სპორტი

მსაჯების კვალიფიკაცია აჭარაში

04.04.2014 • 1791
მსაჯების კვალიფიკაცია აჭარაში

 

29 წლის ნიკა კუცია ორი წელია ფეხბურთის მსაჯია. ის ამბობს, რომ მისი არჩევანი ფეხბურთის სიყვარულმა განაპირობა. ნიკა კუცია ამჟამად პირველ და რეგიონალურ ლიგაში და დუბლებში მსაჯობს. ის ევროპის კატეგორიის არბიტრის მოსაპოვებლად აჭარიდან ოთხ მსაჯთან ერთად პერეკვალიფიკაციას გადის.

 

„17 წლამდე ვთამაშობდი ფეხბურთს. 2012 წელს მოვედი მსაჯად. გავიგე, რომ ფიფას ყოფილი არბიტრი, ოთარ გუნთაძე იყო ჩამოსული და ვისაც მსაჯობა უნდოდა, გადასახადის გარეშე შეეძლო მოსულიყო და ესწავლა. მსაჯობა პირველ რიგში ფეხბურთის სიყვარულმა გადამაწყვეტინა“,  – ამბობს ნიკა კუცია.

 

დღესდღეობით ფეხბურთის ფედერაცია გამონაკლისია, რადგან აჭარაში მხოლოდ მას აქვს მსაჯების მომზადების პროგრამა. ამ პროგრამისთვის აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა ფედერაციას 15 ათასი ლარი გადასცა. დეპარტამენტის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელი მინდია ქათამაძე განმარტავს, რომ ამ პროგრამის განხორციელება სამი წლის წინ დაიწყო.

 

„ფეხბურთში სავალალო მდგომარეობაში ვიყავით. კვალიფიციური მსაჯების არ ყოფნის გამო აჭარის ფეხბურთელები ვერც ერთ ლიგაში ვერ მონაწილეობდნენ,“ –  ამბობს ის.

 

პროგრამით კმაყოფილია, თუმცა მინდია ქათამაძე აქვე დასძენს, რომ სპორტული ფედერაციების 80%-ზე მეტს არ ჰყავს კვალიფიციური მსაჯი. ის ამბობს, რომ ამ საკითხზე ფედერაციებმა უნდა იმუშაონ.

 

მინდია ქათამაძე: „დეპარტამენტი წლის დასაწყისში ფედერაციებს ხვდება და სთავაზობს მოამზადონ მათი დარგის განვითარებისთვის საჭირო პროექტები. ყველა ფედერაციას სურს მსაჯების გადამზადება, მაგრამ მხოლოდ სურვილით მოგვმართავენ. მსაჯების გადამზადება ძვირი ჯდება. ყველა მსაჯი რომ დეპარტამენტმა გადაამზადოს, აჭარის ბიუჯეტიც არ ეყოფა. ამიტომ საჭიროა ფედერაციებმა ჩაატარონ გამოკვლევა და წარმოადგინონ კონკრეტული პროექტები, დაასაბუთონ, რატომ სჭირდებათ მსაჯების მომზადება, რა არის ამისთვის საჭირო, რა ხარჯებს მოიცავს და რა შედეგს მოიტანს. მაგრამ მსაჯთა გადამზადების პროგრამა დღემდე არავის შემოუტანია დეპარტამენტში“.

 

აჭარაში სამი ძირითადი კატეგორიის მსაჯები არიან  –  ისინი, ვისაც მხოლოდ შიდა ტურნირებზე აქვთ მსაჯობის უფლება, ვინც საქართველოს ფარგლებში ჩატარებულ ნებისმიერ ტურნირს გაუძღვება და საერთაშორისო არბიტრები. სულ 76 კვალიფიციური მსაჯიდან მხოლოდ ექვსია საერთაშორისო არბიტრი, სამი – ჭიდაობის სახეობაში, სამი კი – საავტომობილო სპორტში. დანარჩენი 68 არბიტრი ეროვნულ ტურნირებზე მსაჯობს.

 

არის სპორტის სახეობები, სადაც მწვრთნელები ითავსებენ მსაჯობის ფუნქციასაც, ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი აბესალომ ბასილია, რომელიც ამავდროულად მწვრთნელიცაა, ამბობს, რომ შიდა შეჯიბრებებზე მსაჯი თვითონაა. მსაჯობა ხანდახან ფარიკაობის ვიცე-პრეზიდენტ იმედო გათენაძესაც უწევს. აჭარაში ფარიკაობას ერთი მსაჯი გელა მიქელაძე ჰყავს. სამომავლოდ მსაჯის კვალიფიკაციის მისაღებად ემზადება იმედო გათენაძეც. 

 

ყველაზე მეტი, 10 მსაჯი ჭიდაობის ფედერაციას ჰყავს. ველოსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსაჯი ველოსპორტში არა თუ აჭარაში, საქართველოშიც არაა. ასევე არ არის საქართველოში კვალიფიციური მსაჯი ფრენბურთში. აჭარაში არ ჰყავს მწვრთნელი ძიუდო-სამბოს; ოლიმპიურ სახეობებში – კალათბურთს, ხელბურთს, მაგიდის ჩოგბურთს, მშვილდოსნობას და ძალოსნობას. ფედერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მიმდინარეობს მზადება მსაჯების კვალიფიკაციის ასამაღლებლად და წელს თუ არა, გაისად ეყოლებათ მსაჯები.

 

იმ სახეობებში, სადაც კვალიფიციური მსაჯები არ არიან, ჩემპიონატებზე და ოფიციალურ შეჯიბრებებზე, საქართველოს ფედერაციიდან იწვევენ მსაჯებს.

 

ოთარ გუნთაძე ამბობს, რომ მსაჯებს ფეხბურთშიც იწვევენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კი ერთდროულად ბევრი ტურნირის გამო რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა. ფეხბურთის ფედერაციაში მსაჯთა კომიტეტი გარდა ხუთი საპერეკვალიფიკაციო მსაჯისა, 20 სკოლის მოსწავლესაც ამზადებს. ისინი უფასოდ ემზადებიან და ასევე უფასოა სხვა ნებისმიერი მსურველისთვისაც. 

 

ოთარ გუნთაძე, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე (ფეხბურთის ფედერაციისა და დეპარტამენტის მოწვევით), ფიფას ყოფილი არბიტრი:

 

„ამჟამად 20 ახალგაზრდა გადის ინტენსიურ სამსაჯო მოსამზადებელ ეტაპს. მათ კვირაში ოთხჯერ უტარდებათ საათნახევრიანი, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლება. თეორიაში მსაჯობის წესებს ვასწავლით, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი პრაქტიკულ მეცადინეობაზე გაგვყავს. სწავლების ბოლო ეტაპზე მათ ვუტარებთ ტესტირებას და მსაჯობისთვის რამდენიმე შეირჩევა.

 

ასეთი მიდგომა გვაქვს, რომ რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დავიწყოთ მსაჯების ჩამოყალიბება. სამსაჯო ასაკის 17-18 წლის რომ გახდებიან, უკვე მომზადებული გვეყოლება თეორიაში და პრაქტიკაში, რის შემდეგაც საშუალება გვექნება ოფიციალურ თამაშებზე დავტვირთოთ, სადაც შესაბამისი ანაზღაურება ექნებათ“.

რაც შეეხება მსაჯების ანაზღაურებას, მინდია ქათამაძის თქმით, ეროვნული კატეგორიის მსაჯის ჰონორარი ერთ შეჯიბრზე 20 ლარია, თუკი საერთაშორისო არბიტრი მსაჯობს – 30 ლარი, ხოლო ვისაც მხოლოდ შიდა ტურნირზე აქვს უფლება მსაჯობისა, მისი ჰონორარი 15 ლარია. 

 

გადაბეჭდვის წესი