემდეგაც ჩატარდება რეფერენდუმი და ქართველი ხალხი გამოხატავს პოზიციას, სურს თუ არა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება“ –  განაცხადა „ზნეობა, მამულიშვილობა, ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრმა მერაბ გორგაძემ.

 

ორგანიზაცია თვლის, რომ საქართველომ რუსეთთან სამეზობლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად ნეიტრალური პოზიცია უნდა აირჩიოს.

 

კითხვაზე, რატომ თვლიან საჭიროდ რეფერენდუმის ჩატარებას ამ თემაზე, მაშინ როცა ცნობილია 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად „ნატოში“ გაწევრიანების შესახებ პლებისციტის შედეგები – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ქვეყნის „ნატოში“ გაწევრიანება,  გაერთიანების ხელმძღვანელი, ნიაზ ბოლქვაძე პასუხობს,  რომ ხუთი წლის წინ ჩატარებულ შედეგებს არ ენდობა: „2008 წელში არჩევნები იყო გაყალბებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ გამოკითხვა ნატოსთან დაკავირებითაც იქნებოდა გაყალბებული. თუ კი ახლა გაუყალბებლად ჩატარდება რეფერენდუმი და ხალხის უმრავლესობა იტყვის, რომ გვინდა „ნატოშიო“, რა თქმა უნდა, ჩვენც დავემორჩილებით და უმრავლესობის ნებას მივყვებით“.

ზღვა ფეხბურთის მოედნის ადგილას

„შვიდი წელია გრიგოლეთში საცხოვრებლად  დავბრუნდი. შვიდი წლის წინ იქ, სადაც ახლა ზღვაა, ფეხბურთის მოედანი იყო და საღამოობით ფეხბურთს ვთამაშობდით ხოლმე. ახლა აღარც სტადიონია, აღარც სანაპირო, ზღვა კი ჩემი სახლის კედელთან მოვიდა,“ – ამბობს გრიგოლეთის მცხოვრები ჯუსტან ღურწკაია.

მისივე თქმით სანაპირო ზოლის გამაგრებას ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ, თუმცა მათ მიერ დახარჯული თანხა წყალში გადაყრილია. ყოველი ახალი შტორმის შემდეგ ზღვა უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იტაცებს.

„ვის არ მივმართეთ დახმარების თხოვნით. ძველ მთავრობასაც, ახალსაც, მაგრამ მთავრობა უძლურია. ზღვა კიდევ მოდის, მოდის და ცოტა ხანში გზატკეცილზე ამოვა,“ –  ამბობს  გრიგოლეთის მცხოვრები გოჩა ვოინაროვი.

რეზო ხონელიძე სანაპირო ზოლში სასტუმროს მფლობელია. ის ამბობს, რომ ზღვამ მის მიერ იჯარით აღებული ტერიტორია მიიტაცა.

„2009 წელს გავხსენი სასტუმრო. მე რასაც ვაკვირდები, ამ ხნის მანძილზე დაახლოებით 50 მეტრით მოიწია ზღვამ ნაპირისკენ. პლაჟი მთლიანად მიიტაცა და სასტუმროს გალავანს მოადგა. ჩემი ძალებით  რაც შევძელი, ეს არის, რომ სპეციალური მოწყობილობა ჩავდე ნაპირიდან დაშორებით, რომლის  დანიშნულება არის   ტალღის მოქმედების შენელება. ორი წლის განმავლობაში შედარებით დაგვიცვა. წელს უკვე ისეთი მასიური გახდა, რომ ვერაფერს ვეღარ შველის. მე როგორც სპეციალისტებისგან ვიცი, აქ საჭიროა ასი მეტრის დაშორებით 6 მეტრი დიამეტრის მოწყობილობა უნდა ჩაიდოს. ამ შემთხვევაში შედეგი იქნება,“ – ამბობს რეზო ხონელიძე.

კითხვაზე, რამ გამოიწვია ზღვის გააქტიურება, რეზო ხონელიძე ამბობს, რომ ზღვაში საკმარისი ოდენობით ინერტული მასალა აღარ ჩაედინება.

„მე სპეციალისტი არ ვარ. მე უბრალოდ შემიძლია გავიმეორო ის, რაც მოვისმინე სპეციალისტებისგან. არ არის საკმარისი ინერტული მასა, რაც ჩადის  ზღვაში. ძირითადად  მაგნიტური ქვიშის მოწოდება ხორციელდება მდინარე ნატანებიდან. ნატანების ხეობაში გახსნილია  ხრეშის და ინერტული მასის დამამუშავებელი რამდენიმე კარიერი, შესაბამისად ზღვისთვის მისი მიწოდება აღარ ხდება,“ – ამბობს რეზო ხონელიძე.

გრიგოლეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ამბობს,  გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე  სამუშაოებს ჩაატარებენ.

„საქმის კურსში ვარ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, როგორც ნახეთ. რამდენჯერმე შევამოწმეთ ის სიტუაცია, რაც არის ზღვისპირეთში,  თბილისიდან იყო კომისია ჩამოსული გასულ წელს.   მე გუბერნატორთანაც მქონდა საუბარი, განვიხილეთ ეგ საკითხი.  ამას სახელმწიფო პროგრამა  და სახელმწიფოდან დაფინანსება დასჭირდება.  ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგვჭირდება თანხა, ნაწილობრივ ცენტრალური ბიუჯეტიდან. კატასტროფული მდგომარეობაა და სასწრაფოდ თუ არ ეშველა  მაგას, უკვე გაზაფხულიდან როცა წყალდიდობა და ღელვა იმატებს, თანდათან  უფრო წაიღებს და წაიღებს. მოსახლოებას საშიშროება ექმნება. უახლოეს პერიოდში მივიღებთ ზომებს მაგასთან დაკავშირებით,“ – ამბობს ზაზა ურუშაძე.

ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“ „ზღვის სანაპირო ზოლის ეროზიის რისკების მართვის“ პროექტს ახორციელებს.  პროექტი გრიგოლეთის სანაპირო ზოლსაც შეეხება.

„სახელმწიფო არ არის მზად ამ პრობლემის გადასაწყვეტად. გრიგოლეთში არანაირი კვლევა არ არის ჩატარებული  მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.  ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე  ზოგად სურათს დავდებთ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.  გავაკეთებთ იმის სტიმულირებას, რომ სახელმწიფომ იზრუნოს და წინასწარ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა ჰქონდეს.  ჩვენ  გვინდა ვნახოთ პრობლემის გადაწყვეტის გზა,“ – აცხადებს  ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ დამფუძნებელი, დირექტორი რამაზ მიქელაძე.

Exit mobile version