კვირის ამბები

„განმანათლებლები“ – ისწავლე და გადაეცი სხვას

07.04.2014 • 2431
„განმანათლებლები“ – ისწავლე და გადაეცი სხვას

 

 

პატარა ოთახში 12 მოზარდია. სკამები არ ჰყოფნით, თუმცა ეს არ ანაღვლებთ. რამდენიმე მაგიდასთან ზის, დანარჩენი კი ხალიჩაზე სხედან და გაშლილ ლეპტოპებს ჩაჰკირკიტებენ. თამთა, ნინო, ხატია, მარი, ედო, ბესო და სხვები ტრენინგისთვის ემზადებიან. საგზაო წესების და უსაფრთხოების შესახებ პირველ-მეოთხე კლასელებს ტრენინგი უნდა ჩაუტარონ. ოთახში საქმიანი და ხმაურიანი გარემოა. ჩემს კითხვებზე ერთდროულად იწყებენ პასუხის გაცემას, ერთმანეთს არ აცლიან. „რიგრიგობით ილაპარაკეთ რა,“ – ამბობს ხატია ზუხუბაია. იგი ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრია ცენტრის დაარსებიდან დღემდე და კვირაში რამდენიმეჯერ, სკოლის შემდეგ აქ მოდის, რომ ისწავლოს და ასწავლოს.  ახალგაზრდული ცენტრის მთავარი მისია სწორედ ესაა, ცენტრის წევრებმა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოსწავლეები არიან, მათივე თანატოლებს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ცოდნა უნდა გაუზიარონ და თავადაც აქციონ „განმანათლებლებად“.

 

 

„ეს არის საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტი, რომელსაც ჰქვია ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში და მისი ფინანსური მხარდამჭერი არის UშAID-ი, ანუ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. პროექტი ხორციელდება საქართველოს 13 რეგიონში და მათ შორის ბათუმში, პარტნიორი ორგანიზაცია ვართ ჩვენ  –  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ –  მიხსნის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი მარი ზაქარაძე. მარი სტუდენტია, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლობს მენეჯმენტს. დღის მნიშვნელოვან ნაწილს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ ატარებს, ახალგაზრდულ ცენტრს უწევს კოორდინაციას, ღონისძიებებს, ტრენინგებს და სხვადასხვა აქტივობას გეგმავს, ახალგაზრდული ცენტრის გვერდს მართავს სოციალურ ქსელებში.

 

 

ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე შეიქმნა ორი წლის წინ. თავიდან რამდენიმე მოსწავლე იყო, შემდეგ ცენტრს მოზარდები სხვადასხვა სკოლიდან, ბათუმიდან და აჭარის სოფლებიდან შემოუერთდნენ და ახლა ასზე მეტნი არიან. ცენტრში გაწევრიანება ყველა მოსწავლეს შეუძლია, მთავარია ამის სურვილი და მოტივაცია ჰქონდეს. ცენტრის წევრებმა აქ ერთმანეთი მოიყვანეს, ზოგმა ფეისბუქზე ნახა გვერდი – „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“, ზოგმა მეგობრიდან გაიგო.

 

 

„მე საერთოდ სხვა ქალაქში გავიგე ამ ცენტრის არსებობის შესახებ. ბაზალეთში ვიყავი ტრენინგზე, იქ მომიყვნენ ამ ცენტრის შესახებ და მოვედი“, –  ამბობს რუსუდან სარხანიძე.

 

 

გიორგი გვარიშვილი ოთახში ყველაზე პატარაა, ახალგაზრდულ ცენტრში მას შემდეგ გადაწყვიტა გაწევრიანება, როცა დის საქმიანობით დაინტერესდა: „ჩემი და დადის აქ დიდი ხანია და მისგან ვიგებდი ამ ღონისძიებების შესახებ. ბევრ ტრენინგს დავესწარი, ახლა ვამზადებთ ტრენინგს საგზაო უფლებების დაცვაზე და უნდა ჩავუტაროთ ბავშვებს. დაყოფილი ვართ ჯგუფებად, თითო ჯგუფში ოთხი ვართ, აღებული გვაქვს ერთი სკოლა და თითო ჯგუფი ერთ სკოლაში ჩაატარებს ტრენინგს“ –  ამბობს გიორგი.

 

 

კონკრეტულად რას აკეთებს ახალგაზრდული ცენტრი? მარი ზაქარაძე მიხსნის: „ძირითადად აღვნიშნავთ სამოქალაქო, საერთაშორისო დღეებს, რაც აღინიშნება მთელი წლის განმავლობაში გაეროს კალენდრით და ამ დღეს გვაქვს სხვადასხვა აქტივობა, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ვმუშაობთ ექვსი მიმართულებით: გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გარემოს დაცვა, კულტურა და განათლება. ანუ ექვსი ქვეკლუბი გვაქვს და ამ ქვეკლუბებში არიან ბავშვები გაწევრიანებული მათი ინტერესების მიხედვით. გვაქვს საჯარო აქციები, საინფორმაციო აქციები, თანატოლთა ტრენინგები, კინოჩვენება, წიგნის კლუბი და ასე შემდეგ.“

 

 

აქ ამბობენ, რომ მათი ყველაზე ძლიერი მხარე თანატოლთა ტრენინგებია, როცა სხვადასხვა სკოლაში მიდიან და ტოლერანტობაზე, ადამიანის უფლებებზე, გენდერულ თანასწორებაზე ესაუბრებიან მათივე თანატოლებს. მანამდე კი თავად სწავლობენ. ხშირად სწორედ ასეთი ტრენინგების შემდეგ ემატებათ ახალი წევრები, რომლებიც მოგვიანებით თავად ხდებიან `განმანათლებლები~ და თავის მხრივ, სხვების მოზიდვას ცდილობენ ცენტრში.

 

 

„პირველად რომ ტრენინგს ვატარებდი, ძალიან ვინერვიულე,“ –  იხსენებს სალო დეკანაძე. – „მეგონა, ბავშვი რომ ვიყავი, არასერიოზულად მიიღებდნენ, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან კარგია თანატოლგანმანათლებლობა და ძალიან მომწონს პრინციპი – შენი ცოდნა შეგიძლია გაუზიარო სხვას. პირველად ჩავატარე ტრენინგი ტოლერანტობაზე, ანა ფრანკის მაგალითზე განვიხილეთ. იყო ისეთი შეკითხვებიც, რაზეც პასუხი არ მქონდა, მაგრამ მიხვდი, რომ შემდეგში უფრო მომზადებული უნდა ვიყო, უნდა ველოდო ისეთ შეკითხვებს, რაზეც არ მიფიქრია.“

 

 

„ხელვაჩაურში ვიყავით გასულ კვირას, მე ვატარებდი ტრენინგს ქალთა უფლებებსა და გოგონების ეფექტზე, ნაადრევ ქორწინებაზე. ისე დაინტერესდნენ ბავშვები, რომ დავასრულეთ, მოვიდნენ და გვკითხეს, თუ შეიძლება გაწევრიანებაო“, – მიყვება მარიამ ჩხაიძე.

 

 

ხატია ზუხუბაია თავის პირველ ტრენინგს იხსენებს: „ეს იყო მოსწავლის და მასწავლებლის უფლებებზე, არ ვნერვიულობდი. ძალიან საინტერესო გამოვიდა, უფლებადამრღვევებადაც მოგვევლინნენ მოსწავლეები, მასწავლებლის თვალით დაინახეს საკუთარი თავი. შემდეგ იყო ტრენინგები ტოლერანტობაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს პროექტი მარტო ერთ ქალაქს არ მოიცავს, ყველგან მყავს უკვე მეგობრები, ბევრი ადამიანი გავიცანი, რომლებიც ახლა ჩემი მეგობრები არიან, გრძნობ ადამიანებს შენ გვერდით და იცი, რომ ვიღაცის იმედი უნდა გქონდეს“, – ყვება ხატია.

 

 

რა იცვლება სხვა მოსწავლეებისთვის და პირადად მათთვის ამ ტრენინგებისა და ცენტრში მუშაობის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხობენ, რომ ბევრი რამ, პირველ რიგში კი თავად შეიცვალნენ.

 

 

„ბევრი ისეთი ჩვევა გამომიმუშავდა, რაც აქამდე არ მქონდა“ – მეუბნება ბესო ხოზრევანიძე – „ბევრი მეგობარი გავიჩინე და უფრო კომუნიკაბელური გავხდი, მეხმარება ეს ყველაფერი. სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანებს ვხვდები და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის სტერეოტიპები იმსხვრევა“.

 

 

ლელა შარაძე: „რეალურად მეც არ ვიცოდი, რატომ იყო ასე, მაგრამ როცა ქუჩაში გავდიოდი და ვხედავდი, მაგალითად თურქს, მეშინოდა მისი, ან იგივე, შავკანიანს ვარიდებდი თავს, მაგრამ იმდენად გავაცნობიერე ჩემი შეხედულება არასწორია, რომ ჩემთვის უკვე დაინგრა სტერეოტიპი, –  განსხვავებული ადამიანების მეშინოდეს.“

 

 

„თუ ერთი ადამიანი კარგია ან ცუდი, ეს არ ნიშნავს, რომ ერი ცუდია ან კარგი, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. თავიდან ბევრი გვიპირისპირდებოდა, თუნდაც სკოლაში, რომ აი, რა გინდათ მანდ, რატომ წვალობთ, როცა შეგიძლია მარტივად მოიპოვო რაღაც. ეს მარტივად მოპოვებული რომ არ მოგვწონს, ფიქრი გვინდა და აზროვნება გვჭირდება, ამიტომ ვცდილობთ ვიბრძოლოთ ვიღაცის უფლებისთვის. ჩვენ არ ვიბრძვით ხმლით, ჩვენ ვიბრძვით განათლებით“, – ამბობს ხატია.

 

 

„ვიღაც-ვიღაცები ამბობდნენ, ტყუილად დროს აცდენ, მაგას სჯობს სახლში დაჯდე, გაკვეთილები ისწავლო, გზის ფულს ხარჯავო… თავიდან ვბრაზდებოდი, მერე აღარ“, – იცინის ზურა კახაძე.

 

 

კითხვაზე, როგორ სწავლობენ სკოლაში, პასუხობენ: „კარგად“. „ნორმალურად“, „ცუდად არა!“

 

 

ნინო ბერიძე #1 საჯარო სკოლაში სწავლობს, ამბობს, რომ კარგი მოსწავლეა. „მასწავლებლებთანაც დავდივარ. აქ კვირაში რამდენჯერმე მოვდივარ, ფასილიტატორიც ვარ, ტრენინგებს აქ ვგეგმავთ, თან დღისით ვერ ვსწავლობ, ღამე მიყვარს მეცადინეობა, თავისუფლად ვეტევი დროში, ყველაფერს ვასწრებ“, –  ამბობს ნინო.

 

 

ედო ბიბინეიშვილი #16 სკოლელია. იგი ამბობს, რომ მშობლებს მოსწონთ მისი საქმიანობა: „რაც შეეხება დროის განაწილებას, შეიძლება დრო არ მქონდეს, მაგრამ პრიორიტეტს ვანიჭებ ახალგაზრდულ ცენტრს.“

 

 

ანა გაგუა 16 წლისაა. იგი ამბობს, რომ ცდილობს სწავლის პარალელურად აქტიური იყოს. „თავისუფალი გრაფიკი გვაქვს, ყველა კვირას წინასწარ ვგეგმავთ“, – ამბობს ანა.

 

 

კითხვაზე, რა არის ყველაზე რთული მათთვის, ერთ პასუხზე თანხმდებიან – სამუშაო დროის დაგეგმვა, რადგან ყველა მათგანს თავისი გრაფიკი აქვს და შეხვედრების დაგეგმვისას კოორდინატორ მარის ყველაფრის გათვალისწინება უწევს.

 

 

მარი ამბობს, რომ სკოლები სიხარულით თანხმდებიან მათ ინიციატივას, თანატოლებმა ტრენინგები ჩაუტარონ მოსწავლეებს: „ბევრი შემოთავაზება გვაქვს ახლა, მე კი აღარ ვუკავშირდები, რომ მოვალთ და ასე შემდეგ, პირიქით იქით გვეუბნებიან, რომ მოდით და ჩაატარეთ, იმიტომ, რომ ხედავენ კარგი შედეგი აქვს“. 

 

 

ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში 15-მდე ჩატარებულ ტრენინგს შორის რამდენიმეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ტრენინგი ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, მოსწავლეთა უფლებებზე, ტოლერანტობაზე. ნინო ბერიძე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ტრენინგს იხსენებს და იმაზეც მიამბობს, რა შეიცვალა მასში:

 

 

„ქობულეთის #5 საჯარო სკოლაში გვქონდა ბოშათა უმცირესობასთან ტრენინგი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენგანისთვის სტერეოტიპი ბოშებზე დაინგრა. იქ იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, რომლებიც ჩვენსავით იღებენ განათლებას, შეიძლება ჩვენზე მეტი წიგნი ჰქონდეთ წაკითხული და თავისუფლად შეუძლიათ დისკუსიაში შემოსვლა და დამტკიცება, რომ ცდები. თავიდან ბოლომდე შევიცვალე, ახლა მიმაჩნია, რომ ვიყავი რასისტი და ჰომოფობი, მივხვდი, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და არ უნდა არსებობდეს რაიმე ბარიერი ადამიანებთან ურთიერთობაში“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: