Batumelebi | რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ქედასა და შუახევში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ქედასა და შუახევში – Batumelebi
RU | GE  

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ქედასა და შუახევში

 

რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში რაიონული ორგანიზაციის კომიტეტი და სამდივნოს შემადგენლობა ფარული კენჭისყრით დააკომპლექტა. პარტიის წევრებისგან არჩეულმა კომიტეტებმა დახურულ პარტიულ ყრილობაზე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებიც აირჩიეს.

 

ქედაში გამართულ პარტიულ ყრილობას, პარტიის 30 წევრიდან მხოლოდ 12 წევრი ესწრებოდა.

 

პარტიის წევრებმა კომიტეტის 6 კაციანი და სამდივნოს 3 კაციანი ჯგუფი ფარული კენჭისყრით აირჩია. კენჭისყრა  ღია  მხოლოდ  კომიტეტის და სამდივნოს არჩევისას იყო.  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევისას ყრილობა დახურულ ფორმატში წარიმართა.

 

ქედაში პარტიის ყრილობაზე, თავმჯდომარის არჩევისას ქედაში ხმები თამაზ შარაშიძესა და გიორგი ბერიძეს შორის თანაბრად გადანაწილდა.  კენჭისყრა ხელმეორედ ჩატარდა და რესპუბლიკური პარტიის ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ შარაშიძე გახდა.

 

პარტიული ყრილობა დაძაბულობის ფონზე წარიმართა შუახევში. კრება აქ ორჯერ ჩაიშალა, საბოლოოდ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მარინა მახარაძე აირჩიეს.

 

„რესპუბლიკურ პარტიას 65 რაიონული და საქალაქო ორგანიზაცია აქვს და 8 000-მდე ადამიანია გაწევრიანებული.  რაც შეეხება რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ჩვენ არ ვირჩევთ, მას პარტიაში გაწევრიანებული ადამიანები ირჩევენ, სწორედ ეს არის გამჭირვალე პროცესი.

 

ამ ეტაპზე გამგებლებისა და მერების კანდიდატებთან დაკავშირებით კოალიციური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატებზე ხდება შეთანხმება.

 

კოალიციაში შემავალი პარტიები დაასახელებენ კანდიდატებს და საბოლოოდ შევჯერდებით საუკეთესო კანდიდატზე, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია.

 

რაც შეეხება პარტიაში გაწევრიანების საკითხს, ეს ადგილზე გადასაწყვეტი საკითხია და მას რაიონულ ორგანიზაციაში ჩამოყალიბებული კომიტეტები გადაწყვეტენ,“ –  განაცხადა რესპუბლიკური  პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, რომელიც ქედასა და შუახევში პარტიის ყრილობებს ესწრებოდა. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე