„ნიუ კონსტრაქშენი“ და კეთილმოწყობა ქობულეთში

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი რომანაძემ დღეს კომახიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს საავადმყოფოს უბნის დარჩენილი ნაწილის წყალკანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

სამუშაოებს ქობულეთში კომპანია „ნიუ კონსტრაქშენი“ აწარმოებს. რომელსაც ქვეყნის მასშტაბით არაერთი ტენდერი აქვს მოგებული.

 

შპს „ნიუ კონსტრაქშენის“ მიერ გარემონტდა და გადაკეთდა ბათუმის ყოფილი პირველი კლინიკური საავადმყოფოს შენობაც, სადაც ამჟამად ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტია  განთავსებული (თუმცა იგი თავის დროზე გაკეთდა როგორც აჭარის მთავრობის სახლი, რაშიც 6,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა).

 

შპს „ნიუ კონსტრაქშენის“ 100% წილის მფლობელია ალექსანდრე ლაცაბიძე (ეს კომპანია არის ყოფილი „ნოვა +“, რომელიც 2008 წელსაა დარეგისტრირებული და რომლის მფლობელიც ერთპიროვნულად ალექსანდრე ლაცაბიძე იყო).

2012 წლის 28 დეკემბრიდან „ნიუ კონსტრაქშენის“ ერთპიროვნული მფლობელია კოტე ბურძენიძე (რომელსაც კომპანიის ასპროცენტიანი წილი ლაცაბიძემ 5 ათას ლარად მიყიდა);

2013 წლის მაისიდან კომპანიის პარტნიორები არიან:  კოტე ბურძენიძე (70%) და რაფიელ სურამელაშვილი (30%);

იმავე წლის ნოემბრიდან ალექსანდრე ლაცაბიძე იბრუნებს კომპანიის საერთო წილის 40%-ს (შესაბამისად ბურძენიძე და სურამელაშვილი ფლობენ 30-30%-ს);

მიმდინარე წლის 4 მარტიდან კი „ნიუ კონსტრაქშენის“ 100% წილის მფლობელი ისევ ალექსანდრე ლაცაბიძეა. 

SoundSpring – ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი ბათუმში

 

Batumi Experimental Electronic Music Festival  წელს პირველად იმართება. ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო (ლექციები, ვორქშოპები) და პერფორმატიულ (მუსიკა, ვიდეო ) სეგმენტებს.

 

„SoundSpring“ ორგანიზებულია ორგანიზაცია „Micro-ფონი“-ს მიერ, რომლის საქმინობა რეგიონში თანამედროვე, ექსპერიმენტული ხელოვნების წარმოჩენა და განვითარებაა.

 

„SoundSpring“   25-26-27 აპრილს გაიმართება, ანბანის კოშკის მიმდებარედ Miracle parck-ში მდებარე გალერეა 41/41-  ში.  ფესტივალზე ბილეთები არ გაიყიდება, დასწრება თავისუფალია.

 

შეთანხმება აჭარის მთავრობასა და მოსახლეობას შორის

სოფლებ პაქსაძეებისა და გელაძეების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის მხრიდან დამატებითი ვალდებულების აღებას ჰესების მშენებლობის არეალში მდებარე სოფლების მოსახლეობის წინაშე. ხელშეკრულებას ხელს აწერს აჭარის მთავრობა, “შუახევი-ჰესის” მშენებელი კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” აღნიშნული სოფლების მოსახლეობა.

ხულოსა და შუახევში  175 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურის “შუახევიჰესის”  კასკადის მშენებლობა  2013 წელს დაიწყო.

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება

 

„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გააქტიურდა დეკლარირების სპეციალური ფორმა, რომლის შევსებითაც დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა. 8 აპრილის 13.00 საათის მონაცემებით: დეკლარაცია შეავსო 325 000-მა მოქალაქემ. აქედან მესამედს მითითებულ საბანკო ანგარიშებზე უკვე დაუბრუნდა შესაბამისი თანხა. კანონის ფარგლებში, ეტაპობრივად, დეკლარაციის საფუძველზე, თანხა დაუბრუნდება ყველა ადრესატას. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას „მთავრობის მიერ შეცდომით გადარიცხული თანხის ფიზიკური პირებისგან უკან მოთხოვნის“ შესახებ, არც ერთი ასეთი ფაქტი არ მომხდარა და არც მომავალში მოხდება“,  – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე. 

 

ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალი საგზაო ნიშნები დაიდგმება

 

კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ  აქ ახალი საგზაო ნიშნები დაიდგმება. ასევე, ჭავჭავაძის ქუჩაზე,  წრიულთან დამონტაჟდება დეტექტორული შუქნიშანი, რომელიც კამერის საშუალებით დაარეგულირებს მოძრაობის ნაკადს. 

 

კუნძულებისა და წრიულის მოწყობის სამუშაოები აპრილის ბოლოსთვის დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გზა” ასრულებს.  წრიულის რეკონსტრუქციის სამუშაოები 61 407 ლარს შეადგენს. 

 

მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება, რომლითაც ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩებზე ასფალტის დაგებისა და წრიულის მოწყობის სამუშაოები არის გათვალისწინებული, დაახლოებით 3 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს. 

ბათუმში ტურებს მოკლავენ

 

„გარეული ცხოველების თავდასხმისას მოქალაქეს აქვს ცხოველის ლიკვიდაციის უფლება, თუმცა თვითმმართველობამ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტა ღონისძიებაში სპეციალისტების ჩართვა,“ – აღნიშნა მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი ტუღუშმა დღეს მერიის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ  ბრიფინგზე.

 

ტურების ლიკვიდაცია მას შემდეგ გადაწყდა რაც რამდენიმე კვირის წინ ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიაზე, კახაბრისა და მწვანე კონცხის დასახლებაში ადამიანის დაკბენის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.  უბნის რწმუნებულებმა დახმარების თხოვნით მერიას წერილობით მიმართა.

 

როგორც მერიის საინფორმაციო სამსახური იუწყება მერიის კომპეტენციაში აღნიშნული პრობლემის მოგვარება – ცხოველების ლიკვიდაცია არ შედის. ამიტომ ბათუმის მერიამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართა.  სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის 25 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე გარეული ცხოველების (ტურის) გარკვეული რაოდენობის ამოღებას ითვალისწინებს. მერიის თხოვნით სპეციალისტები (მონადირეები) ტურების გარემოდან ამოღებას 2014 წლის 31 ივლისამდე, უსასყიდლოდ შეასრულებენ.

სოფელი ღურტა, ჰიდროპროექტები და სტუდენტები

 

ზურა მელიქაძე, სტუდენტი: ჩვენი თემაა  ხულოში, კერძოდ კი სოფელ ღურტაში  ჰესების მშენებლობის საკითხი და მის მიერ გამოწვეული უთანხმოება სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის. საუბარია იმ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე, რაც სამართალდამცავებმა განახორციელეს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. ასევე ის სავალალო შედეგები, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს აღნიშნულ მშენებლობას. ჩვენ, სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“, ინციდენტიდან მეორე დღესვე, ჩვენივე ფინანსებით ავედით სოფელ ღურტაში, რათა ადგილზე გავცნობოდით არსებულ სიტუაციას. გავესაუბრეთ მოსახლეობას და გამოვკითხეთ პრობლემების შესახებ. ეს ყველაფერი ჩაწერილია ვიდეოფირზე, სადაც ღურტელები მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ უკმაყოფილებას მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით და მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს ადგილზე ან განსახლებას აჭარის რეგიონის სხვა რომელიმე სოფელში, უსაფრთხო პირობებში.  მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა და კვლევის განხორციელება, რათა არ მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესთა დაჩრდილვა და ეს მშენებლობა არ დასრულდეს სავალალო შედეგებით.

 

 

 

მარი ზედგინიძე, სტუდენტი: არ ვიცი, რამდენად კარგად გადმოვცემ ჩემს სათქმელს, მაგრამ   მთავარი ისაა, რომ  ჩემი წვლილი შევიტანე იმ პრობლემის გადმოცემაში, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს ხულოში, სოფელ ღურტაში მცხოვრებ  მოსახლეობას. ის, რაც მოხდა 8 მარტს ღურტაში, ამაზრზენია (ძალადობა ქალებზე) თუმცა, იმდენი პრობლემისა და უსამართლობის მომსწრენი გავხდით მე და ჩემი მეგობრები, რომ ამ ინციდენტმა  ჩვენში ისეთი გრძნობები ვერ გამოიწვია, როგორც ღურტელი ფრიდონ ღორჯომელაძის სიტყვებმა – „ძაღლებივით გვექცეოდნენ“. არ შემიძლია  გვერდი ავუარო მუშის  გულისტკივილს, რომელიც   ღიად მიუთითებდა ცრუ დაპირებაზე, რომ ის  დასაქმდებოდა და კარგი ანაზღაურება ექნებოდა, ამის  ნაცვლად კი  2 თვე  დილის 6-დან  საღამოს 7 საათამდე მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა ათ  თანასოფლელთან ერთად.  ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამ ჰესის მომგებიანობის საკითხი ჩვენი სახელმწიფოსთვის. იქნებ კარგიცაა ამ ჰესის მშენებლობა, ეს მაგალითი იქნება მწარე მაგალითი, რომელიც  საბოლოოდ  მაინც შეუქმნის წარმოდგენას იმ საზოგადოებას, რომელიც არაფრად აგდებს ბუნებას, ხალხს და  ადამიანის უფლებებს.

 

 

 

გოჩა სურგულაძე, სტუდენტი: „ღურტელები სახელმწიფოს წინააღმდეგ“ მსგავსი ინტერპრეტაციით გააკეთეს განცხადებები სახელმწიფო ჩინოვნიკებმა, ბეჭდური თუ ელექტრონული მედიის საშუალებით, ხულოში, სოფელ ღურტაში, ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებზე, რამაც საზოგადოების, მათ შორის სტუდენტების დაბნეულობა და ორ ბანაკად – ჰესის აშენების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად – გაყოფა გამოიწვია. სტუდენტები ორჯერ ვიყავით ხულოს მუნიციპალიტეტში, პირველად სოფელ ღურტაში, სადაც სოფლის მცხოვრებლებს შევხვდით, მეორედ კი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც სამ მხარეს, ექვსი სოფლის წარმომადგენლები, მთავრობა, ინვესტორი, მოლაპარაკებას ვესწრებოდით. რას ითხოვდნენ ღურტელები?! ერთი სიტყვით ვიტყვი, ისინი ითხოვდნენ უსაფრთხოების გარანტიებს, დაწყებული სიცოცხლის და დამთავრებული მატერიალურით.

 

 

მარტივი, მაგრამ პრაგმატული მოთხოვნები მოვისმინე სოფლის მცხოვრებლების მხრიდან, რადგან ისინი მეწყერსაშიშ ზონაში იმყოფებიან (რაც თავისთავში განსახლების პოლიტიკის გატარებას გულისხმობს ჰესის არაშენების შემთხვევაში), ასევე, სავალალოა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მოშლილია ინფრასტრუქტურა და ისინი მხოლოდ ბედის ანაბარა არიან, ამას დაემატა მეწყრის განვითარების რისკის ზრდა, ისინი შიშობენ, რომ მეწყერი შეიძლება გამოიწვიოს შუა სოფელში გვირაბის გაყვანის დროს  განხორციელებულმა აფეთქებებმა.

 

 

მინდა აღვნიშნო იმ საშიშროებების შესახებ, რომელიც შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში დადგეს დღის წესრიგში. პირველ რიგში, ეკოლოგიური საფრთხე, რომელიც შეიძლება დაემუქროს მთლიანად რეგიონს, რომლის შესახებ არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“, ასევე ეჭვქვეშ ვაყენებ საჯარო ინფორმაციის არ არსებობის გამო აღნიშნული პროექტის ეკონომიკურ მომგებიანობას. სახელმწიფოს არ აქვს წილი საკუთრებაში, გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% უცხოეთში გაიყიდება, სანაცვლოდ კი კომპანია რამდენიმე სოფელში ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს, გადაიხდის ქონებისა და მოგების გადასახადს. საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია სად აშენდებოდა ჰესი, მიწის რა ნაწილს დაფარავდა და ა.შ. უამრავი ინფორმაცია, რაც უნდა  ყოფილიყო საჯარო, დაფარული იყო.

 

 

ასლან ჭანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი: მე ხშირად მესმის, რომ ჰესების მშენებლობა უფრო დიდ ზიანს მოიტანს, ვიდრე სარგებელს. არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ საზიანოა, მეორე მხრივ კი არის ინვესტორი, რომელიც ამბობს, რომ არ არის საზიანო. ამ შემთხვევაში ვის უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ? ჩემთვის გაუგებარია, იგივე ხელვაჩაურში რომ შენდება ჰესები, მეც მეხება როგორც მოქალაქეს, მაგრამ მე ვერ ვამბობ, რომ ეს ზიანს მოიტანს. მე არ მომისმენია მყარი არგუმენტები არც ერთი მხრიდან. 

 

 

გია აბულაძე, დისკუსიის მონაწილე: ჩემთვის გაუგებარია იქ მყოფი ადამიანები რას ითხოვენ, თანხას ითხოვენ? 

 

 

გოჩა სურგულაძე: სახელმწიფოს არანაირი წილი არ აქვს ჰესში. ის შემოსავალი რაც ინვესტორს მიაქვს, უზარმაზარია.

 

 

დიანა ბაუჟაძე: მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მოსახლეობა კი არ აპროტესტებდა ამ შედეგებს, უბრალოდ ისინი მოითხოვდნენ შედეგების კომპენსირებას.

ვინ და როგორ დაიცავს ძველ ბათუმს

შეხვედრაზე  კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებული  და მიმდინარე პროცესები განიხილეს.

„ინვესტიცია ძალიან  მნიშვნელოვანია, მაგრამ ინვესტორი ძეგლს  არ გადაარჩენს, ეს არის სახელმწიფოს ვალი. კულტურული მეკვიდრეობა უნდა გადაარჩინოს სახელმწიფომ. ასე ხდება ყველგან,“ – განაცხადა შეხვედრაზე ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობას არ აქვს საკმარისი ფინანსები იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია საკუთარი სახსრებით შეძლოს.

„არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც სახელმწიფო ქმნის გარკვეული ტიპის სტიმულაციებს  და ხელს უწყობს,  როგორც მაცხოვრებელს, ასევე ინვესტორს, რომ მას გაუჩნდეს სტიმული, მოახდინოს ძეგლის რეაბილიტაცია. ინვესტორს მარტო კი არ უნდა აუკრძალო აქ არაფრის აშენება არ შეიძლებაო, ინვესტორს უნდა უთხრა, რომ შენ თუ მანდ რამეს ააშენებ, შენ გექნება აი, ესა და ეს შეღავათი,“ – განაცხადა თამარ ამაშუკელმა.

მისივე თქმით  დღეს ბათუმს აქვს ძალიან კრიტიკული ვითარება. „ბათუმის მთავარი ფუნქცია, როგორც ტურისტული ქალაქის, იკარგება. აქ არავინ არ ჩამოვა კორპუსებში სასეირნოდ.  მე მაგალითად თბილისშიც ვარ კორპუსებში, აქ რატომ ჩამოვიდე დასასვენებლად?!“

ხელოვნებათმცოდნის ამ შეკითხვას შეკითხვითვე უპასუხა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა: „დასასვენებლად კორპუსებში  ჩამოდიხართ თუ უფრო ზღვის პირას და რეკრეაციული ზონა გაინტერესებთ?“ – იკითხმა გიორგი ერმაკოვმა.

თამარ  ამაშუკელი: „ზღვის პირას რომ ჩამოვდივარ, მთელი დღე ზღვაში ხომ არ დავიხრჩობი?  მე მინდა, რომ ქალაქში გავისეირნო, ბათუმში  იმიტომ ჩამოვდივარ და არ მივდივარ მაგალითად კვარიათში. მინდა  ვისეირნო არა ურბანულ ჯუნგლებში, არამედ კამერულ, ტურისტულ ქალაქში. რა გახდა   250 ძეგლის დაცვა და რა გახდა მონიშვნა იმ ზონის, სადაც  სახელმწიფოსთან  ერთად იცავ, სადაც ინვესტორი და სახელმწიფო ერთ გზაზე მიდის. აკეთებს რეგულაციებს, აკეთებს სტიმულაციებს.

დანაშაულია ძველის  ხარჯზე ახალის აშენება. დავანებოთ ძველ ბათუმს თავი, ავაშენოთ ახალი, 21 -ე საუკუნის არქიტექტურა. რატომ ვანგრევთ ძველს და  რატომ ვაშენებთ  ახალს ძველის  ადგილას? კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არავინ არ  კითხულობს. იქ ძალიან დეტალურად არის აღწერილი, სად უნდა აშენდეს, როგორ უნდა აშენდეს და რანაირად უნდა აშენდეს“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბიძინა აფხაზავას განცხადებით კი კანონი სრულყოფილი არაა.

„მანდ არის დიდი შეცდომა ჩადებული.  მაგალითს მოგიყვანთ  ტელმანის და ჯაფარიძის კვეთაში, არის ძეგლი და ძეგლზე  არის მიდგმული ბესო ბესელიას ის რომაა, „კურიატნიკი“ და ისიც ძეგლია?“ – იკითხა შეხვედრაზე ბიძინა აფხაზავამ.

აფხაზავას დარბაზიდან გამოეხმაურნენ და შეახსენეს, რომ ძეგლს, ფიზიკური აღქმის არეალის გარდა აქვს ვიზუალური აღქმის არეალი და ეს ყველაფერი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში წერია.

“ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება: ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალისაგან და  ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალისაგან. ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა დგინდება ავტომატურად, ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან. რადგან “კურიატნიკი” ზედ ძეგლზეა მიდგმული, ავტომატურად შედის ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონაში,” – განმარტავს საზოგადოება “ბათომის” წევრი ნინო ინაიშვილი.

შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრება თვითმმართველობის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი: „სტრატეგიული გეგმის ახალი ეტაპი, სრულყოფილი დოკუმენტი გვჭირდება. მაშინ უფრო იოლად შეგვეძლება ვიმსჯელოთ. დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში აღარ  იქნება სუბიექტური ჩარევები“.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი: „კულტურულ მემკვიდრეობას, რაც დაგვრჩა, უნდა მივხედოთ. ეს არის ერთიანი მსჯელობის საგანი. ჭავჭავაძის ქუჩის მიღმა გვრჩება ორად გაყოფილი ბათუმი. ყველას სურს ააშენოს პირველ ზონაში. იმის იქით არავინ არ იხედება.  რაღაც რეკომენდაციები უნდა არსებობდეს. ქალაქი უნდა განვითარდეს, პარალელურად იმისა, რომ დავიცვათ ძველი ბათუმი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა:

„ინვესტორი  არ მოვა და არ გაგირემონტებს. სახლი ააშენოს და გვერდით სხვა გაგირემონტოს – ძალიან ძნელია ინვესტორი ამაზე დაითანხმო. თუ გვინდა გადავარჩინოთ ბათუმი, ძველი სახლები უნდა გავარემონტოთ. გავაძეგლოთ რაც გასაძეგლებელი იქნება. ძეგლები გარედან გვაქვს, შიგნით რაც ხდება, საშინელებაა“.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი: „ეს პროცესი ალბათ გაიარა ყველა ქალაქმა და ყველა ქვეყანამ. სოციალური პროცესია, როდესაც ადამიანებს საცხოვრებლის გაუმჯობესება უნდათ და მაშინ, როდესაც ადამიანებს საცხოვრებელი არ აქვთ კარგი, ნაკლებად აინტერესებთ კულტურული მემკვიდრეობა.  ამისთვის აუცილებელია საქართველომ შეიმუშაოს გარკვეული კონცეფცია, მოკლევადიანი და გრძელვადიანი.  ისე, რომ ადამიანები არ დაზარალდენენ.  უნდა იყოს ერთი კონცეფცია, უნდა არსებობდეს ქალაქგანაშენიანების გენგემა, რომელიც არის ქალაქისთვის ერთ-ერთი ჩარჩო კონვენცია, სადაც ჩანს ქალაქი რა მიმართულებით მიდის.   თუ არსებობს  რაიმე კონცეფცია, როგორ უნდა გადაარჩნინოთ, რა უნდა გადაარჩინოთ, შესაძლებელია ისტორიული ზონა შემცირდეს, შემცირებული ზონა მერე ნამდვილად  დავიცვათ. გამოიყოს ტერიტორია, სადაც 21-ე საუკუნის ბათუმს ააშენებთ, თანამედროვე არქიტექტურას მისცემთ საშუალებას განვითარდეს“.

ფილოსოფოსი მირანდა ჩარკვიანი: „მე მგონია რომ ამ წლების განმავლობაში ძირითადად ჩვენ ერთ ადგილას ვდგავართ და ერთ ადგილს ვტკეპნით. დღეს როცა  ვუსმენ აქ შეკრებილ ადამიანებს, ძალიან  ნაცნობია ეს ყველაფერი, ბევრჯერ  მაქვს მოსმენილი“.

შეხვედრის მოდერატორი ნათია აფხაზავა: „დღევანდელი შეხვედრა შედეგიანი იყო იმ კუთხით, რომ ყველა მხარე, ვინც მონაწილეობს ქალაქის უბრანულ განვითარების საკითხში ესწრებოდა. შეიძლება ითქვას ნათლად დავინახეთ ყველა სტრუქტურის თუ ინსტიტუტის პოლიტიკა თუ რის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას. ეს არის ინვესტიციის საფუძველზე ეკონომიკის განვითარება და სოციალური ფონის ამაღლება. კულტურული მემვიდრეობის ძეგლების დაცვა კი არ არის ისევ პრიორიტეტული, რადგან ეს სახელმწიფოს ბიუჯეტს ვერ დააწვება. მართალია ცალკეული სამინისტორებისგან არის მზაობა იმისა, რომ შემუშავდეს კონცეფცია, თუ როგორ შეიძლება იქცეს კულტურული მემკვიდრეობა ეკონომიკურად მომგებიან ძეგლად, თუმცა ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები დღემდე ვერ გადაიდგა“.

ახალი შესაძლებლობა სტუდენტებს

 

 

სულ მალე სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, ჩაერთონ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში. სტუდენტს, რომელიც ჩააბარებს ევროპის რომელიმე უნივერსიტეტის ფასიან ფაკულტეტზე, საშუალება ეძლევა ერთი სემესტრის სწავლების დაფინანსების მიზნით განათლების სამინისტროს მოსთხოვოს მაქსიმუმ 12 500 ლარი. ამ თანხაში უნდა შედიოდეს სწავლების, საზღვარგარეთ ცხოვრების, მგზავრობისა და ყველა სხვა აუცილებელი ხარჯი.

 

„სტუდენტს სემესტრის დასაწყისში ჩაერიცხება სრული თანხა, არის რიგი ქვეყნები ევროპაში, რომლებშიც სწავლის საფასური მინიმალურია. თუკი ასეთ ქვეყნებზე გააკეთებენ სტუდენტები აქცენტს, მაშინ ეს თანხა საკმარისი იქნება. სამინისტროს სემესტრში ოთხი სტუდენტის დაფინანსება შეუძლია, პროგრამისთვის გამოყოფილია 50 ათასი ლარი. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე აპირებენ სწავლას“, – ამბობს აჭარის განათლების სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება აპრილიდან დაიწყება, სტუდენტი დამოუკიდებლად უნდა ჩაირიცხოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ-ის ან კანადის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში: „ყველა ამ დოკუმენტს სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს. ჩვენ ვხვდებით აჭარის ყველა უმაღლეს სასწავლებელს, აპრილიდან მაისის ბოლომდე სტუდენტს შეეძლება შემოიტანოს განაცხადი, თვენახევარში კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს. თუკი სტუდენტი შეინარჩუნებს მაღალ აკადემიურ მოსწრებას, მას ავტომატურად გაუგრძელდება დაფინანსება, თუკი ვერ შეძლებს, ამოვარდება დაფინანსების პროგრამიდან.
უკანდაბრუნებულმა სტუდენტმა ერთადერთი პირობა უნდა შეასრულოს – საქართველოში დაბრუნებიდან ორი თვის განმავლობაში სემინარის, პრეზენტაციის თუ პუბლიკაციის ფორმით გაუზიაროს თავისი გამოცდილება დაინტერესებულ მხარეებს“, – ამბობს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

 

ბათუმის უნივერსიტეტი Erasmus Mmundus-ის ექვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს. პროგრამის ფარგლებში 2013-2014 სასწავლო წლებში უნივერსიტეტის 18 სტუდენტი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებს სწავლას.

 


ქეთი დევაძე -ის პროგრამით ექვს თვეს ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში სწავლობდა. ის ფიქრობს, რომ საინტერესო გამოცდილება მიიღო: „საინტერესო იყო ბელგიური (ფლანდრიული) განათლების სისტემის გაცნობა და მასში მონაწილეობის მიღება. სასწავლო პროცესი იყო განსხვავებული და ძალიან საინტერესო. შეფასების სისტემა იყო რთული, თუმცა ლექტორ-მასწავლებლის დამოკიდებულება – კოლეგიური. პროგრამა ანაზღაურებდა მგზავრობის ხარჯებს, ვიზას, დაზღვევას და ასევე ყოველთვიურად გვირიცხავდა 1000 ევროს. ეს თანხა საკმარისი იყო ცხოვრებისთვის. მოკლევადიანი მოგზაურობებისთვისაც მრჩებოდა ფული“.

 

Erasmus Mundus  პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. სტუდენტმა ელექტრონულად უნდა შეავსოს აპლიკაცია: „სრულიად გამჭვირვალე პროცედურაა, კოორდინატორები მხოლოდ ვაკვალიანებთ სტუდენტებს. Erasmus Mundus-ი წარმოდგენილია ოთხი პროგრამით პირველი ჯგუფისთვის, სადაც მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვისაა გამოყოფილი კვოტა. მეორე ჯგუფში 14 პროგრამაა წარმოდგენილი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს, თუმცა რადგან ჩვენ ვართ პარტნიორი, ჩვენს სტუდენტს ეძლევა უპირატესობა. პროგრამა საინტერესოა, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას მოიცავს, არამარტო ინგლისურით, სხვა ენების მეშვეობითაც შეიძლება იქ წასვლა“, – ამბობს ნანა ყურშუბაძე, ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი.

 

პროგრამა – Mevlana 2013 წლის სექტემბერში ამოქმედდა. ბათუმის უნივერსიტეტი ამ დროისათვის თურქეთის 12 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. გაცვლითი პროგრამით ამ ეტაპზე სამი სტუდენტი იმყოფება თურქეთში. „პროგრამა მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის მოქმედებს, გასულ სემესტრში თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში ჩვენი უნივერსიტეტიდან ხუთი სტუდენტი და სამი ლექტორ-მასწავლებელი იყო. უკან კმაყოფილები დაბრუნდნენ, სამმა სტუდენტმა გვთხოვა, სწავლების გახანგრძლივება. ვფიქრობთ, წელს უფრო მეტი მსურველი იქნება, შარშან ახალი იყო, არ იცნობდნენ კარგად, ეშინოდათ”, – ამბობს ნანა ყურშუბაძე.

 

მინდია კურცხალიძე
მინდია კურცხალიძე

მინდია კურცხალიძე ბათუმში იანვარში დაბრუნდა. ის Mevlan-ის პროგრამაში იყო ჩართული, სამსუნის „19 მაისის“ უნივერსიტეტში სწავლობდა, ახლა კი ნორვეგიის პროექტშია ჩართული. თუ შესარჩევ ტურს წარმატებით გაივლის, მომავალი წლიდან ის ტელემარკის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. „კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, რომ არა ნორვეგია, ალბათ, ერთი წლით დავრჩებოდი სამსუნში. ხარვეზებიც იყო, თუმცა ვფიქრობ, ამ ყველაფერს მოაგვარებენ, – ამის დიდი სურვილი ჩანდა მათგან. ხელშეკრულებაში ეწერა, რომ ინგლისურად ვისწავლიდით, თუმცა ორი სტუდენტი ვიყავით მხოლოდ ამ სპეციალობით და ჯგუფი აღარ შექმნეს. თურქულ ჯგუფში სწავლა რთული იყო, რადგან თურქული არ ვიცოდით, ლექტორებთან ცალკე გავდიოდით კონსულტაციებს, გამოცდაც და შუალედურიც ინგლისურ ენაზე ჩაგვიტარდა. სტიპენდიაც არ იყო მაღალი, 560 ლირა ხშირ შემთხვევაში არ იყო საკმარისი, მშობლები მიგზავნიდნენ ფულს… სტუდენტს დასაქმების საშუალებასაც აძლევს პროგრამა, მეც მომიძებნა სამსახური ჩემმა კოორდინატორმა, ინგლისურს ვასწავლიდი ლექტორებს, ანაზღაურებაც საკმაოდ კარგი იყო, თუმცა რადგან მხოლოდ ერთი სემესტრი ვრჩებოდი, მუშაობა ვეღარ შევძელი. თურქეთის ათ ქალაქში მოვახერხე მოგზაურობა სრულიად უფასოდ – ავტოსტოპით, ხალხიც ძალიან გულთბილი და კომუნიკაბელურია“, – გვიყვება მინდია.

 

მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტი ძირითადად საზამთრო და საზაფხულო სკოლებში მონაწილეობს: „წელს 44 სტუდენტი ორი თვით იყო წასული გერმანიაში, აგვისტოში წავლენ კიდევ სამი თვით. მესამე წელია უკვე ნორვეგიაში ოთხი ბაკალავრი და ერთი მაგისტრანტი მიემგზავრება სასწავლებლად ერთი წლით. სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ვახორციელებთ საერთო სადოქტორო პროგრამებს“, – ამბობს ნანა ყურშუბაძე.

 

სოფიო ფოფხაძე
სოფიო ფოფხაძე

ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში სოფიო ფოფხაძე 15 აგვისტოს გაემგზავრა. სოფიოსთვის ეს პირველი გაცვლითი პროგრამაა, მან ნორვეგიის მთავრობის მიერ გამოყოფილი სამთავრობო სტიპენდია მოიპოვა: „სწავლობ იმაზე მეტს, ვიდრე მოელი და ბევრი რამის გაანალიზებას ახერხებ. პირველი ორი კვირა გამიჭირდა ადაპტირება, დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. სტუდენტებს ვურჩევ, ნუ შეიქმნიან წინასწარ დიდ შთაბეჭდილებებს, რადგან საზღვარგარეთ სწავლა მხოლოდ სწავლას არ უკავშირდება. ძალიან დიდი სტრესია თავიდან, ნორვეგიელები საკმაოდ მორცხვები არიან და უჭირთ კომუნიკაცია, თუმცა ბედნიერი ვარ ჩემი აქ შეძენილი მეგობრებით. ის სტიპენდია, რაც ჩვენ გვეძლევა, საკმარისია არამხოლოდ სწავლისთვის, არამედ ევროპის ქვეყნების მონახულებაც მოვახერხეთ. პროექტი არაჩვეულებრივია, განათლების სისტემა – საკმაოდ მაღალი დონის და მოწესრიგებული. როგორც იტყვიან: this is like once in a lifetime opportunity.  მიხარია, რომ ეს შევძელი და ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ“, – ამბობს სოფიო.

 

ბათუმის უნივერსიტეტი საერთაშორისო ორგანიზაციის თემპუს-ის 18 პროექტის მონაწილეა. ტემპუსთან ბათუმის უნივერსიტეტი 2000 წლიდან თანამშრომლობს, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობით 2010 წლიდან ჩაერთო, თემპუს-ის პროგრამებით აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალიც სარგებლობს. ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თეონა ბერიძის თქმით, „18-დან სამი პროექტი უკვე დასრულებულია, დანარჩენი 15 მუშა ფაზაშია. ძირითადად ორი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთობლივი პროექტები გულისხმობს საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამების შემუშავებას, უნივერსიტეტში რეფორმატორული ღონისძიებების გატარებას, შიდა მენეჯმენტის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვნად უმჯობესდება უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. მეორე ტიპი გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით ახალი სტრუქტურის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებს”.

 

ქალის უფლებები აჭარაში

 

თამთა კახაბერიძე, მოსწავლე, არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი: ზოგადად, ადამიანის უფლებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, განსაკუთრებით კი გენდერული თანასწორობა. იმიტომ რომ, ვფიქრობ, გენდერული თანასწორობა, ეს ყველაზე ელემენტარულია, რასაც შეიძლება მივაღწიოთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეებმა გადავწყვიტეთ გაგვერკვია როგორი სიტუაციაა აჭარაში გენდერული თანასწორობის კუთხით. მოვიარეთ ხუთივე მუნიციპალიტეტი, გადაღება გვქონდა ბათუმშიც და საბოლოოდ მოვამზადეთ სიუჟეტი, რომელიც, ვფიქრობ, ზუსტად ასახავს რეალობას. გადაღების დროს ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იყო ის, რომ მაღალმთიან აჭარაში ცნობიერების დონე ამ მხრივ არის ძალიან დაბალი – არ იციან რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა, რატომაა ის მნიშვნელოვანი. თემას რა კუთხითაც არ მივუდექით, ბოლოს მაინც განათლების პრობლემამდე მივედით.

 

 

ანა დიასამიძე, დისკუსიის მომხსენებელი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი: გენდერული თანასწორობის საკითხი მწვავედ დგას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. არსებობს გარკვეული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ნათლად იკვეთება თუ რა მდგომარეობაა ქალების უფლებების მხრივ ჩვენს ქვეყანაში. გაეროს ქალთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 34 პროცენტისთვის ცოლის ცემა რიგ შემთხვევაში გაუმართლებელია, 25%-სთვის ოჯახური ძალადობა პირადი საქმეა, 17%-სთვის ცოლმა ძალადობა უნდა მოითმინოს. ამავე კვლევების მიხედვით საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.

 

 

საინტერესოა ასევე, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვია არსებული გენდერული მდგომარეობა  მსოფლიოში და კონკრეტულად საქართველოში. მიზეზებს შორის სამ ძირითად ფაქტორს დავასახელებდი, ესენია: ისტორია, რელიგია და სტერეოტიპები.

 

 

მეოცე საუკუნის ბოლოდან, მაშინ როცა კაცობრიობამ უმნიშვნელოვანესი ფორმაცია განიცადა, მამაკაცის ფიზიკური შესაძლებლობების მნიშვნელობა მეორეხარისხოვანი გახდა, ადამიანები ერთმანეთთან უკვე ინტელექტუალურ კონკურენციაში შევიდნენ. ამ შემთხვევაში ქალი და მამაკაცი უკვე თანაბარნი აღმოჩნდნენ ინტელექტუალური შესაძლებლობებით. აქ უკვე ვაწყდებით შემდეგ წინააღმდეგობას, ჩვენს ცნობიერებაში საუკუნეების მანძილზე დალექილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამაკაცი არის დომინანტი, მაგრამ დღეს ამის საჭიროება აღარ არსებობს. სწორედ ამიტომ აქტიურად იბრძვიან საერთაშორისო ორგანიზაციები თუ არასამთავრობო სექტორი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის გააზრება და ქალთა ემანსიპაცია.

 

 

მეორე მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოში არსებულ გენდერულ სიტუაციაზე, გახლავთ რელიგია. სამწუხაროდ, განათლების დაბალი დონის გამო ხშირად არაადეკვატურად ხდება ადამიანების მიერ რელიგიის მიხედვით განსაზღვრული ქალისა და მამაკაცის უფლებების გაგება, რასაც ზოგჯერ ქალთა უფლებების დარღვევამდე მივყავართ.

 

ჩვენი ახლო წარსულიდან გამომდინარე, ვგულისხმობ საბჭოთა პერიოდს და მის მომდევნო წლებს, როგორც ვიცით, განათლების ხარისხს არ ენიჭებოდა უპირატესობა, ძირითადად სწავლობდნენ უმაღლესი განათლების საბუთის, დიპლომის მოსაპოვებლად და გოგონებისთვის მთავარ მიზანს ქორწინება და ოჯახის შექმნა წარმოადგენდა. თანამედროვე პერიოდშიც შეინიშნება მსგავსი ტენდენცია. გოგონები შესაბამისი განათლების მიღებას ვეღარ ასწრებენ და უკვე დედები ხდებიან. მოგვიანებით, როდესაც პრობლემები ექმნებათ მეუღლეებთან, ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, მათ არ აქვთ ფინანსური საშუალება თავი დააღწიონ ძალადობას, დამოუკიდებლად იცხოვრონ და გაზარდონ შვილები. ეს გახლავთ ადრეული ქორწინების შედეგი. 

 

 

ვიტყოდი, რომ არსებული მდგომარეობის მოგვარებისთვის მთავარი განათლებაა. ძალიან რთულია ებრძოლო მენტალიტეტს, სტერეოტიპებს, ეს ხანგრძლივი პროცესია, რასაც წლები სჭირდება. აუცილებელია ქალებმა იცოდნენ თავინთი უფლებების შესახებ. გენდერული თანასწორობა არ არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, ეს არის თავისუფალი ნება, უფლება აკეთოს ადამიანმა ის, რაც სურს ყოველგვარი გენდერული ჩარჩოების გარეშე.

 

 

 

 

თამარ ბაუჟაძე, სტუდენტი: ისტორიულად 70-იანი წლებიდან დაიწყო ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა. ასევე დავამატებ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს – აჭარაში, არც ერთ მუნიციპალიტეტში, არც გამგებელი, არც გამგებლის მოადგილე ქალი არ გვხვდება. თქვენს მოხსენებას რაც შეეხება, აქ ნათლად არის გამოხატული, რომ ქალის უფლებები უნდა გაიზარდოს. მაგრამ, ამის მხოლოდ ერთ ჭრილში განხილვაც არ შეიძლება. შეიძლება კანონმდებლობის დონეზე უფლებები დაცულია, მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებთ საკუთარი თავის რეალიზაციას. არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს უფრო საზოგადოებრივი წნეხია.

 

არამარტო მაღალმთიანეთში, ბათუმშიც ბევრ ფაქტს შეხვდებით, როდესაც 13-14 წლის ასაკში თხოვდებიან. აი, ეს უნდა დაარეგულიროს კანონმა, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს. რაც სიცოცხლისათვის საშიშია, ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები სწორედ აქ ირღვევა, და არა იმ შემთხვევაში, როცა კანონი გაძლევს უფლებას, მაგრამ შენ ამის რეალიზაციას ვერ ახერხებ. აქ უკვე შენშია პრობლემა. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ქალი უუფლებოა… ქალს აქვს უფლებები, მას შეუძლია ამ უფლების გამოყენება, მაგრამ გააჩნია, როგორ საზოგადოებაშია აღზრდილი. თუ ვინმე უუფლებოა მთელი სიცოცხლის მანძილზე, მოდით, უცებ ნუ მოვთხოვთ იმ ადამიანს მისი უფლებებისთვის ბრძოლას. ეს პროცესი უშედეგოა.

 

 

ასმათ დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი: ვფიქრობ, კანონშიც არის ამ კუთხით პრობლემა, მაგალითად, აჭარაში მაღალ თანამდებობებზე წლებია ქალი არ დანიშნულა. ვგულისხმობ თანამდებობებს, სადაც თავისუფლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება ქალს. კანონიც უნდა არეგულირებდეს ამას. თუმცა, მეტ-ნაკლებად პროგრესი გვაქვს. ალბათ, ქალმაც უნდა მოინდომოს. თუ ჩვენს საზოგადოებას გადავხედავთ, რამდენი აქტიური ქალი ვიცით, ვისაც შევთავაზებთ მაღალ თანამდებობას?! სტუდენტობის დროს ყველა ცდილობს რაღაც გათვლა გააკეთოს, მონახოს თავისი ადგილი სამომავლოდ. მაგრამ, მერე და მერე, როცა ქალმა ოჯახი უნდა შექმნას, მძიმე ტვირთს მოეკიდოს, აქ ოჯახის პრობლემაცაა, რამდენად აქვს ხელშეწყობა, რამდენად აქვს მას სურვილი ამაზე წავიდეს, ეს ენერგიას მოითხოვს. ალბათ ამან განაპირობა, რომ ამდენი ხანი ჩვენ ვერ ვიხილეთ ქალი მაღალ თანამდებობაზე. თუმცა, ამის სურვილი ძალიან დიდი გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჭკვიანური გათვლა გააკეთეთ, რომ თემა წამოჭერით ახლა, როცა კარს მომდგარია თვითმმართველობის არჩევნები. სადაც ყველა პარტია ცდილობს, რომ სიები ჰქონდეთ შესაბამისი, რის მიხედვითაც იბრძოლებენ ადგილებისთვის თვითმმართველობაში. ახლა ყველა ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს ის, რომ ამ სიებში მოხვდეს რაც შეიძლება მეტი ქალი. მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი ყველა სფეროში, ყველა თანამდებობაზე. პირველ რიგში ჩვენ, ქალებმა, უნდა მოვინდომოთ.

 

 

თამარ ბაუჟაძე, სტუდენტი: საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ისტორიის მანძილზე ქალმა რისი უფლებაც მოიპოვა, ეს არჩევანის უფლებაა და მეტი ნაბიჯი წინ ვერ გადავდგით. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემას კიდევ ვაწყდებით: 1. მინდა კი პარტია, ესადაგება კი ჩემი შეხედულებები პარტიის შეხედულებებს, რამდენად ემთხვევა. 2. როგორ გადანაწილდებიან ქალები პარტიაში, კვოტირების სისტემა როგორი იქნება, იქნება ვთქვათ I, III, VI თუ სადღაც IX-X იქნება რიგში. ქალისთვის, რომელიც გამოდის საზოგადოების წინაშე, საკმაოდ რთულია საკუთარი თავის რეალიზაცია, როდესაც არ არის მიჩვეული საზოგადოებისაგან ყურადღებას. ერთ-ერთ შეხვედრაზე, მაღალმთიანეთში, როდესაც ქალბატონებს უთხრეს, გამოეთქვათ საკუთარი აზრი, უპასუხეს –  ჩვენ ჩვენს აზრს გამოვთქვამთ მაშინ, როდესაც მამაკაცები დაასრულებენ ლაპარაკსო. ანუ, ეს ტენდენცია უნდა იყოს შეჩერებული. ამას კი, ვფიქრობ, თაობათა ცვლა სჭირდება, მაგრამ საკითხის პოპულარიზაცია უფრო შეუწყობს ხელს. დავიწყოთ იმით, რომ, მე თუ ვიცი, რომ უფლება მაქვს, პირველ რიგში, გავარკვევ რა უფლება მაქვს. რაც შეეხება პარტიულ სისტემას, აქ ცოტა კრიტიკული ვიქნები და ვიტყვი, რომ არასწორი ტენდენციაა და თუ არ იქნება კვოტირება 50-50-ზე, შედეგს ვერ მივიღებთ.

 

 

ასლან ლორთქიფანიძე: დიდი ხანია სამოქალაქო სექტორში ვარ და სულ გენდერზე ვსაუბრობთ, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაზე და მათ როლზე ჩვენს საზოგადოებაში. ეს არ არის ერთი ხელის დაკვრით გადასაჭრელი პრობლემა და ამაზე საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იზრუნოს. თუმცა, ერთი ობიექტური სიმართლეც უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ მამაკაცისა და ქალის თანასწორობაზე, როდესაც საკანონმდებლო რეგულირება ასე თუ ისე მოწესრიგებულია და არავინ ზღუდავს ამ კუთხით თანასწორობას, ქალი მაინც რჩება სუსტ არსებად. ამდენი მუნიციპალიტეტი გვაქვს საქართველოში და მე არც ერთი ქალი გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარე არ გამიგია. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ კანონი არ ზღუდავს, არავინ არ ზღუდავს არავის, რომ იყოს გამგებელი. და მეორე ფაქტი _ არც ერთ ქალს, რომელიც აქ ზის, ალბათ არ უნდა იყოს იმ პირობებში, რა პირობებშიც არის მამაკაცი ჯარში. თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს. შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. ისეთ მძიმე პირობებში, როგორიცაა: სირბილი, ბუნებრივი ბარიერების გადალახვა, ჭაობები, დაზვერვითი საქმიანობა – როცა რამდენიმე დღით გადიხარ და იძინებ ღია ცის ქვეშ და ა.შ. მე მაგალითად ჩემს დას, ჩემს მეგობარ ქალბატონს, ვერ გავიმეტებ ამ პირობებისათვის. ასე რომ, როდესაც ჩვენ ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორუფლებიანობაზე ვსაუბრობთ, ცოტა სიფრთხილეც უნდა შევიტანოთ. რამდენად გვაწყობს სრული თანასწორობა?!

 

 

ლიკა კიწმარია: ბევრი მამაკაცია, რომელსაც არ უნდა ჯარში წასვლა. ეს არ შეიძლება მარტო სქესით განვსაზღვროთ.

რაც შეეხება ბატონი ასლანის განცხადებას, თქვენ თქვით, რომ არ გემეტებათ ქალი ჯარში წასასვლელად და გემეტებათ ქალები, რომლებიც 80-იანი ბნელი პერიოდის შემდეგ ვაჭრობენ, ბაზრობაზე არიან მთელი დღეები, ღამეები, იყინებიან?! კაცები ამ დროს სახლში სხედან, მაგრამ, მაინც ოჯახის უფროსები არიან, აი, ამ პრობლემაზე რას იტყვით?! ეს ხომ ძალაზეა დამოკიდებული _ ისინი ატარებენ ტვირთს, მთელი დღე ყინვაში, სიცივეში არიან, მაგრამ, სახლში რომ მიდიან, მაინც არ არიან ოჯახის უფროსები და არანაირი უფლება არ აქვთ. მაინც ქალები არიან და მაინც მეორეხარისხოვანი.

 

 

მე არ მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს „ზევიდან“, იქედან, რომ პარლამენტში უნდა ვიყოთ 50/50-ზე. ჩემი აზრით, პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს ყოველდღიურობიდან, ქვევიდან, ჩემგან, თქვენგან, ყველასგან. ძალიან მარტივი რაღაცით შეიძლება ეს დავამტკიცოთ.

 

 

ჩვენ ამდენ მოვალეობებს ვაკისრებთ მამაკაცებს იმიტომ, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია, ჩვენ სუსტი არსებები ვართ. იმათ უწევთ სულ ბრძოლა რაღაცებისთვის, სულ შემოტანა, სულ ფიქრი _ როგორ არჩინონ ოჯახი, როგორ იყვნენ ძლიერები ყოველთვის, როგორ შეეძლოთ სადავეების ხელში აღება. ამ ყველაფრით კაციც იჩაგრება. თან არანაკლებ, ვიდრე ქალი. ეს ჩვენი, ყველას პრობლემაა – კაცებისაც და ქალებისაც. და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.

 

 

ასლან ჭანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი: ხელისუფლებაც უნდა იყოს დაინტერესებული. ფრაზა, რომელიც მოსწავლეებმა თქვეს სიუჟეტში, რომ მასწავლებელმა გვითხრა, ორი გოგოს ყოლას ერთი ბიჭი გვირჩევნია და ბიჭი უფრო ჭკვიანია, ვიდრე გოგოო, ესეც პრობლემაა. მე მონიტორინგს ვაწარმოებდი სკოლებში და როდესაც ვეკითხებოდი მასწავლებლებს, რამდენი წლის გათხოვდი, თოთხმეტისო – მპასუხობდნენ. ეს მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ის, ფაქტობრივად, აგიტაციას აკეთებს ამის, მეტი არაფერი.

 

 

ნაირა დიდმანიძე, დემოკრატიის მთხრობელთა სკოლა: ჯარში წასვლა-არწასვლის მაგალითზე გენდერული თანასწორობის განხილვა, მგონია, აბსოლუტურად არასწორია. იმიტომ, რომ აქ საქმე გვაქვს შესაძლებლობებთან და არა უფლებებთან. გენდერი, ჩემი აზრით, ნიშნავს უფლებების თანასწორობას. მაგალითი მინდა მოვიყვანო, ალბათ უადგილო არ იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მაღალმთიანეთში უფრო მეტი პრობლემაა, მაგრამ, მე მყავს მეზობელი, დედაჩემის ასაკის ქალი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ბათუმში, გამოთხოვდა ჩემს მეზობლად, ანუ გარეუბანში. ჰყავს ორი შვილი – ბიჭი და გოგო. ბიჭს ამზადებს ყველა საგანში, გოგოს ისე, „ლაითად“ და გაგვიჩნდა კითხვა – რატომ? – გოგოს სწავლა რად უნდა, გაიზრდება და გათხოვდებაო. ეს არის ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანის მოსაზრება. ამიტომ, ჩვენ ვერ ვიტყვით ასე ცალსახად, რომ მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია პრობლემა და ბათუმში ნაკლებად.

 

 

ეკა თარგამაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაც არ უნდა ბევრი ვიმსჯელოთ აქ, მენტალური პრობლემების გვერდით დგას განათლების პრობლემაც. ეს უნდა ვაღიაროთ. არამარტო აჭარის რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში. განსაკუთრებით სოფლად. მე ვიყავი „ამერიკის განვითარების სააგენტოს“ ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი და მქონდა საშუალება საქართველოს 14 რეგიონში მესწავლებინა პროგრამული ბიუჯეტი. მუნიციპალიტეტებში ვატარებდით ტრენინგებს. ფაქტობრივად, ხელმძღვანელ თანამდებობებზე 1-2 ქალი შემხვდა, საკმაოდ ნიჭიერი და დამოუკიდებელი, დანარჩენ თანამდებობებზე იყვნენ მამაკაცები. დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანი იყო. აქაც პრობლემა გვქონდა განათლების საკითხებთან. სახელმწიფომ განათლება უნდა გახადოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში და განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ხალხისთვის. კანონშიც შეიძლება გაჩნდეს ჩანაწერი, რაღაც ვალდებულების სახით, რომ ადამიანი თავისი განათლებით და ცოდნით დაუბრუნდეს თავის კუთხეს. ეს არჩევანის თავისუფლებასთან მიგვიყვანს და ვიტყვით, რომ ვისაც სადაც უნდა იქ წავა, მაგრამ, თუ სახელმწიფო შეღავათიანი პირობებით მოაწყობს უმაღლეს სასწავლებელში, ფულს არ გადაახდევინებს, მას შეუძლია მერე დაავალდებულოს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, დაბრუნდეს და თავისი ცოდნა მოახმაროს თუნდაც თავის სოფელს.

 

 

მენტალური პრობლემაც არის ნამდვილად. და მესამე – ხელისუფლების როლიც გამოსარიცხი არ არის. მე სხვა ასპექტსაც გამოვყოფდი, ერთ-ერთ მთავარს: ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს ამ საკითხებზე, ბევრი პროგრამა ხორციელდება, მაგრამ ეს ორგანიზაციები არ უნდა იყვნენ ფოკუსირებული დიდ ქალაქებში. მაგრამ, მეორეა, როგორ მიაწოდებენ ისინი ამ ინფორმაციას, აქ ძალიან ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო. როდესაც მიდის მაღალფარდოვანი სიტყვებით ორგანიზაცია და ავრცელებს ზოგადად მიღებულ პოსტულატებს. ეს ყველაფერი უნდა იყოს თავსებადი, მათთვის გასაგებ ენაზე, და უფრო ადაპტირებულად, დოზირებულად უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის მიწოდება. და არა ისე, რომ პირიქით, დააფრთხო ადამიანი და არაკეთილგანწყობა მოიპოვო. შეიძლება მათ გაიარონ კონსულტაციები, გაეცნონ ადგილობრივ მენტალიტეტს და ამ ყველაფრის სინთეზი უნდა მოვახდინოთ.

 

 

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ბოლომდე თანასწორი ქალი და მამაკაცი. სადავო თემაა. პირად მაგალითზე გეტყვით: ბევრ ისეთ სფეროს ვკურირებდი, რომლებიც, ერთი შეხედვით, ქართული მენტალიტეტით კაცის საქმეა. გაგეცინებათ და მქონდა ასეთი პრობლემა, ახალი დაწყებული მქონდა სამუშაო და იყო თათბირი. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული სფერო მებარა, არ დამიძახეს იმ თათბირზე და როცა მიზეზით დავინტერესდი, ამიხსნეს, რომ იქ სულ კაცები იყვნენ და შენ რა გინდოდაო. მერე, თავისთავად გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, მე თუ ამ საკითხს ვკურირებ და ჩემი აზრი მნიშვნელოვანია, რატომ არ დამიძახეთ და შესაბამისად, დავიწყე ბრძოლა ისე დამემკვიდრებინა ადგილი, რომ შემდეგ თათბირზე ჩემი ყოფნა-არყოფნის თემა არ განხილულიყო. ჩემი რჩევა იქნება ასეთი, რომ მაინც ინდივიდუალურია ეს ყველაფერი და თქვენ თვითონ უნდა დადგეთ საკუთარი თავის სადარაჯოზე, არ ელოდოთ, რომ რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაცია მოვა და თქვენს უფლებებს დაიცავს.

 

 

 

 

მჯერა, რომ გავხდები ცნობილი შემსრულებელი

 

 

„ამ გამარჯვებებმა ბევრი შემოთავაზება მომიტანა, კონკურსზე ვარ მიწვეული სამ ქვეყანაში: ფინეთში, პოლონეთსა და ისრაელში. კონკურსების გარდა თავად ვგეგმავ ინგლისში გამგზავრებას, მინდა იქ, „ახალ ხმაში” მივიღო მონაწილეობა,” – ამბობს ავთანდილ აბესლამიძე.

 

მომღერალი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში მეგობარია – თან „ძალიან მაგარი მეგობარი”! მერე უკვე მომღერალი, თუმცა უჭირს საკუთარ თავს მომღერალი უწოდოს, ფიქრობს, რომ ადამიანმა ბევრი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მომღერალი გახდეს: „უფრო მუსიკის გზაზე დამდგარი ადამიანი ვარ, შეყვარებული ცხოვრებაზე, საერთოდ ვფიქრობ, რომ ცხოვრებით უნდა გაიხარო, უნდა აკეთო ის, რაც გსიამოვნებს, შეიძლება ყოველთვის ასე არ გამოვიდეს, მაგრამ არსებულით უნდა შეგეძლოს თავი ბედნიერად იგრძნო,” –  ამბობს ავთანდილი.

 

ოთხი წლის იყო, როცა მშობლებმა სტუდია „ოქროს ხმებში” შეიყვანეს, ამბობს, რომ ეს იყო იმის საფუძველი, რაც შემდეგ მის ცხოვრებაში მოხდა: „ჩემები მეუბნებიან, რომ ლაპარაკის დაწყებამდე უკვე ვღიღინებდი, ხუთი წლის ვიყავი, როცა პირველად დავდექი სცენაზე, დღემდე მახსოვს ყველა ის ემოცია, რაც მაშინ მქონდა. სცენაზე თეთრი კვამლი როცა გამოუშვეს, აღარაფერი აღარ ჩანდა, რადგან ზემოთ იყო დამონტაჟებული კვამლის გამშვები აპარატურა, მაშინ შემეშინდა! დღემდე მეშინია სცენაზე გასვლისას, დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები ამ საკითხს. 13 წლამდე დავდიოდი „ოქროს ხმებში”, პოპულარული ბავშვი ვიყავი, ჩემთვის დაიწერა სიმღერა „იტალია”, ქუჩაში რომ დავდიოდი, ხალხი მცნობდა და “იტალია”, “იტალიას” მეძახდა. ჩემი მშობლების მადლიერი ვარ, ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ მათგან, ჩემი მუსიკალური ბედიც განსაზღვრეს იმით, რომ თავიდანვე კარგ სტუდიაში შემიყვანეს.”

 

ამის შემდეგ მუსიკის პედაგოგი არ ყოლია, ძირითადად კონკურსებში მონაწილეობდა: „კონკურსი კარგი საშუალებაა მომღერლის განვითარებისთვის. უკვირთ, როცა ვამბობ, რომ მუსიკის მასწავლებელი არ მყოლია და ძალიან მინდა კარგი პედაგოგი მყავდეს, ჯერ ვეძებ. მჭირდება ადამიანი, რომელიც საჭირო მიმართულებას მომცემს, მე ახლა ყველა ჟანრს ვასრულებ, გარდა კლასიკისა, კლასიკას ჯერ ვერ ვბედავ. პედაგოგი დამეხმარება ჟანრობრივ ჩამოყალიბებაში. გარკვეული პერიოდი, ვფიქრობ, უფრო კარგად ვცეკვავდი, ვიდრე ვმღეროდი, ახლაც კარგად ვცეკვავ, მაგრამ მუსიკამ პირველ რიგში გადმოინაცვლა.”

 

პირველი კონკურსი აჭარის ტელევიზიის „დილის ტალღა” იყო, ავთანდილი ხუთი თვის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ცდილობდა თავისი ნიჭის წარმოჩენას, გამოუვიდა, იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანი არ ჰქონია შეხება მუსიკასთან: „პროექტის გამარჯვებული გავხდი, ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის ამდენწლიანი პაუზის შემდეგ, პრიზი ბულგარეთში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა იყო. ბულგარეთში წასვლამდე „ნუცას სკოლა” იყო, საკმაოდ კარგი შედეგიც მქონდა, თუმცა პროექტს ბულგარეთის კონკურსი დაემთხვა და კონკურსის დატოვება მომიწია.”

 

ბულგარეთიდან მეოთხე ადგილით დაბრუნდა, იმ დროისთვის მისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება იყო, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ეს იყო გზა უფრო დიდი გამარჯვებებისკენ: „თექვსმეტი ქვეყანა მონაწილეობდა, ჩემი მეოთხე ადგილი იმდენად დიდი მეგონა, სიხარულით დავფრინავდი. სრულიად მარტო ვიყავი კონკურსზე, სიმღერის შემდეგ კულისებში არავინ მელოდა, რომ ემოცია გამეზიარებინა. თავად შევარჩიე სიმღერები, რომლებიც კონკურსზე გავიტანე, ყველაფერი მარტომ გავაკეთე, ამიტომაც იყო რთული და ნაკლებად წარმატებულიც, თუმცა ამ კონკურსმა მომიტანა შემდგომ წარმატება, რადგანაც ამ კონკურსის ჟიურის წევრები სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მუსიკოსები იყვნენ, ამის შემდეგ მივიღე მიწვევა სანკტ-პეტერგურსა და ბერლინში.”

 


ბერლინში და სანკტ-პეტერგურში ავთანდილმა გრანპრი მიიღო, ემოციები დღემდე გამოჰყვა:

 

“მაგარი გრძნობაა, არ ელოდები არაფერს და უცებ აცხადებენ, რომ გრანპრი ავთანდილ აბესლამიძეს! 63 მონაწილე იყო კონკურსზე, ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ აქ არავინ მყავდა ემოციების გასაზიარებლად. ახლა ინგლისური „ახალი ხმისთვის” – ვემზადები, ვფიქრობ, შანსები მაქვს. ქართულ კონკურსებში კი შეგნებულად არ მივიღებ მონაწილეობას. როცა ეს გამარჯვებები არ მქონდა, კონკურსებზე არ მწყალობდნენ (რამდენიმე კონკურსში ვცადე ბედი), მაგრამ რაც საერთაშორისო ასპარეზზე მოვიპოვე გამარჯვებები, თავად დამიკავშირდნენ, გამოდი კონკურსზეო. მე უარი განვაცხადე. ჩემი ოცნებაა, როცა გავხდები ცნობილი მომღერალი, დავაარსო საკუთარი კონკურსი საქართველოში, სადაც არავის ზარი არ გადაწყვეტს კონკურსანტის ბედს,” –  ამბობს ავთანდილ აბესლამიძე.

 

სახალხო დამცველი შესაძლოა ღურტაში გაემგზავროს

 

 

მოსახლეობა სახალხო დამცველს სოფლის ბოლოს მშენებარე ჰესის უსაფრთხოების პრობლემებზე ესაუბრნენ და აღნიშნეს, რომ სოფლის მოსახლეობის ინტერესებს სახელმწიფო და კომაპანია არ ითვალისწინებენ.

 

 უჩა ნანუაშვილის განცხადებით უახლოეს ხანებში შესაძლებელია ადგილზე გაეცნოს მდგომარეობას. „ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი პრობლემის შესწავლას“ –  უთხრა სახალხო დამცველმა ღურტის მოსახლეობას.

 

მოსახლეობამ 8 მარტს მომხდარ ინციდენტზეც გაამახვილა ყურადღება. სოფლის მოსახლეობა 8 მარტს ტექნიკას გადაუდგა წინ და მუშაობის საშუალება არ მისცა. „სამარცხვინოა, როცა ქვეყანაში ილახება ადამიანის უფლებები და ამავდროულად ამ ქყვეყანას უნდა ნატოში გაწევრიანება,“ – აღნიშნა შეხვედრისას 8 მარტს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაირა ხოზრევანიძემ.

„განმანათლებლები“ – ისწავლე და გადაეცი სხვას

 

 

პატარა ოთახში 12 მოზარდია. სკამები არ ჰყოფნით, თუმცა ეს არ ანაღვლებთ. რამდენიმე მაგიდასთან ზის, დანარჩენი კი ხალიჩაზე სხედან და გაშლილ ლეპტოპებს ჩაჰკირკიტებენ. თამთა, ნინო, ხატია, მარი, ედო, ბესო და სხვები ტრენინგისთვის ემზადებიან. საგზაო წესების და უსაფრთხოების შესახებ პირველ-მეოთხე კლასელებს ტრენინგი უნდა ჩაუტარონ. ოთახში საქმიანი და ხმაურიანი გარემოა. ჩემს კითხვებზე ერთდროულად იწყებენ პასუხის გაცემას, ერთმანეთს არ აცლიან. „რიგრიგობით ილაპარაკეთ რა,“ – ამბობს ხატია ზუხუბაია. იგი ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრია ცენტრის დაარსებიდან დღემდე და კვირაში რამდენიმეჯერ, სკოლის შემდეგ აქ მოდის, რომ ისწავლოს და ასწავლოს.  ახალგაზრდული ცენტრის მთავარი მისია სწორედ ესაა, ცენტრის წევრებმა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოსწავლეები არიან, მათივე თანატოლებს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ცოდნა უნდა გაუზიარონ და თავადაც აქციონ „განმანათლებლებად“.

 

 

„ეს არის საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტი, რომელსაც ჰქვია ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში და მისი ფინანსური მხარდამჭერი არის UშAID-ი, ანუ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. პროექტი ხორციელდება საქართველოს 13 რეგიონში და მათ შორის ბათუმში, პარტნიორი ორგანიზაცია ვართ ჩვენ  –  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ –  მიხსნის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი მარი ზაქარაძე. მარი სტუდენტია, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლობს მენეჯმენტს. დღის მნიშვნელოვან ნაწილს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ ატარებს, ახალგაზრდულ ცენტრს უწევს კოორდინაციას, ღონისძიებებს, ტრენინგებს და სხვადასხვა აქტივობას გეგმავს, ახალგაზრდული ცენტრის გვერდს მართავს სოციალურ ქსელებში.

 

 

ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე შეიქმნა ორი წლის წინ. თავიდან რამდენიმე მოსწავლე იყო, შემდეგ ცენტრს მოზარდები სხვადასხვა სკოლიდან, ბათუმიდან და აჭარის სოფლებიდან შემოუერთდნენ და ახლა ასზე მეტნი არიან. ცენტრში გაწევრიანება ყველა მოსწავლეს შეუძლია, მთავარია ამის სურვილი და მოტივაცია ჰქონდეს. ცენტრის წევრებმა აქ ერთმანეთი მოიყვანეს, ზოგმა ფეისბუქზე ნახა გვერდი – „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“, ზოგმა მეგობრიდან გაიგო.

 

 

„მე საერთოდ სხვა ქალაქში გავიგე ამ ცენტრის არსებობის შესახებ. ბაზალეთში ვიყავი ტრენინგზე, იქ მომიყვნენ ამ ცენტრის შესახებ და მოვედი“, –  ამბობს რუსუდან სარხანიძე.

 

 

გიორგი გვარიშვილი ოთახში ყველაზე პატარაა, ახალგაზრდულ ცენტრში მას შემდეგ გადაწყვიტა გაწევრიანება, როცა დის საქმიანობით დაინტერესდა: „ჩემი და დადის აქ დიდი ხანია და მისგან ვიგებდი ამ ღონისძიებების შესახებ. ბევრ ტრენინგს დავესწარი, ახლა ვამზადებთ ტრენინგს საგზაო უფლებების დაცვაზე და უნდა ჩავუტაროთ ბავშვებს. დაყოფილი ვართ ჯგუფებად, თითო ჯგუფში ოთხი ვართ, აღებული გვაქვს ერთი სკოლა და თითო ჯგუფი ერთ სკოლაში ჩაატარებს ტრენინგს“ –  ამბობს გიორგი.

