მთავარი,სიახლეები

შეწყვიტეთ მუქარა „ბათუმელების“ რედაქტორის მიმართ – ეთიკის ქარტია შსს-ს მიმართავს

17.12.2024
შეწყვიტეთ მუქარა „ბათუმელების“ რედაქტორის მიმართ – ეთიკის ქარტია შსს-ს მიმართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აღკვეთოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გრიგოლ ბესელიას და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის მიმართ მუქარა.

16 დეკემბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე „ბათუმელების“ რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება მოჰყვა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ეთერ თურაძესთან გრიგოლ ბესელია მივიდა და ის ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანა გზიდან, სადაც დემონსტრანტები აქციას მართავდნენ და მედიაც მუშაობდა.

„ამ ინციდენტის შემდეგ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ეთერ თურაძის მიმართ აგრესიას გამოხატავს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეც, რომელიც „ბათუმელებს“ არაერთხელ ჰყავს მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში.

პოლიციის უფროსი ონლაინგამოცემის რედაქტორს უხეშად და უპატივცემულოდ მიმართავს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილია, რომ ირაკლი დგებუაძე ეთერ თურაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით და დაჯარიმებით დაემუქრა“ – წერს ქარტია და აქვე მიუთითებს, რომ პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად, „პოლიციელი, მისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, ვალდებულია, საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, ზრდილობიანი და დამაჯერებელი ფორმით. პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი. ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა“.

„ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ პოლიციის ეთიკის კოდექსის და პოლიციის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, პატივისცემა გამოიჩინონ ჟურნალისტების მიმართ, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეუშალონ და შეწყვიტონ მუქარა“ – წერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: