ბათუმში, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 2008 წელიდან მიმდინარეობს. ამ სამუშაოების შედეგად ე.წ. ჭაობის დასახლებაში დატბორვის პრობლემა უნდა მოგვარებულიყო.
ბათუმის მერიის ვებ-გვერდზე 2008 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „გიორგი ბრწყინვალის ქუჩის პარალელურად, სამუშაოები ,,ძველ ბათუმშიც” მიმდინარეობს. მშენებლები სამუშაოების დასრულებას გაზაფხულისთვის გეგმავენ“. მას შემდეგ უკვე 6 წელი გავიდა, ხოლო გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მხოლოდ ორმოები, გუბურები და ხრეშია. ქუჩა გადათხრილია და სარემონტო სამუშაოები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. ამ ქუჩაზე მხოლოდ პატარა მონაკვეთზე, სუპერმარკეტ „იალჩინ მარკეტის“ ირგვლივ არის დაგებული ასფალტი, ისიც მარკეტის მფლობელთა ხარჯებით. მოსახლეობისთვის ეს პრობლემა უკვე წლებია გადაუჭრელი რჩება.