 

 

კონკრეტულად რას აკეთებს ახალგაზრდული ცენტრი? მარი ზაქარაძე მიხსნის: „ძირითადად აღვნიშნავთ სამოქალაქო, საერთაშორისო დღეებს, რაც აღინიშნება მთელი წლის განმავლობაში გაეროს კალენდრით და ამ დღეს გვაქვს სხვადასხვა აქტივობა, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ვმუშაობთ ექვსი მიმართულებით: გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გარემოს დაცვა, კულტურა და განათლება. ანუ ექვსი ქვეკლუბი გვაქვს და ამ ქვეკლუბებში არიან ბავშვები გაწევრიანებული მათი ინტერესების მიხედვით. გვაქვს საჯარო აქციები, საინფორმაციო აქციები, თანატოლთა ტრენინგები, კინოჩვენება, წიგნის კლუბი და ასე შემდეგ.“

 

 

აქ ამბობენ, რომ მათი ყველაზე ძლიერი მხარე თანატოლთა ტრენინგებია, როცა სხვადასხვა სკოლაში მიდიან და ტოლერანტობაზე, ადამიანის უფლებებზე, გენდერულ თანასწორებაზე ესაუბრებიან მათივე თანატოლებს. მანამდე კი თავად სწავლობენ. ხშირად სწორედ ასეთი ტრენინგების შემდეგ ემატებათ ახალი წევრები, რომლებიც მოგვიანებით თავად ხდებიან `განმანათლებლები~ და თავის მხრივ, სხვების მოზიდვას ცდილობენ ცენტრში.

 

 

„პირველად რომ ტრენინგს ვატარებდი, ძალიან ვინერვიულე,“ –  იხსენებს სალო დეკანაძე. – „მეგონა, ბავშვი რომ ვიყავი, არასერიოზულად მიიღებდნენ, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან კარგია თანატოლგანმანათლებლობა და ძალიან მომწონს პრინციპი – შენი ცოდნა შეგიძლია გაუზიარო სხვას. პირველად ჩავატარე ტრენინგი ტოლერანტობაზე, ანა ფრანკის მაგალითზე განვიხილეთ. იყო ისეთი შეკითხვებიც, რაზეც პასუხი არ მქონდა, მაგრამ მიხვდი, რომ შემდეგში უფრო მომზადებული უნდა ვიყო, უნდა ველოდო ისეთ შეკითხვებს, რაზეც არ მიფიქრია.“

 

 

„ხელვაჩაურში ვიყავით გასულ კვირას, მე ვატარებდი ტრენინგს ქალთა უფლებებსა და გოგონების ეფექტზე, ნაადრევ ქორწინებაზე. ისე დაინტერესდნენ ბავშვები, რომ დავასრულეთ, მოვიდნენ და გვკითხეს, თუ შეიძლება გაწევრიანებაო“, – მიყვება მარიამ ჩხაიძე.

 

 

ხატია ზუხუბაია თავის პირველ ტრენინგს იხსენებს: „ეს იყო მოსწავლის და მასწავლებლის უფლებებზე, არ ვნერვიულობდი. ძალიან საინტერესო გამოვიდა, უფლებადამრღვევებადაც მოგვევლინნენ მოსწავლეები, მასწავლებლის თვალით დაინახეს საკუთარი თავი. შემდეგ იყო ტრენინგები ტოლერანტობაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს პროექტი მარტო ერთ ქალაქს არ მოიცავს, ყველგან მყავს უკვე მეგობრები, ბევრი ადამიანი გავიცანი, რომლებიც ახლა ჩემი მეგობრები არიან, გრძნობ ადამიანებს შენ გვერდით და იცი, რომ ვიღაცის იმედი უნდა გქონდეს“, – ყვება ხატია.

 

 

რა იცვლება სხვა მოსწავლეებისთვის და პირადად მათთვის ამ ტრენინგებისა და ცენტრში მუშაობის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხობენ, რომ ბევრი რამ, პირველ რიგში კი თავად შეიცვალნენ.

 

 

„ბევრი ისეთი ჩვევა გამომიმუშავდა, რაც აქამდე არ მქონდა“ – მეუბნება ბესო ხოზრევანიძე – „ბევრი მეგობარი გავიჩინე და უფრო კომუნიკაბელური გავხდი, მეხმარება ეს ყველაფერი. სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანებს ვხვდები და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის სტერეოტიპები იმსხვრევა“.

 

 

ლელა შარაძე: „რეალურად მეც არ ვიცოდი, რატომ იყო ასე, მაგრამ როცა ქუჩაში გავდიოდი და ვხედავდი, მაგალითად თურქს, მეშინოდა მისი, ან იგივე, შავკანიანს ვარიდებდი თავს, მაგრამ იმდენად გავაცნობიერე ჩემი შეხედულება არასწორია, რომ ჩემთვის უკვე დაინგრა სტერეოტიპი, –  განსხვავებული ადამიანების მეშინოდეს.“

 

 

„თუ ერთი ადამიანი კარგია ან ცუდი, ეს არ ნიშნავს, რომ ერი ცუდია ან კარგი, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. თავიდან ბევრი გვიპირისპირდებოდა, თუნდაც სკოლაში, რომ აი, რა გინდათ მანდ, რატომ წვალობთ, როცა შეგიძლია მარტივად მოიპოვო რაღაც. ეს მარტივად მოპოვებული რომ არ მოგვწონს, ფიქრი გვინდა და აზროვნება გვჭირდება, ამიტომ ვცდილობთ ვიბრძოლოთ ვიღაცის უფლებისთვის. ჩვენ არ ვიბრძვით ხმლით, ჩვენ ვიბრძვით განათლებით“, – ამბობს ხატია.

 

 

„ვიღაც-ვიღაცები ამბობდნენ, ტყუილად დროს აცდენ, მაგას სჯობს სახლში დაჯდე, გაკვეთილები ისწავლო, გზის ფულს ხარჯავო… თავიდან ვბრაზდებოდი, მერე აღარ“, – იცინის ზურა კახაძე.

 

 

კითხვაზე, როგორ სწავლობენ სკოლაში, პასუხობენ: „კარგად“. „ნორმალურად“, „ცუდად არა!“

 

 

ნინო ბერიძე #1 საჯარო სკოლაში სწავლობს, ამბობს, რომ კარგი მოსწავლეა. „მასწავლებლებთანაც დავდივარ. აქ კვირაში რამდენჯერმე მოვდივარ, ფასილიტატორიც ვარ, ტრენინგებს აქ ვგეგმავთ, თან დღისით ვერ ვსწავლობ, ღამე მიყვარს მეცადინეობა, თავისუფლად ვეტევი დროში, ყველაფერს ვასწრებ“, –  ამბობს ნინო.

 

 

ედო ბიბინეიშვილი #16 სკოლელია. იგი ამბობს, რომ მშობლებს მოსწონთ მისი საქმიანობა: „რაც შეეხება დროის განაწილებას, შეიძლება დრო არ მქონდეს, მაგრამ პრიორიტეტს ვანიჭებ ახალგაზრდულ ცენტრს.“

 

 

ანა გაგუა 16 წლისაა. იგი ამბობს, რომ ცდილობს სწავლის პარალელურად აქტიური იყოს. „თავისუფალი გრაფიკი გვაქვს, ყველა კვირას წინასწარ ვგეგმავთ“, – ამბობს ანა.

 

 

კითხვაზე, რა არის ყველაზე რთული მათთვის, ერთ პასუხზე თანხმდებიან – სამუშაო დროის დაგეგმვა, რადგან ყველა მათგანს თავისი გრაფიკი აქვს და შეხვედრების დაგეგმვისას კოორდინატორ მარის ყველაფრის გათვალისწინება უწევს.

 

 

მარი ამბობს, რომ სკოლები სიხარულით თანხმდებიან მათ ინიციატივას, თანატოლებმა ტრენინგები ჩაუტარონ მოსწავლეებს: „ბევრი შემოთავაზება გვაქვს ახლა, მე კი აღარ ვუკავშირდები, რომ მოვალთ და ასე შემდეგ, პირიქით იქით გვეუბნებიან, რომ მოდით და ჩაატარეთ, იმიტომ, რომ ხედავენ კარგი შედეგი აქვს“. 

 

 

ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში 15-მდე ჩატარებულ ტრენინგს შორის რამდენიმეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ტრენინგი ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, მოსწავლეთა უფლებებზე, ტოლერანტობაზე. ნინო ბერიძე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ტრენინგს იხსენებს და იმაზეც მიამბობს, რა შეიცვალა მასში:

 

 

„ქობულეთის #5 საჯარო სკოლაში გვქონდა ბოშათა უმცირესობასთან ტრენინგი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენგანისთვის სტერეოტიპი ბოშებზე დაინგრა. იქ იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, რომლებიც ჩვენსავით იღებენ განათლებას, შეიძლება ჩვენზე მეტი წიგნი ჰქონდეთ წაკითხული და თავისუფლად შეუძლიათ დისკუსიაში შემოსვლა და დამტკიცება, რომ ცდები. თავიდან ბოლომდე შევიცვალე, ახლა მიმაჩნია, რომ ვიყავი რასისტი და ჰომოფობი, მივხვდი, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და არ უნდა არსებობდეს რაიმე ბარიერი ადამიანებთან ურთიერთობაში“.

 

 

ველოსპორტსმენები ქობულეთში ვარჯიშობენ

 

ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, ჯონი ცივაძის თქმით, აჭარის ნაკრებში 13 სპორტსმენია. შეკრების მიზანია სპორტსმენების უკეთ მომზადება,  რადგან 12 -13  აპრილს სეზონის გახსნება თბილისში, 24-25 მაისს კი თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება.

 

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები ივლისში ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტი ქართული ჰიმნოგრაფიის შესახებ

ხატია სალვარიძე იოანე მინჩხის ჰიმნოგრაფიულ ნაწარმოებებზე  მუშაობდა, ხატია ამბობს რომ მისთვის თემაზე მუშაობა რთული იყო: “რთულია რადგან თემა სათუთია, სიძველეებთან გვაქვს საქმე, საკმაოდ ღრმა კვლევა ჭირდებოდა ამ პროექტს. ჰიმნოგრაფია ჩემთვის საინტერესოა, რადგან ეს ეხება, ძველ რელიგიურ მწერლობას, ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა, ჩვენც დიდი ცოდნა შევიძინეთ.”

მეცხრე კლასელებს პროექტის განხორციელების იდეა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ხათუნა ხუნდაძემ მიაწოდა:  “აპრილის თვეში ჩვენთან იმართება ქართული ენის კვირეული, მეცხრე კლასელები წელს პირველად გადიოდნენ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს, აქედან გაჩნდა იდეა რომ უფრო ღრმად გასცნობოდნენ ქართულ ჰაგიოგრაფიას.”

როგორც პედაგოგი ამბობს მოსწავლეებისთვის საკმაოდ რთული სამუშაო იყო თემატიკიდან გამომდინარე.

“უფრო მეტად მაპროვოცირებელი გახდა მოსწავლეებისთვის  მასალის სირთულე, პროექტში ცხრა მოსწავლე მონაწილეობს,” – ამბობს ხათუნა ხუნდაძე. მოსწავლეები პროექტზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

პროექტის მასპინძელი ილია ჭავჭავაძის მუზეუმი იყო: “მუზეუმი თანამშრომლობს ქალაქის კერძო და საჯარო სკოლებთან, ჩვენ ერთობლივათ ვმუშაობთ პროექტებზე. საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა,” – ამბობს ნაირა ჩხარტიშვილი, მუზეუმის გამგე.

სახალხო დამცველი აჭარის მოსახლეობას ხვდება

 

 

 

უჩა ნანუაშვილთან შეხვედრას ელოდება ხულოს სოფელ ღურტის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი. ისინი ღურტასთან მშენებარე ჰესისა და 8 მარტის ინციდენტის შესახებ აპირებენ მასთან საუბარს.

 

სახალხო დამცველი აჭარაში დღეს ჩამოვიდა და შეხვედრებს მოსახლეობასთან ხვალაც გამართავს. ის ასევე მოინახულებს და პირადად გაეცნობა, ციხეში გარდაცვლილ გიგა ფარტენაძის ოჯახს.


პრესსამსახურის ინფორმაციით სახალხო დამცველი შეხვედრას გამართავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთანაც.

აქცია პირბადეებით

 

 

აქციის მონაწილეებმა ქუჩაში ერთჯერადი პირბადეები და ხელსახოცები დაარიგეს:


“პოპულარიზაციას ვუწევთ ვირუსების დროს ერთჯერადი პირბადეებისა და ხელსახოცების, ერთჯერადად გამოყენებას და მათ ქუჩაში არ დაყრას იმიტომ, რომ ასე შეიძლება ვირუსი სხვასაც გადავდოთ. გაზაფხული ვირუსების სეზონია, ამიტომ შევარჩიეთ სწორედ ეს პერიოდი ამ აქციისთვის. გვინდა, რომ ისევე, როგორც ევროპულ ქვეყნებში, საქართველოს საჯარო დაწესებულებებშიც იყოს პირბადეების კულტურა. ადამიანებს არ უნდა რცხვენოდეთ ვირუსის ქონის დროს ქუჩაში პირბადით გამოსვლა და ამის გამო ისინი, თითით საჩვენებელი არ უნდა ხდებოდნენ მოსახლეობისთვის” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თეონა გურგენიძე.


ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრები მომავალში ამ თემაზე სკოლებში, თავიანთ თანატოლებსაც დაატრენინგებენ.

 

 

 

 

სახალხო დამცველი: „არ მეგონა, რომ აქ ამ მასშტაბის პრობლემა იყო“

 

მოსახლეობამ უჩა ნანუაშვილს თხოვნით მიმართა სახალხო დამცველის უწყებამ გამოყოს სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის მათ პრობლემებს. მათ სახალხო დამცველს   ამ დროისთვის დასახლებაში არსებული ძირითადი პრობლემები გააცნეს. 

 

„დასახლებაში 150 ბავშვია. გვინდა, რომ გვქონდეს ბაგა ბაღი.  არიან ჩვილბავშვიანები. ბავშვები მუყაოს კედლებში დაავადდნენ. ბევრმა სესხი გამოიტანა, რომ ქვის კედლები აეშენებინა. არ გვაქვს წყალი, მხოლოდ გრაფიკით გვიწევს წყლით სარგებლობა. გვინდა სახალხო დამცველმა გამოყოს მონიტორინგის ჯგუფი, შეისწავლოს მოსახლეობის თითოეული პრობლემა და დადოს ობიექტური დასკვნა ჩვენს მდგომარეობაზე“ – განაცხადა შეხვედრისას  დასახლების ერთ-ერთმა მცხოვრებმა  მარინა ბერიძემ.

 

 

უჩა ნანუაშვილმა შეხვედრისასა აღნიშნა, რომ არსებულ დასახლებაში არსებობს  პრობლემა, რომელსაც სისტემური მიდგომა სჭირდება.

 

 

 „არ მეგონა თუ აქ ამდენი ოჯახი იყო, მდგომარეობა მძიმეა.  აქ შეიძლება იყოს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები. სოციალური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სტიქიით დაზარალებულთა პრობლემები. აუცილებელია სახელმწიფოს ყველა უწყების ჩართვა, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის გამოსწორება. შეუძლებელია ერთ დღეში ამ საკითხების მოგვარება,  მაგრამ უნდა არსებობდეს პრობლემების მოგვარების სტრატეგია. შესაძლოა რაღაც საკითხები ვერ გადაწყდეს აჭარის რესპუბლიკის მხრიდან და აუცილებელი იყოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა“.  – განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

უჩა ნანუაშვილს კომისიის შექმნაზე არ უსაუბრია. მან აღნიშნა, რომ აქ დასახლებული მოსახლეობის პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს. „ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს, რომ სახელმწიფო უწყებებმა გამოიჩინოს შესაბამისი ყურადღება. ხვალ გვექნება ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათ წინაშე დავაყენებთ ამ საკითხს“ –  განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

 

 

 

ხელვაჩაურში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“ დაამტკიცებენ

 

 

 

სხდომა მიმდინარე წლის 14 აპრილსაა დანიშნული. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით სხდომა საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში 12 საათზე დაიწყება, საკრებულოს წევრების რეგისტრაცია კი 11 საათიდან.

 

ცვლილებების შეტანა იგეგმება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც. ზემოაღნიშნული სხდომის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად შეტანილია დადგენილების  პროექტი – „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის #18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. ადგილობრივი ბიუჯეტი 5 მილიონ 413 ლარითაა განსაზღვრული.

აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახების კვლევა ჩატარდება

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით,  მემორანდუმის ფარგლებში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თანადაფინანსებით ჩატარდება კვლევა, რომელიც შეისწავლის სოციალურად დაუცველ, უსახლკარო და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას.

აღნიშნული კვლევის საფუძველზე განისაზღვრება ბინათმშენებლობის ფონდის შექმნის და ფუნქციონირების პრინციპები. ბინათმშენებლობის ფონდი მოიცავს განსაზღვრული ტიპის მოქალაქეთათვის იაფი და გრძელვადიანი გადახდის პირობით საცხოვრებელი ფართების გადაცემას. 

კვლევა 2014 წელს დასრულდება და მისი შედეგების პრეზენტაცია  ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

 

100 ათასი ლარი ფარშევანგის კარიებისთვის

რა თანხა დაიხარჯება წელს ბულვარის განათებაში, მოცეკვავე შადრევნებისა და ზოოკუთხის მომსახურება-შენახვაში და რა უჯდება ბულვარის ადმინისტრაციას ბულვარის დაცვა?

ბულვარის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების მომსახურებაში, ელექტრო და სამეურნეო საქონლის შეძენისთვის წელს 244 000 ლარია გათვალისწინებული.

გარე განათებისა და მუსიკალური შადრევნების ელექტროენერგიაში 305 571 ლარი გაიხარჯება, ხოლო წყლის ხარჯი – 39 580 ლარი იქნება.

ბულვარში არსებული შადრევნების მოვლა-პატრონობის მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისთვის წელს 582 891 ლარს ახარჯავენ.

55 557 ლარი დაიხარჯება ბულვარში არსებული ზოოკუთხისა და ზოოკუთხის მობინადრეთა მომსახურებაში, ხოლო ფარშევანგებისათვის ვოლიერებისა და კარიების მოწყობაში

100 000 ლარი.

ბულვარის ტერიტორიის დაცვისთვის კი წელს 602 796 ლარია გათვლილი.

25-ე არხის დირექტორი: სახელმწიფო ქონება დემოკრატიის ხელშეწყობისთვის გადმოგვცეს

 

გია სურმანიძე
გია სურმანიძე

სიუჟეტის ავტორის კითხვაზე, რატომ მიიღეს 25-ე არხის დამფუძნებლებმა სახელწიფოსგან 1-დან 4 მილიონ დოლარამდე ღირებულების ქონება, გია სურმანიძემ ასე უპასუხა:

 

„ჩვენ გვითხრეს, რომ რეგიონში, აჭარის რეგიონში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის, სიტყვის თავისუფლების განვითარებისათვის, იმ მუშაობისთვის, რაც ჩვენ მოვახდინეთ აჭარაში.“

 

გია სურმანიძეს არ განუმარტავს, არხის დამფუძნებლებისათვის „დემოკრატიის ხელშეწყობისთვის“ სიმბოლურ ფასად გადაცემული მილიონობით დოლარის ღირებულების ქონება რატომ აღმოჩნდა არა უშუალოდ მათი, არამედ მათი ნათესავების საკუთრებაში და არხის დამფუძნებლები კატეგორიულად რატომ უარყოფდნენ ამ ქონებასთან კავშირს დღემდე.

 

გაზეთ „ბათუმელებმა“ სახელმწიფო ქონების 25-ე არხის დამფუძნებლების ნათესავებისათვის გადაცემაზე სტატია 2012 წლის მარტში მოამზადა. მაშინ კითხვაზე, არხის დამფუძნებლების ნათესავებისთვის ქონების გადაცემა გარიგების ფორმა ხომ არ არის არხსა და სახელმწიფოს შორის, გია სურმანიძემ ასე უპასუხა: 

 

„თქვენ რისი თქმა გინდათ, რომ ჩვენ ეს ქონება გავცვალეთ ტელევიზიაში და გადავუფორმეთ ახლო ნათესაობას? ჩემი ქონება თუა, დეიდაშვილთან რატომ უნდა იყოს?.. რა ქონებაა ასეთი, რომ ტელევიზიაზე მეტი ღირს. ბოლოს და ბოლოს, გავყიდი და ფულია ტელევიზია. სერიოზული თანხა ღირს და სურვილი ყველას აქვს, რომ იყიდოს… მე რომ განვაცხადო, ტელევიზიას ვყიდი-მეთქი, როგორ ფიქრობთ, არ გამოჩნდება ხალხი? აქედან გამომდინარე, პირდაპირ გავყიდი და არა ასეთ არეულ სიტუაციაში. ამ ლოგიკითაც იმსჯელეთ…”

 

შეგახსენებთ, ბათუმის 25-ე ტელეარხის დამფუძნებელი და მფლობელი ზეწოლაში ადანაშაულებენ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს. ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი სურმანიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა და საქმის პირადად გაკონტროლება სთხოვა. სურმანიძის განცხადებით, ის და 25-ე არხის მფლობელი ჯემალ ვერძაძე 17 დეკემბერს დაიბარეს მთავარ პროკურატურაში, სადაც მათზე ზეწოლას ახდენდა ათამდე გამომძიებელი და მაღალჩინოსანი და მოითხოვდნენ დაედასტურებინათ, თითქოს 2012 წლის 24 თებერვალს 25-ე არხის წილის გასხვისება მოხდა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების პირველი პირების უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით.

საქველმოქმედო კონცერტი ბილვანიძეების ოჯახის დასახმარებლად

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები, შავფაროსნები და ქართული ცეკვის ანსამბლი ,,მაჭახელა”.

 

2008 წელს, ხელვაჩაურში, გონიოს პოლიგონზე, ჯართად შეგროვებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ნუგზარ ბილვანიძის ორ შვილს, ბებია 77 წლის ბებია გულიზარ ბილვანიძე უვლის. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი გულიზარ ბილვანიძის პენსიაა.

 

ბილეთის ფასი ორი ლარია და მისი შეძენა ბათუმის სასპორტო სკოლაშია შესაძლებელი.

აჭარის პირველობა ფეხბურთში

 

 

აჭარის პირველობა მიზნად ისახავს ფეხბურთის პოპულარიზაციას, საუკეთსო ფეხბურთელებისა და გუნდების გამოვლენას, ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას.


საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები და გუნდები დაჯილდოვდებიან: სიგელებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით.


ორგანიზატორები: აჭარის ფეხბურთის ფედერაცია და აჭარის სპორტიდსა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოები გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე

 

 

ბათუმის მერიის ვებ-გვერდზე 2008 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „გიორგი ბრწყინვალის ქუჩის პარალელურად, სამუშაოები ,,ძველ ბათუმშიც” მიმდინარეობს. მშენებლები სამუშაოების დასრულებას გაზაფხულისთვის გეგმავენ“. მას შემდეგ უკვე 6 წელი გავიდა, ხოლო გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მხოლოდ ორმოები, გუბურები და ხრეშია. ქუჩა გადათხრილია და სარემონტო სამუშაოები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. ამ ქუჩაზე მხოლოდ პატარა მონაკვეთზე, სუპერმარკეტ „იალჩინ მარკეტის“ ირგვლივ არის დაგებული ასფალტი, ისიც მარკეტის მფლობელთა ხარჯებით. მოსახლეობისთვის ეს პრობლემა უკვე წლებია გადაუჭრელი რჩება.

 

 

 

 

ბათუმში ველოტრანსპორტის პუნქტები გაიზრდება

 

 

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის პაატა დუმბაძის ინფორმაციით შერჩეულია ერთი ადგილი ახალი ველოსადგომისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ხოლო დანარჩენი შვიდი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. ველოტრანსპორტის მენეჯერის, გიორგი საგინაძის განმარტებით კი ველოსადგომები ქალაქის ტერიტორიაზე დაემატება.

 

ველოსიპედებით სარგებლობა სპეციალური ბარათებითაა შესაძლებელი, რისთვისაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ცენტრში. ამჟამად რეგისტრაციისა და ბარათის აღების ერთადერთი ცენტრი ბულვარის ცენტრალურ შესასვლელშია.

 

პაატა დუმბაძის თქმით ზაფხულში ხალხის დიდი ნაკადის გამო დაემატება კიდევ ერთი ცენტრი. მოქალაქეები ბარათს ხელშეკრულების საფუძველზე აიღებენ, რითაც ქონების (ველოსიპედის) დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობასაც იღებენ.

 

დაგეგმილია ცვლილებები ველო-ბარათების გამოყენებაშიც. შესაძლოა, ერთწლიან ბარათებს ერთთვიანიც დაემატოს (საუბარი იყო ერთდღიან ბარათებზეც), თუმცა, პაატა დუმბაძის თქმით ამ ეტაპზე მერიაში მიმდინარეობს მუშაობა და ცლილებები ჩამოყალიბების პროცესშია. დაუზუსტებელია მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული ხარჯებიც.

 

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ [რომლის დაქვემდებარებაშიცაა ველოტრანსპორტი] ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ცვლილება მომხმარებალთა მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება. ველოსიპედით ერთი საათით სარგებლობა 2 ლარი ღირს.

 

ველოტრანსპორტი ბათუში 2011 წლიდან ამოქმედდა. სამსახური ბათუმის ავტოტრანსპორტის დაქვემდებარებაშია და მერია კურირებს.

ივანიშვილის საჩუქარი თუ სახელმწიფოს ქონება?

 

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ 2013 წელს თვითმმართველობებს 5 345 516 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოუყო, საიდანაც 119 000 ლარი ქედის მუნიციპალიტეტს შეხვდა. ამ ფულით ქედაში სპეცტექნიკა (ტრაქტორი) უნდა შეეძინათ. სამინისტროსგან მიღებული თანხით ქედის მუნიციპალიტეტმა “ბელორუსის” ტიპის ტრაქტორი მართლაც შეიძინა. ტრაქტორში 72 000 ლარი გადაიხადეს, ხოლო ნიადაგის მოსამზადებელ დანადგარებში _ 15 000 ლარი. ტექნიკა ელექტრონული ტენდერის გზით შეიძინეს.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გასული წლის 6 დეკემბერს ქედის გამგეობას სტუმრობდა. მან შეხვედრაზე მისულ ზესოფლის მოსახლეობას უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებისამებრ ტრაქტორს ჩუქნიდნენ. საუბარი სწორედ იმ ტრაქტორზე იყო, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფო დაფინანსებით შეიძინა. მაგრამ მინისტრის წასვლისთანავე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა ბრძანება, რითაც სოფლისთვის ნაჩუქარი ტრაქტორი მასზე დაქვემდებარებულ შპს „კომუნალურსერვისს“ გადასცა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე ამბობს, რომ დოკუმენტურად ამ ტრაქტორს სოფელს ვერ გადასცემდა, რადგან ტექნიკა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

 

„ტრაქტორი, რომელიც სამინისტროსგან მიღებული თანხით შევიძინეთ, მუნიციპალიტეტის კუთვნილებაა, ამიტომაც გადავეცი შპს-ს განსაკარგავად. მექანიზატორი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და სოფელს როგორ გადავცე? შეინახავს? ეს სახელმწიფო ფული იყო და არავითარი ჩუქება არ ყოფილა, როგორც კანონი მოითხოვდა, ისე გავაკეთე“, _ განაცხადა ბადრი დიასამიძემ.

 

განსხვავებულ კომენტარს აკეთებს ქედის გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე. ის აცხადებს, რომ ტრაქტორი ზესოფლის მოსახლეობამ საჩუქრად მიიღო და ამ ტექნიკით სოფელი უფასოდ ისარგებლებს. „სოფელში არ არის იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელსაც გადავცემდით ტრაქტორს, ამიტომაც დროებით „კომუნალურსერვისს“ გადავეცით. ტრაქტორი, პირველ რიგში, ზესოფლის მოსახლეობას მოემსახურება უფასოდ, თუნდაც სახელმწიფოსგან გაცემული ვაუჩერული დაფინანსების პირობებში“, _ აცხადებ გურამ ბერიძე.

 

შპს „კომუნალურსერვისს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორმა“ (კომპანია, რომელიც სახელმწიფო ვაუჩერს გასცემს) ნიადაგის ვაუჩერით დამუშავების ნებართვა არ მისცა. შპს „კომუნალურსერვისის“ დირექტორი მალხაზ სურმანიძე: „ქედის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საბალანსო ღირებულებით ტრაქტორი უვადოდ გადმომეცა, ტექნიკას თვითონ განვკარგავ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორმა“ უფლება არ დაგვრთო ვაუჩერით ერთი სოფლისა და ერთი თემის მიწა დაგვემუშავებინა. შპს-ს ან ამხანაგობას, რომელსაც სურს სავარგულები დაამუშაოს, ტექნიკას ერთთვიანი ხელშეკრულებით გადავცემ“.

 

ქედაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ძვირადღირებული ტრაქტორი შეიძინეს, ამ ტექნიკით მუნიციპალიტეტში თითქმის არ უსარგებლიათ. განსაკუთრებით უკმაყოფილო კი ზესოფლის მოსახლეობაა: “ზამთარში, როცა დიდი თოვლი მოვიდა, გამგეობის ეზო უნდა გაეწმინდათ და შესაბამისი ნაწილი გატეხეს. ახლა კიდევ ტრაქტორით მიწის დამუშავების უფლებას არ გვაძლევენ. რისთვის იყიდეს ტექნიკა, თუ ვერ უნდა გამოგვეყენებინა?” _ ეს არის კითხვა, რომელზეც ზესოფელში მცხოვრებლები პასუხს ითხოვენ.

დევნილთა დასახლებაში კორპუსებს არემონტებენ

 

 

 
ადგილობრივების თქმით, კორპუსებს პრობლემები თავიდანვე ჰქონდა. ბზარები კედლებზე და ნესტისგან სველი კედლები – ამ მიზეზით დევნილთა დასახლების კორპუსებს, სარემონტო სამუშაოები რამდენჯერმე ჩაუტარდა.


“წყალი შემოდის კედლიდან, კედელი სულ გაშავებულია, უკვე ორჯერ გავარემონტე და ხელახლა გასაკეთებელია” – ამბობს როზა გერგედავა, მისი თქმით დანარჩენ კორპუსებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ.


ამ ეტაპზე კორპუსებს თბოიზოლაცია უკეთდება. სარემონტო სამუშაოები უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. სამუშაოთა მწარმოებლის თქმით თბოიზოლაცია გულისხმობს პენოპლასტითა და სხვა წყალგაუმტარი მასალით კედლების დაფარვას – “შენობა გარე ფაქტორებიდან დაცულია, ანუ გამორიცხულია წყლის შესვლა კედელში”.


დევნილთა დასახლების მე–2 კორპუსის მეორე სართულზე, 12 მარტს ელექტრო სადენებს ხანძარი გაუჩნდა, რის გამოც მეორე სართულზე ვიტალი ძანძავას ბინა დაიწვა – “ხანძრის მიზეზი იყო დენი, ბავშვები ძლივს გამოვიყვანეთ სახლიდან, პრობლემა ჩვენ რომ გვავქვს ისეთი არც ერთ კორპუსს არ აქვს. მერიას მივმართეთ განაცხადეით ოცი დღის წინ და დაგვპირდნენ, რომ ბინის შეკეთებას ორშაბათიდან დაიწყებენ” – ამბობს ის.


როზა გერგედავას თქმით, ხანძრის შედეგად გაშავებული სადარბაზოს შეღებვის თაობაზე პასუხი მერიისგან ჯერ არ მიუღიათ. 










დაბინძურებული პროდუქტი და არსაკმარისი კონტროლი

GE DIGITAL CAMERA

ურეხის დასახლებაში, ვარშანიძის ქუჩაზე ბუნებრივი წყაროს წყლით არა თუ ახლომახლო, არამედ ქალაქის სხვა მცხოვრებლებიც სარგებლობენ. წყალი სასმელად სხვადასხვა ორგანიზაციებშიც მიაქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს წყალი ონკანის წყალს ურჩევნიათ, წვიმის დროსაც არ იცვლის ფერს და გემოც უკეთესი აქვს. მოსახლეობას არ სჯერა, რომ იგი შესაძლოა დაბინძურებული იყოს: „წლებია ამ წყაროს წყალს ვსვამთ და მისგან ვინმე მოწამლულიყო, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. სათავე ნაგებობასაც ჩვენ ვუვლით, ვწმენდთ, იქაც სუფთადაა ყველაფერი”.

აღნიშნული წყაროს წყალი გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ წყალში არსებობდა ნორმაზე მეტი პათოგენური მიკროორგანიზმები, ასევე აღმოჩნდა კოლიფორმები (ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები) და E.coli (მიკრობები, რომელთა მომატება ნაწლავურ დაავადებებს იწვევს); წყალში მომატებული იყო ნიტრატების რაოდენობაც. 

 

სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, მათ შარშან აღნიშნულის შესახებ ბათუმის მერს მიმართეს. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ მომართვის შემდეგ წყაროსთნ საინფორმაციო დაფა გააკრეს, რომ წყალი დაბინძურებული იყო და მისი სასმელად გამოყენებისგან თავი შეეკავებინათ. თუმცა, წყაროს წყალს დღესაც ჩვეულებრივად მოიხმარენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ აქ რაიმე ამკრძალავი განცხადება გამოკრული არ უნახავთ. წყაროს წყალი „ბათუმის წყლის~ ლაბორატორიაშიც შეამოწმეს, სადაც იგივე დარღვევები გამოვლინდა, გარდა E.coli-ისა.

 

შპს „ბათუმის წყალში~, რომელიც მხოლოდ სისტემის (ონკანის) წყლის ხარისხზეა პასუხისმგებელი, აცხადებენ, რომ წელს მომართვა წყლის ხარისხთან დაკავშირებით არ ყოფილა.

„ჩვენ გეგმა გვაქვს _ ყოველდღიურად, სხვადასხვა ადგილზე, დღეში 5-6 სინჯს ვიღებთ და ვამოწმებთ. ჩვენი წყალი აბსოლუტურად შეესაბამება სტანდარტებს“, _ ამბობს ლანა კეკუტია, „ბათუმის წყლის” ქიმიურ-ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიის უფროსი. მისივე თქმით, სააგენტომ კომპანიას გასულ წელს ორჯერ მიმართა, ერთხელ ბარცხანის დასახლებაში მდებარე ზეთის საწარმო „ბათოილთან”, ხოლო მეორედ, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე რესტორან „კიდობანთან~ დაკავშირებით, სადაც სააგენტომ წყალი შეამოწმა.

„პირველ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ჭაბურღილის წყალი და სააგენტომ არასწორად მიუთითა ნიმუშის აღების დროს, რომ ეს ცენტრალიზებული სასმელი წყალი იყო. ჩვენ ამ ჭაბურღილის წყალზე, ისევე როგორც წყაროს წყალზე, პასუხს არ ვაგებთ. რაც შეეხება „კიდობანს”, იქ როგორც გავარკვიეთ, წყალი იყო ავზიდან აღებული და არა უშუალოდ სისტემიდან. მანდ წყალს აგროვებენ და შემდეგ მოიხმარენ. ჩვენ კი ავზზე პასუხისმგებელი არ ვართ”, _ ამბობს ლაბორატორიის უფროსი.

სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმის ცენტრალიზებულ სასმელ წყალთან დაკავშირებით გასულ წელს დარღვევა სამ შემთხვევაში დაფიქსირდა: 1. აღმაშენებლის 13, შპს „კიდობანი”, რესტორანი (აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები (არ დაიშვება); 2. თავდადებულის 83/ა (ფერიანობა 20° (ნორმა

„ბათუმის წყლის” ლაბორატორიაში ბოლო ორ შემთხვევაზე ინფორმაცია არ აქვთ. სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამ დარღვევების შესახებ მათ აცნობეს.
რაც შეეხება შპს “ბათოილს”, რომელიც ნონეშვილის ქუჩა 65-ში მდებარეობს. სააგენტოს მონაცემებით, ეს მცენარეული ზეთის საწარმო მოიხმარს ჭაბურღილის წყალს, რომელშიც მიკრობიოლოგიური გამოკვლევით აღმოჩნდა ნორმაზე მეტი პათოლოგიური მიკროორგანიზმები, საერთო კოლიფორმები და E.coli.

სასმელი წყალი ასევე დაბინძურებული აღმოჩნდა ხელვაჩაურში, ფ. ხალვაშის 171-ში, სოფელ ახალშენში (ტაშხანის წყალსადენი), სარფში, კვარიათში, გონიოში (ანდრია პირველწოდებულის 17), ახალსოფელში და ერგეში (საუწყებო წყალსადენი/ჭაბურღილი, „მეათე კომბინატი“).

დაბინძურებული იყო სასმელი წყალი ქედაში (აბუსერიძე-ტბელის 5-ში აღებული სინჯი).

სამი ნიმუში შემოწმდა ქობულეთში (შპს „ქობულეთის წყალი~) თუმცა, დარღვევა არც ერთში არ აღმოჩნდა.

სუფთა აღმოჩნდა წყალი ხულოშიც (თუმცა სააგენტოს მიერ შარშან შემოწმდა მხოლოდ ერთი ნიმუში სოფელ სტეფანაშვილებში, შპს „ორი გიო”-ს სასაკლაოზე (ლაბაიძეების წყალსადენი, ააიპ „ხულოს წყალსადენი”).

ლანა კეკუტიას თქმით, ნებისმიერი ბუნებრივი, ზედაპირული წყალი, რომელიც სპეციალურად არ იწმინდება, ბაქტერიოლოგიურად სუფთა არ არის. რაც შეეხება ნარჩენ ქლორს, ბათუმში აღებულ სინჯებში ის არ აღმოჩნდა (სააგენტომ გასულ წელს „ბათუმის წყალის~ 36 ნიმუში შეამოწმა. თუმცა, ერთ შემთხვევაში აღმოჩნდა ჟანგვადობის ნორმის დარღვევა, რაც პირდაპირ კავშირშია ნარჩენ ქლორთან).

მიუხედავად არაერთი განცხადებისა, რომ წყლის გაწმენდა ბათუმში უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, ყველაზე უსაფრთხო მეთოდით მოხდებოდა, დღეს წყალი, როგორც „ბათუმის წყლის~ ლაბორატორიაში გვითხრეს, ისევ ქლორით იწმინდება. კომპანიას მიმდინარე წელს (თურქული წარმოების) 70 ტონა ქლორის (საერთო ღირებულება 110 460 ლარი) შესყიდვაზე ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული.

სურსათის ეროვნული სააგენტო ინსპექტირებისას აღმოჩენილ დარღვევებზე მეწარმეს აჯარიმებს, აძლევს მითითებას და ვადას მათ გამოსასწორებლად. თუ დარღვევები კრიტიკულია, მათ გამოსწორებამდე საწარმო ჩერდება.

გასულ წელს სააგენტომ ბათუმში კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა: შპს “ბიჯი თრეიდის”, მაიაკოვსკის ქ N4 (აგრარული ბაზარი) და შპს “BATTUN”-ს (“PIER Restaurant”, ზღვისპირა პარკი). ისინი ათს-ათასი ლარითაც დაჯარიმდნენ.

“PIER Restaurant”-ში შემოწმებულ „ბრაუნსა“ და ცხვრის ხორცის ფარშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმები და საერთო კოლიფორმები. ბრაუნში ასევე აღმოჩნდა S.aureus (ძლიერი ჩირქმბადი მიკრობი, რომელიც იწვევს კანის დაავადებებს).

2013 წლის იანვრიდან დღემდე აჭარაში (ძირითადად ბათუმში) სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულია მხოლოდ 35 სახეობის პროდუქტი (მათ შორის სასმელი წყალი და მზა კერძები) აქედან დარღვევა დაფიქსირდა 26 შემთხვევაში.

სასმელი წყლისა და სურსათის შემოწმების შედეგად მათში პათოგენური მიკროორგანიზმებისა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები (კოლიფორმები), დასაშვებ ნორმასთან შეუსაბამო ჟანგვადობა, ნარჩენი ქლორი და სხვა დარღვევები აღმოჩნდა.

რაც შეეხება ღვინოს, შემოწმებულ ნიმუშებში ნორმებს არ შეესაბამებოდა აქროლადი და ორგანული მჟავები, უშაქრო ექსტრაქტი, ვაშლისა და ღვინის მჟავა, ასევე რძემჟავა.

გასული წლის იანვრიდან 10 მარტამდე აჭარის ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელიც სურსათის უვნებლობის ერთადერთი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა, შემოწმებული იქნა მთლიანობაში 171 ნიმუში.

ყველაზე მეტად შემოწმებულია სასმელი წყალი (50 სხვადასხვა ნიმუში), შემდეგ ღვინო (15 ნიმუში), თევზი, ხორცი (13-13 ნიმუში), ნაყინი (10 ნიმუში) ხორცის ფარში, ყველი (8-8 ნიმუში), ძეხვი (5 ნიმუში), ხაჭო (4 ნიმუში) კერძები, არაჟანი, რძე, უალკოჰოლო სასმელები, ფაფა (3-3 ნიმუში), ბრენდი, კონსერვი, სალათი, სოსისი, ხორბლის ფქვილი (2-2 ნიმუში); რაც შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს, რეგიონის მასშტაბით მათი მხოლოდ თითო ნიმუში შემოწმდა: არაყი, თაფლი, კარაქი, კარტოფილი, კვერცხი, ლიმონი, მანდარინი, მაწონი, ნადუღი, ნესვი, პომიდორი, პური, საზამთრო, სენდვიჩი, ბრაუნი შოკოლადით და თხილით, ხახვი.

წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში მხოლოდ ერთი ობიექტი შეამოწმა. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N7-ში მდებარე საშაურმეში შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქათმის ხორცი დაბინძურებული იყო პათოგენური მიკროორგანიზმებითა და ნაწლავის ჩხირით. სააგენტომ საშაურმე რამდენიმე დღის წინ, კრიტიკული შეუსაბამობის გამო 1000 ლარით დააჯარიმა და საქმიანობის გაგრძელების უფლებაც შეუჩერა.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი საქართველოში 2010 წლის ივნისიდან ამოქმედდა. ამოწმებენ როგორც გეგმიურად (მათ შესახებ მეწარმეს რამდენიმე თვით ადრე აფრთხილებენ), ასევე არაგეგმიურად (გაუფრთხილებლად). ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული საწარმოა შემოწმებული, სურსათის მწარმოებელ/დისტრიბუტორად კი, 20 ათასზე მეტი მეწარმეა დარეგისტრირებული.

ბავშვზე მოძალადე ბრალდებულის მეუღლის მორალი

 

 

 

ტელეფონის გათიშვამდე რუსიკო სალუქვაძეს კონკრეტულად იმ ცხრა წლის გოგონას ძალადობის ფაქტზე მივაწოდე ინფორმაცია, რომელთანაც გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარების გამო 75 წლის კაცი გასულ კვირას დააპატიმრეს. აღმოჩნდა, რომ ფაქტიდან 3 დღის შემდეგაც კი უწყებამ, რომელიც, წესით, ზრუნავს ასეთი ბავშვების რეაბილიტაციაზე, არაფერი იცოდა. საყვედურიც მივიღე _ თურმე ფაქტის შესახებ მათთვის მე უნდა მეცნობებინა.

 

რომ მცოდნოდა ასეთი უწყება არსებობს, აუცილებლად დავრეკავდი და ვეტყოდი.
მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი გამითიშეს, მსხვერპლი ბავშვის მისამართი დავადგინე და შევატყობინე… მერე მითხრეს, რომ სოცმუშაკები გაუშვეს ბავშვის ოჯახში. მოგვიანებით ისევ დავრეკე, ინტერვიუს ჩაწერაზე მინდოდა შეთანხმება. დღის 5 საათისთვის მითხრა ქალბატონმა რუსიკომ, რომ ტრენინგზეა, მერე სოფლის ექიმებს ხელშეკრულება უნდა გაუფორმოს და არასამუშაო საათებში კი ჟიური შარტავასადმი მიძღვნილ საღამოს დაესწროს…


ისევ ავუხსენი, რომ ჩემი სტატიის მიზანია ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია, ძალადობის მსხვერპლმა ბავშვებმა, მისმა მშობლებმა თუ ძალადობის თვითმხილველებმა, როგორ ისარგებლონ რეაბილიტაციის პროგრამით, თუმცა ჩემი მცდელობის მიუხედევად, ამ ნომერში დაგეგმილი სტატიის მომზადება ვერ შევძელი, ხსოვნის საღამო უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.


კითხვებზე პასუხის გამცემის ძებნის დროს აჭარის სოცმომსახურების სააგენტოს უფროსსაც დავურეკე. მან მითხრა, რომ ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა ქალბატონ რუსიკოს შეუძლია.


ქალბატონ რუსიკოსთან მობოდიშებით სამუშაო საათების ამოწურვამდე ისევ დავრეკე. მირჩია, რომ სტატია სხვა დროს მოვამზადო, თურმე, როცა ეცლება, მერე უპასუხებს ჩემს კითხვებს და როდის ეცლება, ჯერ არ იცის. ასე ერთ წრეზე ტრიალში დაღამდა, სადაცაა გაზეთი სტამბაში უნდა გავაგზავნოთ, ჩემი სტატია კი არ არის მზად. სტატია, რომლის მიზანიც იმ ადამიანების დახმარებაა, ვისი ბავშვიც ძალადობის მსხვერპლი გახდა


ასე გამოვიდა, უკან რესპონდენტებისგან მორალის კითხვის კვირა მოვიტოვე _ მორალი წამიკითხეს იმაზეც კი, სტატია როდის უნდა მოვამზადო, რა გავაშუქო და რა _ არა. არმესმის, ადამიანები ამდენის უფლებას საკუთარ თავს როგორ აძლევენ… 


 

გასულ კვირას სასამართლოში იმ კაცის აღმკვეთი ღონისძიებაზე დასასწრებად წავედი, ვინც პატარა გოგონაზე იძალადა. ვიცოდი, პროცესი რომ დაიხურებოდა, მაგრამ მაინცწავედი, იმკაცის დანახვა მინდოდა, ვინც ჩემს ქალაქში ტაქსის მძღოლად მუშაობს და ვინც პატარა გოგონაზე იძალადა.


 

სასამართლოს ჰოლში, პროცესისდაწყებამდედაახლოებით 80 წელს მიღწეული ქალი მოვიდა და ჯოხი ფეხზე მომიკაკუნა. `ფეხები გაასწორე, ჯვარედინად ფეხები უწესობის ნიშანია და ასე რყვნით ახალი თაობა კაცებს~, _ მითხრა ამ ქალმა. ვიეჭვე, რომ მოძალადის ნათესავი _ დედა ან ცოლი უნდა ყოფილიყო. ქალი 10 წუთი მიხსნიდა, ქალმა ფეხი ფეხზე რომ არ უნდა გადაიდოს, რადგან ეს გამომწვევი ქმედებაა; მითხრა ისიც, რომ 60 წელი უნივერსიტეტში ასწავლიდა და რომ არ ვიცნობ, თურმე, `სამარცხვინოა~; და თურმე მის ქმარს ბავშვზე ძალადობას აბრალებენ


 

პროცესის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტები მომრავლდნენ სასამართლო ჰოლში. ოჯახის წევრები ბრალდებულისა, რომელიც ბავშვზე ძალადობის გამო დააკავეს, ჟურნალისტებს გვსაყვედურობდნენ, რომ თურმე `ცირკი ვნახეთ~ და ეს რა გასაშუქებელ ითემაა. ისინი ჩვენ, ჟურნალისტებს დაგვესხნენ თავს.


 

მე კი ჩემი ეჭვი გამიმართლდა _ ქალი, რომელიც მორალს მიკითხავდა, მოძალადის მეუღლე აღმოჩნდა.


პირველ სექტემბერს სკოლის ნაცვლად ციმბირში

 

 

 

შალვა კაკაბაძე კვარიათში ცხოვრობს. ახლა ის 86 წლისაა, თუმცა იმ წლებს ემოციის გარეშე დღესაც ვერ იხსენებს. თვალებზე ცრემლი ადგება, როცა დედის და პატარა და-ძმის გადასახლების დღეებსა და ბავშვობაზე საუბარს იწყებს:

„რომ იცოდეთ, რა დღეები გადავიტანეთ… ხუთი წლის ვიყავი, როცა სარფი ორად გაიყო, ნაწილი თურქეთს დარჩა, ნაწილი კი – საქართველოს. 1933 წელს მამაჩემი ჟანდარმებმა დაიჭირეს, რაღაც ყალბ საბუთზე უნდოდათ რომ ხელი მოეწერა. როცა უარი მიიღეს, ექვსი საათი აწამეს. მკვდარი ეგონათ და მდინარესთან თხრილში ჩააგდეს. ვიღაც ქურთმა კაცმა იპოვა და გადაარჩინა. ლაზებს ყოველთვის გვავიწროებდნენ, რადგან თურქეთთან ახლოს ვცხოვრობთ, გასაბჭოების შემდეგ კი დიდი ნაწილი გადაასახლეს”.

 

გადასახლების ისტორიას ანტონინა, შალვა კაკაბაძის და, აგრძელებს. იგი იხსენებს, როგორ აღმოჩნდა ექვსი წლის გოგონა სკოლის ნაცვლად ციმბირში. „პირველი სექტემბერი მოდიოდა და მამაჩემმა სასკოლო ფორმა და ნივთები მიყიდა. მეორე დღეს სკოლაში უნდა წავსულიყავი. თუმცა, იმ საღამოს ოთხ საათზე სახლში ჟანდარმები მოვიდნენ. დედაჩემს კალთაში ჩავაფრინდი და ხელს არ ვუშვებდი, თან საშინლად ვტიროდი. სიაში ეწერა ჩემი ძმა, – სულიკო. ბოლოს ჟანდარმებმა თქვეს, სულიკო ქალებსაც ჰქვიათ, რას გაიგებენო და ჩემი ძმის ნაცვლად მე წამიყვანეს”.

„იმ ღამით მე სახლში არ ვიყავი” – საუბარში შალვა კაკაბაძე ერთვება, “მამაჩემს 800 მანეთი ვალი ჰქონდა ასაღები და იმის გამოსართმევად ვიყავი წასული. მატარებელი, რომლითაც გადასახლებულები მიჰყავდათ, სადგურში ნელა შემოვიდა და ის ფული დედაჩემს ფანჯარაში შევუგდე, თუმცა მაინც დაუკარგავთ გზაში”.

ციმბირისკენ მიმავალ მატარებელში ურეხიდან, სარფიდან, კაპრეშუმიდან და სხვა სოფლებიდან აყვანილი ოჯახებიც იყვნენ. მძიმე ცხოვრების ისტორიების თხრობას ისევ ანტონინა აგრძელებს: “ბევრი ტანჯვა-წვალება იყო. რამდენჯერ გაყინულ მდინარეში ჩავცვივდით, შიშვლები და მშივრები ვიყავით. ასამდე ოჯახი ფერმასავით მასიურ შენობაში შეგვასახლეს და იქ ვცხოვრობდით. 34-გრადუსიან ყინვაში გვიწევდა შეშის მოტანა და საკვებზე ზრუნვა. კარანტინის დროს სახლიდან არ გვიშვებდნენ. გარეთ მარტო ვერ გახვიდოდი, დათვი და მგელი შეგჭამდა. ცოტა ხნის შემდეგ დედამ ას მანეთად იქვე პატარა სარაია იყიდა, ერთი ქვრივი შეიხიზნა შვილებიანად და იქ გადავედით”.

დედისა და და-ძმების გადასახლების შემდეგ შალვა კაკაბაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მისი ოჯახის დანარჩენი წევრები კი ყაზახეთის გზას გაუყენეს. “ჩემი მეუღლე, რომელიც მხოლოდ 17 წლის იყო, ყოველთვის ტკივილით იხსენებდა იმ წლებს. ყაზახეთში ძალიან ცხელოდა და ღია ცის ქვეშ მუშაობის დროს, მზის დარტყმა მიიღო. ნერვიულობისგან კი შაქარმა აუწია და დიაბეტი დაემართა. წყალი არ ჰქონდათ, საჭმელი პრობლემა იყო და მიწაზე ეძინათ”.

 

გადასახლებიდან დაბრუნებულ ოჯახის წევრებს სახლში უცხო პირები დახვდნენ. სახლის დასაბრუნებლად კი მათთან დაპირისპირებაც მოუხდათ. “სამი ოჯახი იყო შესახლებული. ორი ოჯახი უფრო ადვილად დავითანხმეთ სახლის დაცლაზე, ერთი უარზე იყო, თუმცა დავიდარაბისა და ჩხუბის შემდეგ მაინც წავიდა”, – გვეუბნება შალვა კაკაბაძე.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ოჯახთან შეხვედრის პირველ წუთებს იხსენებს ანტონინაც: „ბათუმში, მოედანზე ჩამოგვსვეს. უამრავი ხალხი ირეოდა. უცებ ჩოჩქოლი ატყდა, ვიღაცას გული წაუვიდაო და ქუდებით წყალს მიარბენინებდნენ. ადამიანები მივწი-მოვწიე და ქალს მოსულიერება დავუწყე. ქალმა შემომხედა და ისევ წაუვიდა გული, თურმე ჩემი და ყოფილა და მიცნო. ერთმანეთს ვეხვეოდით და თან ვტიროდით. არასოდეს დამავიწყდება ჩემი ძაღლის ცრემლებიც, როცა შვიდი წლის შემდეგ ისევ დაგვინახა ადამიანივით განიცდიდა, არასდროს ამოვა ჩემი გონებიდან”.

მოხუცები მოგონებებს ეძლევიან, შემდეგ შალვა კაკაბაძე ისევ აგრძელებს: „ფეხშიშველი, მშიერ-მწყურვალი დავრბოდი… ძალიან მიმძიმს იმ წლების გახსენება. დაღონებულ კაცს რომ დავინახავ, დღესაც ძალიან განვიცდი. მირჩევნია, მე ნაკლები დამრჩეს და მასაც გავუყო ლუკმა. ასე გვასწავლიდნენ და გვზრდიდნენ”.

თუმცა, რეჟიმმა თავისი დაღი ყველაფერს დაასვა. ანტონინა მამის შეგონებას იხსენებს: „ერთხელ მამაჩემმა კუ მოგვიყვანა და გვითხრა: “ხედავთ? როცა საფრთხეს გრძნობს, იმალება. თქვენც დაგიდგებათ მძიმე დრო, ამიტომ ამ კუსგან უნდა ისწავლოთ, თუ ზურგი მაგარი არ გაქვთ, სხვის საქმეში თავი არ უნდა ჩაყოთო”.

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლაში სწავლის საფასური შემცირდა

 

 

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა ოთხი წელია რაც ფუნქციონირებს. თავდაპირველად სწავლის ყოველ წლიური გადასახადი  4800 ლარს შეადგენდა, შემდეგ 3900 ლარს,  ხოლო იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც წელს ჩააბარებენ სასწავლო ცენტრში – სწავლის საფასური  2250 ლარი იქნება.


როგორც საბაკალავრო პროგრამების აკადემიური მენეჯერი, მარია ზოიძე ამბობს, შეხვედრის მიზანია აჭარაში კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ხოლო სწავლის საფასურის შემცირება, აჭარის მოსახლეობის

ფინანსური მდგომარეობით არის გამოწვეული – ბათუმში რომ არის ჩვენი უნივერსიტეტი და კერძოდ ტურიზმის სკოლა, ამის შესახებ ძალიან ცოტამ იცის, დღევანდელი შეხვედრით და ჩვენი ფასდაკლებით გვინდა გავზარდოთ იმფორმირებულობის დონე ჩვენს შესახებ და შედარებით ხელმოკლე ოჯახებს მივცეთ შესაძლებლობა მიიღონ დასავლური მაღალი ხარისხის განათლება!“ – თქვა მარია ზოიძემ.

ინტელექტუალური მარათონი სასკოლო კლუბების ფარგლებში

 

 

 

ფინალურ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლის, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლისა და შპს „ფარნავაზის“ ქობულეთის საერო სკოლის გუნდები. 

 

გამარჯვება ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლის გუნდმა „ნიუბიმ“ მოიპოვა, ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მოაზროვნე, საუკეთესო კაპიტანი და საუკეთესო კითხვის ავტორი.

 

ფინალურ ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცათ წიგნები, დიპლომები და სხვადასხვა ფასიანი საჩუქარები.

 

2013 წელს, სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში კლუბმა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო დაფინანსება 1800 ლარის ოდენობით. 

ღონისძიებას ეწსრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები. 

 

TV4 – ახალი ტელევიზია ბათუმში

 

არხზე ამჟამად ხუთი ჟურნალისტი მუშაობს.  საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტი ეკა ლორთქიფანიძეა,  ხოლო პოლიტიკურ თოქ-შოუს კვირაში ორჯერ ნათია კირცხალია წაიყვანს. არხზე საინფორმაციო გამოშვებები დღეში ორჯერ გავა.  

 

მსაჯების კვალიფიკაცია აჭარაში

 

29 წლის ნიკა კუცია ორი წელია ფეხბურთის მსაჯია. ის ამბობს, რომ მისი არჩევანი ფეხბურთის სიყვარულმა განაპირობა. ნიკა კუცია ამჟამად პირველ და რეგიონალურ ლიგაში და დუბლებში მსაჯობს. ის ევროპის კატეგორიის არბიტრის მოსაპოვებლად აჭარიდან ოთხ მსაჯთან ერთად პერეკვალიფიკაციას გადის.

 

„17 წლამდე ვთამაშობდი ფეხბურთს. 2012 წელს მოვედი მსაჯად. გავიგე, რომ ფიფას ყოფილი არბიტრი, ოთარ გუნთაძე იყო ჩამოსული და ვისაც მსაჯობა უნდოდა, გადასახადის გარეშე შეეძლო მოსულიყო და ესწავლა. მსაჯობა პირველ რიგში ფეხბურთის სიყვარულმა გადამაწყვეტინა“,  – ამბობს ნიკა კუცია.

 

დღესდღეობით ფეხბურთის ფედერაცია გამონაკლისია, რადგან აჭარაში მხოლოდ მას აქვს მსაჯების მომზადების პროგრამა. ამ პროგრამისთვის აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა ფედერაციას 15 ათასი ლარი გადასცა. დეპარტამენტის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელი მინდია ქათამაძე განმარტავს, რომ ამ პროგრამის განხორციელება სამი წლის წინ დაიწყო.

 

„ფეხბურთში სავალალო მდგომარეობაში ვიყავით. კვალიფიციური მსაჯების არ ყოფნის გამო აჭარის ფეხბურთელები ვერც ერთ ლიგაში ვერ მონაწილეობდნენ,“ –  ამბობს ის.

 

პროგრამით კმაყოფილია, თუმცა მინდია ქათამაძე აქვე დასძენს, რომ სპორტული ფედერაციების 80%-ზე მეტს არ ჰყავს კვალიფიციური მსაჯი. ის ამბობს, რომ ამ საკითხზე ფედერაციებმა უნდა იმუშაონ.

 

მინდია ქათამაძე: „დეპარტამენტი წლის დასაწყისში ფედერაციებს ხვდება და სთავაზობს მოამზადონ მათი დარგის განვითარებისთვის საჭირო პროექტები. ყველა ფედერაციას სურს მსაჯების გადამზადება, მაგრამ მხოლოდ სურვილით მოგვმართავენ. მსაჯების გადამზადება ძვირი ჯდება. ყველა მსაჯი რომ დეპარტამენტმა გადაამზადოს, აჭარის ბიუჯეტიც არ ეყოფა. ამიტომ საჭიროა ფედერაციებმა ჩაატარონ გამოკვლევა და წარმოადგინონ კონკრეტული პროექტები, დაასაბუთონ, რატომ სჭირდებათ მსაჯების მომზადება, რა არის ამისთვის საჭირო, რა ხარჯებს მოიცავს და რა შედეგს მოიტანს. მაგრამ მსაჯთა გადამზადების პროგრამა დღემდე არავის შემოუტანია დეპარტამენტში“.

 

აჭარაში სამი ძირითადი კატეგორიის მსაჯები არიან  –  ისინი, ვისაც მხოლოდ შიდა ტურნირებზე აქვთ მსაჯობის უფლება, ვინც საქართველოს ფარგლებში ჩატარებულ ნებისმიერ ტურნირს გაუძღვება და საერთაშორისო არბიტრები. სულ 76 კვალიფიციური მსაჯიდან მხოლოდ ექვსია საერთაშორისო არბიტრი, სამი – ჭიდაობის სახეობაში, სამი კი – საავტომობილო სპორტში. დანარჩენი 68 არბიტრი ეროვნულ ტურნირებზე მსაჯობს.

 

არის სპორტის სახეობები, სადაც მწვრთნელები ითავსებენ მსაჯობის ფუნქციასაც, ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი აბესალომ ბასილია, რომელიც ამავდროულად მწვრთნელიცაა, ამბობს, რომ შიდა შეჯიბრებებზე მსაჯი თვითონაა. მსაჯობა ხანდახან ფარიკაობის ვიცე-პრეზიდენტ იმედო გათენაძესაც უწევს. აჭარაში ფარიკაობას ერთი მსაჯი გელა მიქელაძე ჰყავს. სამომავლოდ მსაჯის კვალიფიკაციის მისაღებად ემზადება იმედო გათენაძეც. 

 

ყველაზე მეტი, 10 მსაჯი ჭიდაობის ფედერაციას ჰყავს. ველოსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსაჯი ველოსპორტში არა თუ აჭარაში, საქართველოშიც არაა. ასევე არ არის საქართველოში კვალიფიციური მსაჯი ფრენბურთში. აჭარაში არ ჰყავს მწვრთნელი ძიუდო-სამბოს; ოლიმპიურ სახეობებში – კალათბურთს, ხელბურთს, მაგიდის ჩოგბურთს, მშვილდოსნობას და ძალოსნობას. ფედერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მიმდინარეობს მზადება მსაჯების კვალიფიკაციის ასამაღლებლად და წელს თუ არა, გაისად ეყოლებათ მსაჯები.

 

იმ სახეობებში, სადაც კვალიფიციური მსაჯები არ არიან, ჩემპიონატებზე და ოფიციალურ შეჯიბრებებზე, საქართველოს ფედერაციიდან იწვევენ მსაჯებს.

 

ოთარ გუნთაძე ამბობს, რომ მსაჯებს ფეხბურთშიც იწვევენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კი ერთდროულად ბევრი ტურნირის გამო რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა. ფეხბურთის ფედერაციაში მსაჯთა კომიტეტი გარდა ხუთი საპერეკვალიფიკაციო მსაჯისა, 20 სკოლის მოსწავლესაც ამზადებს. ისინი უფასოდ ემზადებიან და ასევე უფასოა სხვა ნებისმიერი მსურველისთვისაც. 

 

ოთარ გუნთაძე, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე (ფეხბურთის ფედერაციისა და დეპარტამენტის მოწვევით), ფიფას ყოფილი არბიტრი:

 

„ამჟამად 20 ახალგაზრდა გადის ინტენსიურ სამსაჯო მოსამზადებელ ეტაპს. მათ კვირაში ოთხჯერ უტარდებათ საათნახევრიანი, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლება. თეორიაში მსაჯობის წესებს ვასწავლით, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი პრაქტიკულ მეცადინეობაზე გაგვყავს. სწავლების ბოლო ეტაპზე მათ ვუტარებთ ტესტირებას და მსაჯობისთვის რამდენიმე შეირჩევა.

 

ასეთი მიდგომა გვაქვს, რომ რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დავიწყოთ მსაჯების ჩამოყალიბება. სამსაჯო ასაკის 17-18 წლის რომ გახდებიან, უკვე მომზადებული გვეყოლება თეორიაში და პრაქტიკაში, რის შემდეგაც საშუალება გვექნება ოფიციალურ თამაშებზე დავტვირთოთ, სადაც შესაბამისი ანაზღაურება ექნებათ“.

რაც შეეხება მსაჯების ანაზღაურებას, მინდია ქათამაძის თქმით, ეროვნული კატეგორიის მსაჯის ჰონორარი ერთ შეჯიბრზე 20 ლარია, თუკი საერთაშორისო არბიტრი მსაჯობს – 30 ლარი, ხოლო ვისაც მხოლოდ შიდა ტურნირზე აქვს უფლება მსაჯობისა, მისი ჰონორარი 15 ლარია. 

 

Exit mobile version