კვირის ამბები

ნიკა კიკნაძე X ფაქტორის შემდეგ

25.06.2014 • 1844
ნიკა კიკნაძე X ფაქტორის შემდეგ

 

 

ნიკა, როგორ შეაფასებ “X ფაქტორს”, რამდენად გაგიმართლა ამ კონკურსმა მოლოდინი?

 

 

“X ფაქტორი” პირველად ტარდება საქართველოში, განსხვავებული და დაძაბული ფორმატია, მაგარი გამოვიდა საერთო ჯამში. არ მეგონა ასეთი მაგარი თუ გამოვიდოდა, ჟიურის წევრებიც კომპეტენტურად არის შერჩეული, კონკურსანტებზე კი ლაპარაკიც არ ღირს, მაგარი კონკურსანტები წამოვიდნენ, მე მგონი, ასეთი ნაკადი არც ერთ კონკურსში არ ყოფილა, საუკეთესო მონაწილეები არიან.

 

როგორი განწყობით მიხვედი პროექტში?

 

გამიჭირდა როგორც ბენდის მუსიკოსს, რომელიც არ არის ჩვეული სცენაზე მარტო დგომას, მითუმეტეს უინსტრუმენტოდ. ადამიანმა თავისი შესაძლებლობები ყველაზე კარგად თავად იცის, ამჯერად რატომღაც მეგონა, რომ უფრო შორს წავიდოდი, თუმცა ამისთვისაც მზად ვიყავი. იმდენი კონკურსანტიდან ოთხ რჩეულში რომ რჩები, ეს თვითრწმენას გმატებს, ავტომატურად გიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაცით გამოირჩევი. პროექტის დატოვებამ, რა თქმა უნდა, გული დამწყვიტა, ყველა გავარდნილ კონკურსანტზე დამწყდა გული.

 

საქართველოში სხვა პროექტში ალბათ აღარ მივიღებ მონაწილეობას. მთავარი პროექტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ამით გამიცნო ხალხმა, სხვა პროექტში რომ გავიდე, აღარ ვიქნები მართალი, იმიტომ, რომ ეს ერთხელ უკვე გავაკეთე.

 


კონკურსზე ლუკა ზაქარიაძესთან ერთად მიხვედი, მხოლოდ მეგობრები ხართ, თუ მუსიკალური დუეტიც?

 

მე და ლუკას გაგვიკეთებია ერთად რამდენიმე კონცერტი, რომ გითხრათ, ერთ ბენდში ვიყავით ან ახლა ერთად გამოვდივართ-მეთქი – არა, უბრალოდ ვმეგობრობთ.

 

 თუ გახსოვს, როდის გქონდა პირველი შეხება მუსიკასთან?

 

მუსიკალურში დავდიოდი, თუმცა შვიდწლედი არ დამიმთავრებია. ექვსი წლის ვიყავი, როცა დედამ ფორტეპიანოზე შემიყვანა, საერთოდ არ მხიბლავდა ეს ფაქტი, საბოლოოდ გამოვედი. ათი წლის ვიყავი, როცა „aerosmith”-ის “Jaded”-ს მოვუსმინე, ეს სიმღერა იყო პირველი, რომელიც მოვისმინე ამ ჟანრში, აქედან დაიწყო ამ მუსიკის სიყვარული. 13-14 წლის ვიყავი, როცა ბენდი გავაკეთე აკე პატარაიასთან ერთად, რომელიც ახლა “X ფაქტორის” მონაწილეა, ეს იყო პირველი ნაბიჯები.

 

ამის მერე როგორ განვითარდა მოვლენები? ახლა რომელი ბენდის წევრი ხარ?

 

მე გიტარისტიც ვარ, უმეტესწილად თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი რამე მასწავლა ვაჟა ტუღუშმა, რომელსაც მხოლოდ მუსიკალური განათლება არ მოუცია, ცხოვრებისეული რაღაცებიც მასწავლა. ამის მერე თბილისში წავედი სასწავლებლად. ბოლოს მყავდა ბენდი „პორტრეტი”, მათთან ერთად გამოვუშვი პირველი სრულყოფილი ალბომი. ბენდიდან წამოვედი იმის გამო, რომ ვფიქრობ, იქ ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო, ჩემ თავს ვეღარ ვხედავდი ბენდში.
ახლა შევიკრიბეთ ახალი შემადგენლობა მუსიკოსების, ხუთი ბიჭი, ჩემი ძველი ნაცნობები არიან, ადრე ერთად ვუკრავდით, ჯერ სახელიც არ შეგვირჩევია, ბარშიც დავუკრავთ ალბათ, რადგან სხვა შემოსავალი ბენდებისთვის არ არის ამ ეტაპზე. ბენდში თავად ვიქნები ვოკალისტი და გიტარისტიც.

 

შენი გეგმები რას უკავშირდება?

 

ვაპირებთ საკუთარი რეპერტუარის შექმნას, ბენდის წევრები ვწერთ მუსიკას. ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურად ვწერ, თუმცა ერთ დღესაც დავწერ ქართულ ტექსტს, ძალიან მინდა, ეს გავაკეთო. ჩემთან ახლოა ამერიკული მუსიკა, ქანთრის ელემენტებით. მუსიკაში ყველა ხედავს იმას, რაც უნდა, რომ დაინახოს და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ბენდის გარეშე მუშაობა არ მინდა.

 


რამდენიმე ბენდი გამოიცვალე, შენი დაკვირვებით, რა არის იმის მიზეზი, რომ უამრავი ბენდი იქმნება და მალევე იშლება?

 

თინეიჯერს, რომელიც ბენდს აყალიბებს, ოჯახის წევრები სერიოზულად არ აღიქვამენ, გახდებიან 23-24 წლის და ისევ გიტარით რომ ხედავენ სადმე, თუნდაც ბარში მიმავალს, სადაც მუშაობს ეს მუსიკოსი, ყველა ასე აღიქვამს _ `აუ, ეს კიდევ გიტარაზე უკრავს, მუშაობა არ დაუწყია…” ხალხს ვერ წარმოუდგენია უნივერსიტეტში როგორ არ უნდა ჩააბარო, ან დიპლომი არ გქონდეს. ბავშვებიც ფიქრობენ იმაზე, რომ შემოსავალი ამ საქმიანობით ვერ ექნებათ და იშლებიან. მე მუსიკაში მშობლების მხარდაჭერა ყოველთვის მქონდა, 13 წლისას, რა თქმა უნდა, არ მიყურებდნენ როგორც მუსიკოსს, მაგრამ მათ ესმოდათ, რომ მე ამით ვსწავლობდი ბენდთან მუშაობას.

 

პირველად ჩემს ბენდთან ერთად გამოსვლა თოჯინების თეატრში მქონდა, მაშინ ისეთი დიდი იყო სავსე დარბაზი ჩემთვის, გვეგონა, რომ ფესტივალზე ვუკრავდით. ვნერვიულობდი, ახლაც ვნერვიულობ, მსმენელის მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე.

 

შენ რატომ გადაწყვიტე უნივერსიტეტში სწავლა?

 

მე ყველა ვარიანტში ჩავაბარებდი, რადგან თბილისში წასვლის საბაბი იყო ეს ჩემთვის, ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობ. არ ვიცი, ჩემი საქმიანობა თუ დაუკავშირდება ამ საქმიანობას. წელს ვამთავრებ სწავლას, თუმცა თბილისში ვაპირებ ჯერ დარჩენას.

 


როგორ ცხოვრობ?

 

მე ვარ ადამიანი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია დროის მეგობრებთან ერთად გატარება, მრავალფეროვანია ჩემი სამეგობრო წრე. ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ, ჩემი ჰობია კომპიუტერული ვიდეოთამაშები, ფეხბურთი მიყვარს ძალიან, `ბაიერნის~ ფანი ვარ, ნიჭი რომ მქონდეს ფეხბურთის, ალბათ გამიჭირდებოდა არჩევანის გაკეთება, ფეხბურთსა და მუსიკას შორის. ფეხბურთის გამო სიგიჟეებს ჩავდივარ.

 

რა შესაძლებლობა გინდა, რომ გქონდეს?

 

ძალიან მინდა მომეცეს საშუალება, ბათუმში ვიცხოვრო, აი, აქ რომ ვიყო ჩემი საყვარელი საქმით დაკავებული, ისეთი დოზით, რომ თავად ვიყო კმაყოფილი. მიჯაჭვული ვარ ამ ქალაქს, ხშირად ჩამოვდივარ, მიჭირს დიდხანს შორს ყოფნა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: