კვირის ამბები

“ასწავლე საქართველოსთვის” – მთაში

28.03.2014 • 4469
“ასწავლე საქართველოსთვის” – მთაში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მთის სოფლების საჯარო სკოლებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ინგლისური ენის მასწავლებელზე მოდის. ასევე მოთხოვნაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტებზე.

კითხვაზე – ამჟამად თუ არის ისეთი სკოლები, სადაც ცალკეული საგნის მასწავლებელი სჭირდებათ და არ ჰყავთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს:

„ზოგ მუნიციპალიტეტში კვლავ ფიქსირდება სხვადასხვა საგნის მასწავლებლის ვაკანსია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სწორედ ამ მოთხოვნის საფუძველზე, ეტაპობრივად ავსებს ვაკანტურ ადგილებს“.

“ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ – ასე ჰქვია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამას, რომლის მიზანი მაღალმთიანი აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში არსებული ვაკანსიების შევსებაა. ინგლისური ენა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება – ეს ის საგნებია, რომელთა სპეციალისტები ყველაზე მეტად სჭირდებათ.

პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს კონკურსის წესით არჩევენ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი აქვს.

გასულ წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის სოფლების საჯარო სკოლებში 30 მასწავლებელი წავიდა სამუშაოდ. წელს მათი რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

„წელს ბიუჯეტი გავზარდეთ 17 ათას ლარზე მეტით. ჯამში დავასაქმეთ 35 მასწავლებელი, მაგრამ მოთხოვნა კიდევ არის სკოლებიდან. თუ საშუალება გვექნა, მომავალი წლისთვის გავზრდით ბიუჯეტს,“ – ამბობს სულიკო თებიძე, აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე.

მასწავლებლებს, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში მიდიან სამუშაოდ, სახელმწიფო დამატებით 400 ლარს უხდის ხელფასის სახით. მასწავლებელი უზრუნველყოფილია ბინით და არ იხდის კომუნალურ გადასახადებს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობა 2013 წელს მიიღეს, წელს ავტომატურად გაუგრძელდათ ხელშეკრულება.

როგორია პროგრამის შედეგები? – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ პროგრამა წარმატებულია.

„2013-2014 სასწავლო წლის I სემესტრში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოკითხულ დირექტორთა 97% აცხადებს, რომ პროგრამა კარგად მიმდინარეობს, ხოლო 3% ამბობს, რომ პროგრამა დამაკმაყოფილებელია. მათი 98% კმაყოფილია კონსულტანტ-მასწავლებლების პროფესიული საქმიანობით. ადგილობრივ პედაგოგთა უმრავლესობა (98%) კმაყოფილია კონსულტანტ-მასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობით და საქმიანობით. მათი უმრავლესობა თანამშრომლობს კონსულტანტ-მასწავლებლებთან და საჭიროების შემთხვევაში უსვამს შეკითხვებს (86%) კონსულტანტ-მასწავლებლებს. მშობელთა 87% ამბობს, რომ დაესწრო კონსულტანტ-მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სადემონსტრაციო გაკვეთილს. მათი 98% კმაყოფილია კონსულტანტ-მასწავლებლების ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობით. გამოკითხულ მშობელთა 98% ამბობს, რომ მათი შვილის აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდა კონსულტანტ-მასწავლებლის სკოლაში მისვლის შემდეგ,“ – ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცენტრის ინფორმაციით, ყოველწლიური მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები: გაიზარდა საგნის მიმართ ინტერესი და სწავლის მოტივაცია, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე; გააქტიურდა სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მოსწავლეების ჩართულობა; სკოლებში დაინერგა სწავლების თანამედროვე მეთოდები, აქტიურად გამოიყენება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; გაიზარდა მშობელთა ჩართულობის ხარისხი სასკოლო ცხოვრებაში. ხუთი წლის მანძილზე პროგრამაში მონაწილე პედაგოგების 73% აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას.

სახელმწიფო პროგრამის  – „ასწავლე საქართველოსთვის“  – განხორციელება 2009 წელს დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. 2014-2015 სასწავლო წლისთვის პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი, სავარაუდოდ, მაისში გამოცხადდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2009 წლიდან დღემდე პროგრამაში მონაწილეობა 210-მა პირმა მიიღო. 2013-2014 სასწავლო წელს 145 კონსულტანტ-მასწავლებელია მივლინებული საქართველოს 93 საჯარო სკოლაში.

მსგავს პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს. გარდა ამისა, აჭარის განათლების სამინისტროს სპეციალური პროგრამა აქვს სტუდენტებისთვის მაღალმთიანი რეგიონებიდან. ამ ჯგუფს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში აფინანსებს. ხომ არ აპირებს სახელმწიფო მასწავლებლების დეფიციტი მაღალმთიან რეგიონებში ამ ჯგუფებზე დაყრდნობით აღმოფხვრას? სტუდენტს, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობს, მაგალითად, ორი წლით მშობლიურ სოფელში სამუშაოდ დაბრუნების ვალდებულებას ხომ არ დააკისრებს სახელმწიფო? – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე ამბობს, რომ მსგავსი პირობა, ჯერჯერობით, სამინისტროს არ აქვს:

„კარგი იდეაა, თუმცა ჩვენ ამჟამად მხოლოდ ხარისხზე ვართ ორიენტირებული. ამ საკითხზე როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჯერ არ ვიცი. რაც შეეხება ხარისხს, სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარიერი ავწიეთ 71%-მდე. დაფინანსებული სტუდენტისგან მაღალ აკადემიურ მოსწრებას ვითხოვთ. ახალი სასწავლო წლიდან 71%-იან ბარიერს ვინც ვერ გადალახავს, ვუწყვეტთ დაფინანსებას“.

2012 წელს „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 171 სტუდენტი დაფინანსდა, 2013 წელს – 290 სტუდენტი, ხოლო 2014 წლის პირველ სემესტრში – 461 სტუდენტი. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტუდენტებისთვის მაღალმთიანი რეგიონებიდან 1 850 000 ლარი დაიხარჯა.

გადაბეჭდვის წესი