კვირის ამბები

რა ხდება ბათუმის ციხეში

26.06.2014 • 1636
რა ხდება ბათუმის ციხეში

 

„ბათუმელების“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მესამე საპყრობილეში პატიმრები შიმშილობენ და თავს იზიანებენ, ერთადერთი უწყება ადასტურებს – სახალხო დამცველის აპარატი. შიმშილობის ფაქტს უარყოფს სასჯელაღსრულების სამინისტრო, თუმცა სამინისტრო ადასტურებს პატიმრების თვითდაზიანების ფაქტებს.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, სტაციონარში 5-ჯერ დაფიქსირდა თვითდაზიანების შემთხვევა, „თუმცა ამას რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობის გართულება არ მოჰყოლია. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა“.

 

 

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებას გააჩნია სამედიცინო პუნქტი, სადაც მუშაობს „კვალიფიციური პერსონალი. აქამდე სამოქალაქო სექტორიდან ექიმის შემოყვანის საჭიროება არ დამდგარა“.

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ქალაქის რესპუბლიკური საავადმყოფოდან რამდენჯერმე მიიწვიეს ექიმი, რასაც არაოფიციალურად თავად ექიმებიც ადასტურებენ. თუმცა სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდებაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში იქამდე ამბობს უარს, ვიდრე სამინისტროში არ გადაამოწმებს, აქვს თუ არა ამის უფლება.

 

 

 

ახალი საპყრობილე ბათუმში

 

ახალი საპყრობილე ბათუმში თვენახევრის წინ გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში, გიორგი ჩარკვიანი დაახლოებით 12-ჯერ იყო პატიმრების მოსანახულებლად. ამბობს, რომ პატიმრებს პრეტენზიები ადმინისტრაციის მიმართ არ გამოუთქვამთ, სახალხო დამცველს პატიმრები წერილებს უგზავნიან, თუმცა  ჩარკვიანის თქმით, ამ წერილებში ძირითადად საქმის გამოძიებას და პროკურორებთან შეხვედრას ითხოვენ. მოთხოვნის მიუხედავად მათთან პროკურორები შესახვედრად არ მიდიან, ამის გამო პატიმრები პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ: ზოგი წვერის საპარსი სამართებლით სხეულს იზიანებს, ზოგი მშრალ შიმშილობას აცხადებს. რამდენიმე პატიმრის საჩივარს სახალხო დამცველის აპარატი უკვე იკვლევს.

 

 

ციხის შესასვლელში

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპყრობილეში პატიმრის მოსანახულებლად მისული ადვოკატები განსაკუთრებულ შემოწმებას გადიან (ხსნიან ჯვრებს, ხდიან ფეხსაცმელს) ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატი. გიორგი ჩარკვიანის თქმით, საათის მაჯიდან მოხსნა მასაც მოსთხოვეს, თუმცა ეს მოთხოვნა გააპროტესტა, მეორედ კი მსგავსი რამ მისთვის ციხის ადმინისტრაციას არ მოუთხოვია. სად-ის ინფორმაციით, „დაწესებულებაში დაშვებულია მხოლოდ არაძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები. აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია მინისტრის 2011 წლის ბრძანებით… ამჟამად, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაწყებულია მუშაობა აღნიშნული ბრძანების გადახედვაზე“.

 

 

 

ახალი პატიმრები

 

 

ყველა პატიმარს, ვინც ბათუმის მესამე საპყრობილეში პირველად მოხვდება, 10 დღის განმავლობაში კარანტინი ათავსებენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ამბობს, რომ კარცერში მყოფი პატიმარი ამანათის უფლებით ვერ სარგებლობს, პლასტიკური ბარათი კი, რომლითაც მათ ციხის მაღაზიაში ნივთებისა თუ პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა აქვთ, დაკავებიდან დაახლოებით 2 კვირაში მზადდება. ამ პერიოდში პატიმარი ვერ ყიდულობს სიგარეტსა და ჰიგიენურ საშუალებებს, საპონს, კბილის ჯაგრისს… შესაბამისად, ვერ სარგებლობს პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებით. კიდევ უფრო რთულადაა იმ პატიმრების საქმე, რომლებიც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მეორედ მოხვდნენ; ასეთ დროს უწყება (სად) პლასტიკურ ბარათებს პატიმარს აღარ უმზადებს. 5 ლარი _ ბარათის დამზადების თანხა პატიმრის ახლობელმა ბანკში უნდა გადაიხადოს, ქვითარი კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარადგინოს.

 

 

სად-ის განმარტებით, დაწესებულებაში ახლადშეყვანილი პატიმრის კარანტინის განყოფილებაში განთავსება კანონის მოთხოვნაა. მათივე ინფორმაციით, კარანტინიდან პატიმრის გაყვანას ვადაზე ადრე, გარემოების მიხედვით, დირექცია წყვეტს. „რაც შეეხება ბარათის დამზადების ვადებს, აქამდე საბანკო ბარათის დამზადებისთვის ბანკს სჭირდებოდა ორკვირიანი ვადა, თუმცა სამინისტროსა და დეპარტამენტის წარმომადგენლების ძალისხმევით ეს პრობლემა დაწესებულებებში თანდათან გვარდება. თბილისში ბარათის დამზადებისთვის უკვე 4 დღე საკმარისია, ქუთაისის დაწესებულებებში პატიმარს ბარათი 5 დღის ვადაში გადაეცემა. გასულ კვირას გაიმართა შეხვედრა ბანკის წარმომადგენლებთან, რათა აღნიშნული საკითხი მოგვარდეს ბათუმის N3 დაწესებულებაშიც“, – წერია სასჯელაღსრულების წერილში, რომელიც „ბათუმელებს“ გამოუგზავნეს.

 

 

№3 საპყრობილეში პატიმრები მუშაობენ

 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის №3 საპყრობილის სამეურნეო ნაწილში შვიდი პატიმარი მუშაობს, ანუ პატიმრები თანამშრომლებს ეხმარებიან საკვების დარიგებაში, გასარეცხი თეთრეულის მოგროვება-დარიგებაში… სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით,  ეს პატიმრები სარგებლობენ ძირითადად გრძელვადიანი პაემნებით.

 

 

 

ტელევიზორი, წიგნები და სეირნობა

 

 

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, სეირნობის უფლებით ყველა პატიმარი ყოველ დღე სარგებლობს. ტელევიზორი და რადიო კი ციხის მაღაზიაში იყიდება და ნებისმიერ პატიმარს შეუძლია იყიდოს. ყველაზე იაფფასიანი ტელევიზორი 130 ლარი ღირს. არის საკაბელო ტელევიზია – პატიმრებს 12 არხის ნახვის შესაძლებლობა აქვთ. არის ბიბლიოთეკაც. კვირაში ორჯერ კი პატიმრებს შხაპის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

 

 

ქალი პატიმრები

 

 

ბათუმის №3 საპყრობილეში 4 ქალი იხდის სასჯელს, აქედან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამ საპყრობილეში არ იმყოფებიან არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ბრალდებულები. 2014 წლის 20 ივნისის, სამინისტროს მონაცემებით, დაწესებულებაში სულ 123 პატიმარი იმყოფება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: