სპორტი

80 წლის ბილიარდის მოთამაშე

23.06.2014 • 2700
80 წლის ბილიარდის მოთამაშე

 

„სპორტი თავიდანაც მიყვარდა. ტანმოვარჯიშე ვიყავი, ვჭიდაობდი, ვთამაშობდი კალათბურთს, ფრენბურთს“ – ამბობს თენგიზ რომანაძე. „მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, ეკონომიკურად დახმარების მიზნით უნივერსიტეტში გაკვეთილები მომცეს ფრენბურთის გუნდის სავარჯიშოდ, როგორც სტუდენტს, 600 მანეთს მიხდიდნენ, მაშინ ეს დიდი ფული იყო. ოდესის ცენტრალურ, დერიბასოვის ქუჩაზე, სასტუმრო „მოსკოვის“ პირველ სართულზე ორი საბილიარდო მაგიდა იყო და თავისუფალ დროს ვთამაშობდი ბილიარდს. იქ იკრიბებოდა ძლიერი შემადგენლობა. მახსოვს, თბილისიდან იყო ერთი ასეთი მოთამაშე გვარად ინწკირველი. მას ოდესაში ვერავინ უგებდა“.

 

 

პირველად თენგიზ რომანაძემ ბილიარდის თამაში რვა წლის ასაკში დაიწყო და დამოუკიდებლად ისწავლა. მაშინ მსოფლიოში იყო ომი და ქობულეთის ჰოსპიტალში – დაჭრილი ჯარისკაცები.

 

 

„ომიანობის დროს ქობულეთში, სასტუმროში, ჰოსპიტალი იყო გახსნილი. შენობას საბილიარდო დარბაზი ჰქონდა. დაჭრილი ჯარისკაცები ხანდახან ბილიარდს თამაშობდნენ და ბავშვები ვუყურებდით. სკოლიდან სამხედროების მოსანახულებლად რომ წაგვიყვანდნენ, საჩუქრად მათთვის ციტრუსი მიგვქონდა. ისინიც გულისხმიერებით გვიყურებდნენ. მაშინ ბავშვებს კინოში არ გვიშვებდნენ, ისინი კი ხალათში შეგვახვევდნენ და ასე შეგვაპარებდნენ. ერთი მამაკაცი იყო ქუთაისიდან. მისი თამაშის დაკვირვების შემდეგ უფრო გამიტაცა ბილიარდმა. ფიზიკურად ეს ადამიანი ძლიერი იყო, ბილიარდს კარგად თამაშობდა, თუმცა ძლიერ დარტყმებს არ აკეთებდა. დამაინტერესა თამაშის მისეულმა მანერამ. ისე გაზომილად თამაშობდა _ ვერ მიხვდებოდი ბურთულა ჩავარდებოდა, თუ გაჩერდებოდა“.

 

 

თენგიზ რომანაძე სპეციალობით ფინანსისტია. ოდესის საკრედიტო-ეკონომიკური ინსტიტუტი 1952 წელს დაამთავრა და აჭარაში დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდი შუახევში საკრედიტო-ეკონომისტად მუშაობდა. 1990 წლიდან კი ქობულეთში ერთ-ერთი ბანკის დირექტორი იყო, რომელსაც რვა წელი ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ ამ პერიოდში იშვიათად უთმობდა დროს ბილიარდის თამაშსა, და, ზოგადად, სპორტს მანამდე, სანამ ქობულეთში საბილიარდო გაიხსნებოდა.

 

 

„ბოლო პერიოდში ჩვენთან, ქობულეთში საბილიარდო კლუბი გახსნეს პარკში. ადგილობრივ მცხოვრებლებს ხელს უწყობდნენ და ფულს არ ახდევინებდნენ. ეს კლუბი ჩემს სახლთან ახლოს იყო და მეც დავდიოდი. დღეში სამ საათს ვვარჯიშობდი. მერე ადგილი შეიცვალა საბილიარდომ. იმ ადგილას ბავშვების გასართობი ცენტრი გახსნეს და საბილიარდოს ადგილი აღარ დარჩა“.

 

 

აჭარის ბილიარდის ფედერაციის მხარდაჭერით ვეტერანი სპორტსმენები და აჭარის ნაკრები გუნდი დღეში ორ საათს უფასოდ ვარჯიშობენ ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე საბილიარდო კლუბ „პირამიდაში“.

 

 

„ფედერაციის თავმჯდომარემ მითხრა, თქვენ ჩამოდით და ნებისმიერ დროს ითამაშეთ და ივარჯიშეთო. ბათუმში როცა ვარ, მივდივარ და ვვარჯიშობ. გასულ წელს ბათუმში ვეტერანებს შორის აჭარის პირველობა ჩატარდა. კარგი ტურნირი იყო, მაგრამ ერთი შენიშვნა დამრჩა _ კარგი იქნება, თუ 65 წლამდე ერთად ითამაშებენ, 65 წლის შემდეგ კი _ ერთად და ფინალში შეხვდებიან პირველ-მეორე ადგილზე გასულები. სხვათა შორის, ყურად იღეს შენიშვნა, მაგრამ ტურნირი არ ჩატარებულა“.

 

 

აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ კახიძე ამ საკითხზე ამბობს, რომ ვეტერანების რაოდენობა არ იძლევა ასაკების კატეგორიებად დაყოფის საშუალებას.

 

 

თენგიზ რომანაძე სხვადასხვა სახეობას თამაშობს, მათგან კი ყველაზე მეტად „სნუკერის“ თამაში უყვარს. არ მოგწყინდება, ისეთი ლამაზი საყურებელიაო, ამბობს ის. ბილიარდის თამაში მისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა.

 

 

 

 

„ძველად ასეთი წესი იყო, 40 წელს რომ შეასრულებდა ადამიანი, აუცილებლად უნდა გაეკეთებინა სათვალე 0.5 ზომის. მეც გავიკეთე. ერთმა პიროვნებამ, რომელიც ალბათ უფალმა გამომიგზავნა, მკითხა რა ნომერ სათვალეს ატარებო და მირჩია არ გინდა სათვალე, თვალი დაკარგავს წინააღმდეგობის გაწევის უნარსო. იმ დღეს რომ დავდევი სათვალე, დღესაც მიდევს სახლში და არ ვხმარობ. ბილიარდის თამაში, ალბათ, მიწყობს ხელს, რომ მხედველობას არ ვკარგავ. ბილიარდის თამაშისას ვარჯიშდება სხეული, ხელები და ფეხები, გონება და აზროვნება. ცდილობ, ბურთულა ზუსტად გააჩერო, ცალი უნდა გააჩერო, რომ მოწინააღმდეგეს არ მისცე უპირატესობა. რთული სათამაშო კია. ამ ყველაფერს გათვლა, მანევრირება უნდა და არა ძალის დემონსტრირება. ბილიარდის თამაში ვარჯიშია. ეს მამხნევებს და ბედნიერი ვარ იმითაც, რომ მე ჩემს მესამე თაობას მოვესწარი – მყავს ორი ბიჭი, ოთხი შვილიშვილი და ორი შვილთა შვილიშვილი. 10 მაისს 80 წელი შემისრულდა.

 

 

საერთაშორისო შეჯიბრებებზე, რა თქმა უნდა, არ დავდივარ, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ყველაფერს გულით უნდა მიუდგე, მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა ითამაშო და არასოდეს არ უნდა იყოს წაგება და მოგება სულ ერთი“ – ამბობს თენგიზ რომანაძე.

 

 

აჭარის ბილიარდის ფედერაცია ოქტომბერში ვეტერანთა შორის ტურნირის ჩატარებას გეგმავს. ტურნირში მონაწილეობას თენგიზ რომანაძეც აპირებს.

გადაბეჭდვის წესი