Batumelebi | „მკვდარი ჩვილი ვაგონიდან გადააგდეს“ „მკვდარი ჩვილი ვაგონიდან გადააგდეს“ – Batumelebi
RU | GE  

„მკვდარი ჩვილი ვაგონიდან გადააგდეს“

 

1951 წელს ნოდარ ირემაძის ოჯახი ხულოში, სოფელ ღორჯომში ცხოვრობდა. მისი მშობლები, ბებია-ბაბუა და 12 წლის მამიდა შუაღამით სამხედრო პირებმა სატვირთო ავტომანქანაში ჩასვეს და სოფლიდან წაიყვანეს. ნოდარ ირემაძის ოჯახთან ერთად იმ ღამით მათი სანათესაო და სოფელში მცხოვრები კიდევ რამდენიმე ოჯახი გაასახლეს.

GE DIGITAL CAMERA

ნოდარ ირემაძე

„დედა მიყვებოდა, რომ ადამიანები კონდახის ცემით ჩაყარეს მანქანებში. არც სასმელი, არც საჭმელი. პირუტყვივით გამოამწყვდიეს და ასე ატარეს ბათუმამდე. შემდეგ კი იქედან სატვირთო ვაგონებში გადასვეს და ყაზახეთისკენ გაუყენეს გზას“.

ნოდარ ირემაძის ოჯახი იმ დროის კვალობაზე საკმაოდ შეძლებული ყოფილა. ოჯახს 40 სული მსხვილფეხა და 80 სული წვრილფეხა პირუტყვი ჰყოლია, რომელიც გადასახლების შემდეგ კოლექტივისთვის გადაუციათ.

„სახლში ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელიც გვქონია, ყველაფერი უპატრონოდ დაგვატოვებინეს. მთელი ქონება გადასახლების შემდეგ დაუტაცებიათ. დედაჩემს ოცამდე ოქროს მონეტა ჰქონია გადანახული, მაგრამ ჯარისკაცს წაურთმევია. უბიდან ააცალა თურმე. 18 დღე გაუსაძლის პირობებში იმგზავრეს. დედა მაშინ ჩემზე ფეხმძიმედ იყო და ძალიან უჭირდა. ვაგონში სამი ადამიანი გარდაცვლილა, ერთი ახალშობილი იყო. რადგან მატარებელი არ ჩერდებოდა, მკვდარი ჩვილი ვაგონიდან გადაუგდიათ. ვაგონში ჩვენი სოფლელი კაციც გარდაცვლილა, რომელიც ერთი კვირის შემდეგ, სადღაც გაჩერებაზე ძლივს დაუმარხავთ“.

ნოდარ ირემაძე ყაზახეთში დაიბადა, ფეხი კი სამშობლოში დაბრუნებისას კურსკის ვაგზალში ავიდგიო, გვიყვება: „გადასახლებული ოჯახები ბოსელივით დაბალ მიწურებში ცხოვრობდნენ. ჩვენი ქოხიც ასეთი ყოფილა. როცა დავიბადე, მამაჩემს ხის აკვანი გამოუთლია და იქ ვიწექი. თუმცა, მიწურში ჭერიდან და კედლებიდან წვიმის წყალი ჩამოდიოდა. ხან თავზე მეცემოდა თურმე ტალახიანი შხეფები და ხან სად. გუბურებიდან კი ბაყაყები ძვრებოდნენ, საწოლებზეც კი ამოდიოდნენ. ჩემი ოჯახის წევრები იმ წლებს სიცოცხლის ბოლომდე მწარედ იხსენებდნენ“.

1953 წელს გადასახლებულებმა სამშობლოში დაბრუნების ბრძანება მიიღეს. თუმცა, სიაში ნოდარ ირემაძის ოჯახი არ აღმოჩნდა: „მამაჩემს დაუწყია გარკვევა. მაშინ უთქვამთ, თქვენი ოჯახი არც გადასასახლებელთა სიაში ყოფილა, ამიტომ თუ გინდათ დარჩით, ან თქვენივე ხარჯებით დაბრუნდითო. ფული, რა თქმა უნდა, არ გვქონდა. მგზავრობის ფული ნათესავებმა გამოგვიგზავნეს და წვალებ-წვალებით ჩამოვაღწიეთ საქართველოში. ბაბუა გადასახლებაში არ ყოფილა. ის მანამდე დააპატიმრეს. ექვსი წლის შემდეგ, როცა დაბრუნდა, საბჭოს თავმჯდომარე მოკლა, რადგან სწორედ მისი მიზეზით გადაასახლეს ჩემი ოჯახი. ჩვენი გვარი შეძლებული, ქონების პატრონი იყო და ალბათ ეს არ მოსწონდა. მკვლელობის გამო ბაბუაჩემმა სამ წელიწად-ნახევარი ისევ ციხეში გაატარა. გვარებს შორის მტრობა წლების შემდეგ დასრულდა, როცა ჩვენი გვარიდან ერთი გოგო მოკლულის სანათესაოში გათხოვდა“.

ირემაძეებმა გაპარტახებულ მიწაზე ცხოვრება თავიდან დაიწყეს: „ეს დიდი ტრაგედია იყო. დედა, მამიდა, ბიძა – სულ ამ წლებზე გვიყვებოდნენ და საშინლად განიცდიდნენ. მამიდაჩემი ამ ხნის ქალია და დღესაც ცრემლი ადგება, როცა იმ წლებს იხსენებს. უკან დაბრუნების შემდეგ ისევ მეექვსე კლასში დაუსვამთ და ბავშვები დასცინოდნენ თურმე… ვგიჟდები, როცა რუსეთის სიკარგეზე საუბრობს ზოგიერთი. ის ბოროტება ხომ რუსული `დერჟავას~ სისასტიკის შედეგი იყო. რუსეთს კაცობრიობის ისტორიაში დიდი ბოროტება აქვს ჩადენილი და არასდროს გამოვა მაგათთან ურთიერთობა. რუსეთი ბოროტების ბუდეა და ჩემი ოჯახი მაგ ბოროტებას ვერასდროს დაივიწყებს“.

ირემაძეების ოჯახი სახელმწიფომ რეპრესირებულად აღიარა. ყაზახეთში გატარებული წლებისა და რეჟიმისგან მიყენებული ზარალის სანაცვლოდ ნიგარ ირემაძეს 310 ლარი უნდა მიეღო, თუმცა ის 2011 წელს, კომპენსაციის აღებამდე გარდაიცვალა. ნოდარ ირემაძე კი, როგორც მემკვიდრე, დედის და ვერც თავის კუთვნილ კომპენსაციას ამ დრომდე ვერ იღებს, რადგან იუსტიციის სახლში უთხრეს, რომ დაბადების მოწმობაში ყაზახურ ენაზე დაწერილი მისი სახელი არ იკითხება.

„ყველა ოფიციალურ დოკუმენტში, მათ შორის დიპლომშიც, ნოდარი მიწერია. იუსტიციაში კი მეუბნებიან, რომ ჩემი დაბადების მოწმობაში „ნოდარი“ არ იკითხება. ძველი, გაცრეცილი მოწმობაა. ყაზახეთიდან უნდოდათ დოკუმენტების გამოთხოვა, თუმცა იქ არაფერი აღმოჩნდა“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე, რუბრიკა: სტალინური რეპრესიები