სიახლეები

ზღვა ფეხბურთის მოედნის ადგილას

26.03.2014 • 2279
ზღვა ფეხბურთის მოედნის ადგილას

„შვიდი წელია გრიგოლეთში საცხოვრებლად  დავბრუნდი. შვიდი წლის წინ იქ, სადაც ახლა ზღვაა, ფეხბურთის მოედანი იყო და საღამოობით ფეხბურთს ვთამაშობდით ხოლმე. ახლა აღარც სტადიონია, აღარც სანაპირო, ზღვა კი ჩემი სახლის კედელთან მოვიდა,“ – ამბობს გრიგოლეთის მცხოვრები ჯუსტან ღურწკაია.

მისივე თქმით სანაპირო ზოლის გამაგრებას ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ, თუმცა მათ მიერ დახარჯული თანხა წყალში გადაყრილია. ყოველი ახალი შტორმის შემდეგ ზღვა უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იტაცებს.

„ვის არ მივმართეთ დახმარების თხოვნით. ძველ მთავრობასაც, ახალსაც, მაგრამ მთავრობა უძლურია. ზღვა კიდევ მოდის, მოდის და ცოტა ხანში გზატკეცილზე ამოვა,“ –  ამბობს  გრიგოლეთის მცხოვრები გოჩა ვოინაროვი.

რეზო ხონელიძე სანაპირო ზოლში სასტუმროს მფლობელია. ის ამბობს, რომ ზღვამ მის მიერ იჯარით აღებული ტერიტორია მიიტაცა.

„2009 წელს გავხსენი სასტუმრო. მე რასაც ვაკვირდები, ამ ხნის მანძილზე დაახლოებით 50 მეტრით მოიწია ზღვამ ნაპირისკენ. პლაჟი მთლიანად მიიტაცა და სასტუმროს გალავანს მოადგა. ჩემი ძალებით  რაც შევძელი, ეს არის, რომ სპეციალური მოწყობილობა ჩავდე ნაპირიდან დაშორებით, რომლის  დანიშნულება არის   ტალღის მოქმედების შენელება. ორი წლის განმავლობაში შედარებით დაგვიცვა. წელს უკვე ისეთი მასიური გახდა, რომ ვერაფერს ვეღარ შველის. მე როგორც სპეციალისტებისგან ვიცი, აქ საჭიროა ასი მეტრის დაშორებით 6 მეტრი დიამეტრის მოწყობილობა უნდა ჩაიდოს. ამ შემთხვევაში შედეგი იქნება,“ – ამბობს რეზო ხონელიძე.

კითხვაზე, რამ გამოიწვია ზღვის გააქტიურება, რეზო ხონელიძე ამბობს, რომ ზღვაში საკმარისი ოდენობით ინერტული მასალა აღარ ჩაედინება.

„მე სპეციალისტი არ ვარ. მე უბრალოდ შემიძლია გავიმეორო ის, რაც მოვისმინე სპეციალისტებისგან. არ არის საკმარისი ინერტული მასა, რაც ჩადის  ზღვაში. ძირითადად  მაგნიტური ქვიშის მოწოდება ხორციელდება მდინარე ნატანებიდან. ნატანების ხეობაში გახსნილია  ხრეშის და ინერტული მასის დამამუშავებელი რამდენიმე კარიერი, შესაბამისად ზღვისთვის მისი მიწოდება აღარ ხდება,“ – ამბობს რეზო ხონელიძე.

გრიგოლეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ამბობს,  გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე  სამუშაოებს ჩაატარებენ.

„საქმის კურსში ვარ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, როგორც ნახეთ. რამდენჯერმე შევამოწმეთ ის სიტუაცია, რაც არის ზღვისპირეთში,  თბილისიდან იყო კომისია ჩამოსული გასულ წელს.   მე გუბერნატორთანაც მქონდა საუბარი, განვიხილეთ ეგ საკითხი.  ამას სახელმწიფო პროგრამა  და სახელმწიფოდან დაფინანსება დასჭირდება.  ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგვჭირდება თანხა, ნაწილობრივ ცენტრალური ბიუჯეტიდან. კატასტროფული მდგომარეობაა და სასწრაფოდ თუ არ ეშველა  მაგას, უკვე გაზაფხულიდან როცა წყალდიდობა და ღელვა იმატებს, თანდათან  უფრო წაიღებს და წაიღებს. მოსახლოებას საშიშროება ექმნება. უახლოეს პერიოდში მივიღებთ ზომებს მაგასთან დაკავშირებით,“ – ამბობს ზაზა ურუშაძე.

ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“ „ზღვის სანაპირო ზოლის ეროზიის რისკების მართვის“ პროექტს ახორციელებს.  პროექტი გრიგოლეთის სანაპირო ზოლსაც შეეხება.

„სახელმწიფო არ არის მზად ამ პრობლემის გადასაწყვეტად. გრიგოლეთში არანაირი კვლევა არ არის ჩატარებული  მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.  ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე  ზოგად სურათს დავდებთ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.  გავაკეთებთ იმის სტიმულირებას, რომ სახელმწიფომ იზრუნოს და წინასწარ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა ჰქონდეს.  ჩვენ  გვინდა ვნახოთ პრობლემის გადაწყვეტის გზა,“ – აცხადებს  ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ დამფუძნებელი, დირექტორი რამაზ მიქელაძე.

გადაბეჭდვის წესი