კვირის ამბები

მკურნალობა პლაჟზე – სად ჯობს დასვენება?

24.06.2014 • 7237
მკურნალობა პლაჟზე  – სად ჯობს დასვენება?

 

 

ქობულეთის ფიჭვნარი

 

ქობულეთის ფიჭვნარში, გარდა იმისა, რომ არის ზღვის ჰაერი და დიდი რაოდენობით სხვა მიკროელემენტები, ემატება ფიტოსედები – ბიოლოგიური ანტიბიოტიკები. ფიჭვნარი ყოველთვის გამოყოფს მას, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში.

 

ზოგადად მთელი წლის განმავლობაში გამოყოფს ფიჭვნარი ფიტოსიდებს, მისი ჩასუნთქვა კი ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის. ეს იწვევს სასუნთქ ორგანოებში დაავადებების შემცირებას. ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია, ამიტომ ურჩევენ ფიჭვნარს სასუნთქი გზების დაავადებების მქონე პაციენტებს. 

 

 

ქობულეთის ზღვის სანაპირო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში სწორედ იმით, რომ იქ ზღვაზე მზის აბაზანის მიღების შემდეგ დამსვენებელს  შეუძლია სწრაფად გადავიდეს ფიჭვნარის ზონაში და იქ მიიღოს მზის აბაზანები, რაც უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ქვიშაზე, რასაც დოზირება სჭირდება. გარდა ამისა, ქობულეთში რეკომენდებულია დასვენება გულსისძარღვთა დაავადებების მქონე ავადმყოფებისათვის (მხოლოდ არ უნდა იყოს დაავადების გამწვავების პერიოდი).

 

 

ასევე, ძალიან სასარგებლოა ქობულეთში დასვენება ბრონქული დაავადებების დროს, შემოდგომის პერიოდში. ქობულეთში დასვენებას იგივე ეფექტი აქვს ქრონიკული ლარინგიტისა და ფარინგიტის შემთხვევაში, ასევე ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებებისას, სტრესული მდგომარეობის მოხსნისა და რელაქსაციისათვის.

 

 

ზღვა განსაკუთრებულად სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის იმ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც იოდის ნაკლებობით მიმდინარეობს. ზღვის წყალი და ზღვის ჰაერიც შეიცავს იოდს. ეს მიკრონაწილაკები სუნთქვის დროს ადამიანის ორგანიზმში ხვდება, რაც ძალიან სასარგებლოა.

 

 

 

ურეკის მაგნიტური ქვიშა

 

გრიგოლეთიდან ურეკამდე ზღვის სანაპირო მაგნიტური ქვიშითაა დაფარული, რომელიც რკინას შეიცავს. ეს არის მაგნიტური რკინის ნაწილაკები, რომლებიც ყველა ასაკის დამსვენებლისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვისაა სასარგებლო. საბჭოთა პერიოდში იქ ამზადებდნენ ე.წ „მედალიონებს“: დილით ადრე  ქვიშას თხრიდნენ დაახლოებით  15 სმ სიღრმემდე და მას მედალიონის ფორმას აძლევდნენ, სიმაღლე დაახლოებით ორ მეტრამდე უნდა ჰქონოდა. მას ღიად ტოვებენ მანამ, ვიდრე მზის სხივებით არ გახურდებოდა. ადრე ამას სანატორიუმის პერსონალი ამზადებდა. გახურების შემდეგ ცხელ ქვიშაში წვებოდა ავადმყოფი და მას დაახლოებით რვა-ათ სანტიმეტრამდე ქვიშით ფარავდნენ, ქვიშას აყრიდნენ სხეულზე. დაუშვებელია 10 სანტიმეტრზე მეტი სიმაღლის გამოყენება, ამ დროს ავადმყოფის თავი უნდა იყოს აუცილებლად დაცული მზისგან. ეს პროცედურა 15 ან 20 წუთი უნდა გაგრძელდეს. 30 წუთი მაქსიმუმია. მაგნიტური ქვიშის გავლენა ძალიან სასარგებლოა ორგანიზმზე ქრონიკული ანთებითი პროცესის დროს.

 

 

 

მწვანე კონცხი

 

მწვანე კონცხი ზღვის დონიდან 90 მეტრზე მდებარეობს. ეს ნამდვილად არ არის ის სიმაღლე, რომ მთის ჰაერად ჩავთვალოთ, თუმცა ბათუმსა და ქობულეთთან შედარებით მაღალია. სხვაობა ის არის, რომ აქ მცენარეული საფარი უფრო მეტია და რაც ზღვის აბაზანების პარალელურად განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ამ ადგილს ვურჩევდი დასასვენებლად ჯანმრთელ ადამიანებს პროფილაქტიკის მიზნით.

 

 

 სარფი

 

 

როდესაც ვატარებდით ზღვის წყალზე კვლევებს, ყოველთვის ფიქსირდებოდა, რომ ბათუმის ზღვის წყალში ბევრად მეტია მავნე ბაქტერია, ვიდრე სარფის ზღვის წყალში. ისე კი მათი შემადგენლობა ერთნაირია. სარფში ჰაერიც შედარებით სუფთაა – ეს ორივე ერთად კი საუკეთესოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

 

 

 

მახინჯაურის გოგირდოვანი წყლები

 

გოგირდოვანი, მინერალური წყლები საუკეთესოა ძვლის დაავადებების დროს. მას კარგი შედეგები აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში სპეციალისტის რჩევა აუცილებელია, მან უნდა განუსაზღვროს ავადმყოფს, მიიღოს თუ არა ზღვის აბაზანების პარალელურად გოგირდოვანი აბაზანები. ორივეს ერთად მე არ ვურჩევდი, რადგან ორგანიზმზე ამ დროს ზედმეტი დატვირთვა მოდის.

 

 

თუ გოგირდოვან წყლებს იღებთ, ჯობია, იმ დროს ზღვის წყალი არ მიიღოთ. მაგალითად ზამთრის პერიოდში, როდესაც ზღვის ჰაერით მკურნალობს ავადმყოფი და  წყალში არ ჩადის, შესაძლებელია გოგირდოვანი წყლით სარგებლობა.

 

 

დაავადებები, რომლის დროსაც არ შეიძლება ზღვის აბაზანების მიღება

 

ეს შეიძლება იყოს ყველა დაავადება გამწვავების პერიოდში, ასევე მწვავე ინფექციური დაავადებები, ფსიქიკური დაავადებები, ძლიერი ტახექსია, ავთვისებიანი სიმსივნე, ორსულობა (განსაკუთრებით მეორენახევარი), ტუბერკულოზის აქტიური ფორმა – ეს არის ძირითადი ჩამონათვალი, როცა ზღვაზე მკურნალობა ფაქტობრივად აკრძალულია.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: