მთიანი აჭარა

ქედის არჩეული გამგებელი: არ შეიძლება ჩემს ასაკში ტყუილის თქმა

26.06.2014 •
ქედის არჩეული გამგებელი: არ შეიძლება ჩემს ასაკში ტყუილის თქმა

 

დავით დუმბაძე
დავით დუმბაძე

ბატონო დავით, თქვენ ამომრჩეველთა დაახლოებით 52-მა  პროცენტმა დაგიჭირათ მხარი. როგორი იყო თქვენი მოლოდინი?

 

ვფიქრობდი, ქედის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აირჩევდა იმ კურსს, რომელიც `ქართულმა ოცნებამ~ აირჩია. მოლოდინი გამიმართლდა _ უმრავლესობის მხარდაჭერა მივიღე.

 

შვიდი თვეა, რაც ქედაში ხელისუფლება შეიცვალა. ამის ფონზე 52 პროცენტი, ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ არის. შვიდთვიან პერიოდში არ შეიძლება იმდენი რამე გააკეთო, რომ ცხრაწლიანი საქმიანობა გადაფარო.

 

 

ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა დამიჭირა მხარი, ჩემს ყველა ოპონენტს ერთად აღებულს 500 ხმით ვასწრებ, მე და პრეზიდენტმა ქედაში ერთნაირი ხმები მივიღეთ.    

 

 

პირველად თქვენ დაიკავებთ არჩევნების გზით გამგებლობის პოსტს ქედაში. რა გეგმებით მოდიხართ და რას გააკეთებთ მუშაობის სამწლიან პერიოდში?

 

 

სოფლებში არსებული მდგომარეობა წლის დასაწყისში უბან-უბან შევისწავლე. პრობლემების უმრავლესობა აღმოვფხარით, გარკვეული პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი, რაც საჭიროებდა ფინანსურ ცვლილებას და პროგრამის შემუშავებას. წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობამ სხვა პრობლემებიც წამოჭრა. როგორც კი დავიბრუნებ სტატუსს, კიდევ ერთხელ ჩამოვივლი ყველა სოფელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენტურ პირებთან ერთად, რომ სწორად დავგეგმოთ პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სოფლის მეურნეობაში წარმატების მისაღწევად.

 

 

ჩემი მთავარი გეგმა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაა, ჩემი გამგებლობის პერიოდში დაიწყო ისეთ დიდი პროექტები, როგორიცაა: სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ბაგა-ბაღების მშენებლობა… წელს, 15 ოქტომბრამდე, ხუთ ბაგა-ბაღს გავხსნით: სოფელ დოლოგანში, დაბა ქედაში, ვაიოში, ახოსა და დანდალოში. დაგეგმილი მაქვს ზუნდაგის ბაღში არსებული პრობლემები აღმოვფხვრა, არ შეიძლება საბავშვო ბაღს არ ჰქონდეს ეზო და ნესტიან ოთახში იძინებდნენ ბავშვები. მინდა გავხსნა ღვინის, თამბაქოს, ხილის გადამამუშავებელი საკონსერვო ქარხანა და სამკერვალო ფაბრიკა. 

 

 

სოფელ უჩხითსა და გეგელიძეებში სოფლის გზები მოასფალტდება, უჩხითში სამკილომეტრიანი გზა წელს მოასფალტდება, დარჩენილი ნაწილი კი – მომავალში. დაგეგმილი მაქვს მერისსა და პირველ მაისში ჭიდაობის დარბაზები მოვაწყო, მოვიძიო ინვესტორები, რომლებიც ქედაში სასტუმროს ააშენებენ. ორი წლის განმავლობაში მინიმუმ 200 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნა, ჩემი მიზანია მევენახეობამ პიკს მიაღწიოს ქედაში.

 

 

წელს, სავარაუდოდ, დასრულდება ყოფილი პოლიკლინიკის ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია, სადაც 12 დამეწყრილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. შეთანხმება გვაქვს რეგიონების განვითარების ფონდთან, სამომავლოდ გამოიყოფა თანხა მეწყრული მოვლენების ლიკვიდაციისთვის, პროექტი სანიაღვრე არხების მშენებლობას მოიცავს, უკონტროლო წყლები უნდა გაკონტროლდეს, რომ შემცირდეს რისკები. ეს ორ წელიწადში ვერ მოგვარდება, ამას შესაძლოა 3-4 წელიწადი დასჭირდეს, საკმაოდ დიდი პროექტია.

 

 

წინასაარჩევნოდ ვამბობდი, რომ ჯანდაცვაში სექტემბრიდან პრობლემები აღარ გვექნებოდა. ყველა თემის ექიმს ეყოლება თავისი მანქანა, მძღოლი და გამოეყოფა საწვავი, ამისთვის საჭირო თანხა  ბიუჯეტში გათვალისწინებულია. 

 

 

პრიორიტეტად დავსახეთ დაავადების ადრეული გამოვლენა. მუნიციპალიტეტში ერთჯერადი დახმარების პროგრამა იყო, რომლის სანაცვლოდ თანხა სამედიცინო გამოკვლევებზე გადავიტანეთ. ყველაზე მთავარი, რაც მე წარმატებად მიმაჩნია, ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, ყველა თემში უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება დაიგეგმა, რაც მიზნად ისახავს ადრეულ ასაკში სიმსივნური წარმონაქმნების გამოვლენა-პრევენციას.

 

 

თუ ჩვენ გვინდა ახალგაზრდობა სოფელს მიემაგროს და სოფელი არ დაგვიბერდეს, ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარდეს – მინიმუმ სოფლებში არსებული 30 სტადიონი, რომელიც დღეს უვარგისია, უნდა გაკეთდეს და მოწესრიგდეს, რომ ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალება მაინც ჰქონდეთ.

 

 

რამდენად შესაძლებელია ყველა ეს დაპირება რეალობად აქციოთ _ არსებობს ამისთვის საჭირო  ფინანსური რესურსი?

 

 

დაპირება დაპირებად არ დარჩება, ეს არ არის ვარაუდი, ეს იქნება გაკეთებული საქმე, რაც ვთქვი 99,9% უნდა გავაკეთო ორი წლის განმავლობაში. არ შეიძლება ჩემ ასაკში ტყუილის თქმა.

 

 

რაც შეეხება ქარხანა-ფაბრიკებს, ინვესტორები მოძიებულია. ორი წლის განმავლობაში ჩვენ გავხსნით ღვინის, ხილის საკონსერვო და თამბაქოს საფერმენტაციო ქარხანას, ასევე სამკერვალო ფაბრიკას. მინიმუმ 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

 

აპირებთ თუ არა კადრების გადახალისებას?

 

 

საკადრო ცვლილების გატარებას ვგეგმავ, ამის კანონიერი უფლება მაქვს. ჩემი მუშაობის შვიდთვიანი პერიოდიდან ვიცი ვინ არის პროფესიონალი, კომპეტენტური და ვინ რის გამკეთებელია.

 

 

არ მინდა ისეთი თანამშრომელი მყავდეს, რომელიც სამსახურში მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ ხელფასი აიღოს, კომპიუტერში „პასეანსი„ გახსნას და ფაცებოოკ-ზე ვიღაცას „ეჩატაოს“. ყველა ასეთი დატოვებს სამსახურს. რამდენი და ვინ, ამას დრო გვიჩვენებს.

 

 

ჩემი ამბიციური გეგმა ქედის განვითარებას უკავშირდება. ქედელი კაცი სამუშაოს საძებნელად თურქეთში არ უნდა მიდიოდეს, ამისთვის კი ყველა თანამშრომელმა  საკუთარი საქმე უნდა აკეთოს.

 

 

თქვენ სტაჟის მქონე პოლიციელი ხართ. როგორ ფიქრობთ, რაში დაგეხმარებათ სპეცსამსახურში მიღებული გამოცდილება?

 

 

იმ სამსახურმა მასწავლა, რომ ენას კბილი უნდა დააჭირო და ის, რაც იცი, არ უნდა ილაპარაკო; იმ დონეზე არ უნდა გაბრაზდე, რომ ემოციას აყვე.

 

 

მადლობელი ვარ იმ სამსახურის, სადაც ვიმუშავე. ვინმემ რომ მკითხოს, როგორ გავივლიდი ცხოვრებას, ვიტყვი, რომ ისევ საქართველოს უშიშროების სამინისტროდან დავიწყებდი და 22 წელს ისევ იმ სამსახურს შევწირავდი, რადგან მე ის პიროვნება ვარ, რომელმაც ბოლო რუსის მესაზღვრე 1999 წლის 1 სექტემბერს გააცილა ბათუმის აეროპორტიდან და მთლიანად გააკონტროლა ტექნიკის გასვლა ქვეყნიდან. ვამაყობ, რომ ჩემი სამსახურით ქვეყნის წინაშე ვალი მოვიხადე.

 

 

რა ქონებას ფლობთ ამჟამად?

 

 

ორი ბინა მაქვს ბათუმში, ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე. 30 კვადრატული მეტრი მაღაზია და სახლი სოფელ მეძიბნაში, თავისი საბაგირო გზით, წისქვილითა და არაჩვეულებრივი ხეხილის ბაღით.

მყავს მეუღლე და სამი შვილი, ცოლი პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორია, ამ ეტაპზე კომერციულ საქმიანობას ეწევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: