კვირის ამბები

ქალის უფლებები აჭარაში

08.04.2014 • 2752
ქალის უფლებები აჭარაში

 

თამთა კახაბერიძე, მოსწავლე, არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი: ზოგადად, ადამიანის უფლებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, განსაკუთრებით კი გენდერული თანასწორობა. იმიტომ რომ, ვფიქრობ, გენდერული თანასწორობა, ეს ყველაზე ელემენტარულია, რასაც შეიძლება მივაღწიოთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეებმა გადავწყვიტეთ გაგვერკვია როგორი სიტუაციაა აჭარაში გენდერული თანასწორობის კუთხით. მოვიარეთ ხუთივე მუნიციპალიტეტი, გადაღება გვქონდა ბათუმშიც და საბოლოოდ მოვამზადეთ სიუჟეტი, რომელიც, ვფიქრობ, ზუსტად ასახავს რეალობას. გადაღების დროს ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იყო ის, რომ მაღალმთიან აჭარაში ცნობიერების დონე ამ მხრივ არის ძალიან დაბალი – არ იციან რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა, რატომაა ის მნიშვნელოვანი. თემას რა კუთხითაც არ მივუდექით, ბოლოს მაინც განათლების პრობლემამდე მივედით.

 

 

ანა დიასამიძე, დისკუსიის მომხსენებელი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი: გენდერული თანასწორობის საკითხი მწვავედ დგას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. არსებობს გარკვეული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ნათლად იკვეთება თუ რა მდგომარეობაა ქალების უფლებების მხრივ ჩვენს ქვეყანაში. გაეროს ქალთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 34 პროცენტისთვის ცოლის ცემა რიგ შემთხვევაში გაუმართლებელია, 25%-სთვის ოჯახური ძალადობა პირადი საქმეა, 17%-სთვის ცოლმა ძალადობა უნდა მოითმინოს. ამავე კვლევების მიხედვით საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.

 

 

საინტერესოა ასევე, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვია არსებული გენდერული მდგომარეობა  მსოფლიოში და კონკრეტულად საქართველოში. მიზეზებს შორის სამ ძირითად ფაქტორს დავასახელებდი, ესენია: ისტორია, რელიგია და სტერეოტიპები.

 

 

მეოცე საუკუნის ბოლოდან, მაშინ როცა კაცობრიობამ უმნიშვნელოვანესი ფორმაცია განიცადა, მამაკაცის ფიზიკური შესაძლებლობების მნიშვნელობა მეორეხარისხოვანი გახდა, ადამიანები ერთმანეთთან უკვე ინტელექტუალურ კონკურენციაში შევიდნენ. ამ შემთხვევაში ქალი და მამაკაცი უკვე თანაბარნი აღმოჩნდნენ ინტელექტუალური შესაძლებლობებით. აქ უკვე ვაწყდებით შემდეგ წინააღმდეგობას, ჩვენს ცნობიერებაში საუკუნეების მანძილზე დალექილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამაკაცი არის დომინანტი, მაგრამ დღეს ამის საჭიროება აღარ არსებობს. სწორედ ამიტომ აქტიურად იბრძვიან საერთაშორისო ორგანიზაციები თუ არასამთავრობო სექტორი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის გააზრება და ქალთა ემანსიპაცია.

 

 

მეორე მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოში არსებულ გენდერულ სიტუაციაზე, გახლავთ რელიგია. სამწუხაროდ, განათლების დაბალი დონის გამო ხშირად არაადეკვატურად ხდება ადამიანების მიერ რელიგიის მიხედვით განსაზღვრული ქალისა და მამაკაცის უფლებების გაგება, რასაც ზოგჯერ ქალთა უფლებების დარღვევამდე მივყავართ.

 

ჩვენი ახლო წარსულიდან გამომდინარე, ვგულისხმობ საბჭოთა პერიოდს და მის მომდევნო წლებს, როგორც ვიცით, განათლების ხარისხს არ ენიჭებოდა უპირატესობა, ძირითადად სწავლობდნენ უმაღლესი განათლების საბუთის, დიპლომის მოსაპოვებლად და გოგონებისთვის მთავარ მიზანს ქორწინება და ოჯახის შექმნა წარმოადგენდა. თანამედროვე პერიოდშიც შეინიშნება მსგავსი ტენდენცია. გოგონები შესაბამისი განათლების მიღებას ვეღარ ასწრებენ და უკვე დედები ხდებიან. მოგვიანებით, როდესაც პრობლემები ექმნებათ მეუღლეებთან, ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, მათ არ აქვთ ფინანსური საშუალება თავი დააღწიონ ძალადობას, დამოუკიდებლად იცხოვრონ და გაზარდონ შვილები. ეს გახლავთ ადრეული ქორწინების შედეგი. 

 

 

ვიტყოდი, რომ არსებული მდგომარეობის მოგვარებისთვის მთავარი განათლებაა. ძალიან რთულია ებრძოლო მენტალიტეტს, სტერეოტიპებს, ეს ხანგრძლივი პროცესია, რასაც წლები სჭირდება. აუცილებელია ქალებმა იცოდნენ თავინთი უფლებების შესახებ. გენდერული თანასწორობა არ არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, ეს არის თავისუფალი ნება, უფლება აკეთოს ადამიანმა ის, რაც სურს ყოველგვარი გენდერული ჩარჩოების გარეშე.

 

 

 

 

თამარ ბაუჟაძე, სტუდენტი: ისტორიულად 70-იანი წლებიდან დაიწყო ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა. ასევე დავამატებ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს – აჭარაში, არც ერთ მუნიციპალიტეტში, არც გამგებელი, არც გამგებლის მოადგილე ქალი არ გვხვდება. თქვენს მოხსენებას რაც შეეხება, აქ ნათლად არის გამოხატული, რომ ქალის უფლებები უნდა გაიზარდოს. მაგრამ, ამის მხოლოდ ერთ ჭრილში განხილვაც არ შეიძლება. შეიძლება კანონმდებლობის დონეზე უფლებები დაცულია, მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებთ საკუთარი თავის რეალიზაციას. არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს უფრო საზოგადოებრივი წნეხია.

 

არამარტო მაღალმთიანეთში, ბათუმშიც ბევრ ფაქტს შეხვდებით, როდესაც 13-14 წლის ასაკში თხოვდებიან. აი, ეს უნდა დაარეგულიროს კანონმა, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს. რაც სიცოცხლისათვის საშიშია, ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები სწორედ აქ ირღვევა, და არა იმ შემთხვევაში, როცა კანონი გაძლევს უფლებას, მაგრამ შენ ამის რეალიზაციას ვერ ახერხებ. აქ უკვე შენშია პრობლემა. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ქალი უუფლებოა… ქალს აქვს უფლებები, მას შეუძლია ამ უფლების გამოყენება, მაგრამ გააჩნია, როგორ საზოგადოებაშია აღზრდილი. თუ ვინმე უუფლებოა მთელი სიცოცხლის მანძილზე, მოდით, უცებ ნუ მოვთხოვთ იმ ადამიანს მისი უფლებებისთვის ბრძოლას. ეს პროცესი უშედეგოა.

 

 

ასმათ დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი: ვფიქრობ, კანონშიც არის ამ კუთხით პრობლემა, მაგალითად, აჭარაში მაღალ თანამდებობებზე წლებია ქალი არ დანიშნულა. ვგულისხმობ თანამდებობებს, სადაც თავისუფლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება ქალს. კანონიც უნდა არეგულირებდეს ამას. თუმცა, მეტ-ნაკლებად პროგრესი გვაქვს. ალბათ, ქალმაც უნდა მოინდომოს. თუ ჩვენს საზოგადოებას გადავხედავთ, რამდენი აქტიური ქალი ვიცით, ვისაც შევთავაზებთ მაღალ თანამდებობას?! სტუდენტობის დროს ყველა ცდილობს რაღაც გათვლა გააკეთოს, მონახოს თავისი ადგილი სამომავლოდ. მაგრამ, მერე და მერე, როცა ქალმა ოჯახი უნდა შექმნას, მძიმე ტვირთს მოეკიდოს, აქ ოჯახის პრობლემაცაა, რამდენად აქვს ხელშეწყობა, რამდენად აქვს მას სურვილი ამაზე წავიდეს, ეს ენერგიას მოითხოვს. ალბათ ამან განაპირობა, რომ ამდენი ხანი ჩვენ ვერ ვიხილეთ ქალი მაღალ თანამდებობაზე. თუმცა, ამის სურვილი ძალიან დიდი გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჭკვიანური გათვლა გააკეთეთ, რომ თემა წამოჭერით ახლა, როცა კარს მომდგარია თვითმმართველობის არჩევნები. სადაც ყველა პარტია ცდილობს, რომ სიები ჰქონდეთ შესაბამისი, რის მიხედვითაც იბრძოლებენ ადგილებისთვის თვითმმართველობაში. ახლა ყველა ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს ის, რომ ამ სიებში მოხვდეს რაც შეიძლება მეტი ქალი. მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი ყველა სფეროში, ყველა თანამდებობაზე. პირველ რიგში ჩვენ, ქალებმა, უნდა მოვინდომოთ.

 

 

თამარ ბაუჟაძე, სტუდენტი: საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ისტორიის მანძილზე ქალმა რისი უფლებაც მოიპოვა, ეს არჩევანის უფლებაა და მეტი ნაბიჯი წინ ვერ გადავდგით. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემას კიდევ ვაწყდებით: 1. მინდა კი პარტია, ესადაგება კი ჩემი შეხედულებები პარტიის შეხედულებებს, რამდენად ემთხვევა. 2. როგორ გადანაწილდებიან ქალები პარტიაში, კვოტირების სისტემა როგორი იქნება, იქნება ვთქვათ I, III, VI თუ სადღაც IX-X იქნება რიგში. ქალისთვის, რომელიც გამოდის საზოგადოების წინაშე, საკმაოდ რთულია საკუთარი თავის რეალიზაცია, როდესაც არ არის მიჩვეული საზოგადოებისაგან ყურადღებას. ერთ-ერთ შეხვედრაზე, მაღალმთიანეთში, როდესაც ქალბატონებს უთხრეს, გამოეთქვათ საკუთარი აზრი, უპასუხეს –  ჩვენ ჩვენს აზრს გამოვთქვამთ მაშინ, როდესაც მამაკაცები დაასრულებენ ლაპარაკსო. ანუ, ეს ტენდენცია უნდა იყოს შეჩერებული. ამას კი, ვფიქრობ, თაობათა ცვლა სჭირდება, მაგრამ საკითხის პოპულარიზაცია უფრო შეუწყობს ხელს. დავიწყოთ იმით, რომ, მე თუ ვიცი, რომ უფლება მაქვს, პირველ რიგში, გავარკვევ რა უფლება მაქვს. რაც შეეხება პარტიულ სისტემას, აქ ცოტა კრიტიკული ვიქნები და ვიტყვი, რომ არასწორი ტენდენციაა და თუ არ იქნება კვოტირება 50-50-ზე, შედეგს ვერ მივიღებთ.

 

 

ასლან ლორთქიფანიძე: დიდი ხანია სამოქალაქო სექტორში ვარ და სულ გენდერზე ვსაუბრობთ, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაზე და მათ როლზე ჩვენს საზოგადოებაში. ეს არ არის ერთი ხელის დაკვრით გადასაჭრელი პრობლემა და ამაზე საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იზრუნოს. თუმცა, ერთი ობიექტური სიმართლეც უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ მამაკაცისა და ქალის თანასწორობაზე, როდესაც საკანონმდებლო რეგულირება ასე თუ ისე მოწესრიგებულია და არავინ ზღუდავს ამ კუთხით თანასწორობას, ქალი მაინც რჩება სუსტ არსებად. ამდენი მუნიციპალიტეტი გვაქვს საქართველოში და მე არც ერთი ქალი გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარე არ გამიგია. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ კანონი არ ზღუდავს, არავინ არ ზღუდავს არავის, რომ იყოს გამგებელი. და მეორე ფაქტი _ არც ერთ ქალს, რომელიც აქ ზის, ალბათ არ უნდა იყოს იმ პირობებში, რა პირობებშიც არის მამაკაცი ჯარში. თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს. შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. ისეთ მძიმე პირობებში, როგორიცაა: სირბილი, ბუნებრივი ბარიერების გადალახვა, ჭაობები, დაზვერვითი საქმიანობა – როცა რამდენიმე დღით გადიხარ და იძინებ ღია ცის ქვეშ და ა.შ. მე მაგალითად ჩემს დას, ჩემს მეგობარ ქალბატონს, ვერ გავიმეტებ ამ პირობებისათვის. ასე რომ, როდესაც ჩვენ ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორუფლებიანობაზე ვსაუბრობთ, ცოტა სიფრთხილეც უნდა შევიტანოთ. რამდენად გვაწყობს სრული თანასწორობა?!

 

 

ლიკა კიწმარია: ბევრი მამაკაცია, რომელსაც არ უნდა ჯარში წასვლა. ეს არ შეიძლება მარტო სქესით განვსაზღვროთ.

რაც შეეხება ბატონი ასლანის განცხადებას, თქვენ თქვით, რომ არ გემეტებათ ქალი ჯარში წასასვლელად და გემეტებათ ქალები, რომლებიც 80-იანი ბნელი პერიოდის შემდეგ ვაჭრობენ, ბაზრობაზე არიან მთელი დღეები, ღამეები, იყინებიან?! კაცები ამ დროს სახლში სხედან, მაგრამ, მაინც ოჯახის უფროსები არიან, აი, ამ პრობლემაზე რას იტყვით?! ეს ხომ ძალაზეა დამოკიდებული _ ისინი ატარებენ ტვირთს, მთელი დღე ყინვაში, სიცივეში არიან, მაგრამ, სახლში რომ მიდიან, მაინც არ არიან ოჯახის უფროსები და არანაირი უფლება არ აქვთ. მაინც ქალები არიან და მაინც მეორეხარისხოვანი.

 

 

მე არ მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს „ზევიდან“, იქედან, რომ პარლამენტში უნდა ვიყოთ 50/50-ზე. ჩემი აზრით, პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს ყოველდღიურობიდან, ქვევიდან, ჩემგან, თქვენგან, ყველასგან. ძალიან მარტივი რაღაცით შეიძლება ეს დავამტკიცოთ.

 

 

ჩვენ ამდენ მოვალეობებს ვაკისრებთ მამაკაცებს იმიტომ, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია, ჩვენ სუსტი არსებები ვართ. იმათ უწევთ სულ ბრძოლა რაღაცებისთვის, სულ შემოტანა, სულ ფიქრი _ როგორ არჩინონ ოჯახი, როგორ იყვნენ ძლიერები ყოველთვის, როგორ შეეძლოთ სადავეების ხელში აღება. ამ ყველაფრით კაციც იჩაგრება. თან არანაკლებ, ვიდრე ქალი. ეს ჩვენი, ყველას პრობლემაა – კაცებისაც და ქალებისაც. და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.

 

 

ასლან ჭანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი: ხელისუფლებაც უნდა იყოს დაინტერესებული. ფრაზა, რომელიც მოსწავლეებმა თქვეს სიუჟეტში, რომ მასწავლებელმა გვითხრა, ორი გოგოს ყოლას ერთი ბიჭი გვირჩევნია და ბიჭი უფრო ჭკვიანია, ვიდრე გოგოო, ესეც პრობლემაა. მე მონიტორინგს ვაწარმოებდი სკოლებში და როდესაც ვეკითხებოდი მასწავლებლებს, რამდენი წლის გათხოვდი, თოთხმეტისო – მპასუხობდნენ. ეს მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ის, ფაქტობრივად, აგიტაციას აკეთებს ამის, მეტი არაფერი.

 

 

ნაირა დიდმანიძე, დემოკრატიის მთხრობელთა სკოლა: ჯარში წასვლა-არწასვლის მაგალითზე გენდერული თანასწორობის განხილვა, მგონია, აბსოლუტურად არასწორია. იმიტომ, რომ აქ საქმე გვაქვს შესაძლებლობებთან და არა უფლებებთან. გენდერი, ჩემი აზრით, ნიშნავს უფლებების თანასწორობას. მაგალითი მინდა მოვიყვანო, ალბათ უადგილო არ იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მაღალმთიანეთში უფრო მეტი პრობლემაა, მაგრამ, მე მყავს მეზობელი, დედაჩემის ასაკის ქალი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ბათუმში, გამოთხოვდა ჩემს მეზობლად, ანუ გარეუბანში. ჰყავს ორი შვილი – ბიჭი და გოგო. ბიჭს ამზადებს ყველა საგანში, გოგოს ისე, „ლაითად“ და გაგვიჩნდა კითხვა – რატომ? – გოგოს სწავლა რად უნდა, გაიზრდება და გათხოვდებაო. ეს არის ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანის მოსაზრება. ამიტომ, ჩვენ ვერ ვიტყვით ასე ცალსახად, რომ მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია პრობლემა და ბათუმში ნაკლებად.

 

 

ეკა თარგამაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაც არ უნდა ბევრი ვიმსჯელოთ აქ, მენტალური პრობლემების გვერდით დგას განათლების პრობლემაც. ეს უნდა ვაღიაროთ. არამარტო აჭარის რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში. განსაკუთრებით სოფლად. მე ვიყავი „ამერიკის განვითარების სააგენტოს“ ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი და მქონდა საშუალება საქართველოს 14 რეგიონში მესწავლებინა პროგრამული ბიუჯეტი. მუნიციპალიტეტებში ვატარებდით ტრენინგებს. ფაქტობრივად, ხელმძღვანელ თანამდებობებზე 1-2 ქალი შემხვდა, საკმაოდ ნიჭიერი და დამოუკიდებელი, დანარჩენ თანამდებობებზე იყვნენ მამაკაცები. დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანი იყო. აქაც პრობლემა გვქონდა განათლების საკითხებთან. სახელმწიფომ განათლება უნდა გახადოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში და განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ხალხისთვის. კანონშიც შეიძლება გაჩნდეს ჩანაწერი, რაღაც ვალდებულების სახით, რომ ადამიანი თავისი განათლებით და ცოდნით დაუბრუნდეს თავის კუთხეს. ეს არჩევანის თავისუფლებასთან მიგვიყვანს და ვიტყვით, რომ ვისაც სადაც უნდა იქ წავა, მაგრამ, თუ სახელმწიფო შეღავათიანი პირობებით მოაწყობს უმაღლეს სასწავლებელში, ფულს არ გადაახდევინებს, მას შეუძლია მერე დაავალდებულოს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, დაბრუნდეს და თავისი ცოდნა მოახმაროს თუნდაც თავის სოფელს.

 

 

მენტალური პრობლემაც არის ნამდვილად. და მესამე – ხელისუფლების როლიც გამოსარიცხი არ არის. მე სხვა ასპექტსაც გამოვყოფდი, ერთ-ერთ მთავარს: ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს ამ საკითხებზე, ბევრი პროგრამა ხორციელდება, მაგრამ ეს ორგანიზაციები არ უნდა იყვნენ ფოკუსირებული დიდ ქალაქებში. მაგრამ, მეორეა, როგორ მიაწოდებენ ისინი ამ ინფორმაციას, აქ ძალიან ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო. როდესაც მიდის მაღალფარდოვანი სიტყვებით ორგანიზაცია და ავრცელებს ზოგადად მიღებულ პოსტულატებს. ეს ყველაფერი უნდა იყოს თავსებადი, მათთვის გასაგებ ენაზე, და უფრო ადაპტირებულად, დოზირებულად უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის მიწოდება. და არა ისე, რომ პირიქით, დააფრთხო ადამიანი და არაკეთილგანწყობა მოიპოვო. შეიძლება მათ გაიარონ კონსულტაციები, გაეცნონ ადგილობრივ მენტალიტეტს და ამ ყველაფრის სინთეზი უნდა მოვახდინოთ.

 

 

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ბოლომდე თანასწორი ქალი და მამაკაცი. სადავო თემაა. პირად მაგალითზე გეტყვით: ბევრ ისეთ სფეროს ვკურირებდი, რომლებიც, ერთი შეხედვით, ქართული მენტალიტეტით კაცის საქმეა. გაგეცინებათ და მქონდა ასეთი პრობლემა, ახალი დაწყებული მქონდა სამუშაო და იყო თათბირი. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული სფერო მებარა, არ დამიძახეს იმ თათბირზე და როცა მიზეზით დავინტერესდი, ამიხსნეს, რომ იქ სულ კაცები იყვნენ და შენ რა გინდოდაო. მერე, თავისთავად გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, მე თუ ამ საკითხს ვკურირებ და ჩემი აზრი მნიშვნელოვანია, რატომ არ დამიძახეთ და შესაბამისად, დავიწყე ბრძოლა ისე დამემკვიდრებინა ადგილი, რომ შემდეგ თათბირზე ჩემი ყოფნა-არყოფნის თემა არ განხილულიყო. ჩემი რჩევა იქნება ასეთი, რომ მაინც ინდივიდუალურია ეს ყველაფერი და თქვენ თვითონ უნდა დადგეთ საკუთარი თავის სადარაჯოზე, არ ელოდოთ, რომ რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაცია მოვა და თქვენს უფლებებს დაიცავს.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: