დღეს ბათუმში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეებმა კამპანიის – „ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოებისათვის“ – ფარგლებში, რუსთაველისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში ბათუმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად საინფორმაციო სტიკერები დაარიგეს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ქუჩის მოძრაობის დარეგულირებაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის“ წევრებიც.
ადვოკატირების კამპანია ტარდება ბათუმის საპატრულო პოლიციასთან ერთად. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეითად მოსიარულეთა უფლებებისა და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად. აქტივობა ხორციელდება პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ (ANI), რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.