სიახლეები

მურმან დუმბაძის კანდიდატები „ოცნების“ პირისპირ

24.06.2014 • 1609
მურმან დუმბაძის კანდიდატები „ოცნების“ პირისპირ

 

 

ტარიელ მანველიძე ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს თემში მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართული ოცნებიდან“ იყო წარდგენილი. მას არჩევნები საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გენად არძენაძემ ასი ხმით მოუგო.

 

 

სახელისუფლებო გუნდის დამარცხებული კანდიდატი ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი, დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება მის სასარგებლოდ სოფლის რწმუნებულების მუშაობამ განაპირობა. მისი თქმით, რწმუნებულებმა სოფელში დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია გაწიეს.

 

 

ტარიელ მანველიძის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი გენად არძენაძე სინამდვილეში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის კანდიდატურა იყო და სოფლის რწმუნებულებმა მისი მხარდაჭერის დავალებაც მისგან მიიღეს.

 

 

`საკითხი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატების უკან ასევე „ქართული ოცნების“  წევრი მურმან დუმბაძე იდგა, რწმუნებულები კი მათ სასარგებლოდ მუშაობდნენ, შტაბში რამდენჯერმე დავაყენეთ, თუმცა უშედეგოდ“, – ამბობს ტარიელ მანველიძე.

 

 

 

ტარიელ მანველიძის ინფორმაციით, არჩევნები „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იმავე მიზეზით წააგო წონიარისის თემშიც. „ამბობენ სხვა რაიონებშიც ანალოგიური ვითარება იყოო“, – დასძენს ყოფილი კანდიდატი.

 

 

სოფელ დანდალოს რწმუნებული ისრაფილ მანველიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს: „თქვენ კარგად იცით, რომ რწმუნებული დამოუკიდებელია და არავისი დახმარების უფლება არ აქვს. ასე არ ყოფილა.“

 

სოფელ წონიარისის რწმუნებულმა ამირან წულუკიძემ კი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში თავდაპირველად თქვა: „ჩვენ ვმუშაობდით გამგებლის, პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ“, შემდეგ კი დააზუსტა, რომ „მხოლოდ 41-ის სასარგებლოდ მუშაობდა“.

 

 

13 მაჟორიტარული ოლქიდან ხულოში არჩევნები ორ ოლქში „ნაციონალური მოძრაობიდან“ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ორ ოლქში ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატმა, ერთი ოლქში თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა მოიგო. 

 

 

ხულოს პირველ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“  მაჟორიტარობის კანდიდატს ნოდარ ზოიძეს `ნაციონალური მოძრაობიდან“ წარდგენილმა ირაკლი ჯორბენაძემ 143 ხმით აჯობა. ზოიძემ მხოლოდ 262 ხმის მოგროვება შეძლო.

 

 

ნოდარ ზოიძე „ბათუმელებთან“ დამარცხების მიზეზს ასე ხსნის: „ალბათ ღირსეული კანდიდატი ის იყო და მოიგო“.

 

„არანაირი ხელშემშლელი მიზეზი არ გვქონია, ასე ხალხმა გადაწყვიტა“, – ამბობს დიდაჭარის თემის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მევლუდ წულუკიძე. იმავეს ამბობენ სხვებიც.

 

 

ხულოს „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის ჯამბულ ხოზრევანიძის თქმით, არჩევნების შედეგი განაპირობა პროცესის დემოკრატიულად წარმართვამ. მას სჯერა, რომ „ხალხმა ასე გადაწყვიტა.“

 

 

ქობულეთში ოცი მაჟორიტარული ოლქიდან სამ ოლქში არჩევნები „ნაციონალური მოძრაობიდან“ წარდგენილმა კანდიდატმა მოიგო, ორ ოლქში თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილებმა გაიმარჯვეს, ერთ ოლქში კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

 

 

დამოუკიდებელი კანდიდატი სოსო ქათამაძე, რომელმაც ხუცუბნის თემში არჩევნები მოიგო, აიპი ქობულეთის გამწვანების ხელმძღვანელია. იგი ამბობს, რომ მის უკან არც ერთი პარტია და არც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი არ დგას და მხარი „წარსულში გაკეთებული კარგი საქმეების გამო“ დაუჭირეს.

 

 

დამარცხებული კანდიდატების თქმით კი, რომლებსაც დიქტოფონთან საუბარი არ სურთ, `მურმან დუმბაძის კანდიდატები კოალიციამ საარჩევნო სიებში არ ჩასვა, რის გამოც განაწყენებულმა ვიცე-სპიკერმა ურჩია მათ დამოუკიდებელ კანდიდატებად დარეგისტრირებულიყვნენ. სოფლების რწმუნებულებს კი მათი მხარდაჭერის დავალება მისცა. რიგ უბნებზე დამოუკიდებელმა კანდიდატებმა არჩევნები მოიგეს, რიგ უბნებზე კი მათი ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დააკლდათ და სხვა პარტიებთან დამარცხდნენ.

 

 

 მურმან დუმბაძე: „დიახ, ჩემ მიერ ჩასმულმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოიგეს. ეს იყო იმის დასადასტურებლად, რომ ამ გუნდს ჰყავს სერიოზული პოლიტიკური ძალა, აქტიური ადამიანები. ისინი გაატარებენ იმ პოლიტიკას, რასაც ატარებს კოალიცია „ქართული ოცნება“. ნამდვილი „ქართული ოცნების“ დამოუკიდებელი კანდიდატები არიან, რომლებმაც იმ ტერიტორიებზე არჩევნები მოიგეს.

 

 

დიახ, კადრების შერჩევისას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ოფისებში შეცდნენ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ისინი იყვნენ სუსტები და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოიგეს. ისინი მმართველ ძალასთან შეთანხმებულად იმუშავებენ.“

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა კი „ბათუმელებთან“ აღნიშნა: „რა ხდებოდა რაიონებში არ ვიცი, ჩვენ ბათუმში ყველა მაჟორიტარული ოლქი მოვიგეთ“.

გადაბეჭდვის წესი