სიახლეები

არჩევნების შედეგები აჭარაში

23.06.2014 • 2867
არჩევნების შედეგები აჭარაში

ბათუმში მერობის კანდიდატებს შორის ხმების 45,17% „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ერმაკოვმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. 17,62 ხმა დააგროვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი დიასამიძემ. დარჩენილი 38% სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე გადანაწილდა.

გიორგი ერმაკოვსა და გიორგი დიასამიძეს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მეორე ტურს ჩაატარებს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში 17 წევრი „ქართული ოცნებიდან“ იქნება, ხოლო რვა წევრი – ოპოზიციიდან.

პროპორციული სიის მიხედვით, ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 42,43% (19 755 ხმა) მოაგროვა. მეორე ადგილზე 18,82%-ით „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა. ამომრჩეველთა ხმების 9,84% მიიღო თარხან-მოურავის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“.

ბათუმის საკრებულოში 8,82 პროცენტის მიღების შედეგად სიის პირველ ნომერს შეიყვანს ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიცია“. 5,02 % მოაგროვა სალომე ზურაბიშვილის პარტიამ „საქართველოს გზა“. გარდა ამისა, ბათუმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.

ამ შედეგის მიხედვით, ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში მაჟორიტარული სიით შევლენ ჯაბა ბერიძე – კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი „თავისუფალი დემოკრატებიდან“, ბიზნესმენი ლევან კინწურაშვილი, ექიმი თემურ ორაგველიძე, თეიმურაზ ბასილაძე, ბათუმის საკრებულოს 2007-2010 წლების მოწვევის საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკელი“ თეიმურაზ ყურაშვილი კოალიციიდან, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი, კობა ჩხეიძე „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი კოალიციიდან, ვაჟა რამიშვილი, ლაშა სირაბიძე და ირაკლი მიქელაძე.

როგორც გამარჯვებული, „ქართული ოცნება“ პროპორციული საარჩევნო სიით საკრებულოში კიდევ შვიდ წევრს შეიყვანს.

პროპორციული სიის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში შევლენ: აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი, თენგიზ აფხაზავა, დიმა დარჩია, ნატალია ზოიძე, „რესპუბლიკელი“ ზაურ ახვლედიანი, ბიზნესმენი თამაზ თურმანიძე და ნინო ბერაძე.

პროპორციული სიის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე, ნოდარ დუმბაძე და ჯუმბერ კახიძე შედიან.

ცესკოს მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილის პარტიის „საქართველოს გზის“ შედეგების მიხედვით საკრებულოში საარჩევნო სიის პირველი ნომერი – ბიზნესმენი გია კაკაბაძე შევა (ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის საკრებულოში არ აპირებს შესვლას, გია კაკაბაძე არ ადასტურებს), ხოლო ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიციიდან“ –  გიორგი ცინცქილაძე. ბათუმის ოლქის თავმჯდომარის კახა ჯაიანის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სიის მეორე ნომერსაც შეიყვანს „პატრიოტთა ალიანსი“, ამ პარტიიდან საკრებულოში დავით თედორაძე და გელა გვარიშვილი შევლენ. „ერთიანობის დარბაზიდან“ კი რამაზ სურმანიძე შეძლებს საკრებულოში შესვლას.

ცესკოს მონაცემებით, ხელვაჩაურში ამომრჩეველთა ხმების 52% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. 18,62%-ით შემდეგ ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“, 16,24 პროცენტით – ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიცია“, 4,61 პროცენტით –  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გავიდა, სხვა პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს. არჩევნები ხელვაჩაურის 13-დან 12 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს, სარფის თემში კი გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დარჩა.

ხელვაჩაურის 25-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 18 წევრი ეყოლება, ნინო ბურჯანაძის                 „გაერთიანებულ ოპოზიციას“  – სამი წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი წევრი შევა, „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით კი ერთი წევრი იქნება ხელვაჩაურში დეპუტატი. ხელვაჩაურმა გამგებლად ნადიმ ვარშანიძე აირჩია.

ცესკოს მონაცემებით, გამგებლის თანამდებობას ქედაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით დუმბაძე დაიკავებს. მან არჩევნებზე ხმების 52 პროცენტი,  ნინო ბურჯანაძის პარტიის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა – ზურაბ ავალიანმა კი  ხმების 22,64 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, ცხრა მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს დამოუკიდებელმა კანდიდატებმა. დანარჩენ ოლქებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ.

პროპორციული სიის მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ სიაში 52% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 22,29%, ნინო ბურჯანაძის „ერთიანმა ოპოზიციამ“ – 17,26 % 3, თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსმა“ – 2% მოაგროვა.

მეორე ტური ხულოშიც იქნება. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მოქმედმა გამგებელმა, ბესიკ ბუაჩიძემ ხმების 49,7% და თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ემზარ ბოლქვაძემ 31,7% მიიღო. ცესკო ამ ორ კანდიდატს შორის გამარჯვებულს მეორე ტურით გამოავლენს.

ხულოს ოლქში „ქართული ოცნების“ 9 მაჟორიტარმა კანდიდატმა გაიმარჯვა. „ნაციონალების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს ორ ოლქში – დაბა ხულოსა და ხიხაძირში; დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა ორ ოლქში – დეკანაშვილებსა და დიდაჭარაში;  ვაშლოვანში გამარჯვება მოიპოვა ნინო ბურჯანაძის კანდიდატმა.

ხულოს საკრებულოში პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ 9 წევრს შეიყვანს საკრებულოში, „ნაციონალურ მოძრაობას“ 3 მანდატი ექნება, 1 მანდატი – თარხან- მოურავის პარტიამ, 2 მანდატი კი – ნინო ბურჯანაძის „ერთიან ოპოზიციას“ შეხვდება.

ქობულეთში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,36 პროცენტი მიიღო, 23,79 პროცენტი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 8,83 პროცენტი – ნინო ბურჯანაძის „ერთიანმა ოპოზიციამ“, 14,82 პროცენტი მიიღო თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსმა“.

ქობულეთში, #34 უბანზე, მნიშვნელოვანი დარღვევების გამო არჩევნების შედეგები გააუქმეს. ამ უბანზე ცესკო განმეორებით არჩევნებს კვირას, 29 ივნისს ჩაატარებს.

გამგებლის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება ქობულეთშიც, ქართული „ოცნების კანიდატმა “  45, 85 % მიიღო,  „ნაციონალური მოძრაობის “ კანდიდატმა რევაზ ხარაზმა კი 23, 67% , მათ შორის გამარჯვებულს მეორე ტური გამოავლენს.

შუახევში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 58,36 % მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 18,74%, „ერთიანობის დარბაზმა“ –  5,41%, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 4,36 პროცენტი მიიღო.

ამ მონაცემების მიხედვით, შუახევის 24-წევრიან საკრებულოში „ქართული ოცნება“ რვა წევრს მაჟორიტარული ოლქებიდან და ცხრა წევრს პროპორციული სიით შეიყვანს საკრებულოში. „ნაციონალური მოძრაობიდან“ სამი წევრი შევა. ამას დაემატება ერთი წევრი ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიციიდან“, ერთი წევრი „ერთიანობის დარბაზიდან“, ერთი წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ და ერთიც დამოუკიდებელი კანდიდატი.

შუახევის გამგებელი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ტარიელ ებრალიძე გახდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, ძირითადად ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს და დამკვირვებელთა უფლებების შეზღუდვას ან შეზღუდვის მცდელობას.

ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს 26 ივნისს გამოაქვეყნებს. აქედან ორ კვირაში, 12 ან 13 ივნისს მეორე ტური გაიმართება. ახალარჩეული დეპუტატები 3 წელსა და 4 თვეს იმუშავებენ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში.

გადაბეჭდვის წესი