ნეტგაზეთი • RU

საკრებულოს ჯანდაცვის კომისია ავტომანქანას ითხოვს

 

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. სხდომაზე განაცხადეს რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მერია ელექტრონულ ავტომობილებსაც შეისყიდის. სხდომაზე, საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თაცმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ ავტომანქანა საკრებულოს თავმჯდომარეს ჯანდაცვის კომისიისთვისაც მოსთხოვა.

 

 

 

„შენ მაინც არ დადიხარ სამსახურში და მანქანა რად გინდა“-  ასე უპასუხა ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნას საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, რაზეც გიორგი დიასამიძემ შემდეგი პასუხი გასცა: „მომეცით მანქანა და ვივლი“. 

 

გიორგი დიასამიძის თქმით, საკრებულოში მხოლოდ ჯანდაცვის კომისიას არ ჰყავს ავტომანქანა:  

 

„ამ დრომდე საკრებულოს ჩვენი კომისიისთვის ავტომობილი არ შეუძენია.  ახალ ავტომობილს ველოდებოდით, თუმცა ამ ავტომობილით დღეს ირაკლი ჩავლეიშვილი სარგებლობს.  მხოლოდ ჩვენს კომისისა არ ემსახურება ავტომანქანა, ვერ ვხვდები რატომ აქვთ ასეთი მიდგომა ჯანდაცვის კომისიის მიმართ“.

 

“ვერ დავინახეთ საჭიროება გიორგი დიასამიძეს ყოლოდა ავტომობილი. ის ძალიან კარგი ექიმია გამორჩეულია თავის საქმიანობაში მაგრამ ვერ ახერხებს ამ ორი თანამდებობის ერთად შეთავებას” – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ინაიშვილი (მოხალისე)