მთავარი,სიახლეები

„როგორ დავამარცხოთ დიქტატორის“ გაყიდვები 35%-ით გაიზარდა მზია ამაღლობელის სასამართლოს შემდეგ

16.01.2025
„როგორ დავამარცხოთ დიქტატორის“ გაყიდვები 35%-ით გაიზარდა მზია ამაღლობელის სასამართლოს შემდეგ

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 14 იანვარს, თავის სასამართლო პროცესზე მივიდა ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას ცნობილი წიგნით – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“.

სასამართლო პროცესიდან ფოტოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციებზე არაერთი მოქალაქე გამოჩნდა ამ წიგნით.

როგორც გამომცემლობა „არტანუჯში“ გვითხრეს, მზია ამაღლობლის სასამართლოს შემდეგ, წიგნის გაყიდვის მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა.

„რა თქმა უნდა, ვუკავშირებთ მზია ამაღლობლის ეპიზოდს. ოლიგარქის რეჟიმის უკანონო პატიმარი ჟურნალისტი და ეს წიგნი მის ხელში – ერთგვარ სიმბოლოდ იქცა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

გაყიდვის მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა. წიგნის მაღაზიებს მაქსიმალურად სწრაფი ტემპით ვავსებთ“- უთხრეს „ბათუმელებს“ გამომცემლობა „არტანუჯში“.

მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესს თავად წიგნის ავტორი, ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა 14 იანვარს გამოეხმაურა.

მწერალმა პლატფორმა X-ზე გააზიარა პოსტები, რომლებსაც დართული აქვს მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესის ფოტოები, სადაც მან მარია რესას წიგნი – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” – მიიტანა.

„საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ… წარმოუდგენელია“, – დაწერა მარია რესამ.

მზია ამაღლობელი სასამართლოზე მარია რესას წიგნით, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“

„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ ქართულად ხატია დეკანოიძემ თარგმნა.

17 იანვარს, 21:00 საათზე, „ცისფერი გალერეის“ წინ, „არტანუჯისა“ და ინიციატივა „დამკვირვებლების“ ორგანიზებით ამ წიგნზე საჯარო დისკუსია გაიმართება. მომხსენებლები ხატია დეკანოიძე, გურამ როგავა და გვანცა ჯობავა იქნებიან.

  • რა ხდება?

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 13 იანვარს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: