ნეტგაზეთი • RU

აჭარის პროკურატურა ჯაბა ანანიძის საქმეს არ გამოიძიებს

 

ინფორმაციის დეტალური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები არ შეიცავს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს და შესაბამისად გამოძიება არ დაწყებულა, – დაახლოებით ამ შინაარსის წერილი  ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ აჭარის პროკურატურისგან მიიღო. 

 

ოფიციალურ წერილს ხელს აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი გიორგი კვარაკვახიძე აწერს.

 

ჯაბა ანანიძემ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ჟურნალისტს მიაჩნია, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მედეა ვასაძემ მისი უფლებები დაარღვია, რადგან ცდილობდა მის დაშინებასა და დაშანტაჟებას.

 

სწორედ ამიტომ პროკურატურას ჟურნალისტმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, სსკ-ის 154-ე მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ნიშნავს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ასევე სსკ-ის 157-ე მუხლის გამოძიების მოთხოვნით, რაც პირადი  ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას ნიშნავს. ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ითხოვდა ასევე გამოძიების დაწყებას სსკ-ის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს და სსკ-ის 159-ე პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას.

  

იმის გამო, რომ აჭარის პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები მთავარ პროკურატურაში გაასაჩივრებენ.

საია ჯაბა ანანიძის ინტერესებს იცავს. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა