ნეტგაზეთი • RU

აქცია „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება

დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში აქცია „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ ტარდება.

 

 

აქციაში ჩაერთო ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, თემის რწმუნებულები და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები.

 

აქციის ფარგლებში შეგროვებული სისხლი ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას“ სისხლის ბანკს და შპს „ჰემა 2012“–ის სისხლის ბანკს გადაეცემა. დაწესებულებების წარმომადგენლები სისხლის შესაგროვებლად ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ.

 

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 60 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, სტომატოლოგთან ვიზიტიდან 2-3 თვე  უნდა იყოს გასული. ტატუს არსებობის შემთხვევაში, მისი გაკეთბიდან ერთი წელი უნდა იყოს გასული. სისხლის აღება არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის. დონორს ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში), არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში. დონორის წონა უნდა იყოს 55 კგ-ზე მეტი ქალბატონებითვის,  მამაკაცებისთვის კი 65კგ-ს ზემოთ. ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.


მსგავსი აქციები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ინიციატივით, გასული ორი წლის განმავლობაში, სისხლის უანგაროდ დონაციის მიზნით ეს მეექვსე აქცია.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"