Batumelebi | საზმაუწყებლის საბჭოს წევრობის კანდიდატები აჭარიდან საზმაუწყებლის საბჭოს წევრობის კანდიდატები აჭარიდან – Batumelebi
RU | GE  

საზმაუწყებლის საბჭოს წევრობის კანდიდატები აჭარიდან

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობას 60 კანდიდატი მიიღებს. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კანდიდატების სია უკვე გამოქვეყნდა. 

 

 

აჭარიდან კონკურსის მონაწილეებს შორის არიან: იურისტი ემზარ პაქსაძე, 25-ე არხის პროდიუსერი ირმა ზოიძე, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ემზარ დიასამიძე, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, ლექსების გამოფენის ორგანიზატორი ზაზა ფირცხალაშვილი, მწერალთა კავშირის წევრი, მთარგმნელი ბადრი თევზაძე და დემოკრატიის ინსტიტუტის თავმჯდომარე გენო გელაძე, რომელმაც მესამედ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობაზე.

 

 

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია გუშინ საღამოს გამოქვეყნდა. სიაში, ბადრი თევზაძის გასწვრივ ფრჩხილებში მითითებული იყო „უზენაესი საბჭო“. მოგვიანებით ეს აღნიშნვა ვებ-გვერდიდან გაქრა.

 

შეგახსენებთ, რომ აჭარიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრის კანდიდატურა აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამისი საზოგადოებრივი კომისია 60 კანდიდატიდან შეარჩევს.

 

რატომ გაჩნდა მსგავსი მინაწერი ბადრი თევზაძის კანდიდატურის გასწვრივ?

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი ამბობს, რომ უმაღლეს საბჭოს ამ აღნიშვნასთან კავშირი არა აქვს:

 

„არა, ჩვენ არავისთვის არ გაგვიწევია რეკომენდაცია. თუმცა ბადრი თევზაძეს ვიცნობთ ეროვნული მოძრაობიდან. ვიცნობთ ყველა კანდიდატს, მაგრამ სანამ არ გავეცნობით ყველას კონცეფციას და ხედვებს, არ შემიძლია არჩევანი გავაკეთო. არ ვიცით თბილისი ვის დატოვებს, რამდენს გამოგზავნის.“

 

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს უმაღლესი საბჭო გენო გელაძის კანდიდატურას მესამედ, ალექსანდრე ჩიტიშვილი პასუხობს:

 

„მე ვფიქრობ, რომ რადგან პარლამენტმა გენო გელაძის კანდიდატურა ორჯერ დაბლოკა, მას ხელმეორედ დავუჭიროთ მხარი, აზრი არ ექნება. ხომ უნდა დაკომპლექტდეს ბორდი“.

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 5 წევრის შესარჩევად კონკურსი მეორედ 11 მარტს გამოცხადდა, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევად 2 თვის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგად პარლამენტმა შეძლო მხოლოდ 4 წევრის არჩევა 9 ვაკანტურ თანამდებობაზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"