სიახლეები

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ციხეში გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე

27.03.2014 • 1613
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ციხეში გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე

 

გარდაცვლილის დამ, როზეტა მაისურაძემ დღეს,  ბათუმში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა,  რომ მისი ძმა ორ კვირაში ტოვებდა საპატიმროს და ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

 

 

„როცა დაგვირეკეს და გვითხრეს, წაიყვანეთ გარდაცვლილი ციხიდანო, ვუთხარით, რომ ამის საშუალება არ გვქონდა, რადგან სოციალურად დაუცველები ვართ. გვითხრეს,  გვამი გაიხრწნებაო. ჩვენ თვითნებურად შესახლებულები ვართ ხელვაჩურში,  ყოფილი 53 ბატალიონის შენობაში, იმის გამო, რომ მიწის ნაკვეთიც არ გვაქვს, ჩემი ძმა აბაშაში ნათესავების დახმარებით დავკრძალეთ“.

 

გარდაცვლილის და ყვება, რომ როცა მისი ძმის წამოსაყვანად მივიდნენ, მასთან ერთად კიდევ ოთხი გვამი ნახეს გეგუთის ციხეში.

 

„წელში გადამტვრეული იყო, დაჩეჩქვილია, მე წინასწარ ვიცი ექსპერტიზის დასკვნა და მისი არ მჯერა“ – ამბობს გარდაცვლილის და.

 

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ გეგუთის ციხე უკვე „სასაკლაოდ“ იქცა და ის პირადად სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს მიმართავს გამოძიების ჩატარების თხოვნით;

 

გარდაცვლილი პატიმრის სისხლის სამართლის საქმე  (მას იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედებოდა ბრალად) სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად უკვე მიიღო. სამართლებრივ დახმარებას ოჯახს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევდა.

 

 

გარდაცვლილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევნდა, მან უარი თქვა პროკურატურის შეთავაზებაზე და ბრალის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება არ გააფორმა.

 

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი 25  წლის პატიმარი ავთანდილ მაისურაძე ბათუმელია.

 

 

ის სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,   2014 წლის 23 მარტს, დაახლოებით 8:10 საათზე,  სასჯელაღსრულების N14 (გეგუთის) დაწესებულებაში გარდაიცვალა.   

 

 

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მომხდარი მალევე ეცნობა ოჯახს. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად კი დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: