Batumelebi | გმირი დედების სოფელი გმირი დედების სოფელი – Batumelebi
RU | GE  

გმირი დედების სოფელი

 

როცა ზეგარდანზე ვფიქრობ, გონებაში ამოტივტივდება ხოლმე ფრაზა: გმირი დედების სამყარო! დიახ, არც მეტი არც ნაკლები, გმირი დედების სამყაროში შევაღწიე, სამყაროში, სადაც განსაკუთრებული დედაშვილობა და სიყვარული იციან, სადაც მიწასაც კი რძის სუნი და ორთქლი ასდის… და ჭაღარაშერეული გმირი დედები შვილთაშვილებს ვეღარ ითვლიან! 

 

„ბარსამი“ – ასე პასუხობენ გმირი დედები კითხვას: რამდენი შვილთაშვილი გყავთ? და მერე თითებზე იწყებენ თვლას. თითები არ ჰყოფნით და სათვალავი ისევ ერევათ. მერე ისევ თავიდან იწყებენ და ეფერებიან შვილთაშვილებს, მათ მონაგარსა და მომავალს.

 

სოფელი ზეგარდანი ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემში შემავალი ერთი პატარა სოფელია, სადაც 16 ოჯახი ცხოვრობს და მათგან თორმეტში გმირი დედაა. ამ ქალებს (და არა მარტო მათ) „გმირის“ წოდება ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მიანიჭეს, როგორც ათი და მეტი შვილის დედებს. დრომ თავისი გაიტანა და 12 გმირი დედიდან დღეს მხოლოდ ცხრაა ცოცხალი. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 68 წლის სონია მახარაძეა. სონიას 13 შვილი და 25 შვილიშვილი ჰყავს. როგორც ზეგარდანის ყველაზე ახალგაზრდა „დიდედა“, შვილთაშვილების მოლოდინშია. უხუცესი გმირი დედა ემინე შაინიძე 87 წლისაა. მას 11 შვილი, 40 შვილიშვილი და 61 შვილთაშვილი ჰყავს.

 

 

შვილების სიმრავლით გამოირჩევა 73 წლის გულიკო მახარაძე. მან 14 შვილი და 27 შვილიშვილი გაუზარდა სოფელს. დღემდე თავს კარგად გრძნობს და რძლებს ხუთი შვილთაშვილის აღზრდაში ეხმარება.

 

სოფელ ზეგარდანში ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევენ – სიმინდი და ლობიო მოჰყავთ, მაგრამ არა საკმარისი რაოდენობით. „წინათ კარგი მოსავალი მოდიოდა. ეს იყო ჩვენი საარსებო წყარო… რვა წელია აღარც მოსავალი მოდის საკმარისი და რაც მოდის, უხარისხო: აღებიდან ორ თვეში აღარც სიმინდი ვარგა და აღარც ლობიო, ჩიჩი ესევა“, – ამბობს წუხილით 11 შვილის გამზრდელი გმირი დედა ვენერა შაინიძე.

 

მისი უფროსი შვილი 47 წლისაა, უმცროსი – 27-ის. მას 28 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს. დღეისათვის ოჯახში 13 წევრი ცხოვრობს და მათი ფულადი შემოსავალი ქალბატონი ვენერას და მისი მეუღლის პენსია – 300 ლარია. ვენერას ბევრი საფიქრალი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი უმცროსი შვილია: „სახლში ორი რძალი მყავს, სამი წყვილი ვცხოვრობთ (მე ქმართან ერთად და ორი ბიჭი ცოლებით), მესამეც დასასახლებელი მყავს, ორთან მესამე რძალი რაფერ მევყვანო? აღარც ადგილი გვაქვს სახლში და არც საშუალება, რომ უფროსები გავანაწილო და ცალკე იცხოვრონ. არადა, უკვე 27 წლის გახდა, ყველას თავისი ოჯახი, თავისი ბუდე უნდა…“

 

 

სოფელს ბევრი პრობლემა აქვს: ზეგარდანში მხოლოდ დაწყებითი სკოლაა და მეოთხე კლასის შემდეგ ბავშვები მეზობელი სოფლის სკოლაში დადიან, ნაკლებმიწიანობა, მეწყრული პროცესები, უმუშევრობა, საავადმყოფოსა და სატრანსპორტო საშუალების არ ქონა. არ აქვთ სპორტული მოედანი. ზეგარდანში პრობლემებზე საუბარს ტრანსპორტის უქონლობით იწყებენ: „ქალაქში ან რაიონში თუ დაგვჭირდა წასვლა, სოფელ წაბლანამდე 5 კილომეტრი ფეხით უნდა ვიაროთ. იქედან რომ მოვდივართ, მძღოლს თუ ცოტა ფულს დავუმატებთ, მოგვიყვანს ადგილზე. აქ „რაფი“ იყო დანიშნული მოსწავლეებისთვის, დილით მოაკითხავდა და წაიყვანდა სკოლაში, გაკვეთილების მერე მოიყვანდა. ახლა „რაფიც“ აღარ დადის! „შოფერს“ რომ ვეკითხებით, ასე ამბობს, თბილისიდან დიმირეკეს აღარ გახვიდე, ვეღარ დავაფინანსებთო. ვინ უთხრა, ვერ ამბობს. 5 კილომეტრი სკოლის მოსწავლისთვის დიდი გზაა. გვეშინია, ბავშვებს ხერხემლის გამრუდება არ დაემართოთ, ამხელა გზაზე ჩანთები ზურგით რომ დააქვთ“.

 

ზეგარდანში ხანგრძლივი და უხვთოვლიანი ზამთარი იცის. აქაურები ამბობენ, რომ ზამთარში კიბეები არ სჭირდებათ სახლში შესასვლელად – აივნებამდე აღწევს თოვლი. უსაქმურობისგან გადაღლილი ახალგაზრდები უხვი ნალექის გამო მეზობლებთანაც ვეღარ გადადიან. არადა, მაღალმთიან სოფელში ახალგაზრდების გართობის ერთადერთი საშუალება ერთად შეკრება და თამაშია. თამაშობენ ჯოკერს, ნარდს, დომინოს… ზამთრობით თხილამურებზე სრიალებენ და სოფლის სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

 

 

გულიკო ახალგაზრდებისგან განსხვავებით ზამთრობით შეშის (შეშა ერთადერთია, რისი პრობლემაც სოფელს არ გააჩნია) ღუმელთან თბება და მთავარ პრობლემად საავადმყოფოს არ ქონას ასახელებს: „შარშან ზამთარში რძალი კიღამ დამეღუპა, მეზობლებმა გიდიმირჩინეს. მშობიარე ქალი საკაცეზე დადვეს და სხალთაში ხელით ჩეიყვანეს, სასწრაფო იქ ძლივს მოვიდა. ამბულატორია კი გვაქ სხალთაში, მარა ელემენტარული ანალგინ-დიმედროლი არ აქვთ. ძველათ საავადმყოფოც კაი გვქონდა და ჯანმრთელებიც ვიყავით. ამ ხეობას აუცილებლად სჭირდება ერთი საავადმყოფო!“

 

ზეგარდანი საოცრად ლამაზია გაზაფხულზე. აქ ტყემალი ყვავილობს და იქვე, ცოტა მოშორებით მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებს თოვლი. მიწა მცოცავია და გაზაფხულზე, როცა თოვლი დნება, მეწყრული პროცესები ვითარდება. ზეგარდანში დღემდე ახსოვთ 1989 წლის 19 აპრილი, როცა სოფელ წაბლანაში განვითარებულმა მეწყერმა ორი ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ უსიამოვნო წარსულის გახსენებაზე ზეგარდანელებს თვალზე ცრემლი ადგებათ და სინანულით იგონებენ მთავრობის დანაპირებს: „ყველას მოგვცეს დოკუმენტი, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობდით. დაგვპირდნენ, იაფი ბინები აშენდებოდა და ჩაგასახლებთ სადმე დაბლობშიო, მაგრამ აღარავის ახსოვს. ყოველ გაზაფხულს შიშით ვხვდებით, წასასვლელი კი არსად გვაქვს…“

 

მკაცრი პირობების მიუხედავად ზეგარდანის დატოვება უხუცესებს არ უნდათ. „აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ, ოფლი ჩავღვარეთ ამ მიწაში და ვერსად წავალთ, აქ უნდა დავიმარხოთ!“ ისინი თვითმმართველობის ყურადღებას ითხოვენ: „ადრე დედის დღეზე მაინც გვიხსენებდნენ, რაიონში გვპატიჟებდნენ, სიმბოლურ საჩუქრებს გვჩუქნიდნენ… ამ მთავრობას აღარ ვახსოვართ, დაკარგა ჩვენმა ოქროს მედლებმა ფასი!“

 

 

სოფელ ზეგარდანში თვლიან, რომ აქაური მოსახლეობა სოციალურად დაუცველია, მაგრამ ოფიციალურად ასეთი სტატუსი და დახმარება მხოლოდ ექვს ოჯახს აქვს. რადგან ახალგაზრდების დასაქმების არანაირი საშუალება არ არის სოფელში, ისინი სეზონურად თურქეთში დადიან ჩაის საკრეფად. 45 წლის ბადრი შაინიძე ოჯახს სწორედ ასე არჩენს: „თურქეთია ჩვენი მარჩენალი. მთელი ზაფხული ჩაის ვკრეფთ, ოჯახი რომ ვარჩინოთ. ყველაზე ბევრი 3 000 ლარი გამომიმუშავებია სეზონზე, მაგრამ ამ თანხით მთელი წელი ოჯახს ვერ შეინახავ. ჩვენ სტაბილური სამუშაო გვჭირდება!“

 

ზეგარდანში გაზაფხული ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. აქაურები უკვე ემზადებიან საგაზაფხულო სამუშაოებისთვის. მერე გმირი დედები იალაღებზე გაემგზავრებიან შვილიშვილებთან ერთად, ახალგაზრდა მამაკაცები – თურქეთში, ჩაის საკრეფად, იმათი წვრილშვილი კი, სოფელს მიხედავს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თეონა კაკაციძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტი“