კვირის ამბები

პირველ სექტემბერს სკოლის ნაცვლად ციმბირში

05.04.2014 • 1567
პირველ სექტემბერს სკოლის ნაცვლად ციმბირში

 

 

 

შალვა კაკაბაძე კვარიათში ცხოვრობს. ახლა ის 86 წლისაა, თუმცა იმ წლებს ემოციის გარეშე დღესაც ვერ იხსენებს. თვალებზე ცრემლი ადგება, როცა დედის და პატარა და-ძმის გადასახლების დღეებსა და ბავშვობაზე საუბარს იწყებს:

„რომ იცოდეთ, რა დღეები გადავიტანეთ… ხუთი წლის ვიყავი, როცა სარფი ორად გაიყო, ნაწილი თურქეთს დარჩა, ნაწილი კი – საქართველოს. 1933 წელს მამაჩემი ჟანდარმებმა დაიჭირეს, რაღაც ყალბ საბუთზე უნდოდათ რომ ხელი მოეწერა. როცა უარი მიიღეს, ექვსი საათი აწამეს. მკვდარი ეგონათ და მდინარესთან თხრილში ჩააგდეს. ვიღაც ქურთმა კაცმა იპოვა და გადაარჩინა. ლაზებს ყოველთვის გვავიწროებდნენ, რადგან თურქეთთან ახლოს ვცხოვრობთ, გასაბჭოების შემდეგ კი დიდი ნაწილი გადაასახლეს”.

 

გადასახლების ისტორიას ანტონინა, შალვა კაკაბაძის და, აგრძელებს. იგი იხსენებს, როგორ აღმოჩნდა ექვსი წლის გოგონა სკოლის ნაცვლად ციმბირში. „პირველი სექტემბერი მოდიოდა და მამაჩემმა სასკოლო ფორმა და ნივთები მიყიდა. მეორე დღეს სკოლაში უნდა წავსულიყავი. თუმცა, იმ საღამოს ოთხ საათზე სახლში ჟანდარმები მოვიდნენ. დედაჩემს კალთაში ჩავაფრინდი და ხელს არ ვუშვებდი, თან საშინლად ვტიროდი. სიაში ეწერა ჩემი ძმა, – სულიკო. ბოლოს ჟანდარმებმა თქვეს, სულიკო ქალებსაც ჰქვიათ, რას გაიგებენო და ჩემი ძმის ნაცვლად მე წამიყვანეს”.

„იმ ღამით მე სახლში არ ვიყავი” – საუბარში შალვა კაკაბაძე ერთვება, “მამაჩემს 800 მანეთი ვალი ჰქონდა ასაღები და იმის გამოსართმევად ვიყავი წასული. მატარებელი, რომლითაც გადასახლებულები მიჰყავდათ, სადგურში ნელა შემოვიდა და ის ფული დედაჩემს ფანჯარაში შევუგდე, თუმცა მაინც დაუკარგავთ გზაში”.

ციმბირისკენ მიმავალ მატარებელში ურეხიდან, სარფიდან, კაპრეშუმიდან და სხვა სოფლებიდან აყვანილი ოჯახებიც იყვნენ. მძიმე ცხოვრების ისტორიების თხრობას ისევ ანტონინა აგრძელებს: “ბევრი ტანჯვა-წვალება იყო. რამდენჯერ გაყინულ მდინარეში ჩავცვივდით, შიშვლები და მშივრები ვიყავით. ასამდე ოჯახი ფერმასავით მასიურ შენობაში შეგვასახლეს და იქ ვცხოვრობდით. 34-გრადუსიან ყინვაში გვიწევდა შეშის მოტანა და საკვებზე ზრუნვა. კარანტინის დროს სახლიდან არ გვიშვებდნენ. გარეთ მარტო ვერ გახვიდოდი, დათვი და მგელი შეგჭამდა. ცოტა ხნის შემდეგ დედამ ას მანეთად იქვე პატარა სარაია იყიდა, ერთი ქვრივი შეიხიზნა შვილებიანად და იქ გადავედით”.

დედისა და და-ძმების გადასახლების შემდეგ შალვა კაკაბაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მისი ოჯახის დანარჩენი წევრები კი ყაზახეთის გზას გაუყენეს. “ჩემი მეუღლე, რომელიც მხოლოდ 17 წლის იყო, ყოველთვის ტკივილით იხსენებდა იმ წლებს. ყაზახეთში ძალიან ცხელოდა და ღია ცის ქვეშ მუშაობის დროს, მზის დარტყმა მიიღო. ნერვიულობისგან კი შაქარმა აუწია და დიაბეტი დაემართა. წყალი არ ჰქონდათ, საჭმელი პრობლემა იყო და მიწაზე ეძინათ”.

 

გადასახლებიდან დაბრუნებულ ოჯახის წევრებს სახლში უცხო პირები დახვდნენ. სახლის დასაბრუნებლად კი მათთან დაპირისპირებაც მოუხდათ. “სამი ოჯახი იყო შესახლებული. ორი ოჯახი უფრო ადვილად დავითანხმეთ სახლის დაცლაზე, ერთი უარზე იყო, თუმცა დავიდარაბისა და ჩხუბის შემდეგ მაინც წავიდა”, – გვეუბნება შალვა კაკაბაძე.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ოჯახთან შეხვედრის პირველ წუთებს იხსენებს ანტონინაც: „ბათუმში, მოედანზე ჩამოგვსვეს. უამრავი ხალხი ირეოდა. უცებ ჩოჩქოლი ატყდა, ვიღაცას გული წაუვიდაო და ქუდებით წყალს მიარბენინებდნენ. ადამიანები მივწი-მოვწიე და ქალს მოსულიერება დავუწყე. ქალმა შემომხედა და ისევ წაუვიდა გული, თურმე ჩემი და ყოფილა და მიცნო. ერთმანეთს ვეხვეოდით და თან ვტიროდით. არასოდეს დამავიწყდება ჩემი ძაღლის ცრემლებიც, როცა შვიდი წლის შემდეგ ისევ დაგვინახა ადამიანივით განიცდიდა, არასდროს ამოვა ჩემი გონებიდან”.

მოხუცები მოგონებებს ეძლევიან, შემდეგ შალვა კაკაბაძე ისევ აგრძელებს: „ფეხშიშველი, მშიერ-მწყურვალი დავრბოდი… ძალიან მიმძიმს იმ წლების გახსენება. დაღონებულ კაცს რომ დავინახავ, დღესაც ძალიან განვიცდი. მირჩევნია, მე ნაკლები დამრჩეს და მასაც გავუყო ლუკმა. ასე გვასწავლიდნენ და გვზრდიდნენ”.

თუმცა, რეჟიმმა თავისი დაღი ყველაფერს დაასვა. ანტონინა მამის შეგონებას იხსენებს: „ერთხელ მამაჩემმა კუ მოგვიყვანა და გვითხრა: “ხედავთ? როცა საფრთხეს გრძნობს, იმალება. თქვენც დაგიდგებათ მძიმე დრო, ამიტომ ამ კუსგან უნდა ისწავლოთ, თუ ზურგი მაგარი არ გაქვთ, სხვის საქმეში თავი არ უნდა ჩაყოთო”.

გადაბეჭდვის წესი