ნეტგაზეთი • RU

გაერთიანება „ზნეობა, მამულიშვილობა“ რეფერენდუმს ითხოვს

 

საზოგადოებრივი გაერთიანება  „ზნეობა, მამულიშვილობა, ერთობა სამართლიანობისათვის“ „ნატოსთან“ დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საზოგადოებრივი გაერთიანების წევრებმა ბრიფინგი დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს.

 

ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ რეფერენდუმი აჩვენებს დამოკიდებულებას, უნდა თუ არა საქართველოს საზოგადოებას „ნატოში“ გაწევრიანება.

 

„ჩვენ ვითხოვთ კონსტიტუციურ ცვლილებას. დღეს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება. ამიტომ ჯერ ხელისუფლებას და პარლამენტს ვთხოვთ კონსტიტუციური ცვლილების შესახებ პარლამენტმა განიხილოს, რის შემდეგაც ჩატარდება რეფერენდუმი და ქართველი ხალხი გამოხატავს პოზიციას, სურს თუ არა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება“ –  განაცხადა „ზნეობა, მამულიშვილობა, ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრმა მერაბ გორგაძემ.

 

ორგანიზაცია თვლის, რომ საქართველომ რუსეთთან სამეზობლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად ნეიტრალური პოზიცია უნდა აირჩიოს.

 

კითხვაზე, რატომ თვლიან საჭიროდ რეფერენდუმის ჩატარებას ამ თემაზე, მაშინ როცა ცნობილია 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად „ნატოში“ გაწევრიანების შესახებ პლებისციტის შედეგები – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ქვეყნის „ნატოში“ გაწევრიანება,  გაერთიანების ხელმძღვანელი, ნიაზ ბოლქვაძე პასუხობს,  რომ ხუთი წლის წინ ჩატარებულ შედეგებს არ ენდობა: „2008 წელში არჩევნები იყო გაყალბებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ გამოკითხვა ნატოსთან დაკავირებითაც იქნებოდა გაყალბებული. თუ კი ახლა გაუყალბებლად ჩატარდება რეფერენდუმი და ხალხის უმრავლესობა იტყვის, რომ გვინდა „ნატოშიო“, რა თქმა უნდა, ჩვენც დავემორჩილებით და უმრავლესობის ნებას მივყვებით“.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი