კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

როგორ ვებრძოლოთ ჩიყვს

23.06.2014 • 30655
როგორ ვებრძოლოთ ჩიყვს
  • ქალბატონო ლია, რა ფუნქცია აკისრია ფარისებრ ჯირკვალს?

ფარისებრი ჯირკვალი ყელის წინა ფაზაზეა მოთავსებული, იგი საკმაოდ პატარა ორგანოა, მისი მოცულობა სულ 40 მლ-ია და საკმაოდ ბევრი ფუნქცია აკისრია – ის მონაწილეობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში, დიდ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის მუშაობაზე ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაში, ორსულობის პერიოდში ნაყოფის განვითარებასა თუ სხვა უამრავ ფუნქციაში. ფარისებრი ჯირკვალი შედგება ფოლიკულებისგან – ბუშტუკოვანი წარმონაქმნებისგან, რომლებშიც იოდისა და ცილის სინთეზის საშუალებით, ჰორმონი თიროქსინი გამომუშავდება, რომელიც შემდეგ გადადის სისხლში და ყველა სისტემაზე ახდენს ზეგავლენას.

  • ფარისებრი ჯირკვლის რა პათოლოგიები არსებობს?

გამომდინარე იქედან, თუ როგორ იცვლება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, მისი პათოლოგია შეიძლება იყოს რამდენიმე, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებისას იმატებს ჰორმონი თიროქსინის გამოყოფა, რასაც ჰიპერთირეოზი, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირებას – ჰიპოთირეოზი ეწოდება. ზომისა და მოცულობის ცვლილების მიხედვით ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები არსებობს ორნაერი – ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზია ანუ ზომაში მომატება (დიფუზური ჩიყვი ზომის მიხედვით შეიძლება იყოს პირველი, მეორე, მესამე ხარისხის ჩიყვი) და ფარისებრი ჯირკვლის ზომის შემცირება – ჰიპოპლაზია. სტრუქტურული ცვლილების მიხედვით გამოყოფენ ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვან ფორმებსაც.

  • რა შეიძლება გახდეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მიზეზი?

იოდის ნაკლებობა ორგანიზმში ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებისა. არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგალითად, გენეტიკური განწყობა დაავადების მიმართ, რადიაცია, იოდით ღარიბი საკვები და კიდევ სხვა ბევრი მიზეზი, რომლებიც პრაქტიკულად აუხსნელი რჩება. ხშირია იმუნური სისტემის მოშლაც, რასაც ჯირკვლის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები მოყვება და რომლის მიზეზიც დაუდგენელია.

  • რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს?

შეიძლება პაციენტს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდეს და ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული იყოს, სიმპტომი კი იმიტომ არ აქვს, რომ ფუნქცია ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. შეიძლება სიმპტომი გამოვლინდეს, თუ ჰიპოთირეოზი, ანუ ფუნქციის დაქვეითება განვითარდა – საერთო სისუსტე, ადინამია, შრომის უნარის დაქვეითება, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, აპათია. თუ ჰიპერთირეოდიზმია, ანუ ფუნქციის მომატებაა განვითარებული, ამ შემთხვევაში პაციენტი აგზნებულია, იკლებს წონას, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურად იკვებება. ახასიათებს ოფლიანობა, ტახიკარდია და მაღალი წნევა.
ფარისებრი ჯირკვლის პირველი ხარისხის გადიდების შემთხვევაში ეს შეიძლება ვიზუალურად შესამჩნევი არ იყოს, თუმცა მე-2, მე-3 ხარისხის სიდიდეზე ჩიყვი შესაძლოა ვიზუალურადაც შესამჩნევი გახდეს ყელზე.

  • როგორ მკურნალობენ ჩიყვს?

მკურნალობა არის მედიკამენტოზური, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც. მედიკამენტოზურად ვმკურნალობთ მაშინ, თუ არის ენდემური ჩიყვი და იოდის დეფიციტი. ამ შემთხვევაში ვიწყებთ იოდის პრეპარატებით ჩანაცვლებას. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია, მაშინ პაციენტს ხელოვნური სახით ვაწვდით იმ ჰორმონს – თიროქსინს, რასაც ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მომატებულია, მაშინ ვიყენებთ სულ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ანუ თიროქსინის წარმოქმნას თრგუნავს.

თუ არის დიდი ზომის მრავალკვანძოვანი ჩიყვი ან სიმსივნური გადაგვარება, ასეთ შემთხვევაში მივმართავთ ქირურგიულ მეთოდს. ოპერაციის დროს ან მთლიან ჯირკვლს ვიღებთ, ან მივმართავთ ნაწილობრივი რეზექციას, შესაძლებლობის ფარგლებში ოპერატორიჩ ფარისებრი ჯირკვლის ნაწილს, ოპერაციული ჩარევის შემდეგ, რეციდიული ჩიყვი რომ არ განვითარდეს, აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება.

  • როგორ ხდება ჩიყვის პროფილაქტიკა?

საჭიროა იოდის პროფილაქტიკა ბავშვობიდან, ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში, გარდატეხის ასაკშიც. მიიჩნევა, რომ იოდიზირებული მარილი ავსებს ორგანიზმში იოდის დანაკლისს, მაგრამ პრაქტიკულად ეს არ არის საკმარისი. იოდიზირებულ მარილს თავისი შენახვის მეთოდები აქვს – იგი მზეზე იშლება, საჭმელში დუღილის დროსაც კარგავს თავის დადებით თვისებებს, საჭიროა მისი თავდახურულ ქილაში შენახვა, რადგან იოდი ორთქლდება ჰაერზე და სწორადაც რომ შეინახოთ, სამ თვეში ისეც აორთქლდება. ასე რომ, იოდიზირებულ მარილს იღებს ჩვენი ორგანიზმი თუ არა, ზუსტად ამის თქმა შეუძლებელია. უმჯობესია ტაბლეტებით შეავსოთ დანაკლისი, საამისოდ არსებობს მედიკამენტები: იოდობალანსი, იოდომარინი. დოზების სწორად შერჩევისთვის, რა თქმა უნდა, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ევროპაში იყიდება იოდიზირებული პროდუქტები, ჭარბი რაოდენობით იოდის შემცველია ზღვის პროდუქტები.

  • რა შეიძლება იყოს ჩიყვის ყველაზე მძიმე გართულება?

განსაკუთრებით საშიშია, როცა ჰიპოთირეოზი ბავშვებში ვითარდება: ამ დროს ითრგუნება ბავშვის ნერვული სისტემის განვითარება და თუ მას დროულად არ უმკურნალეს, ზოგჯერ კრეტინიზმამდეც კი მიჰყავს ბავშვი. ტოქსიური ჩიყვის შემთხვევაში ვითარდება გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – არითმიებისა და ჰიპერტენზიის სახით. დღეისთვის ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტირება პრობლემას არ წარმოადგენს და ამ პათოლოგიის მკურნალობა შესაძლებელია., როგორც მედიკამენტოზური, ისე ქირურგიული მეთოდით. დაავადების ერთ-ერთი რთული სახეა სიმსივნე, მაგრამ ის ძალიან ნელა ზრდადია და დროული დიაგნოსტირებისას შესაძლებელია ამ დაავადების დამარცხება.

გადაბეჭდვის წესი