ქედის არჩეული გამგებელი: არ შეიძლება ჩემს ასაკში ტყუილის თქმა

 

დავით დუმბაძე
დავით დუმბაძე

ბატონო დავით, თქვენ ამომრჩეველთა დაახლოებით 52-მა  პროცენტმა დაგიჭირათ მხარი. როგორი იყო თქვენი მოლოდინი?

 

ვფიქრობდი, ქედის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აირჩევდა იმ კურსს, რომელიც `ქართულმა ოცნებამ~ აირჩია. მოლოდინი გამიმართლდა _ უმრავლესობის მხარდაჭერა მივიღე.

 

შვიდი თვეა, რაც ქედაში ხელისუფლება შეიცვალა. ამის ფონზე 52 პროცენტი, ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ არის. შვიდთვიან პერიოდში არ შეიძლება იმდენი რამე გააკეთო, რომ ცხრაწლიანი საქმიანობა გადაფარო.

 

 

ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა დამიჭირა მხარი, ჩემს ყველა ოპონენტს ერთად აღებულს 500 ხმით ვასწრებ, მე და პრეზიდენტმა ქედაში ერთნაირი ხმები მივიღეთ.    

 

 

პირველად თქვენ დაიკავებთ არჩევნების გზით გამგებლობის პოსტს ქედაში. რა გეგმებით მოდიხართ და რას გააკეთებთ მუშაობის სამწლიან პერიოდში?

 

 

სოფლებში არსებული მდგომარეობა წლის დასაწყისში უბან-უბან შევისწავლე. პრობლემების უმრავლესობა აღმოვფხარით, გარკვეული პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი, რაც საჭიროებდა ფინანსურ ცვლილებას და პროგრამის შემუშავებას. წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობამ სხვა პრობლემებიც წამოჭრა. როგორც კი დავიბრუნებ სტატუსს, კიდევ ერთხელ ჩამოვივლი ყველა სოფელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენტურ პირებთან ერთად, რომ სწორად დავგეგმოთ პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სოფლის მეურნეობაში წარმატების მისაღწევად.

 

 

ჩემი მთავარი გეგმა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაა, ჩემი გამგებლობის პერიოდში დაიწყო ისეთ დიდი პროექტები, როგორიცაა: სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ბაგა-ბაღების მშენებლობა… წელს, 15 ოქტომბრამდე, ხუთ ბაგა-ბაღს გავხსნით: სოფელ დოლოგანში, დაბა ქედაში, ვაიოში, ახოსა და დანდალოში. დაგეგმილი მაქვს ზუნდაგის ბაღში არსებული პრობლემები აღმოვფხვრა, არ შეიძლება საბავშვო ბაღს არ ჰქონდეს ეზო და ნესტიან ოთახში იძინებდნენ ბავშვები. მინდა გავხსნა ღვინის, თამბაქოს, ხილის გადამამუშავებელი საკონსერვო ქარხანა და სამკერვალო ფაბრიკა. 

 

 

სოფელ უჩხითსა და გეგელიძეებში სოფლის გზები მოასფალტდება, უჩხითში სამკილომეტრიანი გზა წელს მოასფალტდება, დარჩენილი ნაწილი კი – მომავალში. დაგეგმილი მაქვს მერისსა და პირველ მაისში ჭიდაობის დარბაზები მოვაწყო, მოვიძიო ინვესტორები, რომლებიც ქედაში სასტუმროს ააშენებენ. ორი წლის განმავლობაში მინიმუმ 200 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნა, ჩემი მიზანია მევენახეობამ პიკს მიაღწიოს ქედაში.

 

 

წელს, სავარაუდოდ, დასრულდება ყოფილი პოლიკლინიკის ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია, სადაც 12 დამეწყრილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. შეთანხმება გვაქვს რეგიონების განვითარების ფონდთან, სამომავლოდ გამოიყოფა თანხა მეწყრული მოვლენების ლიკვიდაციისთვის, პროექტი სანიაღვრე არხების მშენებლობას მოიცავს, უკონტროლო წყლები უნდა გაკონტროლდეს, რომ შემცირდეს რისკები. ეს ორ წელიწადში ვერ მოგვარდება, ამას შესაძლოა 3-4 წელიწადი დასჭირდეს, საკმაოდ დიდი პროექტია.

 

 

წინასაარჩევნოდ ვამბობდი, რომ ჯანდაცვაში სექტემბრიდან პრობლემები აღარ გვექნებოდა. ყველა თემის ექიმს ეყოლება თავისი მანქანა, მძღოლი და გამოეყოფა საწვავი, ამისთვის საჭირო თანხა  ბიუჯეტში გათვალისწინებულია. 

 

 

პრიორიტეტად დავსახეთ დაავადების ადრეული გამოვლენა. მუნიციპალიტეტში ერთჯერადი დახმარების პროგრამა იყო, რომლის სანაცვლოდ თანხა სამედიცინო გამოკვლევებზე გადავიტანეთ. ყველაზე მთავარი, რაც მე წარმატებად მიმაჩნია, ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, ყველა თემში უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება დაიგეგმა, რაც მიზნად ისახავს ადრეულ ასაკში სიმსივნური წარმონაქმნების გამოვლენა-პრევენციას.

 

 

თუ ჩვენ გვინდა ახალგაზრდობა სოფელს მიემაგროს და სოფელი არ დაგვიბერდეს, ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარდეს – მინიმუმ სოფლებში არსებული 30 სტადიონი, რომელიც დღეს უვარგისია, უნდა გაკეთდეს და მოწესრიგდეს, რომ ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალება მაინც ჰქონდეთ.

 

 

რამდენად შესაძლებელია ყველა ეს დაპირება რეალობად აქციოთ _ არსებობს ამისთვის საჭირო  ფინანსური რესურსი?

 

 

დაპირება დაპირებად არ დარჩება, ეს არ არის ვარაუდი, ეს იქნება გაკეთებული საქმე, რაც ვთქვი 99,9% უნდა გავაკეთო ორი წლის განმავლობაში. არ შეიძლება ჩემ ასაკში ტყუილის თქმა.

 

 

რაც შეეხება ქარხანა-ფაბრიკებს, ინვესტორები მოძიებულია. ორი წლის განმავლობაში ჩვენ გავხსნით ღვინის, ხილის საკონსერვო და თამბაქოს საფერმენტაციო ქარხანას, ასევე სამკერვალო ფაბრიკას. მინიმუმ 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

 

აპირებთ თუ არა კადრების გადახალისებას?

 

 

საკადრო ცვლილების გატარებას ვგეგმავ, ამის კანონიერი უფლება მაქვს. ჩემი მუშაობის შვიდთვიანი პერიოდიდან ვიცი ვინ არის პროფესიონალი, კომპეტენტური და ვინ რის გამკეთებელია.

 

 

არ მინდა ისეთი თანამშრომელი მყავდეს, რომელიც სამსახურში მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ ხელფასი აიღოს, კომპიუტერში „პასეანსი„ გახსნას და ფაცებოოკ-ზე ვიღაცას „ეჩატაოს“. ყველა ასეთი დატოვებს სამსახურს. რამდენი და ვინ, ამას დრო გვიჩვენებს.

 

 

ჩემი ამბიციური გეგმა ქედის განვითარებას უკავშირდება. ქედელი კაცი სამუშაოს საძებნელად თურქეთში არ უნდა მიდიოდეს, ამისთვის კი ყველა თანამშრომელმა  საკუთარი საქმე უნდა აკეთოს.

 

 

თქვენ სტაჟის მქონე პოლიციელი ხართ. როგორ ფიქრობთ, რაში დაგეხმარებათ სპეცსამსახურში მიღებული გამოცდილება?

 

 

იმ სამსახურმა მასწავლა, რომ ენას კბილი უნდა დააჭირო და ის, რაც იცი, არ უნდა ილაპარაკო; იმ დონეზე არ უნდა გაბრაზდე, რომ ემოციას აყვე.

 

 

მადლობელი ვარ იმ სამსახურის, სადაც ვიმუშავე. ვინმემ რომ მკითხოს, როგორ გავივლიდი ცხოვრებას, ვიტყვი, რომ ისევ საქართველოს უშიშროების სამინისტროდან დავიწყებდი და 22 წელს ისევ იმ სამსახურს შევწირავდი, რადგან მე ის პიროვნება ვარ, რომელმაც ბოლო რუსის მესაზღვრე 1999 წლის 1 სექტემბერს გააცილა ბათუმის აეროპორტიდან და მთლიანად გააკონტროლა ტექნიკის გასვლა ქვეყნიდან. ვამაყობ, რომ ჩემი სამსახურით ქვეყნის წინაშე ვალი მოვიხადე.

 

 

რა ქონებას ფლობთ ამჟამად?

 

 

ორი ბინა მაქვს ბათუმში, ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე. 30 კვადრატული მეტრი მაღაზია და სახლი სოფელ მეძიბნაში, თავისი საბაგირო გზით, წისქვილითა და არაჩვეულებრივი ხეხილის ბაღით.

მყავს მეუღლე და სამი შვილი, ცოლი პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორია, ამ ეტაპზე კომერციულ საქმიანობას ეწევა.

რა ხდება ბათუმის ციხეში

 

„ბათუმელების“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მესამე საპყრობილეში პატიმრები შიმშილობენ და თავს იზიანებენ, ერთადერთი უწყება ადასტურებს – სახალხო დამცველის აპარატი. შიმშილობის ფაქტს უარყოფს სასჯელაღსრულების სამინისტრო, თუმცა სამინისტრო ადასტურებს პატიმრების თვითდაზიანების ფაქტებს.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, სტაციონარში 5-ჯერ დაფიქსირდა თვითდაზიანების შემთხვევა, „თუმცა ამას რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობის გართულება არ მოჰყოლია. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა“.

 

 

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებას გააჩნია სამედიცინო პუნქტი, სადაც მუშაობს „კვალიფიციური პერსონალი. აქამდე სამოქალაქო სექტორიდან ექიმის შემოყვანის საჭიროება არ დამდგარა“.

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ქალაქის რესპუბლიკური საავადმყოფოდან რამდენჯერმე მიიწვიეს ექიმი, რასაც არაოფიციალურად თავად ექიმებიც ადასტურებენ. თუმცა სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდებაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში იქამდე ამბობს უარს, ვიდრე სამინისტროში არ გადაამოწმებს, აქვს თუ არა ამის უფლება.

 

 

 

ახალი საპყრობილე ბათუმში

 

ახალი საპყრობილე ბათუმში თვენახევრის წინ გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში, გიორგი ჩარკვიანი დაახლოებით 12-ჯერ იყო პატიმრების მოსანახულებლად. ამბობს, რომ პატიმრებს პრეტენზიები ადმინისტრაციის მიმართ არ გამოუთქვამთ, სახალხო დამცველს პატიმრები წერილებს უგზავნიან, თუმცა  ჩარკვიანის თქმით, ამ წერილებში ძირითადად საქმის გამოძიებას და პროკურორებთან შეხვედრას ითხოვენ. მოთხოვნის მიუხედავად მათთან პროკურორები შესახვედრად არ მიდიან, ამის გამო პატიმრები პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ: ზოგი წვერის საპარსი სამართებლით სხეულს იზიანებს, ზოგი მშრალ შიმშილობას აცხადებს. რამდენიმე პატიმრის საჩივარს სახალხო დამცველის აპარატი უკვე იკვლევს.

 

 

ციხის შესასვლელში

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპყრობილეში პატიმრის მოსანახულებლად მისული ადვოკატები განსაკუთრებულ შემოწმებას გადიან (ხსნიან ჯვრებს, ხდიან ფეხსაცმელს) ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატი. გიორგი ჩარკვიანის თქმით, საათის მაჯიდან მოხსნა მასაც მოსთხოვეს, თუმცა ეს მოთხოვნა გააპროტესტა, მეორედ კი მსგავსი რამ მისთვის ციხის ადმინისტრაციას არ მოუთხოვია. სად-ის ინფორმაციით, „დაწესებულებაში დაშვებულია მხოლოდ არაძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები. აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია მინისტრის 2011 წლის ბრძანებით… ამჟამად, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაწყებულია მუშაობა აღნიშნული ბრძანების გადახედვაზე“.

 

 

 

ახალი პატიმრები

 

 

ყველა პატიმარს, ვინც ბათუმის მესამე საპყრობილეში პირველად მოხვდება, 10 დღის განმავლობაში კარანტინი ათავსებენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ამბობს, რომ კარცერში მყოფი პატიმარი ამანათის უფლებით ვერ სარგებლობს, პლასტიკური ბარათი კი, რომლითაც მათ ციხის მაღაზიაში ნივთებისა თუ პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა აქვთ, დაკავებიდან დაახლოებით 2 კვირაში მზადდება. ამ პერიოდში პატიმარი ვერ ყიდულობს სიგარეტსა და ჰიგიენურ საშუალებებს, საპონს, კბილის ჯაგრისს… შესაბამისად, ვერ სარგებლობს პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებით. კიდევ უფრო რთულადაა იმ პატიმრების საქმე, რომლებიც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მეორედ მოხვდნენ; ასეთ დროს უწყება (სად) პლასტიკურ ბარათებს პატიმარს აღარ უმზადებს. 5 ლარი _ ბარათის დამზადების თანხა პატიმრის ახლობელმა ბანკში უნდა გადაიხადოს, ქვითარი კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარადგინოს.

