მოსახლეობამ უჩა ნანუაშვილს თხოვნით მიმართა სახალხო დამცველის უწყებამ გამოყოს სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის მათ პრობლემებს. მათ სახალხო დამცველს ამ დროისთვის დასახლებაში არსებული ძირითადი პრობლემები გააცნეს.
„დასახლებაში 150 ბავშვია. გვინდა, რომ გვქონდეს ბაგა ბაღი. არიან ჩვილბავშვიანები. ბავშვები მუყაოს კედლებში დაავადდნენ. ბევრმა სესხი გამოიტანა, რომ ქვის კედლები აეშენებინა. არ გვაქვს წყალი, მხოლოდ გრაფიკით გვიწევს წყლით სარგებლობა. გვინდა სახალხო დამცველმა გამოყოს მონიტორინგის ჯგუფი, შეისწავლოს მოსახლეობის თითოეული პრობლემა და დადოს ობიექტური დასკვნა ჩვენს მდგომარეობაზე“ – განაცხადა შეხვედრისას დასახლების ერთ-ერთმა მცხოვრებმა მარინა ბერიძემ.
უჩა ნანუაშვილმა შეხვედრისასა აღნიშნა, რომ არსებულ დასახლებაში არსებობს პრობლემა, რომელსაც სისტემური მიდგომა სჭირდება.
„არ მეგონა თუ აქ ამდენი ოჯახი იყო, მდგომარეობა მძიმეა. აქ შეიძლება იყოს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები. სოციალური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სტიქიით დაზარალებულთა პრობლემები. აუცილებელია სახელმწიფოს ყველა უწყების ჩართვა, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის გამოსწორება. შეუძლებელია ერთ დღეში ამ საკითხების მოგვარება, მაგრამ უნდა არსებობდეს პრობლემების მოგვარების სტრატეგია. შესაძლოა რაღაც საკითხები ვერ გადაწყდეს აჭარის რესპუბლიკის მხრიდან და აუცილებელი იყოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა“. – განაცხადა სახალხო დამცველმა.
უჩა ნანუაშვილს კომისიის შექმნაზე არ უსაუბრია. მან აღნიშნა, რომ აქ დასახლებული მოსახლეობის პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს. „ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს, რომ სახელმწიფო უწყებებმა გამოიჩინოს შესაბამისი ყურადღება. ხვალ გვექნება ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათ წინაშე დავაყენებთ ამ საკითხს“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.