 

 

სად-ის განმარტებით, დაწესებულებაში ახლადშეყვანილი პატიმრის კარანტინის განყოფილებაში განთავსება კანონის მოთხოვნაა. მათივე ინფორმაციით, კარანტინიდან პატიმრის გაყვანას ვადაზე ადრე, გარემოების მიხედვით, დირექცია წყვეტს. „რაც შეეხება ბარათის დამზადების ვადებს, აქამდე საბანკო ბარათის დამზადებისთვის ბანკს სჭირდებოდა ორკვირიანი ვადა, თუმცა სამინისტროსა და დეპარტამენტის წარმომადგენლების ძალისხმევით ეს პრობლემა დაწესებულებებში თანდათან გვარდება. თბილისში ბარათის დამზადებისთვის უკვე 4 დღე საკმარისია, ქუთაისის დაწესებულებებში პატიმარს ბარათი 5 დღის ვადაში გადაეცემა. გასულ კვირას გაიმართა შეხვედრა ბანკის წარმომადგენლებთან, რათა აღნიშნული საკითხი მოგვარდეს ბათუმის N3 დაწესებულებაშიც“, – წერია სასჯელაღსრულების წერილში, რომელიც „ბათუმელებს“ გამოუგზავნეს.

 

 

№3 საპყრობილეში პატიმრები მუშაობენ

 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის №3 საპყრობილის სამეურნეო ნაწილში შვიდი პატიმარი მუშაობს, ანუ პატიმრები თანამშრომლებს ეხმარებიან საკვების დარიგებაში, გასარეცხი თეთრეულის მოგროვება-დარიგებაში… სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით,  ეს პატიმრები სარგებლობენ ძირითადად გრძელვადიანი პაემნებით.

 

 

 

ტელევიზორი, წიგნები და სეირნობა

 

 

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, სეირნობის უფლებით ყველა პატიმარი ყოველ დღე სარგებლობს. ტელევიზორი და რადიო კი ციხის მაღაზიაში იყიდება და ნებისმიერ პატიმარს შეუძლია იყიდოს. ყველაზე იაფფასიანი ტელევიზორი 130 ლარი ღირს. არის საკაბელო ტელევიზია – პატიმრებს 12 არხის ნახვის შესაძლებლობა აქვთ. არის ბიბლიოთეკაც. კვირაში ორჯერ კი პატიმრებს შხაპის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

 

 

ქალი პატიმრები

 

 

ბათუმის №3 საპყრობილეში 4 ქალი იხდის სასჯელს, აქედან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამ საპყრობილეში არ იმყოფებიან არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ბრალდებულები. 2014 წლის 20 ივნისის, სამინისტროს მონაცემებით, დაწესებულებაში სულ 123 პატიმარი იმყოფება.

 

 

ბათუმში პირველ გამოცდაზე 16 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

 

 

„საგამოცდო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. პირველ სესიაზე 57 სექტორი გვაქვს, ასევე 57 სექტორია მეორე  სესიაზეც. დილის სესიაზე 948 აბიტურიენტმა გაიარა რეგსიტრაცია. 16 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა მანუჩარ ლორიამ.

 

მეორე სესიაზე, რომელიც დღის 14:00 საათზე დაიწყება  ბათუმის საგამოცდო ცენტრში 845 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებზე  წელს 36 000 – მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

 

 

ფრანგული პოეზიის თარგმანების პრეზენტაცია

 

„ფრანგული პოეზიის ათასწლეული“ IX საუკუნის საგმირო ეპოსის – „სიმღერა რონალზე“ – ფრაგმენტის თარგმანით იწყება და 20-საუკუნის ავტორის, ლეოპოლდ სედარ სანგჰორის ლექსით სრულდება. კრებულში 80-ზე მეტი ფრანგი პოეტის 250-მდე ლექსია თავმოყრილი.

 

„პოლ ვერლენი და სხვა ფრანგი სიმბოლისტები“ გამომცემლობა „აჭარამ“ გამოსცა. წიგნში  ქართულ თარგმანებთან ერთად ლექსები ფრანგულ ენაზეა მოცემული.

 

ბადრი თევზაძეს მკითხველი იცნობს როგორც პოეტს, მთარგმნელსა და წიგნის – „პარიზში წასვლას რა უნდა?!“ – ავტორს. ამ მხატვრულ-დოკუმენტური კრებულისთვის ავტორს 2000 წელს „ლომისის“ პრემია მიენიჭა, 2006 წელს კი საფრანგეთში, კინოსტუდია „ლა ფემისში“ რეჟისორმა თ. გრენადმა  წიგნის მიხედვით გადაიღო 20 წუთიანი დოკუმენტური ფილმი „ქართველი ტარტარენის ნაკვალევზე“.

 

2008 წელს ბადრი თევზაძე საფრანგეთის კულტურის სამინისტროსა და წიგნის საერთაშორისო სახლის სტიპენდიით ორი თვით იმყოფებოდა საფრანგეთში, ფრანგული პოეზიის ანთოლოგიაზე სამუშაოდ.

 

 

 

 

ნიკა კიკნაძე X ფაქტორის შემდეგ

 

 

ნიკა, როგორ შეაფასებ “X ფაქტორს”, რამდენად გაგიმართლა ამ კონკურსმა მოლოდინი?

 

 

“X ფაქტორი” პირველად ტარდება საქართველოში, განსხვავებული და დაძაბული ფორმატია, მაგარი გამოვიდა საერთო ჯამში. არ მეგონა ასეთი მაგარი თუ გამოვიდოდა, ჟიურის წევრებიც კომპეტენტურად არის შერჩეული, კონკურსანტებზე კი ლაპარაკიც არ ღირს, მაგარი კონკურსანტები წამოვიდნენ, მე მგონი, ასეთი ნაკადი არც ერთ კონკურსში არ ყოფილა, საუკეთესო მონაწილეები არიან.

 

როგორი განწყობით მიხვედი პროექტში?

 

გამიჭირდა როგორც ბენდის მუსიკოსს, რომელიც არ არის ჩვეული სცენაზე მარტო დგომას, მითუმეტეს უინსტრუმენტოდ. ადამიანმა თავისი შესაძლებლობები ყველაზე კარგად თავად იცის, ამჯერად რატომღაც მეგონა, რომ უფრო შორს წავიდოდი, თუმცა ამისთვისაც მზად ვიყავი. იმდენი კონკურსანტიდან ოთხ რჩეულში რომ რჩები, ეს თვითრწმენას გმატებს, ავტომატურად გიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაცით გამოირჩევი. პროექტის დატოვებამ, რა თქმა უნდა, გული დამწყვიტა, ყველა გავარდნილ კონკურსანტზე დამწყდა გული.

 

საქართველოში სხვა პროექტში ალბათ აღარ მივიღებ მონაწილეობას. მთავარი პროექტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ამით გამიცნო ხალხმა, სხვა პროექტში რომ გავიდე, აღარ ვიქნები მართალი, იმიტომ, რომ ეს ერთხელ უკვე გავაკეთე.

 


კონკურსზე ლუკა ზაქარიაძესთან ერთად მიხვედი, მხოლოდ მეგობრები ხართ, თუ მუსიკალური დუეტიც?

 

მე და ლუკას გაგვიკეთებია ერთად რამდენიმე კონცერტი, რომ გითხრათ, ერთ ბენდში ვიყავით ან ახლა ერთად გამოვდივართ-მეთქი – არა, უბრალოდ ვმეგობრობთ.

 

 თუ გახსოვს, როდის გქონდა პირველი შეხება მუსიკასთან?

 

მუსიკალურში დავდიოდი, თუმცა შვიდწლედი არ დამიმთავრებია. ექვსი წლის ვიყავი, როცა დედამ ფორტეპიანოზე შემიყვანა, საერთოდ არ მხიბლავდა ეს ფაქტი, საბოლოოდ გამოვედი. ათი წლის ვიყავი, როცა „aerosmith”-ის “Jaded”-ს მოვუსმინე, ეს სიმღერა იყო პირველი, რომელიც მოვისმინე ამ ჟანრში, აქედან დაიწყო ამ მუსიკის სიყვარული. 13-14 წლის ვიყავი, როცა ბენდი გავაკეთე აკე პატარაიასთან ერთად, რომელიც ახლა “X ფაქტორის” მონაწილეა, ეს იყო პირველი ნაბიჯები.

 

ამის მერე როგორ განვითარდა მოვლენები? ახლა რომელი ბენდის წევრი ხარ?

 

მე გიტარისტიც ვარ, უმეტესწილად თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი რამე მასწავლა ვაჟა ტუღუშმა, რომელსაც მხოლოდ მუსიკალური განათლება არ მოუცია, ცხოვრებისეული რაღაცებიც მასწავლა. ამის მერე თბილისში წავედი სასწავლებლად. ბოლოს მყავდა ბენდი „პორტრეტი”, მათთან ერთად გამოვუშვი პირველი სრულყოფილი ალბომი. ბენდიდან წამოვედი იმის გამო, რომ ვფიქრობ, იქ ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო, ჩემ თავს ვეღარ ვხედავდი ბენდში.
ახლა შევიკრიბეთ ახალი შემადგენლობა მუსიკოსების, ხუთი ბიჭი, ჩემი ძველი ნაცნობები არიან, ადრე ერთად ვუკრავდით, ჯერ სახელიც არ შეგვირჩევია, ბარშიც დავუკრავთ ალბათ, რადგან სხვა შემოსავალი ბენდებისთვის არ არის ამ ეტაპზე. ბენდში თავად ვიქნები ვოკალისტი და გიტარისტიც.

 

შენი გეგმები რას უკავშირდება?

 

ვაპირებთ საკუთარი რეპერტუარის შექმნას, ბენდის წევრები ვწერთ მუსიკას. ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურად ვწერ, თუმცა ერთ დღესაც დავწერ ქართულ ტექსტს, ძალიან მინდა, ეს გავაკეთო. ჩემთან ახლოა ამერიკული მუსიკა, ქანთრის ელემენტებით. მუსიკაში ყველა ხედავს იმას, რაც უნდა, რომ დაინახოს და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ბენდის გარეშე მუშაობა არ მინდა.

 


რამდენიმე ბენდი გამოიცვალე, შენი დაკვირვებით, რა არის იმის მიზეზი, რომ უამრავი ბენდი იქმნება და მალევე იშლება?

 

თინეიჯერს, რომელიც ბენდს აყალიბებს, ოჯახის წევრები სერიოზულად არ აღიქვამენ, გახდებიან 23-24 წლის და ისევ გიტარით რომ ხედავენ სადმე, თუნდაც ბარში მიმავალს, სადაც მუშაობს ეს მუსიკოსი, ყველა ასე აღიქვამს _ `აუ, ეს კიდევ გიტარაზე უკრავს, მუშაობა არ დაუწყია…” ხალხს ვერ წარმოუდგენია უნივერსიტეტში როგორ არ უნდა ჩააბარო, ან დიპლომი არ გქონდეს. ბავშვებიც ფიქრობენ იმაზე, რომ შემოსავალი ამ საქმიანობით ვერ ექნებათ და იშლებიან. მე მუსიკაში მშობლების მხარდაჭერა ყოველთვის მქონდა, 13 წლისას, რა თქმა უნდა, არ მიყურებდნენ როგორც მუსიკოსს, მაგრამ მათ ესმოდათ, რომ მე ამით ვსწავლობდი ბენდთან მუშაობას.

 

პირველად ჩემს ბენდთან ერთად გამოსვლა თოჯინების თეატრში მქონდა, მაშინ ისეთი დიდი იყო სავსე დარბაზი ჩემთვის, გვეგონა, რომ ფესტივალზე ვუკრავდით. ვნერვიულობდი, ახლაც ვნერვიულობ, მსმენელის მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე.

 

შენ რატომ გადაწყვიტე უნივერსიტეტში სწავლა?

 

მე ყველა ვარიანტში ჩავაბარებდი, რადგან თბილისში წასვლის საბაბი იყო ეს ჩემთვის, ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობ. არ ვიცი, ჩემი საქმიანობა თუ დაუკავშირდება ამ საქმიანობას. წელს ვამთავრებ სწავლას, თუმცა თბილისში ვაპირებ ჯერ დარჩენას.

 


როგორ ცხოვრობ?

 

მე ვარ ადამიანი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია დროის მეგობრებთან ერთად გატარება, მრავალფეროვანია ჩემი სამეგობრო წრე. ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ, ჩემი ჰობია კომპიუტერული ვიდეოთამაშები, ფეხბურთი მიყვარს ძალიან, `ბაიერნის~ ფანი ვარ, ნიჭი რომ მქონდეს ფეხბურთის, ალბათ გამიჭირდებოდა არჩევანის გაკეთება, ფეხბურთსა და მუსიკას შორის. ფეხბურთის გამო სიგიჟეებს ჩავდივარ.

 

რა შესაძლებლობა გინდა, რომ გქონდეს?

 

ძალიან მინდა მომეცეს საშუალება, ბათუმში ვიცხოვრო, აი, აქ რომ ვიყო ჩემი საყვარელი საქმით დაკავებული, ისეთი დოზით, რომ თავად ვიყო კმაყოფილი. მიჯაჭვული ვარ ამ ქალაქს, ხშირად ჩამოვდივარ, მიჭირს დიდხანს შორს ყოფნა.

 

მოსწავლეების აქცია საპატრულო პოლიციასთან ერთად

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  „ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის“  წევრებიც.

ადვოკატირების კამპანია ტარდება ბათუმის საპატრულო პოლიციასთან ერთად. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეითად მოსიარულეთა უფლებებისა და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად. აქტივობა ხორციელდება პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ (ANI), რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

რიჩარდ ნორლანდმა ბათუმში აშშ-ს საკონსულოს მემორიალური დაფა გახსნა

მემორიალური დაფა, რომელიც იუწყება, რომ 1913 წელს ამ ადგილას აშშ-ს საკონსულო მდებარეობდა, ბათუმში საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსულმა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა გახსნა არჩილ ხაბაძესთან, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ჩავლეიშვილთან და ავთანდილ ბერიძესთან ერთად.

„რამდენიმე მიზეზით არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს დღე. პირველ რიგში მახსენდებიან ის კოლეგები ძველი დროიდან, რომელთაც თავიანთი ცხოვრება დაუთმეს დიპლომატიურ და საკონსულო სამსახურს. ისინი ბათუმში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ათასობით მილის დაშორებით, ისინი წარმოადგენდნენ აშშ-ს ინტერესებს. მათ შორის იყვნენ უილიამ სტიუარდი, უილიამ მასტერსონი, ჯეიმს ჩემბერსი. ვფიქრობ ჩემს კოლეგებზე, რომლებიც იგივე სამუშაოს ასრულებდნენ ამ ქალაქში, ამ ადგილას, ზუსტად ასი წლის წინ. გარდა ამისა, ეს აჩვენებს ბათუმის მნიშვნელობას, რომელიც მდებარეობს გზაჯვარედინზე, არის საერთაშორისო და კოსმოპოლიტური ქალაქი და დღეს იგი კვლავ ასრულებს ამ ფუნქციას ახალი აბრეშუმის გზაზე.

საბჭოთა კავშირის დროს ბათუმში ჩამოსვლა უცხოელისათვის ძალიან რთული, ხოლო ამერიკელისათვის ფაქტიურად შეუძლებელი იყო. მახსენდება სტუდენტობის წლები, როცა მქონდა სურვილი ვსტუმრებოდი ბათუმს, მაგრამ მითხრეს – დაივიწყე. დღევანდელი დღე ჩანს იმ გადმოსახედიდან, როგორც საოცრება.

და კიდევ ერთ მიზეზი, რის გამოც მნიშვნელოვანია ეს დღე, ეს გახლავთ საქართველოსა და აშშ-ს ურთერთობები.  როცა 1886 წელს ბათუმში გაიხსნა საკონსულო და დაექვემდებარა ოდესაში მდებარე საკონსულოს, ეს იყო კიდევ ერთი ასახვა იმისა, რომ აშშ-ში იცოდნენ, რომ საქართველო იყო განსხვავებული დანარჩენი ცარისტული რუსეთისგან.“  – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა მემორიალური დაფის გახსნისას.

მემორიალური დაფის დამზადებისა და განთავსების ხარჯები ამერიკის საელჩომ გაიღო.

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

მსვლელობა სანაპირომდე, მეათე ნავმისადგომამდე გაგრძელდა, სადაც საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებს სპეციალურად მოწყობილი სცენა, სასწავლებლების ხელმძღვანელები და მთავრობის  წარმომადგენლები ელოდნენ.

საზეიმო ღონისძიება, რომელსაც შემდეგ დაჯილდოების  ცერემონიალი მოჰყვა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ  გახსნა. თავის მიმართვაში მან ხაზი იმ ორ მთავარ მიღწევას გაუსვა, რაც გასულ წელს მოხდა.

„2013 წლის ნოემბერში ევროკავშირმა თავიდან აღიარა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატების ხარისხი. რაც საშუალებას აძლევს საქართველოში მცხოვრებ მეზღვაურებს იმუშაონ ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.

ასევე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული მკაცრი და უკომპრომისო საზღვაო პოლიტიკის დამსახურებით პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული დროშა  წელს ამოღებული იქნა ე.წ. საერთაშორისო  შავი სიიდან  და გადავიდა ნაცრისფერ სიაში.  ეს ნიშნავს უფრო მეტი საერთაშორისო გემის მოზიდვას ქართული დროშის ქვეშ, ეს ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, ეს ნიშნავს სამომავლოდ ქართველი მეზღვაურების დასაქმების შანსს ქართული დროშის ქვეშ. ეს ორი მეტად  მნიშვნელოვანი წარმატება და წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანას მისცემს იმის საშუალებას რომ დამკვიდრდეს  როგორც მოწინავე საზღვაო ქვეყანა, ჯერ ჩვენს რეგიონში და შემდეგ მთელ მსოფლიოში,“ – განაცხადა მამუკა ახალაძემ.

დღესვე საზღვაო დარგში შეტანილი წვლილისთვის  კარლო ოსაძე, როლანდ რიჩკოვი, პაატა ტაბაღუა და ლუიზა წვერავა დააჯილდოვეს. ღონისძიების დასასრულს, ნაოსნობისას დაკარგული კაპიტნის, ოთარ ჩახვაძის ხსოვნის პატივსაცემად მეზღვაურებმა ყვავილების გვირგვინი ზღვაში ჩაუშვეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ჩვენ უნდა შევცვალოთ“

 

ირმა დიმიტრაძე
ირმა დიმიტრაძე

ბევრს ვსაუბრობდით რელიგიაზე, იმაზე, რომ ბებია და სოფლის ქალები ქრისტიანებს ქართველებს ეძახდნენ, ხოლო საკუთარ თავზე ამას არასდროს იღებდნენ, ჩვენ (მუსლიმანები) აჭარლები ვართო. დედა მიყვებოდა, რომ მსოფლიო ისტორიაში რელიგიები დროთა განმავლობაში გაჩნდა და გავრცელდა, რომ თითოეულ რელიგიამდე სხვა რელიგია არსებობდა… ერთხელ მითხრა რელიგიას ადამიანი თავისუფალი ნებით, გულითა და გონებით ირჩევს და ის თანდაყოლილი არ არის, ხოლო ძალადობა, რომელიც რელიგიათა გავრცელებას მოსდევდა თან ადამიანების მიერ იყო ჩადენილი. ასე ამბობდა, საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანობამდე სხვა რელიგიური მიმდინარეობებიც იყო და ეს იმას არ ნიშნავს, რომ უპირველესი რელიგიაა ჭეშმარიტი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელიო.

 

 

ეს საუბრები, მიხვდებით, რომ საკმაოდ რთული აღსაქმელი იყო ჩემთვის. მე მხოლოდ ის მესმოდა, რომ ქართველი მუსლიმანი ვიყავი და ბავშვური ოცნებით ვოცნებობდი პრეზიდენტობაზე.

 

 

9 წლის ვიყავი, როდესაც ბათუმში მოგვიწია საცხოვრებლად გადმოსვლა, ოჯახური პრობლემებისგან თავბრუ მქონდა დახვეული. დედას ჩემთვის ნაკლები დრო რჩებოდა, რადგან სრულიად უცხო გარემოში მე და ჩემი პატარა ძმა უნდა უზრუნველვეყეთ საცხოვრებელი პირობებით, ძველებურად ვეღარ ვსაუბრობდით, ახალ გარემოში კი უამრავი გამოწვევა და პრობლემა მელოდა.

 

 

ერთ დღეს ახალ მეგობრებთან ერთად „რევოლუციონერობანას“ ვთამაშობდი, ეს თამაში ბავშვებმა მოვიგონეთ, „ვარდების რევოლუციისგან“ შთაგონებულებმა. არასდროს დამავიწყდება: ქაღალდის ვარდები გავაკეთე, სადარბაზოში მესამე საფეხურზე ავედი და დავიძახე: „აჭარა საქართველოა, მომყევით ხალხნო და მე გაგიძღვებით წინ, ვარდებით, ხმა მომეცით მე!“ მახსოვს წამიერი დუმილი და ხითხითი, გავწითლდი, თითქოს ფერი, რომელიც ქაღალდის ვარდს არ ჰქონდა, მე დამედო სახეზე. ერთ-ერთი გოგონა ამოვიდა კიბეზე, ქაღალდის ვარდები ხელიდან გამომართვა და დაიძახა: „გამომყევით მე, ქრისტეს სახელით, ეს მუსლიმანია, თათარი ბაბუინები ვერ წაგვართმევენ აჭარას!“ შემდეგ ბუნდოვნად მახსოვს სახლში როგორ მივედით მე და ჩემი უმცროსი ძმა, მე 11 წლის ვიყავი ის 8-ის. იმ დღეს პირველად გავიგონე ჩემი მისამართით – თათარი. უამრავი კითხვა მაწუხებდა, ჩემი ძმა ტიროდა, რადგან სათამაშოდ უნდოდა წასვლა, მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი…

 

როგორც ბავშვებს სჩვევიათ, ნერვიულობის გამო სიცხემ ამიწია და მთელი ღამე ვბორგავდი. დილით, როცა უკეთ გავხდი, დედა მომიჯდა საწოლთან და დამიწყო გამოკითხვა.  არ მიტირია, დედას კი ცრემლები წამოუვიდა, ჩამეხუტა და მომიყვა ამბავი მემედ აბაშიძესა და ილია ჭავჭავაძეზე; მიყვებოდა, რომ წლების წინ აჭარა თურქეთის ბატონობის ქვეშ იყო, რომელმაც მუსლიმანური რელიგია ძალმომრეობით გაავრცელა. მიყვებოდა, რომ მიუხედავად ამისა, ქართული სული არ დაკარგულა და არც იმის იმედი, რომ ერთ დღეს აჭარაც დაუბრუნდებოდა საქართველოს. მითხრა, რომ ამისთვის ბევრი იარაღით იბრძოდა, რომ როცა თაობათა განმავლობაში, ეს რელიგია აჭარაში აითვისეს და მიიღეს, შეეშინდათ მართლმადიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შესვლა, რომ კომუნიკაციის არარსებობა და განათლების დაბალი დონე მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სწორად გაიაზრეს ეროვნული და რელიგიური იდენტობების განსხვავება და მათ განათლებით, წიგნიერებითა და მეგობრებით გადაწყვიტეს ერთიანობისთვის ებრძოლათ. ერთი მხრივ, მუსლიმანი მემედ აბაშიძე და მეორე მხრივ, ქრისტიანი ლია ჭავჭავაძე, ორივე ქართველი, გაერთიანდნენ და წამოიწყეს „ოფლის ღვრის ომი“… ამ ამბავში ყველაზე მეტად ის მომენტი დამამახსოვრდა, როდესაც მემედ აბაშიძემ ქართულ სუფრაზე ქართველების ძმობის სადღეგრძელო წყლით დალია (მოგეხსენებათ, მუსლიმანური რელიგია ალკოჰოლის მიღებას კრძალავს), როგორც ყველაზე წმინდა და მაცოცხლებელი სითხით, ამას კი თავად ილია და სუფრის სხვა წევრები დიდი პატივისცემით შეხვდნენ და თქვეს, რომ მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ისინი ძმები არიან და მხოლოდ ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემით შეუძლიათ საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. დედამ მითხრა, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ღირსეულ და დიდ ადამიანებს შეუძლიათ და რომ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. აღარასდროს გაიქცე, აღარასდროს აფიქრებინო უმეცარს, რომ ის მართალია, შენ თუ გინდა გახდე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეძლებ, მხოლოდ მაშინ, როდესაც შეცვლი და არ დაიმალებიო – ასე მითხრა დედაჩემმა.

 

 

მას შემდეგ, რა თქმა უნდა, შემეცვალა დამოკიდებულებები და შეხედულებები და აღარც პრეზიდენტობაზე ვოცნებობ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც რელიგიური ნიშნით რაიმე სახის ჩაგვრას, რელიგიის ეროვნებასთან გაიგივებას ან სხვა მსგავს პრობლემას ვაწყდები, ყოველთვის მახსენდება, რომ მე უნდა შევცვალო, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ. 

 

სიტყვა წარმოთქმულია დემოკრატიის მთხრობელთა დასის თხრობითი პერფორმანების ფარგლებში. 

რას განიხილავენ ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე

 

სხდომაზე განსახილველად 15 საკითხია ჩანიშნული. მათ შორის:

2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „სოციალური უზრუნველყოფა“ დამტკიცების შესახებ;

ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის №136 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ,

 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 20 ნოემბრის N246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი რამდენიმე მემორიალური დაფის განთავსების და სხვა  საკითხები.

 

შეგახსენებთ, რომ ეს ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს ერთ-ერთი ბოლო სხდომაა.  

არაადაპტირებულია – დაწესებულებები პანდუსების გარეშე

 

 

ბანკები, საჯარო ბიბლიოთეკა, აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, მუზეუმები, კინოთეატრი – ეს იმ ორგანიზაციების მოკლე ჩამონათვალია, რომელთაც პანდუსი არ გააჩნიათ, შესაბამისად შშმ პირებს აქ შესვლა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.

 

„ცვლლებები თანაბარი უფლებებისთვის“ შშმ პირთა ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია შეზღული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების ღირსების, უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;  შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტების გააქტიურება;  საზოგადოებაში შეზღუდულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლება;  ახალგაზრდა შშმ პირების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობა; შშმ პირების ჩართვა კულტურულ პროცესებში და შშმ პირთა განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა.

 

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

 

25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში საზღვაო აკადემიის კურსანტები აღლუმს გამართავენ. საზღვაო სატრანსპორტოს სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 18 ათასი მეზღვაურია. 

 

მეზღვაურთა  დღე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) რეზოლუციის შესაბამისად 2011 წლიდან აღინიშნება. 

ქუჩის ბიბლიოთეკა ქედაში

 

 ქუჩის ბიბლიოთეკის  იდეა ქედაში  CAUCULT-ის აჭარის ჯგუფში ჩართულ გიორგი აბულაძეს ეკუთვნის. ღია ცის ქვეშ, სპეციალურ საცავებში, რომლებსაც ბიბილოთეკის დანიშნულება აქვს, სხვა და სხვა ჟანრის წიგნებია  თავმოყრილი ყველა ასაკის მკითხველისთვის. გიორგი აბულაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტით ევროკავშირის ქვეყნებში ადაპტირებული მეთოდის დამკვიდრება სცადა.

 

„სამი წელია კავკასიის კულტურული ინიციატივათა ქსელის მოხალისე ვარ, რომლის დონორი ევროკავშირია, გვევალებოდა ინდივიდუალური პოექტების მოწყობა.  აქ ვცხოვრობ და ვხედავ , ადამიანთა დიდი ნაწილი პარკში უფრო დადის ვიდრე ბიბლიოთეკაში, შესაბამისად ვიფიქრე, კარგი  იქნებოდა ქუჩის ბიბლიოთეკა მომეწყო.  მსგავსი აქტივობა ევროპაშიც არსებობს,  ვიფიქრე, კარგი იქნებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტშიც გვეცადა ამის გაკეთება.

 

 

წიგნების გასათავსებლად  მინიატურული  სახლი გავაკეთე და მსოფლიო ლიტერატურა განვათავსე,  აქ ნებისმიერი ასაკის მკითხველს შეუძლია მისთვის სასურველი წიგნი წაიკითხოს“ –  ამბობს გიორგი აბულაძე.

 

 

პროექტის პრეზენტაციისას „ქუჩის ბიბლიოთეკას“ ქედელებმა სხვა და სხვა წიგნები აჩუქეს.  

 

„მადლობა მინდა გადავუხადო აქციის სულისჩამდგმელს. ადამიანის სულიერებისთვის ასეთ პროექტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“ – ამბობს ციალა ასამბაძე, ქედის მცხოვრები, რომელმაც პროექტს წიგნი გადასცა საჩუქრად.

 

„პროექტი თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში ხორციელდება. რეგიონებში ხუთი მოხალისე გვყავს, რომლებიც საკუთარ თემებში ინდივიდუალურ პროექტებს ახორციელებენ, ყველა პროეტი თავისებურად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, სხვადასხვა თემში სხვადასხვა საჭიროებია, შესაბამისად  პროექტებიც განსხვავდება“- ამბობს პროექტის კორდინატორი მაკა სართანია.

 

 

CAUCULT-ის  (კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელი)  მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურულ ინიციატივას საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რეგიონებსა და ქალაქებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის  პროგრამის  ფარგლებში.

 

იყიდება ბინა ზღვასთან ახლოს

 

ქ. ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, სახლი 1-ში, მე-3 სართულზე, ზღვის სანაპიროდან 100 მეტრში, ევკალიპტების ხეივნის წინ, ეკლესიისა და ოპერის თეატრს შორის იყიდება ოროთახიანი, გარემონტებული ბინა, მე-4 სართულის დაშენების პერსპექტივით. ფართობი: 163 კვ.მ. შესაძლებელია მხოლოდ მანსარდის გაყიდვაც.

ფასი შეთანხმებით.

ტელ:. 250294; 555720416.


 

აჭარის პროკურატურა ჯაბა ანანიძის საქმეს არ გამოიძიებს

 

ოფიციალურ წერილს ხელს აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი გიორგი კვარაკვახიძე აწერს.

 

ჯაბა ანანიძემ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ჟურნალისტს მიაჩნია, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მედეა ვასაძემ მისი უფლებები დაარღვია, რადგან ცდილობდა მის დაშინებასა და დაშანტაჟებას.

 

სწორედ ამიტომ პროკურატურას ჟურნალისტმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, სსკ-ის 154-ე მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ნიშნავს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ასევე სსკ-ის 157-ე მუხლის გამოძიების მოთხოვნით, რაც პირადი  ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას ნიშნავს. ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ითხოვდა ასევე გამოძიების დაწყებას სსკ-ის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს და სსკ-ის 159-ე პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას.

  

იმის გამო, რომ აჭარის პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები მთავარ პროკურატურაში გაასაჩივრებენ.

საია ჯაბა ანანიძის ინტერესებს იცავს. 

მემტრედე ბარცხანიდან

45 მტრედი, ორი გორდონის ჯიშის ძაღლი, ორი გორდონის და ერთი პოინტერის ჯიშის ლეკვი, ორი შვილი, 4 შვილიშვილი, ერთი შვილთაშვილი და მეუღლე – ასეთია რომან მატკავას დიდი ოჯახის შემადგენლობა.

„ოჯახში რაც არ უნდა გული მომაყვანინონ, გამოვალ, მტრედებს პურის კაკალს დავუყრი, სიგარეტს მოვწევ, ძაღლებს ვაჭმევ და ვმშვიდდები. შვილიშვილებს რომ ვეძახი მოდით ჭამეთ-მეთქი, არ მიჯერებენ, მტრედებს ერთს დავუძახებ და მოდიან,“ – ასე იწყებს ბატონი რომანი საუბარს ჰობიზე, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

„მამაჩემსაც ჰყავდა ადრე, ცხონებულს, მტრედები. ძაღლებიც ჰყავდა, ნადირობდა. მერე მეც მივეჩვიე. რამდენი გზობა ვიფიქრე, არ მინდა-მეთქი,  ვითომ დავანებე თავი, მაგრამ  მაინც დავიწყე. ერთი მეშოკი პურის კაკალი მიდის თვეში ამათ ჭამაში. ეს თუ პატარები არ ჰყავთ. თუ პატარები ჰყავთ, მაშინ უფრო მეტი სჭირდებათ. ათასობით ჯიშის მტრედია. ვის რომელი უყვარს, ყველას ის ჯიში ჰყავს.  მე, მაგალითად, სამი-ოთხი ჯიშის მტრედი მყავს. მოვლა სჭირდება, შრომას მოითხოვს. სისუფთავე უნდა, წყლის გამოცვლა, ვიტამინები. ხანდახან  იცის მოწყენა. ბუნტყლის გამოცვლის დროს ვეძახით. ასეთ დროს სჭირდება  ტეტრაციკლინი, წყალში ვუზავებ და ვასმევ. სამტრედეც ყოველ მესამე დღეს უნდა გამოწმინდო. ჭამას რაც შეეხება, საერთოდ ნათქვამია, რაც მტრედს წონა აქვს, ის საკვები უნდა დღეში. 150-200 გრამამდე ჭამენ თითქმის დღიურად, პურის კაკალს, გაროხს, ბრინჯს, წვრილი სიმინდის გადაყლაპვა შეუძლიათ, დიდ სიმინდს ვღერღავ და ისე ვაჭმევ. რომ გყავს, უნდა მოუარო, ანდა უნდა შეკვეცო, არ უნდა გააწვალო. ყველაფერს მოვლა-პატრონობა უნდა. ჩემს ჭიას ვიკლავ. არავის ვაწუხებ, ვპატრონობ,“ – ამბობს რომან მატკავა.

მას შემდეგ, რაც მტრედები აპურებს, სამტრედისკენ მიმიძღვის და მტრედებს მათვალიერებინებს.

„ეს შავკუდა მტრედებია. ეს თეთრებია, აგერ წითელიც. ფოჩტარი ეგერაა, ზემოთ ასული. საფოსტო მტრედი ორი მყავს. საფოსტო მტრედებს ძირითადად ომის დროს იყენებდნენ. ორ გრამამდე მიაქვს, აბამდნენ ფეხზე წერილს და ათასობით კილომეტრს გადიოდნენ. როცა ახალი ჯიშის მოშენება გვინდა, კვერცხებს გვაძლევენ და მერე ვუდებთ მტრედებს. ბარტყი თვე-ნახევარი-ორი თვე დამოკიდებულია მშობლებზე“.

მისივე თქმით, ბარტყებს მუდმივად სითბო უნდათ, ამიტომ ღამით დედალი ზის ბარტყებთან, დღისით – მამალი. ორი თვის შემდეგ დედალი ახალ კვერცხზე მიდის და  ბარტყს აღარ აჭმევს. ამიტომ მას მხოლოდ მამა ზრდის.

„აი, წუხელ გამოუჩეკია ორი ახალი ბარტყი. მალადეც ბიჭები. წუხანდელი მატებაა ღმერთით,“ – ამბობს გახარებული რომან მატკავა და ბარტყები ბუდიდან ამოჰყავს.

„რა უნდა გამიჭირდეს ისე, რომ ესენი ვერ ვარჩინო. ძალიან ვინერვიულებ, თუ ოდესმე ისე მოხდა, რომ ვერ ვაჭამე. მაგენი მაძღარი თუ არ არიან, მე ვერ ვუძლებ.  40-50 ლარად ერთ ტომარა პურის კაკალს ვყიდულობ. ტუფლი რომ მქონდეს  გახეული,  ტუფლს არ ვიყიდი და ამგენს მშიერს  არ დავტოვებ. მტრედი უენოა. დაგინახავს, შემოგაფრინდება – მაჭამეო. თუ გყავს, უნდა მოუარო. ესენი ისეთი მტრედებია, ქუჩაში ვერ წავლენ და იქ ვერ იპოვიან საჭმელს,“ – ამბობს რომან მატკავა.

„90-იან წლებში, გაჭირვება როცა იყო, სიმინდი სოფლიდან მომქონდა. ხან ტაროაინი სიმინდი იყო, ხან ვღერღავდით. სიმინდს რომ ჩამოვიტანდით სოფლიდან, ჩვენზე მეტს მტრედები ჭამდნენ,“ – საუბარში რომანის მეუღლე, მადონა მიმინოშვილი ერთვება.

„ვერ გადმოგცემთ ჩემს დამოკიდებულებას. რაც გიყვარს, ის გყავს. მტრედები მყავს და მიხარია, შვილიშვილები მყავს და მიხარია. ქალი მეხვეწება, მტრედები კი არა ქათმები გოუშვათ, კვერცხს დადებს, ბავშვები შეჭამენო, მაგრამ მე რაც მინდოდა, იგი მყავს, რაფერც მინდოდა ოჯახი მყოლოდა, ისე მყავს. ვამბობდი, ნეტავ შვილთაშვილს მომასწრო და ჯანდაბას ჩემი თავი-მეთქი. ახლა შვილთაშვილიც მყავს. მაგრამ  პატარა შვილიშვილს რომ ვხედავ, ვიძახი, ნეტა ამის ქორწილს მომასწრო-მეთქი“, – ამბობს რომან მატკავა.

მურმან დუმბაძის კანდიდატები „ოცნების“ პირისპირ

 

 

ტარიელ მანველიძე ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს თემში მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართული ოცნებიდან“ იყო წარდგენილი. მას არჩევნები საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გენად არძენაძემ ასი ხმით მოუგო.

 

 

სახელისუფლებო გუნდის დამარცხებული კანდიდატი ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი, დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება მის სასარგებლოდ სოფლის რწმუნებულების მუშაობამ განაპირობა. მისი თქმით, რწმუნებულებმა სოფელში დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია გაწიეს.

 

 

ტარიელ მანველიძის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი გენად არძენაძე სინამდვილეში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის კანდიდატურა იყო და სოფლის რწმუნებულებმა მისი მხარდაჭერის დავალებაც მისგან მიიღეს.

 

 

`საკითხი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატების უკან ასევე „ქართული ოცნების“  წევრი მურმან დუმბაძე იდგა, რწმუნებულები კი მათ სასარგებლოდ მუშაობდნენ, შტაბში რამდენჯერმე დავაყენეთ, თუმცა უშედეგოდ“, – ამბობს ტარიელ მანველიძე.

 

 

 

ტარიელ მანველიძის ინფორმაციით, არჩევნები „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იმავე მიზეზით წააგო წონიარისის თემშიც. „ამბობენ სხვა რაიონებშიც ანალოგიური ვითარება იყოო“, – დასძენს ყოფილი კანდიდატი.

 

 

სოფელ დანდალოს რწმუნებული ისრაფილ მანველიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს: „თქვენ კარგად იცით, რომ რწმუნებული დამოუკიდებელია და არავისი დახმარების უფლება არ აქვს. ასე არ ყოფილა.“

 

სოფელ წონიარისის რწმუნებულმა ამირან წულუკიძემ კი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში თავდაპირველად თქვა: „ჩვენ ვმუშაობდით გამგებლის, პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ“, შემდეგ კი დააზუსტა, რომ „მხოლოდ 41-ის სასარგებლოდ მუშაობდა“.

 

 

13 მაჟორიტარული ოლქიდან ხულოში არჩევნები ორ ოლქში „ნაციონალური მოძრაობიდან“ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ორ ოლქში ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატმა, ერთი ოლქში თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა მოიგო. 

 

 

ხულოს პირველ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“  მაჟორიტარობის კანდიდატს ნოდარ ზოიძეს `ნაციონალური მოძრაობიდან“ წარდგენილმა ირაკლი ჯორბენაძემ 143 ხმით აჯობა. ზოიძემ მხოლოდ 262 ხმის მოგროვება შეძლო.

 

 

ნოდარ ზოიძე „ბათუმელებთან“ დამარცხების მიზეზს ასე ხსნის: „ალბათ ღირსეული კანდიდატი ის იყო და მოიგო“.

 

„არანაირი ხელშემშლელი მიზეზი არ გვქონია, ასე ხალხმა გადაწყვიტა“, – ამბობს დიდაჭარის თემის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მევლუდ წულუკიძე. იმავეს ამბობენ სხვებიც.

 

 

ხულოს „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის ჯამბულ ხოზრევანიძის თქმით, არჩევნების შედეგი განაპირობა პროცესის დემოკრატიულად წარმართვამ. მას სჯერა, რომ „ხალხმა ასე გადაწყვიტა.“

 

 

ქობულეთში ოცი მაჟორიტარული ოლქიდან სამ ოლქში არჩევნები „ნაციონალური მოძრაობიდან“ წარდგენილმა კანდიდატმა მოიგო, ორ ოლქში თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილებმა გაიმარჯვეს, ერთ ოლქში კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

 

 

დამოუკიდებელი კანდიდატი სოსო ქათამაძე, რომელმაც ხუცუბნის თემში არჩევნები მოიგო, აიპი ქობულეთის გამწვანების ხელმძღვანელია. იგი ამბობს, რომ მის უკან არც ერთი პარტია და არც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი არ დგას და მხარი „წარსულში გაკეთებული კარგი საქმეების გამო“ დაუჭირეს.

 

 

დამარცხებული კანდიდატების თქმით კი, რომლებსაც დიქტოფონთან საუბარი არ სურთ, `მურმან დუმბაძის კანდიდატები კოალიციამ საარჩევნო სიებში არ ჩასვა, რის გამოც განაწყენებულმა ვიცე-სპიკერმა ურჩია მათ დამოუკიდებელ კანდიდატებად დარეგისტრირებულიყვნენ. სოფლების რწმუნებულებს კი მათი მხარდაჭერის დავალება მისცა. რიგ უბნებზე დამოუკიდებელმა კანდიდატებმა არჩევნები მოიგეს, რიგ უბნებზე კი მათი ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დააკლდათ და სხვა პარტიებთან დამარცხდნენ.

 

 

 მურმან დუმბაძე: „დიახ, ჩემ მიერ ჩასმულმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოიგეს. ეს იყო იმის დასადასტურებლად, რომ ამ გუნდს ჰყავს სერიოზული პოლიტიკური ძალა, აქტიური ადამიანები. ისინი გაატარებენ იმ პოლიტიკას, რასაც ატარებს კოალიცია „ქართული ოცნება“. ნამდვილი „ქართული ოცნების“ დამოუკიდებელი კანდიდატები არიან, რომლებმაც იმ ტერიტორიებზე არჩევნები მოიგეს.

 

 

დიახ, კადრების შერჩევისას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ოფისებში შეცდნენ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ისინი იყვნენ სუსტები და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოიგეს. ისინი მმართველ ძალასთან შეთანხმებულად იმუშავებენ.“

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა კი „ბათუმელებთან“ აღნიშნა: „რა ხდებოდა რაიონებში არ ვიცი, ჩვენ ბათუმში ყველა მაჟორიტარული ოლქი მოვიგეთ“.

მკურნალობა პლაჟზე – სად ჯობს დასვენება?

 

 

ქობულეთის ფიჭვნარი

 

ქობულეთის ფიჭვნარში, გარდა იმისა, რომ არის ზღვის ჰაერი და დიდი რაოდენობით სხვა მიკროელემენტები, ემატება ფიტოსედები – ბიოლოგიური ანტიბიოტიკები. ფიჭვნარი ყოველთვის გამოყოფს მას, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში.

 

ზოგადად მთელი წლის განმავლობაში გამოყოფს ფიჭვნარი ფიტოსიდებს, მისი ჩასუნთქვა კი ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის. ეს იწვევს სასუნთქ ორგანოებში დაავადებების შემცირებას. ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია, ამიტომ ურჩევენ ფიჭვნარს სასუნთქი გზების დაავადებების მქონე პაციენტებს. 

 

 

ქობულეთის ზღვის სანაპირო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში სწორედ იმით, რომ იქ ზღვაზე მზის აბაზანის მიღების შემდეგ დამსვენებელს  შეუძლია სწრაფად გადავიდეს ფიჭვნარის ზონაში და იქ მიიღოს მზის აბაზანები, რაც უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ქვიშაზე, რასაც დოზირება სჭირდება. გარდა ამისა, ქობულეთში რეკომენდებულია დასვენება გულსისძარღვთა დაავადებების მქონე ავადმყოფებისათვის (მხოლოდ არ უნდა იყოს დაავადების გამწვავების პერიოდი).

 

 

ასევე, ძალიან სასარგებლოა ქობულეთში დასვენება ბრონქული დაავადებების დროს, შემოდგომის პერიოდში. ქობულეთში დასვენებას იგივე ეფექტი აქვს ქრონიკული ლარინგიტისა და ფარინგიტის შემთხვევაში, ასევე ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებებისას, სტრესული მდგომარეობის მოხსნისა და რელაქსაციისათვის.

 

 

ზღვა განსაკუთრებულად სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის იმ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც იოდის ნაკლებობით მიმდინარეობს. ზღვის წყალი და ზღვის ჰაერიც შეიცავს იოდს. ეს მიკრონაწილაკები სუნთქვის დროს ადამიანის ორგანიზმში ხვდება, რაც ძალიან სასარგებლოა.

 

 

 

ურეკის მაგნიტური ქვიშა

 

გრიგოლეთიდან ურეკამდე ზღვის სანაპირო მაგნიტური ქვიშითაა დაფარული, რომელიც რკინას შეიცავს. ეს არის მაგნიტური რკინის ნაწილაკები, რომლებიც ყველა ასაკის დამსვენებლისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვისაა სასარგებლო. საბჭოთა პერიოდში იქ ამზადებდნენ ე.წ „მედალიონებს“: დილით ადრე  ქვიშას თხრიდნენ დაახლოებით  15 სმ სიღრმემდე და მას მედალიონის ფორმას აძლევდნენ, სიმაღლე დაახლოებით ორ მეტრამდე უნდა ჰქონოდა. მას ღიად ტოვებენ მანამ, ვიდრე მზის სხივებით არ გახურდებოდა. ადრე ამას სანატორიუმის პერსონალი ამზადებდა. გახურების შემდეგ ცხელ ქვიშაში წვებოდა ავადმყოფი და მას დაახლოებით რვა-ათ სანტიმეტრამდე ქვიშით ფარავდნენ, ქვიშას აყრიდნენ სხეულზე. დაუშვებელია 10 სანტიმეტრზე მეტი სიმაღლის გამოყენება, ამ დროს ავადმყოფის თავი უნდა იყოს აუცილებლად დაცული მზისგან. ეს პროცედურა 15 ან 20 წუთი უნდა გაგრძელდეს. 30 წუთი მაქსიმუმია. მაგნიტური ქვიშის გავლენა ძალიან სასარგებლოა ორგანიზმზე ქრონიკული ანთებითი პროცესის დროს.

 

 

 

მწვანე კონცხი

 

მწვანე კონცხი ზღვის დონიდან 90 მეტრზე მდებარეობს. ეს ნამდვილად არ არის ის სიმაღლე, რომ მთის ჰაერად ჩავთვალოთ, თუმცა ბათუმსა და ქობულეთთან შედარებით მაღალია. სხვაობა ის არის, რომ აქ მცენარეული საფარი უფრო მეტია და რაც ზღვის აბაზანების პარალელურად განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ამ ადგილს ვურჩევდი დასასვენებლად ჯანმრთელ ადამიანებს პროფილაქტიკის მიზნით.

 

 

 სარფი

 

 

როდესაც ვატარებდით ზღვის წყალზე კვლევებს, ყოველთვის ფიქსირდებოდა, რომ ბათუმის ზღვის წყალში ბევრად მეტია მავნე ბაქტერია, ვიდრე სარფის ზღვის წყალში. ისე კი მათი შემადგენლობა ერთნაირია. სარფში ჰაერიც შედარებით სუფთაა – ეს ორივე ერთად კი საუკეთესოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

 

 

 

მახინჯაურის გოგირდოვანი წყლები

 

გოგირდოვანი, მინერალური წყლები საუკეთესოა ძვლის დაავადებების დროს. მას კარგი შედეგები აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში სპეციალისტის რჩევა აუცილებელია, მან უნდა განუსაზღვროს ავადმყოფს, მიიღოს თუ არა ზღვის აბაზანების პარალელურად გოგირდოვანი აბაზანები. ორივეს ერთად მე არ ვურჩევდი, რადგან ორგანიზმზე ამ დროს ზედმეტი დატვირთვა მოდის.

 

 

თუ გოგირდოვან წყლებს იღებთ, ჯობია, იმ დროს ზღვის წყალი არ მიიღოთ. მაგალითად ზამთრის პერიოდში, როდესაც ზღვის ჰაერით მკურნალობს ავადმყოფი და  წყალში არ ჩადის, შესაძლებელია გოგირდოვანი წყლით სარგებლობა.

 

 

დაავადებები, რომლის დროსაც არ შეიძლება ზღვის აბაზანების მიღება

 

ეს შეიძლება იყოს ყველა დაავადება გამწვავების პერიოდში, ასევე მწვავე ინფექციური დაავადებები, ფსიქიკური დაავადებები, ძლიერი ტახექსია, ავთვისებიანი სიმსივნე, ორსულობა (განსაკუთრებით მეორენახევარი), ტუბერკულოზის აქტიური ფორმა – ეს არის ძირითადი ჩამონათვალი, როცა ზღვაზე მკურნალობა ფაქტობრივად აკრძალულია.

 

 

 

რიჩარდ ნორლანდს ხვალ ბათუმში ელოდებიან

 

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლობამ, ბათუმის საკრებულოს მიმართა თხოვნით ამ სახლზე განთავსებულიყო მემორიალური დაფა.   მემორიალური დაფის  დამზადებასა  და განთავსებასთან დაკავშირებულ ხარჯები ამერიკის საელჩომ დაფარა.

  ღონისძიებას ამერიკის ელჩთან ერთად,  აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, მინისტრები, ასევე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები, ქალაქის ვიცე–მერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

 

 

 

ბათუმს ვერონას დელეგაცია სტუმრობს

 

 

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობასა და  ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეეხო, ირაკლი ჩავლეიშვილმა სტუმრები აგვისტოს ბოლოს „ბათუმობის“ დღესასწაულზე მოიწვია და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ვერონას დელეგაცია ბათუმს საქველმოქმედო მისიით სტუმრობს, მათ უკვე მოინახულეს რამდენიმე სოციალური სახლი და მოხუცებულთა პანსიონი.

ვერონას ბათუმი 2010 წელს დაუმეგობრდა.   მემორანდუმი ორ ქალაქს შორის  ეკონომიკურ,  კულტურულ–საგანმანათლებლო  და ტურისტულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მონიტორინგი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის გამჭვირვალობის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ უწყება ინფორმაციის გამოქვეყნების კანონით დაკისრებულ ვალდებულებას სრულყოფილად არ ასრულებს და  მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით ინტერნეტ რესურსს სათანადოდ არ იყენებს.

ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიც არის ზოგადი ცნობები უმაღლესი საბჭოს ფუნქციისა და საქმიანობის შესახებ, საბჭოს კომისიების საქმიანობის ანგარიშები, უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და პრემიების კვარტალური რაოდენობა, საბჭოს მიერ ინიცირებული კანონპროექტები და სამართლებრივი აქტები.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის www.sca.ge ტექნიკური მდგომარეობა – საიტი სტრუქტურულად გაუმართავია და მოხმარების თვალსაზრისით რთულად გამოსაყენებელია (not user friendly), კერძოდ: ვებგვერდს არ აქვს საძიებო სისტემა, საკანონმდებლო აქტის გამოქვეყნების დროისა და თარიღის დადგენის შესაძლებლობა. ვებგვერდზე არქივის ველი, რომელიც 2008–2013 წლის ინფორმაციას უნდა მოიცავდეს, ცარიელია.  

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახად, ბიუროს და კომისიის სხდომები საჯაროა, თუმცა მათი ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი ვებგვერდზე არ ქვეყნდება. ვებგვერდს არ აქვს ცალკე ველი, რომელიც უზრუნველყოფს დაგეგმილი სხდომების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებულობას. დაგეგმილი სხდომების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ქვეყნდება, ვებგვერდის მომხმარებელს სხდომების ჩატარების შესახებ ცნობა მხოლოდ მათი გამართვის შემდეგ მიეწოდება.

კანონპროექტების არარსებობა ვებგვერდზე

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭო მის მიერ წარდგენილი პროექტების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს.

2012 წლიდან 2014 წლის მაისამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა 11 კანონპროექტი, თუმცა  არცერთი მათგანი ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა. მაგალითად, სიახლეების გრაფაში, 2014 წლის 13 მაისს, გამოქვეყნდა ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების მიერ გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების საკითხის განხილვის შესახებ, თუმცა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებები, რომლის ინიციატორიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო იყო და რომელიც საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში დაამტკიცა, საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის.

ბიუჯეტი და პრიორიტეტების დოკუმენტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 10-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში წარდგენისთანავე საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით უნდა განთავსდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

 

საბჭოს ვებგვერდზე ბიუჯეტის შესახებ დამტკიცებული კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დებულება/რეგლამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, მიმართვა, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი უნდა გამოქვეყნდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

დადგენილებების, რეზოლუციების და მიმართვების ტექსტი ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული. რაც შეეხება საბჭოს რეგლამენტს, იგი გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ვებგვერდს არ გააჩნია პირდაპირი ბმულის (direct link) ფუნქცია, დოკუმენტის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. გამომდინარე იქედან, რომ ვებგვერდს ასევე არ გააჩნია საძიებო სისტემა, რაც კიდევ უფრო ართულებს სასურველი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობას.

თანამდებობის პირთა ბიოგრაფიები

 

ვრის მონაცემები (გვარი, სახელი, გვარი, ფოტოსურათი და სხვა ბიოგრაფიული მონაცემები) არის ატვირთული.  შესაბამისად, მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს თანამდებობის პირის ბიოგრაფიას და იცოდეს, თუ რამდენად შეესაბამება თანამდებობის პირის მიერ დაკავებული პოზიცია მის გამოცდილებას.

ვებგვერდზე ასევე არ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია მოქალაქეთა მიღების დღეებისა და საათების შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება იმ ფაქტს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებთან კომუნიკაციის მიზნით, აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელ ფეისბუქში დარეგისტრირებულ ოფიციალურ გვერდს, სადაც სხვადასხვა სახის ინფორმაცია ქვეყნდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საჯარო უწყებისთვის სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის მოხმარება მხოლოდ დამატებითი ფუნქციის მატარებელი შეიძლება იყოს საზოგადოებასთან კომუნიკაცის თვალსაზრისით და ის ვერ ჩაანაცვლებს ოფიციალური ვებგვერდს სრულყოფილი ინფორმაციულობის კუთხით. ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სრულყოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია და ამასთან, გაითვალისწინოს ვებგვერდის მთავარი დანიშნულება – რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს მარტივად და გასაგებად ჰქონდეს სამართლებრივ თუ სხვა სახის აქტებთან ხელმისაწვდომობა, მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილებებისა თუ ღონისძიებების შესახებ. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდეს უწყებას, ვებგვერდი მაქსიმალურად კომფორტული გახადოს მომხმარებლისთვის – დღეს არსებული დიზაინითა და სტრუქტურით შეუძლებელია ეფექტური ნავიგაცია.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ 2014 წლის 5 მაისიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომელიც ავალდებულებს საბჭოს საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი ინფორმაცია ვებგვერდზე პროაქტიულად განათავსოს. ასევე, მან უნდა უზრუნველყოს ვებგვერდის საშუალებით საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის შესაძლებლობის დანერგვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლეს საბჭოს უწყების ვებგვერდი მაქსიმალურად ინფორმაციული და ადვილად გამოსაყენებელი გახადოს: მომხმარებელს მარტივად უნდა მიუწვდებოდეს ხელი გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ თავისივე დადგენილება შეასრულოს და დაინტერესებულ პირებს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის გამოყენების საშუალება უმოკლეს ვადაში მისცეს.

აქცია უმაღლეს საბჭოსთან

 

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ის ადამიანები არიან, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შეპირდნენ, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში, ისინი გრძელვადიან და შეღავათიან სესხებს მიიღებდნენ.

 

ამირან მანჯგალაძე, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ ის მთავრობას დაბალპროცენტიან და გრძელვადიან სესხს სთხოვს. ამბობს, რომ იპოთეკით აღებული ვალი უკვე 50 ათას ლარს აღემატება.

 

როგორც  მანჯგალიძე განმარტავს,  სესხი, არა ბიზნესსაქმიანობისთვის, არამედ ოჯახის წევრების  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოიტანა.

 

აჭარის მთავრობაში განმარტავენ, რომ იპოთეკით დაზარაკებულ მხოლოდ იმ ადამიანებს ეხმარებიან, რომლებსაც მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესისთვის გამოიტანეს სესხი. 

 

 

 

 

ბავშვზე სქესობრივ ძალადობაში ბრალდებული

 

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილს პროკურორმა შოთა ხორავამ უთხრა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო დაკავებულს ბრალდება არასწორად აქვს წარდგენილი, ანუ სისხლის სამართლის 138-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ნაცვლად, მას სსკ-ის 138-ე მუხლის მეოთხე ნაწილით უნდა წარდგენოდა ბრალი (მეხუთე ნაწილი სსკ-დან ამოღებულია). ეს მუხლი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების სასჯელის ზომას განსაზღვრავს, დანაშაული კი ჩადენილია 14 წლამდე პირის მიმართ.

 

ტაქსის მძღოლს ასევე ბრალად ედება სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ანუ ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურორ შოთა ხორავას ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები საქმის მასალებს დაურთო. საქმეში ათზე მეტი მოწმეა დასაკითხი, ასევე საქმის მასალებში ინახება ექსპერტიზის დასკვნები, ბრალდებულის ავტომანქანიდან ამოღებული ნივთები…

 

მოსამართლემ სხდომაზე განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ალბათობის მაღალი ხარისხით, ბრალდებულის გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ. ბრალდებულის ადვოკატმა პროკურორის შუამდგომლობა კვალიფიკაციის შეცვლაზე გააპროტესტა. მან ასევე მოსამართლეს უთხრა, რომ ეს საქმე არ უნდა გადაეცეს სასამართლოს განსახილველად, რადგან საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს იმისა, რომ განსასჯელმა დანაშაული ჩაიდინა.

 

ბრალდებული 76 წლისაა და ტაქსისტად მუშაობდა. მას 10 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, რომელიც მისი მეზობელი იყო, გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარება ედება ბრალად.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წინასწარპატიმრობაში მყოფს თხუთმეტიდან ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რას ნიშნავს ციფრული მაუწყებლობა

 

შეხვედრას ჟურნალისტები, ტელევიზიების ხელმძღვანელები და საზოგადოებასთან ურთიერათობის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 2015 წლიდან ის ტელევიზიები, რომლებიც დეციმეტრული და მეტრული დიაპაზონით მაუწყებლობენ ვალდებული იქნებიან გადავიდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე, ციფრული სიგნალის მისაღებად კი მომხმარებელს, რომელსაც ძველი თაობის ტელევიზორი აქვს, სპეციალური მიმღების ყიდვა მოუწევს, რაც ახალი თაობის ტელევიზორის მესაკუთრეებს არ ეხებათ, ასევე არც იმ მომხმარებლებს, რომლებიც სიგნალს სატელიტური ანტენებით იღებენ.

 

 

 

14 მილიონი დოლარის ინვესტიცია ბათუმში

კომპანია 26 სართულიანი  ორი საცხოვრებელი კორპუსის  მშენებლობას  3000 მ/კვ-ზე განახორციელებს, რომლის პირველ და მეორე სართულებზე კომერციული ფართები განთავსდება. საცხოვრებელ კომპლექსს ექნება თავისი ბაგა-ბაღი და სკოლა.  მშენებლობაზე  სულ მცირე 100 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობა 30 თვეში დასრულდება.

კომერციულ ფართში დაგეგმილია ბათუმში პუშკინის  № 132-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „მოსკოვის “  მოვაჭრეთა გადმოყვანა.   მის ადგილას კი  მიმდებარე ბარაკული შენობა-ნაგებობების აღება მოხდება და 8 000 მ/კვ ფართობზე  კიდევ ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება.

სიმბოლური საძიკველის ჩაყრის დროს

როგორ ვებრძოლოთ ჩიყვს

  • ქალბატონო ლია, რა ფუნქცია აკისრია ფარისებრ ჯირკვალს?

ფარისებრი ჯირკვალი ყელის წინა ფაზაზეა მოთავსებული, იგი საკმაოდ პატარა ორგანოა, მისი მოცულობა სულ 40 მლ-ია და საკმაოდ ბევრი ფუნქცია აკისრია – ის მონაწილეობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში, დიდ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის მუშაობაზე ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაში, ორსულობის პერიოდში ნაყოფის განვითარებასა თუ სხვა უამრავ ფუნქციაში. ფარისებრი ჯირკვალი შედგება ფოლიკულებისგან – ბუშტუკოვანი წარმონაქმნებისგან, რომლებშიც იოდისა და ცილის სინთეზის საშუალებით, ჰორმონი თიროქსინი გამომუშავდება, რომელიც შემდეგ გადადის სისხლში და ყველა სისტემაზე ახდენს ზეგავლენას.

  • ფარისებრი ჯირკვლის რა პათოლოგიები არსებობს?

გამომდინარე იქედან, თუ როგორ იცვლება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, მისი პათოლოგია შეიძლება იყოს რამდენიმე, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებისას იმატებს ჰორმონი თიროქსინის გამოყოფა, რასაც ჰიპერთირეოზი, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირებას – ჰიპოთირეოზი ეწოდება. ზომისა და მოცულობის ცვლილების მიხედვით ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები არსებობს ორნაერი – ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზია ანუ ზომაში მომატება (დიფუზური ჩიყვი ზომის მიხედვით შეიძლება იყოს პირველი, მეორე, მესამე ხარისხის ჩიყვი) და ფარისებრი ჯირკვლის ზომის შემცირება – ჰიპოპლაზია. სტრუქტურული ცვლილების მიხედვით გამოყოფენ ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვან ფორმებსაც.

  • რა შეიძლება გახდეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მიზეზი?

იოდის ნაკლებობა ორგანიზმში ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებისა. არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგალითად, გენეტიკური განწყობა დაავადების მიმართ, რადიაცია, იოდით ღარიბი საკვები და კიდევ სხვა ბევრი მიზეზი, რომლებიც პრაქტიკულად აუხსნელი რჩება. ხშირია იმუნური სისტემის მოშლაც, რასაც ჯირკვლის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები მოყვება და რომლის მიზეზიც დაუდგენელია.

  • რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს?

შეიძლება პაციენტს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდეს და ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული იყოს, სიმპტომი კი იმიტომ არ აქვს, რომ ფუნქცია ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. შეიძლება სიმპტომი გამოვლინდეს, თუ ჰიპოთირეოზი, ანუ ფუნქციის დაქვეითება განვითარდა – საერთო სისუსტე, ადინამია, შრომის უნარის დაქვეითება, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, აპათია. თუ ჰიპერთირეოდიზმია, ანუ ფუნქციის მომატებაა განვითარებული, ამ შემთხვევაში პაციენტი აგზნებულია, იკლებს წონას, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურად იკვებება. ახასიათებს ოფლიანობა, ტახიკარდია და მაღალი წნევა.
ფარისებრი ჯირკვლის პირველი ხარისხის გადიდების შემთხვევაში ეს შეიძლება ვიზუალურად შესამჩნევი არ იყოს, თუმცა მე-2, მე-3 ხარისხის სიდიდეზე ჩიყვი შესაძლოა ვიზუალურადაც შესამჩნევი გახდეს ყელზე.

  • როგორ მკურნალობენ ჩიყვს?

მკურნალობა არის მედიკამენტოზური, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც. მედიკამენტოზურად ვმკურნალობთ მაშინ, თუ არის ენდემური ჩიყვი და იოდის დეფიციტი. ამ შემთხვევაში ვიწყებთ იოდის პრეპარატებით ჩანაცვლებას. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია, მაშინ პაციენტს ხელოვნური სახით ვაწვდით იმ ჰორმონს – თიროქსინს, რასაც ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მომატებულია, მაშინ ვიყენებთ სულ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ანუ თიროქსინის წარმოქმნას თრგუნავს.

თუ არის დიდი ზომის მრავალკვანძოვანი ჩიყვი ან სიმსივნური გადაგვარება, ასეთ შემთხვევაში მივმართავთ ქირურგიულ მეთოდს. ოპერაციის დროს ან მთლიან ჯირკვლს ვიღებთ, ან მივმართავთ ნაწილობრივი რეზექციას, შესაძლებლობის ფარგლებში ოპერატორიჩ ფარისებრი ჯირკვლის ნაწილს, ოპერაციული ჩარევის შემდეგ, რეციდიული ჩიყვი რომ არ განვითარდეს, აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება.

  • როგორ ხდება ჩიყვის პროფილაქტიკა?

საჭიროა იოდის პროფილაქტიკა ბავშვობიდან, ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში, გარდატეხის ასაკშიც. მიიჩნევა, რომ იოდიზირებული მარილი ავსებს ორგანიზმში იოდის დანაკლისს, მაგრამ პრაქტიკულად ეს არ არის საკმარისი. იოდიზირებულ მარილს თავისი შენახვის მეთოდები აქვს – იგი მზეზე იშლება, საჭმელში დუღილის დროსაც კარგავს თავის დადებით თვისებებს, საჭიროა მისი თავდახურულ ქილაში შენახვა, რადგან იოდი ორთქლდება ჰაერზე და სწორადაც რომ შეინახოთ, სამ თვეში ისეც აორთქლდება. ასე რომ, იოდიზირებულ მარილს იღებს ჩვენი ორგანიზმი თუ არა, ზუსტად ამის თქმა შეუძლებელია. უმჯობესია ტაბლეტებით შეავსოთ დანაკლისი, საამისოდ არსებობს მედიკამენტები: იოდობალანსი, იოდომარინი. დოზების სწორად შერჩევისთვის, რა თქმა უნდა, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ევროპაში იყიდება იოდიზირებული პროდუქტები, ჭარბი რაოდენობით იოდის შემცველია ზღვის პროდუქტები.

  • რა შეიძლება იყოს ჩიყვის ყველაზე მძიმე გართულება?

განსაკუთრებით საშიშია, როცა ჰიპოთირეოზი ბავშვებში ვითარდება: ამ დროს ითრგუნება ბავშვის ნერვული სისტემის განვითარება და თუ მას დროულად არ უმკურნალეს, ზოგჯერ კრეტინიზმამდეც კი მიჰყავს ბავშვი. ტოქსიური ჩიყვის შემთხვევაში ვითარდება გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – არითმიებისა და ჰიპერტენზიის სახით. დღეისთვის ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტირება პრობლემას არ წარმოადგენს და ამ პათოლოგიის მკურნალობა შესაძლებელია., როგორც მედიკამენტოზური, ისე ქირურგიული მეთოდით. დაავადების ერთ-ერთი რთული სახეა სიმსივნე, მაგრამ ის ძალიან ნელა ზრდადია და დროული დიაგნოსტირებისას შესაძლებელია ამ დაავადების დამარცხება.

გიორგი ერმაკოვი ნაციონალების ბრალდებებს პასუხობს

გიორგი ერმაკოვი

„მთლიანად პარტია, კოალიცია და მე, ჩემი მხარდამჭერები, კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობას, რომელიც შეიძლება იყოს განხორციელებული ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ. სამართალდამცავებს კი მოვუწოდებ, რომ დროულად მოახდინონ რეაგირება.“

გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ  თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელებს აქვთ ინფორმაცია ლევან ტეტემაძის ცემასთან დაკავშირებულ დეტალებზე, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიმართონ:

„თუ  მათ აქვთ დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ლევან ტეტემაძის ცემასთან მე რაიმე მაკავშირებს და არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, ეს იქნება დანაშაული. მათი ვალდებულებაა, არ დამალონ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია. სხვაგვარად, ასეთი სახის განცხადებები ჩაითვლება პროვოკაციად და ცილისწამებად“ – აცხადებს ის.

დღეს  ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, მათი პარტიის აქტივისტის ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთეს და დანაშაული გიორგი ერმაკოვს და მის თანაგუნდელებს დაუკავშირეს.

დღესვე, მოქალაქეებმა დათო ლორიამ და ჯემალ დუაძემ  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ განცხადება გააკეთეს. ეს ის პირები არიან, რომლებიც ბათუმში შვიდ ივნისს ნაციონალური პარტიის ლიდერებს გიგა ბოკერიას, გია ბარამიძეს და გიგი უგულავას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მათ მედიასთან განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები როგორც ტელეფონით, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით ემუქრებიან:

„არის მუქარის ზარები და შეტყობინებებიც „ფეისბუკზეც“, რომ ჩვენ გაგვისწორდებიან ფიზიკურად და შურს იძიებენ ლევან ტეტემაძის გამო.  თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას და არც ამჯერად ვაპირებთ სახელების და გვარების დასახელებას. თუ მოხდება რაიმე ინცინდენტი, ჩვენ საკუთარ თავს თვითონვე დავიცავთ“- აცხადებს დათო ლორია.

ჯემალ დუაძე და დათო ლორია არ გამორიცხავენ რომ ლევან ტეტემაძის ფაქტი თავად „ნაციონალების“ მიერ ყოფილიყო დაგეგმილი:

„პროვოკაციის მიზნით შესაძლებელია მათ თვითონ ჩაიდინეს ეს. გარდა ამისა, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ  ეს ყოფილიყო პირადი ანგარიშსწორება, რადგან ტეტემაძე კონტროლიორად მუშაობს ბათუმის ავტოტრანსპორტში და შესაძლებელია ვინმე დაჯარიმებულთან მოუვიდა კონფლიქტი“.

დათო ლორია და ჯემალ დუაძე

არჩევნების შედეგები აჭარაში

ბათუმში მერობის კანდიდატებს შორის ხმების 45,17% „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ერმაკოვმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. 17,62 ხმა დააგროვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი დიასამიძემ. დარჩენილი 38% სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე გადანაწილდა.

გიორგი ერმაკოვსა და გიორგი დიასამიძეს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მეორე ტურს ჩაატარებს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში 17 წევრი „ქართული ოცნებიდან“ იქნება, ხოლო რვა წევრი – ოპოზიციიდან.

პროპორციული სიის მიხედვით, ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 42,43% (19 755 ხმა) მოაგროვა. მეორე ადგილზე 18,82%-ით „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა. ამომრჩეველთა ხმების 9,84% მიიღო თარხან-მოურავის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“.

ბათუმის საკრებულოში 8,82 პროცენტის მიღების შედეგად სიის პირველ ნომერს შეიყვანს ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიცია“. 5,02 % მოაგროვა სალომე ზურაბიშვილის პარტიამ „საქართველოს გზა“. გარდა ამისა, ბათუმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.

ამ შედეგის მიხედვით, ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში მაჟორიტარული სიით შევლენ ჯაბა ბერიძე – კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი „თავისუფალი დემოკრატებიდან“, ბიზნესმენი ლევან კინწურაშვილი, ექიმი თემურ ორაგველიძე, თეიმურაზ ბასილაძე, ბათუმის საკრებულოს 2007-2010 წლების მოწვევის საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკელი“ თეიმურაზ ყურაშვილი კოალიციიდან, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი, კობა ჩხეიძე „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი კოალიციიდან, ვაჟა რამიშვილი, ლაშა სირაბიძე და ირაკლი მიქელაძე.

როგორც გამარჯვებული, „ქართული ოცნება“ პროპორციული საარჩევნო სიით საკრებულოში კიდევ შვიდ წევრს შეიყვანს.

პროპორციული სიის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში შევლენ: აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი, თენგიზ აფხაზავა, დიმა დარჩია, ნატალია ზოიძე, „რესპუბლიკელი“ ზაურ ახვლედიანი, ბიზნესმენი თამაზ თურმანიძე და ნინო ბერაძე.

პროპორციული სიის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე, ნოდარ დუმბაძე და ჯუმბერ კახიძე შედიან.

ცესკოს მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილის პარტიის „საქართველოს გზის“ შედეგების მიხედვით საკრებულოში საარჩევნო სიის პირველი ნომერი – ბიზნესმენი გია კაკაბაძე შევა (ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის საკრებულოში არ აპირებს შესვლას, გია კაკაბაძე არ ადასტურებს), ხოლო ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიციიდან“ –  გიორგი ცინცქილაძე. ბათუმის ოლქის თავმჯდომარის კახა ჯაიანის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სიის მეორე ნომერსაც შეიყვანს „პატრიოტთა ალიანსი“, ამ პარტიიდან საკრებულოში დავით თედორაძე და გელა გვარიშვილი შევლენ. „ერთიანობის დარბაზიდან“ კი რამაზ სურმანიძე შეძლებს საკრებულოში შესვლას.

ცესკოს მონაცემებით, ხელვაჩაურში ამომრჩეველთა ხმების 52% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. 18,62%-ით შემდეგ ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“, 16,24 პროცენტით – ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიცია“, 4,61 პროცენტით –  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გავიდა, სხვა პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს. არჩევნები ხელვაჩაურის 13-დან 12 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს, სარფის თემში კი გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დარჩა.

ხელვაჩაურის 25-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 18 წევრი ეყოლება, ნინო ბურჯანაძის                 „გაერთიანებულ ოპოზიციას“  – სამი წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი წევრი შევა, „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით კი ერთი წევრი იქნება ხელვაჩაურში დეპუტატი. ხელვაჩაურმა გამგებლად ნადიმ ვარშანიძე აირჩია.

ცესკოს მონაცემებით, გამგებლის თანამდებობას ქედაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით დუმბაძე დაიკავებს. მან არჩევნებზე ხმების 52 პროცენტი,  ნინო ბურჯანაძის პარტიის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა – ზურაბ ავალიანმა კი  ხმების 22,64 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, ცხრა მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს დამოუკიდებელმა კანდიდატებმა. დანარჩენ ოლქებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ.

პროპორციული სიის მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ სიაში 52% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 22,29%, ნინო ბურჯანაძის „ერთიანმა ოპოზიციამ“ – 17,26 % 3, თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსმა“ – 2% მოაგროვა.

მეორე ტური ხულოშიც იქნება. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მოქმედმა გამგებელმა, ბესიკ ბუაჩიძემ ხმების 49,7% და თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ემზარ ბოლქვაძემ 31,7% მიიღო. ცესკო ამ ორ კანდიდატს შორის გამარჯვებულს მეორე ტურით გამოავლენს.

ხულოს ოლქში „ქართული ოცნების“ 9 მაჟორიტარმა კანდიდატმა გაიმარჯვა. „ნაციონალების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს ორ ოლქში – დაბა ხულოსა და ხიხაძირში; დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა ორ ოლქში – დეკანაშვილებსა და დიდაჭარაში;  ვაშლოვანში გამარჯვება მოიპოვა ნინო ბურჯანაძის კანდიდატმა.

ხულოს საკრებულოში პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ 9 წევრს შეიყვანს საკრებულოში, „ნაციონალურ მოძრაობას“ 3 მანდატი ექნება, 1 მანდატი – თარხან- მოურავის პარტიამ, 2 მანდატი კი – ნინო ბურჯანაძის „ერთიან ოპოზიციას“ შეხვდება.

ქობულეთში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,36 პროცენტი მიიღო, 23,79 პროცენტი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 8,83 პროცენტი – ნინო ბურჯანაძის „ერთიანმა ოპოზიციამ“, 14,82 პროცენტი მიიღო თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსმა“.

ქობულეთში, #34 უბანზე, მნიშვნელოვანი დარღვევების გამო არჩევნების შედეგები გააუქმეს. ამ უბანზე ცესკო განმეორებით არჩევნებს კვირას, 29 ივნისს ჩაატარებს.

გამგებლის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება ქობულეთშიც, ქართული „ოცნების კანიდატმა “  45, 85 % მიიღო,  „ნაციონალური მოძრაობის “ კანდიდატმა რევაზ ხარაზმა კი 23, 67% , მათ შორის გამარჯვებულს მეორე ტური გამოავლენს.

შუახევში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 58,36 % მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 18,74%, „ერთიანობის დარბაზმა“ –  5,41%, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 4,36 პროცენტი მიიღო.

ამ მონაცემების მიხედვით, შუახევის 24-წევრიან საკრებულოში „ქართული ოცნება“ რვა წევრს მაჟორიტარული ოლქებიდან და ცხრა წევრს პროპორციული სიით შეიყვანს საკრებულოში. „ნაციონალური მოძრაობიდან“ სამი წევრი შევა. ამას დაემატება ერთი წევრი ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიციიდან“, ერთი წევრი „ერთიანობის დარბაზიდან“, ერთი წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ და ერთიც დამოუკიდებელი კანდიდატი.

შუახევის გამგებელი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ტარიელ ებრალიძე გახდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, ძირითადად ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს და დამკვირვებელთა უფლებების შეზღუდვას ან შეზღუდვის მცდელობას.

ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს 26 ივნისს გამოაქვეყნებს. აქედან ორ კვირაში, 12 ან 13 ივნისს მეორე ტური გაიმართება. ახალარჩეული დეპუტატები 3 წელსა და 4 თვეს იმუშავებენ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში.

ლეიბორისტული პარტია აჭარის პროკურატურას მიმართავს

 

„არასწორად  მოხდა ხმების დათვლა და არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება, მოხდა საარჩევნო სიების და ოქმების გაყალბება. დარღვევები მოხდა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში, ქობულეთის 81-ე, ხელვაჩაურის მე-80, შუახევის 83-ე და ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქებში.  ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში ოქმებზე ხელწერებია გაყალბებული. გარდა ამისა, წინასწარ მომზადებული  ბიულეტენები ჩაყარეს“.

 

დავით რობაქიძე აცხადებს, რომ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, საჩივრები დაიწერა, თუმცა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები არ დააკმაყოფილა.

 

„ჩვენ არ გვაქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ყველა დარღვევაზე სასამართლოს მივმართოთ. ამიტომ  აჭარის პროკურატურაში შეგვაქვს ამ დარღვევების შესახებ არსებული დოკუმენტები და ის დაიწყებს გამოძიებას“, – აცხადებს დავით რობაქიძე.

 

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიის სხვა გადაწყვეტილებასაც აპროტესტებს:

 

„ბათუმის 79-ე ოლქი აპირებს რამდენიმე დღეში ჩაატაროს არჩევნები 103-ე უბანზე მხოლოდ  მაჟორიტარული წესით. ამბობს, რომ კანონი არ ავალდებულებს  პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ეს არის უხეში დარღვევა კანონის, რადგან  ხელისუფლებას უნდა, რომ  ლეიბორისტული პარტია არ იყოს წარმოდგენილი ბათუმის საკრებულოში“.

 

 

 

 

 

 

გირაო – 20 ათასი ლარი ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანისთვის

 

 

მოსამართლეს დაკავებულმა გირაოს შეფარდება სთხოვა. მოსამართლემ ჰკითხა ბრალდებულს შეძლებს თუ ვერა ის გირაოს თანხის გადახდას. დაკავებულმა უპასუხა, რომ მშობლებს აქვთ ბათუმში უძრავი ქონება, ბინა, რომელიც დაახლოებით 50 ათასი დოლარის ღირებულებისაა და სწორედ ამ ქონების იპოთეკით აპირებს გირაოს თანხის გადახდას.

 

დავით მამისეიშვილმა ბრალდებულს დაავალა კვირაში ერთხელ გამოცხადდეს გამომძიებელთან,  ასევე ჩამოერთვა პირადობის მოწმობა და პასპორტი იმის გამო, რომ ქვეყნიდან არ გავიდეს. მოსამართლემ განუმარტა ბრალდებულს, რომ თუ ის მიმალვას ცდის ან გამოძიებას თავს აარიდებს, გირაოში გადახდილი 20 ათასი ლარი დაეკარგება. მოსამართლემ ასევე ჰკითხა ბრალდებულს, ხომ არ უცემიათ ის პოლიციელებს დაკავების დროს.

 

მოსამართლემ გირაოს გადასახდელად 35 დღე განუსაზღვრა ბრალდებულს, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობს ბათუმში. ის ციხეს 20 ათასი ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს. 

80 წლის ბილიარდის მოთამაშე

 

„სპორტი თავიდანაც მიყვარდა. ტანმოვარჯიშე ვიყავი, ვჭიდაობდი, ვთამაშობდი კალათბურთს, ფრენბურთს“ – ამბობს თენგიზ რომანაძე. „მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, ეკონომიკურად დახმარების მიზნით უნივერსიტეტში გაკვეთილები მომცეს ფრენბურთის გუნდის სავარჯიშოდ, როგორც სტუდენტს, 600 მანეთს მიხდიდნენ, მაშინ ეს დიდი ფული იყო. ოდესის ცენტრალურ, დერიბასოვის ქუჩაზე, სასტუმრო „მოსკოვის“ პირველ სართულზე ორი საბილიარდო მაგიდა იყო და თავისუფალ დროს ვთამაშობდი ბილიარდს. იქ იკრიბებოდა ძლიერი შემადგენლობა. მახსოვს, თბილისიდან იყო ერთი ასეთი მოთამაშე გვარად ინწკირველი. მას ოდესაში ვერავინ უგებდა“.

 

 

პირველად თენგიზ რომანაძემ ბილიარდის თამაში რვა წლის ასაკში დაიწყო და დამოუკიდებლად ისწავლა. მაშინ მსოფლიოში იყო ომი და ქობულეთის ჰოსპიტალში – დაჭრილი ჯარისკაცები.

 

 

„ომიანობის დროს ქობულეთში, სასტუმროში, ჰოსპიტალი იყო გახსნილი. შენობას საბილიარდო დარბაზი ჰქონდა. დაჭრილი ჯარისკაცები ხანდახან ბილიარდს თამაშობდნენ და ბავშვები ვუყურებდით. სკოლიდან სამხედროების მოსანახულებლად რომ წაგვიყვანდნენ, საჩუქრად მათთვის ციტრუსი მიგვქონდა. ისინიც გულისხმიერებით გვიყურებდნენ. მაშინ ბავშვებს კინოში არ გვიშვებდნენ, ისინი კი ხალათში შეგვახვევდნენ და ასე შეგვაპარებდნენ. ერთი მამაკაცი იყო ქუთაისიდან. მისი თამაშის დაკვირვების შემდეგ უფრო გამიტაცა ბილიარდმა. ფიზიკურად ეს ადამიანი ძლიერი იყო, ბილიარდს კარგად თამაშობდა, თუმცა ძლიერ დარტყმებს არ აკეთებდა. დამაინტერესა თამაშის მისეულმა მანერამ. ისე გაზომილად თამაშობდა _ ვერ მიხვდებოდი ბურთულა ჩავარდებოდა, თუ გაჩერდებოდა“.

 

 

თენგიზ რომანაძე სპეციალობით ფინანსისტია. ოდესის საკრედიტო-ეკონომიკური ინსტიტუტი 1952 წელს დაამთავრა და აჭარაში დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდი შუახევში საკრედიტო-ეკონომისტად მუშაობდა. 1990 წლიდან კი ქობულეთში ერთ-ერთი ბანკის დირექტორი იყო, რომელსაც რვა წელი ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ ამ პერიოდში იშვიათად უთმობდა დროს ბილიარდის თამაშსა, და, ზოგადად, სპორტს მანამდე, სანამ ქობულეთში საბილიარდო გაიხსნებოდა.

 

 

„ბოლო პერიოდში ჩვენთან, ქობულეთში საბილიარდო კლუბი გახსნეს პარკში. ადგილობრივ მცხოვრებლებს ხელს უწყობდნენ და ფულს არ ახდევინებდნენ. ეს კლუბი ჩემს სახლთან ახლოს იყო და მეც დავდიოდი. დღეში სამ საათს ვვარჯიშობდი. მერე ადგილი შეიცვალა საბილიარდომ. იმ ადგილას ბავშვების გასართობი ცენტრი გახსნეს და საბილიარდოს ადგილი აღარ დარჩა“.

 

 

აჭარის ბილიარდის ფედერაციის მხარდაჭერით ვეტერანი სპორტსმენები და აჭარის ნაკრები გუნდი დღეში ორ საათს უფასოდ ვარჯიშობენ ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე საბილიარდო კლუბ „პირამიდაში“.

 

 

„ფედერაციის თავმჯდომარემ მითხრა, თქვენ ჩამოდით და ნებისმიერ დროს ითამაშეთ და ივარჯიშეთო. ბათუმში როცა ვარ, მივდივარ და ვვარჯიშობ. გასულ წელს ბათუმში ვეტერანებს შორის აჭარის პირველობა ჩატარდა. კარგი ტურნირი იყო, მაგრამ ერთი შენიშვნა დამრჩა _ კარგი იქნება, თუ 65 წლამდე ერთად ითამაშებენ, 65 წლის შემდეგ კი _ ერთად და ფინალში შეხვდებიან პირველ-მეორე ადგილზე გასულები. სხვათა შორის, ყურად იღეს შენიშვნა, მაგრამ ტურნირი არ ჩატარებულა“.

 

 

აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ კახიძე ამ საკითხზე ამბობს, რომ ვეტერანების რაოდენობა არ იძლევა ასაკების კატეგორიებად დაყოფის საშუალებას.

 

 

თენგიზ რომანაძე სხვადასხვა სახეობას თამაშობს, მათგან კი ყველაზე მეტად „სნუკერის“ თამაში უყვარს. არ მოგწყინდება, ისეთი ლამაზი საყურებელიაო, ამბობს ის. ბილიარდის თამაში მისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა.

 

 

 

 

„ძველად ასეთი წესი იყო, 40 წელს რომ შეასრულებდა ადამიანი, აუცილებლად უნდა გაეკეთებინა სათვალე 0.5 ზომის. მეც გავიკეთე. ერთმა პიროვნებამ, რომელიც ალბათ უფალმა გამომიგზავნა, მკითხა რა ნომერ სათვალეს ატარებო და მირჩია არ გინდა სათვალე, თვალი დაკარგავს წინააღმდეგობის გაწევის უნარსო. იმ დღეს რომ დავდევი სათვალე, დღესაც მიდევს სახლში და არ ვხმარობ. ბილიარდის თამაში, ალბათ, მიწყობს ხელს, რომ მხედველობას არ ვკარგავ. ბილიარდის თამაშისას ვარჯიშდება სხეული, ხელები და ფეხები, გონება და აზროვნება. ცდილობ, ბურთულა ზუსტად გააჩერო, ცალი უნდა გააჩერო, რომ მოწინააღმდეგეს არ მისცე უპირატესობა. რთული სათამაშო კია. ამ ყველაფერს გათვლა, მანევრირება უნდა და არა ძალის დემონსტრირება. ბილიარდის თამაში ვარჯიშია. ეს მამხნევებს და ბედნიერი ვარ იმითაც, რომ მე ჩემს მესამე თაობას მოვესწარი – მყავს ორი ბიჭი, ოთხი შვილიშვილი და ორი შვილთა შვილიშვილი. 10 მაისს 80 წელი შემისრულდა.

 

 

საერთაშორისო შეჯიბრებებზე, რა თქმა უნდა, არ დავდივარ, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ყველაფერს გულით უნდა მიუდგე, მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა ითამაშო და არასოდეს არ უნდა იყოს წაგება და მოგება სულ ერთი“ – ამბობს თენგიზ რომანაძე.

 

 

აჭარის ბილიარდის ფედერაცია ოქტომბერში ვეტერანთა შორის ტურნირის ჩატარებას გეგმავს. ტურნირში მონაწილეობას თენგიზ რომანაძეც აპირებს.

Exit mobile version