„ავრასია ჯორჯიამ“ მარტოხელა მრავალშვილიან ოჯახს ბინა აჩუქა

 

პატარა ანას წერილი ცოტა ხნის წინ  ფეისბუქში წაიკითხეს ქართულ-თურქული კომპანია „ავრასია ჯორჯიაში“. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ოჯახის შესახებ მანამდეც ჰქონდათ ინფორმაცია, ხოლო წერილმა მოვლენები დააჩქარა.

 

„ერთ-ერთ ვახშამზე, სადაც ქველმოქმედებაზე ვსაუბრობდით, ვიღაც ნაცნობი მოყვა, რომ მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფონდ „გზა სიკეთისას“ მხარდაჭერით აგროვებდნენ ფულს იმისთვის, რომ ქამადაძეების ოჯახისთვის ქირის თანხა გადაეხადათ. მაშინ ვთქვით, რომ მათ დავხმარებოდით. როცა დავინტერესდით ამ ოჯახით, ფეისბუქში აღმოვაჩინეთ ქალბატონი მაგულის ერთ-ერთი შვილის, მეოთხე კლასელი ანას წერილი თოვლის ბაბუასადმი. ანა თოვლის ბაბუას ბინას სთხოვდა. ამ წერილმა დააჩქარა მოვლენები. ჩვენ დღეს სწორედ ანას ოჯახს ვჩუქნით ბინას“, – ამბობს კომპანია „ავრასია ჯორჯიას“ დირექტორი რაულ კახაძე.

 

კომპანიამ ქამადაძეების ოჯახს 58 კვადრატული მეტრი ბინა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე გადასცა. ბინაში გარემონტებულია და ახალი ავეჯიცდგას.

ქობულეთის ბიუჯეტის პრიორიტეტები

 

სულხან ოქროპირიძე

 

 ბატონო სულხან, რა არის 2015 წელს მუნიციპალიტეტის  პრიორიტეტები?       

2015  წლის ბიუჯეტი შეადგენს 26 მილიონ 796 ათას ლარს, აქედან 15 მილიონი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო კაპიტალური ტრანსფერის სახით. მომავალი წლის პრიორიტეტია  ქალაქ ქობულეთის ქუჩების კეთილმოწყობა. დაგეგმილია ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, ლესელიძის ქუჩების რეაბილიტაცია, გელაურის უბნის კანალიზაციის მოწყობა. ჩვენი მიზანია ქალაქი იყოს ტურისტებისთვის მიმზიდველი.  მომავალ წელს ქობულეთში რუსთაველის ქუჩის ტროტუარების მოწყობისთვის  567 949 ლარი დაიხარჯება.  ქალაქ ქობულეთში არსებული ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  41 710 ლარი მოხმარდება. აღმაშენებლის გამზირზე გარე განათებისათვის მზის ენერგიაზე მომუშავე ეკონომიური დანადგარის შეძენისთვის  81 000 ლარია გამოყოფილი.  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვა-რეაბილიტაციაზე  838 201 ლარი დაიხარჯება.  მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზის რემონტისა და რეაბილიტაციისთვის  63 416 ლარია გამოყოფილი, თამარ მეფის სანაპიროზე  სანაგვე ურნებისა და სკამების შეძენა-მონტაჟისთვის 140 000 ლარი დაიხარჯება.    

 

 

მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტუალურია სასმელი წყლის პრობლემა

  მომავალ წელს სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია  პრიორიტეტულია.  მაგალითად, სოფელ სამების წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 450 000 ლარია გამოყოფილი.
  ხუცუბნის წყლის სათავე ნაგებობის რეზერვუარისა და ქსელის რეაბილიტაციას კი184 083 ლარი მოხმარდება. იგეგმება ასევე სოფელ აჭყვისთავის წყლის სისტემის რეაბილიტაცია [145 647 ლარი] და სოფელ  კვირიკეს წყალსადენის სათავე ნაგებობის,რეზერვუარებისა და ქსელის რეაბილიტაცია. [ 184 083 ლარი]

გარდა ამისა,  ქობულეთში წყალსადენის სათავე ნაგებობაზე დამატებითი ჭაბურღილების მოწყობისთვის ბიუჯეტში  250 265 ლარია გამოყოფილი…

 

 

 გარდა იმისა, რაზეც უკვე ისაუბრეთ,  2015 წელს დაგეგმილი სამუშაოებიდან თქვენ რომელს გამოყოფდით?

 ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომავალ წელს, ოთხი საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება.   ფიჭვნარში საბავშვო ბაღის მოწყობისთვის 861 070 ლარია გამოყოფილი,  გელაურში საბავშვო  ბაღისთვის  422 077 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი,   სოფელ  ქობულეთში აშენდება კიდევ ერთი საბავშვო ბაღი [ 422 077 ლარი  ]  და ასევე, სოფელ ზენითს მომავალ წელს ექნება ახალი საბავშვო ბაღი. [ 108 098 ლარი]

 

 

სოციალურად დაუცველებისთვის და ზოგადად ჯანდაცვის პროგრამებში წელს არის თუ არა ცვლილებები?
  
  წელსაც ისევე, როგორც გასულ წლებში სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა გრძელდება. ასევე, ბავშვები, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ, მათთვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა არსებობს. ჯანდაცვის პროგრამებირაც იყო გასულ წელს ყველა დარჩა, დაემატა ახალი პროგრამები, მაგალითად პრონქული ასთმით დაავადებულ პირებს უფასო მედიკამენტოზური დახმარება გაეწევათ. ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის  გაზიფიცირება იქნება უფასო…

    

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

 

 

 

 

 

ახალი კანონი – სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ დევნილებსა და ეკლესიას

 

ეკლესიისთვის ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების ფაქტობრივად უსასყიდლოდ – სიმბოლურ 1 ლარად – გადაცემა კანონით აქამდეც დასაშვები იყო. მხოლოდ  მიმდინარე თვეში, ეკლესიას 111 800 კვ/მ მიწის ნაკვეთები თითო ლარად, ჯამში 3 ლარად, მარტო საქართველოს მთავრობამ გადასცა. ეკლესიის ერთადერთი ვალდებულება კი სახელმწიფოს წინაშე ისაა, რომ აღნიშნული 3 ლარი ერთი თვის განმავლობაში ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს.

 

 

ახალი კანონით ხელისუფლებამ საპატრიარქო ქონების ნაცვლად სიმბოლური 1 ლარის გადახდისგანაც გაათავისუფლა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ხელი 11 დეკემბერს მოაწერა, ერთ-ერთ მუხლში უკვე პირდაპირაა აღნიშნული, რომ: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას“.

 

ამ კანონის მიხედვით, მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობას წარუდგენს უშუალოდ ქონების მმართველი, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების მმართველსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.

 

ორი თვით ადრე, 2014 წლის სექტემბერში კი გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება (№1-1/242), რომლითაც სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში შევიდა ცვლილებები და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას შემძენი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას – სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება ასევე იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.“

 

ამავე ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ „ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, მიმდინარე, დეკემბრის თვეში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცა შემდეგი სახელმწიფო ქონება:

 

ქალაქ თბილისში, ლესელიძის ქუჩა №41-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №7-ში, II სართულზე და მანსარდში არსებული 423,34 კვ/მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;

 

ქალაქ თბილისში, ნორიოს აღმართ №36-ში (კუკიის სასაფლაო) არსებული 108,49 კვ.მ ვერანდა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი;

 

ქალაქ თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩა №12-ში მდებარე 1200 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში მდებარე 20325 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარე 12713 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

 

ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარე 77562 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

ორი თვის წინ მთავრობამ ასევე 1 ლარად, ეკლესიას გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 97 ძირი კრიპტომერიის ხის მორი: 3 ცალი 9-მეტრიანი, 26 ცალი 4-მეტრიანი და 68 ცალი 8-მეტრიანი, საერთო მოცულობით: 93,1 მ/კუბი.

 

გარდა ქონების გადაცემისა, მთავრობა ეკლესიას პირგასამტეხლოსგანაც ათავისუფლებს. მთავრობის ერთ-ერთი ბოლო განკარგულებით: „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (საქართველოს საპატრიარქო) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 2009 წლის 8 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული /დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან“.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს პროექტების მენეჯერმა, იურისტმა გია გვალავამ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში პირველი მიწათმფლობელია, რომელსაც  აქვს ძალიან დიდი მიწის ნაკვეთები გადაცემული. ნაწილი აქედან, მას ეკუთვნოდა კონკორდატით, როგორც  ეკლესია-მონასტრებისა თუ მათი მიმდებარე ტერიტორია. თუმცა, არის ისეთებიც, რომლებიც იყო საზოგადოების სარგებლობაში და გაუგებარია, რა პრინციპით გადაეცა ისინი ეკლესიას“.

 

ბათუმის სახანძროს ქონება შს სამინისტროს გადაეცა

 

როგორც საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ეგარსლან ლომაძემ განმარტა, 2015 წლიდან შს სამინისტროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ხოლო თვითმმართველობებს დაევალათ აღნიშნული სააგენტოსთვის მათ საკუთრებაში არსებული ქონებების გადაცემა, რომლითაც აქამდე სარგებლობდა სახანძრო სამსახური.

 

საკრებულომ ქონების გადაცემას მხარი დაუჭირა. 

 

 

გოლფის მოედნები 15 მილიონად

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 19 დეკემბერს მოაწერა, საკანონმდებლო მაცნეში კი გუშინ გამოქვეყნდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში მდებარე 3 311 127 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო თანხა – 9 მილიონი ლარი – კომპანიამ სახელმწიფოს 2015 წლის 15 იანვრამდე სრულად უნდა გადაუხადოს.

 

კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით გადაცემულ უძრავ ქონებაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კოპლექსის (მათ შორის, არანაკლებ 18 ორმოს მქონე გოლფის სათამაშო მოედანი/მოედნები, ორმოებს შორის ჯამური მანძილით არანაკლებ 6 000 მეტრი – შექმნა, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება;

 

ასევე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 6 400 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. ანუ კომპანიას კომპლექსის აშენება მინიმუმ 15 მილიონი ლარი დაუჯდება.

შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცი“ ქონების გადაცემამდე თვენახევრით ადრე,  2014 წლის 30 ოქტომბერსაა დაფუძნებული და  მისი მესაკუთრე, 100 პროცენტიანი წილის მმართველია შპს „SKINEST RAIL GEORGIA“. ეს უკანასკნელი დაფუძნებულია სააქციო საზოგადოება „SKINEST RAIL“-ის მიერ, რომელიც ესტონეთის დედაქალაქ ტალინშია რეგისტრირებული. „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცი“-ს დირექტორია მამული მამულაშვილი, რომელიც ასევე „SKINEST RAIL GEORGIA“-ს  დირექტორიც იყო.

 

 

ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე

 

ამ დრომდე ის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. 

საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე ასლან კახიძე ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია და ის ამ პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამ დრომდე მის მოვალეობას მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ასრულებდა. საკრებულოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა, როგორც ჯემალ მუსხაჯბამ „ ბათუმელებს“ უთხრა, მან ამ თანამდებობაზე უარი თქვა.

წარმატებული და წარუმატებელი 2014 წელი

 

სულხან სალაძე


სულხან, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2014 წელს ქვეყნისთვის და რამდენად წარმატებული იყო ამ პროცესებში ხელისუფლება?

ყველაზე დიდი წარმატება ქვეყნისთვის იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და ეს არ განისაზღვრება მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმატებით. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც საქართველომ დამოუკიდებლობის წლების შემდეგ მიაღწია. თუმცა, ამავე დროს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და უფრო მეტ გამოწვევაზე სათანადო მზადყოფნას და უფრო მეტი დემოკრატიული პროცესების გატარებას საჭიროებს, ვიდრე აქამდე ყოფილა. ვფიქრობ, ეს იმდენად დიდი გამოწვევაა, რომ ხელისუფლების ცალკეულ ჯგუფებს შეიძლება ბოლომდე არც კი ჰქონდეთ გაცნობიერებული, თუ რა დონის რეფორმები უნდა ჩაატარონ იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი ევროკავშირის წევრობით დასრულდეს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო თვითმმართველობის არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ დიდი აქტივობით არ გამოირჩეოდა. ხელისუფლების გადაცემის პროცესი, რაც დაიწყო 2012 წლიდან, მეტ-ნაკლებად მაინც კარგად მიდის და იმედი მაქვს, ეს პროცესი მომავალში უფრო დახვეწილი იქნება.

 

ყველაზე მეტი კრიტიკა ხელისუფლებამ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების, ლარის ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდის გამო მიიღო ამომრჩევლისგან. თქვენი აზრით, რისი შეცვლა შეეძლო ხელისუფლებას?
 

ორ ან სამ წელიწადში რადიკალური ცვლილებები არ შეიძლება, თუმცა, ხელისუფლებას აშკარად აკლია ეკონომიკურ პოლიტიკაში გამოცდილება და არა მარტო ამ მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკა მეტწილად დამოკიდებულია გარე პროცესებზე, რადგან შიდა ეკონომიკა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ახდენს გავლენას დასაქმებაზე, სახელფასო ბადეზე და ეკონომიკურ წინსვლაზეც. შიდა წარმოებაზე გადასვლა კი არ არის იოლი.

 

კულტურული მემკვიდრეობა როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების დილემა აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე?
 

ვფიქრობ, საყდრისთან დაკავშირებით ძალიან ბევრი თემა იკვეთება, თუმცა ეკონომიკური კეთილდღეობა თუ კულტურული მემკვიდრეობა – საკითხის ასე დაყენება არასწორია. ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობა გამოიყენება ეკონომიკური სარგებლისთვის და არა ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ. ამის უამრავი მაგალითი არსებობს მსოფლიოში, ჩვენთან, სწრაფი და საეჭვო ფულის სახელით ხშირად ხდება ძეგლის გაწირვა. თუმცა, პრობლემები მხოლოდ ამ მიმართულებით არ არის. პრობლემებია გარემოს დაცვის საკითხებში, ხშირად არ არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, ინფორმაცია, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ადამიანებს.

პრობლემად რჩება სამართალდამცავი სისტემაც. ბევრად სერიოზული რეფორმაა საჭირო ამ მიმართულებით. პროკურატურის საქმიანობა გარკვეულ სუბიექტურ შეფასებით ელემენტებს მართლა აჩენს და ამაში მარტო იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ვინმეს სუბიექტურად დევნიან, არამედ ვგულისხმობ იმასაც, რომ ბევრ საქმეში პროკურატურა არ არის სათანადოდ მომზადებული. ეს ცუდია მისი იმიჯისთვის. მნიშვნელოვანი იყო მოსმენებთან დაკავშირებული თემა. უცნაური იყო ის, რომ არც ერთი უწყება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები განიხილავდნენ, ვისაც შეიძლებოდა გადასცემოდა მოსმენების გასაღები, ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ასე რომ, შს სამინისტროს თუ სხვა უწყებას მაინც შეუძლია მოსმენის განხორციელება.

 

ხელისუფლება აცხადებდა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას ამის გამო. რატომ არჩია ხელისუფლებამ წინამორბედის გზას დასდგომოდა მოსმენების საკითხში?
 

 

მე მაინც მგონია, რომ ძალოვანი სტრუქტურები ეს ის სფეროა, რომელსაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს) ხელისუფლების დასაყრდენ ძალად მიიჩნევენ. დროთა განმავლობაში ესეც შეიცვლება ალბათ, რადგან, როცა ასოცირების ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, აქ საუბარია რეფორმების კომპლექსურ გატარებაზე, რაც თავისთავში ძალოვანი უწყებების რეფორმასაც მოიაზრებს.

 

წელს საკმაოდ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. თქვენ როგორც იურისტი, რომელ კანონს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად?

მე გამოვყოფდი მიწის შესახებ კანონს, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის შესყიდვის უფლება შეეზღუდათ. ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომები დაუშვა და თვითონაც აღიარა შემდეგ. ამ ტიპის შეცდომა კანონმდებლობაში, როგორც წესი, უარყოფით შედეგებს იძლევა და მის გამოსასწორებლად რამდენიმე წელი შეიძლება გახდეს საჭირო. პოზიტიური იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. მართალია, ბევრი ხარვეზი აქვს ამ პროგრამას, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. როცა ხელისუფლება გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იდეალური არ არის. ვფიქრობ, უნდა გაიზარდოს საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობაც, რადგან ყველა ის აქტივობა, რომელიც წელს განხორციელდა, იყო ეს გარემოს თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, არ ატარებდა მასობრივ ხასიათს, უფრო კონკრეტული ჯგუფების აქტივობა იყო. ეს კი არ მოიცავდა იმ ტიპის ზეწოლას, რომელიც აუცილებელია კონკრეტული რეფორმების დასაწყებად.


ერთ-ერთი ხმაურიანი თემა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც მნიშვნელოვნად უნდა შეეცვალა მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. წელს რელიგიური კონფლიქტების ბევრი შემთხვევა გვქონდა. ამ პროცესებში როგორი იყო ხელისუფლების როლი?

 

ხელისუფლებას უჭირს კონკრეტულ თემებზე საზოგადოებასთან დიალოგი, ხოლო სხვა ინსტიტუციები უფრო აქტიურობენ მოსახლეობაში. ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ ანტიდისკრიმინაციული კანონის როგორც საფრთხის თაობაზე, მათ არც კანონი ჰქონდათ წაკითხული და არც ხელისუფლებას მიუწოდებია მათთვის სრული ინფორმაცია.

 

რატომ გაუჭირდა ხელისუფლებას დიალოგი საზოგადოებასთან?

 

იმიტომ, რომ მას არ აქვს მკაფიო ხედვა ამ მიმართულებით. წელიწადში რამდენჯერმე სარეკლამო რგოლების დამზადება და ბუკლეტების დარიგება საკმარისი არ არის. საქართველო არ არის მხოლოდ ის, რაც დედაქალაქში ხდება, გაცილებით რთული პრობლემებია რეგიონებში, სოფლებში. ამ მიმართულებით ხელისუფლებას მომავალში უფრო მეტი გამოწვევა ექნება, რადგან ქართულმა სახელმწიფომ იმდენს მაინც მიაღწია, რომ ხელისუფლებაs, რომელიც ვერ ატარებს მნიშვნელოვან ცვლილებებს,  ცხრა ან ათი წელი ისევ ადროვონ.

 

ხელისუფლებას მიაჩნია, რომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ოჯახური ძალადობის და ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ, თუმცა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე, რომელიც ქმრის ნათესავებმა და თანასოფლელებმა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, არც კი დაუწყიათ ძიება. ეს საქმე იქნება ამ ხელისუფლების ტესტი ადამიანის უფლებებზე?

 

ხანუმ ჯეირანოვას საქმე მხოლოდ ხელისუფლებისთვის არ არის ტესტი, აქ საზოგადოებასაც მიუძღვის როლი, რადგან საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ არაერთგვაროვანია. სერიოზული რეფორმაა საჭირო განათლების სისტემაში. გაცილებით მეტი თანხა უნდა ჩადოს განათლებაში, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას უნდა მისცეს უცხოეთში წასვლის, განათლების მიღების საშუალება. ჩემი აზრით, სწორედ ამ ტიპის რეფორმებით იქნება შესაძლებელი ბევრი პრობლემის დაძლევა. როცა ერთ წელიწადში 26 ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, მცირე გააქტიურება ვერ მოგვცემს შედეგს. განათლებაზე, უცხო ენებზე ხელმისაწვდომობა აუცილებელია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო განვითარებისთვის.

 

 რომ შევაჯამოთ, იყო ეს წელი ხელისუფლებისთვის წარმატებული თუ სისუსტეები უფრო სჭარბობდა?
 

 

იქნებოდა წარმატებული, თუმცა საყდრისის საბადოსთან დაკავშირებულმა ქმედებებმა ბევრი რამ გადააფასა. ვფიქრობ, ამას სერიოზული გაგრძელება ექნება 2015 წელსაც, რადგან საყდრისი არ არის მხოლოდ ერთადერთი მაგალითი, ხვალ კიდევ ბევრი საყდრისი იქნება.

ქალების გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც პოლიციელის მკვლელობით დასრულდა

 

საქმე ეხება 27 დეკემბერს ბათუმის გარეუბანში, ანგისაში მდებარე ღამის კლუბ „ლეგასში“ მომხდარ მკვლელობას. შს სამინისტროს ინფორმაციით,  გარდაცვლილი პოლიციელი  იმ ღამეს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მოკლული პოლიციელი 22 წლისაა.

 

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი

 

გამოძიების ვერსიით, 27 დეკემბერს, ღამის 12:30 საათზე, კლუბ „ლეგსაში“ კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბესიკ მ. კლუბში მყოფ  აზერბაიჯანის მოქალაქე ფირუზა ა.-ს და უზბეკეთის მოქალაქე ილაჰიმ მ.-ს აიძულებდა სექსუალურ მომსახურებას. ამ დროს მათთან მივიდა პოლიციელი თარაშ მუკბანიანი და სთხოვა თავი დაენებებინა ქალებისთვის. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბესიკ მ. ამან გააღიზიანა და დაიწყო გინება. ამ დროს საქმეში ჩაერია მასთან ერთად მყოფი მოჭიდავე რამაზ დ. და ორივე 5-6 წუთის განმავლობაში სცემდა აწ უკვე გარდაცვლის. შემდეგ კი რამაზ დ.-მ მას წაართვა პოლიციელზე რიცხული ტაბელური იარაღი და ერთჯერადად გაისროლა. თარაშ მუკბანიანს ტყვია მოხვდა თავის არეში და ადგილზე გარდაიცვალა.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ეს საქმე დააკვალიფიცირა, როგორც რამაზ დ-ს მიერ ადამიანის სიცოცხლის განზრახ მოსპობა. გარდა ამისა, ორივე დაკავებულს წარდგენილი აქვს ბრალდება ჯგუფური ხულიგნობის მუხლითაც. შესაბამისად, პროკურორმა  ორივე ბრალდებულის დაპატიმრება მოითხოვა.

 

რამაზ დ.ს ადვოკატმა პაატა შავაძემ და თავად ბრალდებულმა ფაქტის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს მოსამართლეს. ადვოკატის მტკიცებით, დისკო კლუბ „ლეგასიდან“ ამოღებულ ვიდეოფირზე ნათლად ჩანს, რომ რამაზ დ.ს განზრახ არ უსვრია და საქმე გვაქვს ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასთან.

 

მეორე ბრალდებულის – ბესიკ მ.-ს სასამართლოსთვის მიცემული განმარტების მიხედვით, ღამის კლუბში ყოფნის დროს ის ნამდვილად მივიდა ზემოთ დასახელებულ ქალებთან და ერთ-ერთს ხელიც მოჰკიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას მათ განუმარტეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ, ქალებს თავი დაანება და რამაზ დ.სთან ერთად ავიდა შენობის მეორე სართულზე. 3-5 წუთის შემდეგ კი მათთან მივიდა აწ უკვე გარდაცვლილი და უთხრა, თუ რა მიზნით მოჰკიდა ხელი მასთან ერთად მყოფ ქალებს. „მე ვუთხარი, რომ დისკოში ვარ და აბა რას ვიზამდი-მეთქი. მან დაიწყო ყვირილი და გინება, მეც იგივე გავაკეთე. მერე მან გამოიწია ჩემკენ და ჩვენ შორის ჩადგა ჩვენი მესამე მეგობარი“. ამის შემდეგ ბრალდებულის თქმით, მუკბანიანმა ამოიღო იარაღი და მათ დაუმიზნა. დაიწყო არეულობა და მან დაიწყო სროლა. „რამაზი ამის შემდეგ ჩაერია საქმეში და ცდილობდა იარაღის წართმევას. მერე ისმოდა სროლის ხმა და ისინი კიბეზე დაგორდნენ. ხალხი გარეთ გარბოდა“.

 

მხარეების თქმით, რამაზ დ. რომელიც არის ჭიდაობაში სხვადასხვა ტიტულის მფლობელი, მუკბანიანს ჩაუტარა პროფესიული ილეთი და ისე წაართვა იარაღი.

 

ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ კიბეზე დაცემულ გარდაცვლილს ბრალდებულმა რამაზ დ.მ „ფეხი დაარტყა“ და „იარაღი მიუგდო“, რის შემდეგაც დატოვა ტერიტორია.

 

სასამართლოს განუმარტა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ამ ფაქტამდე 11 დღით ადრე სხვა სამართალდარღვევის გამოც ჰყავს  ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასამართლებული.

 

 „ბათუმელების“ მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით მართლაც დგინდება, რომ ბრალდებულმა რამაზ დ.-მ და კიდევ ორმა პიროვნებამ 2014 წლის 26 ივნისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კიდევ ერთ პოლიციელს და სხვა პირებს.  ამ შემთხვევაში სხვებთან ერთად პოლიციის ინსპექტორი – ილია კუკალაძე დაზარალდა.

თარაშ მუკბანიანი
თარაშ მუკბანიანი

 

 

ეს ინციდენტიც ღამის კლუბს უკავშირდება. სასამართლო დადგენილების მიხედვით, ამ შემთხვევაშიც: „დისკო კლუბის სტუმრებისა და მათი ხულიგნური ქმედების აღკვეთის მიზნით მისულ დისკო-კლუბის თანამშრომლების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის გამოყენებით [რამაზ დ.მ და მისმა თანმხლებმა პირებმა ]უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, გამოხატა კლუბში და კლუბთან მყოფი საზოგადოების წევრების მიმართ აშკარა უპატივცემულობა, ხოლო დისკო-კლუბში  მყოფ პირ ი.გ-ს სხვა საგნის – სავარძლის გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“.

 

ზაფხულში მომხდარ სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშვედ ცნო რამაზ დ. და 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ, 11 დღის წინ გაათავისუფლა.

 

წარსულში ასევე ორჯერ არის გასამართლებული მეორე ბრალდებული ბესიკ მ. ერთხელ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის, ხოლო 2007 წელს ის გაასამართლეს გამოძალვის მუხლით. ბესიკ მ.ს წარსულში ჩადენილი ორივე დანაშაული გაქარწყლებული აქვს და დაპატიმრებამდე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში კონტროლიორად მუშაობდა.

 

სამართალდამცავებმა ბრალდებული რამაზ დ- საარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, ხოლო ბესიკ მ. მას შემდეგ, რაც მკვლელობის ღამეს ის გადავიდა თურქეთში, შემდეგ კი ისევ დაბრუნდა საქართველოში. გამოძიებაში მოწმის სტატუსით დაბარებული ბესიკ მ. მოწმეთა ჩვენებისა და ამოცნობის პროცედურების ჩატარების შემდეგ იქნა დაპატიმრებული.

 

ბრალდებული ბესიკ მ. არის ცოლშვილიანი. ცოლ-შვილი ჰყავდა ასევე გარდაცვლილ პოლიციციელ თარაშ მუკბანიანს.  

 

რამაზ დ.-ს ადვოკატმა  სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით 200 ათასი ლარის გირაო შესთავაზა უძრავი ქონების სახით, ხოლო ბესიკ მ-მ 5 ათასი ლარის გირაო, ასევე უძრავი ქონების სახით. მოსამართლემ კი აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რამაზ დ.ს 7-დან 15-წელი (108-ე)  და  2-დან 5-წელი (239 მუხლის 2 პუნქტის ა და გ ქვეპუნქტები), ხოლო ბესიკ მ.ს 2-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

საიას აჭარის ფილიალი იურისტებმა დატოვეს

 

ახალგაზრდა  იურისტთა  ასოციაციის აჭარის ფილიალის ახალ ხელმძღვანელს რამდენიმე დღეში აირჩევენ. აჭარის ფილიალიდან თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად კანდიდატი უკვე არჩეულია, თუმცა მის ვინაობას ჯერ არ ასაჯაროებენ. კანდიდატი საბოლოოდ საიას სათავო ოფისის გამგეობამ უნდა დაამტკიცოს.  

 

 

აჭარის ოფისის გამგეობის ახალი წევრის, იურისტ მაია ქათამაძის განცხადებით, მათი სამსახურიდან წასვლა საიას გამგეობის წევრებად არჩევას უკავშირდება.

 

 

 „ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, თუ გინდა გამგეობაში მოხვდე, მაშინ საიას თანამშრომელი არ უნდა იყო. არჩევნებში კი მონაწილეობას ვერ მიიღებ, თუ არ ხარ გამგეობის წევრი“, – ამბობს მაია ქათამაძე.  

 

 

გამგეობის წევრები, წესდების მიხედვით, ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან. საიას აჭარის ფილიალში გამგეობის ახალ წევრებს 21 დეკემბერს აირჩევენ. გამგეობაში სულ ხუთი წევრია: საიას ბათუმის ფილიალის ყოფილი თავმჯდომარე გია ქარცივაძე, გიორგი ხიმშიაშვილი, მაია ქათამაძემ, დათო მესხიძე და ირაკლი ანანიძე.

 

„კანდიდატების თაობაზე საია ამ დღეებში იმსჯელებს.  დღეს ან ხვალ  ცნობილი გახდება, ვინ იქნება საიას ახალი თავმჯდომარე“, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ქანთარია.  

 

 

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბოლო ორი წლის განმავლობაში გია ქარცივაძე იყო. წესდების მიხედვით,  საიას თავმჯდომარესა და ფილიალის ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ერთი წლით ირჩევენ. ერთსა და იმავე პიროვნებას კი ზედიზედ ორჯერ ან სამჯერ შეუძლია იყაროს კენჭი ამ თანამდებობაზე.

 

 

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლოდან

ბათუმის საქალაქო სასამართლო

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა რ.დ-მ ითხოვა 200 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლება, ხოლო მასთან ერთად დაკავებული  ბ.მ [რომელიც ხულიგნობის ბრალდებითაა დაკავებული] ამბობს, რომ  გირაოს სახით გადაიხდის 5 ათას ლარს [მან თქვა, რომ ამ თანხის გადახდას ქონებით უზრუნველყოფს].

პოლიციის მკვლელობაში ბრალდებული თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს. ბრალდებულის ადვოკატმა პაატა შავაძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ეს იყო არა განზრახ  მკვლელობა, არამედ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული: “რაც დასტურდება სათვალთვალო კამერებით”.

მისივე თქმით, გარდაცვლილს თან  ჰქონდა იარაღი.

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს, სახელმწიფო ბრალმდებელი კი პროკურორი რამაზ შავაძეა, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კლუბში ჩხუბი ქალების გამო დაიწყო. პროკურორის განცხადებით,  ერთ-ერთი ბრალდებული ქალებს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, გარდაცვლილი კი სწორედ ამ ქალებს გამოესარჩლა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და ერთი ადამიანის მკვლელობით დასრულდა.

იმ შემთხვევაში, თუ რ.დ-ს ბრალი დაუმტკიცდა, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხულიგნობაში ბრალდებულს კი 2-დან ხუთ წლამდე პატიმრობა.

ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატები: ირაკლი გაბრიჩიძე, პაატა შავაძე, ბეჟან მამულაძე და არმაზ ქამადაძე იცავენ.

2015 წლის ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცეს – რეპორტაჟი საკრებულოს სხდომიდან

მიუხედავად იმისა, რომ საკითხის განხილვა დიდხანს გაგრძელდა და თავმჯდომარისგან პროცედურის დაცვას ითხოვდნენ, ირაკლი ჭეიშვილმა   სიტყვა ყველას მისცა: „ბიუჯეტია, კითხვის დასმა ყველას შეუძლია.“

ბათუმის მერმა საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის წარდგენა, სხდომათა დარბაზიდან, ტრიბუნასთან მისვლის გარეშე სცადა. განმარტა,  რომ ასე მისთვის უფრო კომფორტული იქნებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც რეგლამენტით გათვალისწინებული წესების დაცვისკენ მოუწოდეს, გიორგი ერმაკოვმა ტრიბუნასთან განკუთვნილი ადგილი დაიკავა. მოგვიანებით,  ბიუჯეტთან დაკავშირებული რეპლიკის გასაკეთებლად ტრიბუნასთან მისულმა საკრებულოს წევრმა  ნატალია ზოიძემ მერს ირიბად უსაყვედურა:

„ზოგიერთებისგან განსხვევებით საკრებულოს წევრებზე პირდაპირ ყურება არ მიჭირს.“

მერის ტრიბუნასთან მისვლა არ მისვლის საკითხს სხდომათა დარბაზიდან სხვები არ გამოხმაურებიან, თუმცა პირად საუბრებში იყო მოსაზრება, რომ „მერს საკრებულოსთან ანგარიშვალდებულების, ანუ სუბორდინაციის პრობლემა აქვს და ტრიბუნასთან მისვლაც ამიტომ არ უნდოდა.“

გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი

მერმა 2015 წლის ბიუჯეტი ვრცლად მიმოიხილა, რის შემდეგაც სიტყვა ოპოზიციურ ფრაქციებს მისცეს.

„ ეს არის ყველაზე ცუდად განხილური ბიუჯეტი როგორც საკრებულოს წევრებისგან, ასევე საზოგადოების ჩართულობის თვალსაზრისით. რაც შეეხება ბიუჯეტს,  როდესაც მერს ვუსმენდი, მეგონა ვისმენდით 2012 წლის ბიუჯეტს, რადგან ზუსტად ორი წლის წინ  აქ სხვა მერი, თქვენი წინამორბედი იდგა და საუბრობდა ზუსტად იმ პროგრამებზე რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ეს არის ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება, ჟილინის არხის რეკონსტუქცია და ასე შემდეგ… სიახლეს ფატობრივად არ არის ბიუჯეტში.“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ თავის გამოსვლაში.

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ კობა ჩხეიძემ კი  იმ 17 მილიონის გადანაწილებაზე გააკეთა აქცენტი, რომელიც კორექტირებულ ბიუჯეტს დაამატეს. კორექტირებული ბიუჯეტის განხილვისა და შენიშვნებით უკან დაბრუნების საშუალება კი საკრებულოს მცირე ვადის გამო არ მიეცა. მან მერიას ე.წ „იაფი სახლის“ პროექტის და ასევე ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებაზე კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურის გაჭიანურების გამოც უსაყვედურა. კობა ჩხეიძის მოსაზრებით ბიუჯეტში ის დაპირებები არ აისახა რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ მისცა.

კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ცინცქილაძის მოსაზრებით კარგი იქნებოდა თუ მერია საკრებულოს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების  პრეზენტაციებს წარუდგენდა, რომლის განხორცილებაც 2015 წელს იგეგმება.

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის თემურ ყურაშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებიათ მისი ფრაქციის მთავარი შენიშვნები საყრდენ გეგმასთან , კულტურული მემკვიდრეობის მოვლა – პატრონობასთან და იაფ სახლთან დაკავშირებით:

„თუმცა, ვენდობი მერს სიტყვაზე, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად დაიწყება. “

დღესვე საკრებულოს სხდომაზე თემურ ყურაშვილმა მოითხოვა მერისგან პირობა, რომ მომავალ წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აუცილებლად შეიცვლება:

„ რაც გვაქვს იმას ღამით არაუშავს, მაგრამ დღისით ძალიან ცუდი სანახავია.“

მიუხედავად იმისა, რომ სხდომას მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, ოპოზიციის შენიშვნებს მაინც გიორგი ერმაკოვი პასუხობდა:

„ პოლემიკაში არ შევალ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მეც შემეძლო ის 30 მილიონი გამომეთხოვა აჭარის მთავრობისგან, რომელიც სტადიონის მშენებლობისთვისაა განკუთვნილი და მელაპარაკა იმაზე, როგორი იყო თქვენი ბიუჯეტი. ეს საკრებულოს სხდომაა, ეს არ არი პოლიტიკური დებატები თორემ ლაფის დასხმაზე თუ მიდგა საქმე, მართალია მე ამ მიმართულებით არ ვმუშაობდი , მაგრამ კარგად ვიცი რა ხორციელდებოდა და როგორ“ – ასე უპასუხა მან გიორგი კირთაძის რეპლიკებს.

ოპოზიციასთან ცხარე დებატების, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების შემდეგ საკრებულოს უმრავლესობა მივიდა დაკვნამდე:

„ბიუჯეტი ოქროსი რომც იყოს, ოპოზიცია მხარს მაინც არ დაუჭერს.“

საბოლოოდ, ბიუჯეტი საკრებულოს უმრავლესობამ 16 ხმით დაამტკიცა. ოპოზიციიდან რვამ კი ხელი ბიუჯეტის  წინააღმდეგ აწია. ბათუმის მომავალი წლი ბიუჯეტი 113 642 300 ლარია.

ახალი ბიუჯეტის მიხედვით პრიორიტეტები ასე გადანაწილდა:

ინფრასტუქტურა, მშენებლობა და რეაბილიტაცია – 60 მილიონ ლარზე მეტი.

განათლება –  10 მილიონ ლარზე მეტი.

კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის ხელშეწყობა – 10 მილიონ ლარზე მეტი.

ჯანდაცვა –   8 მილიონ ლარზე მეტი

თავდაცვა და უსაფრთხოება –  2 მილიონამდე ლარი.

ბიუჯეტის დამტკიცებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოცხადა, რის შემდეგაც მას საკრებულოს წევრების ისევ შესაკრებად 15 წუთი დასჭირდა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა

ბათუმის საკრებულოს სხდომა

ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

საკითხის ირგვლივ ოთხსაათიანი მსჯელობისა და ცხარე დისკუსიის  შემდეგ 16 ხმით შვიდის წინააღმდეგ ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბიუჯეტს მხარი ოპოზიციურმა ფრაქციებმა  „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და  „ახალმა ოპოზიციამ“ არ დაუჭირეს.

მომავალი წლის ბიუჯეტი 113 მილიონია.

ვრცელ რეპორტაჟს ამ საკითხზე  „ბათუმელები“  სხდომის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

რამდენი მუზეუმია საქართველოში [ინფოგრაფიკა]

2013 წლის განმავლობაში, მუზეუმებში ექსკურსიების ყველაზე დიდი რაოდენობა შიდა ქართლში– 6938; კახეთსა – 6560 და თბილისში – 6249 დაფიქსირდა. ყველაზე მეტი გამოფენა კი თბილისისა (206) და აჭარის (120) მუზეუმებში მოეწყო.

ვეტერანები თხევად აირს უფასოდ მიიღებენ

 

 

 

 

ბათუმის მერიამ ვეტერანებისთვის თხევადი აირის მიწოდებაზე 15 000-ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულს 16 იანვრისთვის გამოავლენს.

 

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს: ქ. ბათუმში რეგისტრირებული 100 ვეტერანისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის თვეში ერთხელ 5 კგ თხევადი აირით ადგილზე მომსახურება და ბინაზე მიტანა; ასევე, ყოველი თვის დასაწყისში მერიას უნდა მიაწოდოს დამზადებული, თხევადი აირის ბეჭდით დამოწმებული ტალონები. მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 25 დეკემბრამდე.

ბათუმის მესამე საპყრობილეს ახალი უფროსი ჰყავს [ვიდეო]

„პრობლემებს ვიცი ვერც მე მოვერევი და ჩემი წასვლის შემდეგაც ბევრი პრობლემა  დარჩება, მაგრამ ის რაც იდენთიფიცირებულია უნდა გავაჟღეროთ, სანამ პატარაა პრობლემა ვუმკურნალოთ მას. შელამაზებული ინფორმაციები არ მიყვარს, ვარდისფერი სათვალეებს ძალიან გთხოვთ ნურავინ  გამიკეთებთ“-უთხრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თანამშომლებს, როცა მათ დაწესებულების ახალი დირექტორი წარუდგინა.

კახა გველესიანი

„ბათუმელების“ კითხვაზე  სად აგრძელებს მუშაობას  ყოფილი დირექტორი ალესანდრე [საშა] პეტროსიანი მინისტრმა უპასუხა რომ ჯერ გაურკვეველია, მოგვიანებით კი დააზუსტა რომ ეს ცნობილია, თუმცა  პეტროსიანის ახალ თანამდებობას ჯერ ვერ გაამხელენ.

რა კრიტერიუმებით შეირჩა ახალი დირექტორი, რა გამოცდილება აქვს კახა გველესიანის „ბათუმელების“ ამ კითხვაზე მინისტრმა უპასუხა რომ ეს პირის პირადი ინფორმაციაა და საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებს. ერთადერთი დეტალი, რაც მინისტრმა გაასაჯაროვა ისაა, რომ გველესიანი ბოლოს,  სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში, დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

თავად ახალ  დირექტორს  კახა გველესიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მან თანამშრომლებთან შეხვედრისას მადლობა გადაუხადა ყოფილ დირექტორს და მინისტრს, ნდობის გამოცხადებისთვის.

კახა გველესიანმა ამ თანამდებობაზე ალექსანდრე პეტროსიანი ჩაანაცვლა.

ალექსანდრე პეტროსიანი

საკრებულოს თანამდებობის პირების ხელფასები 2015 წელს

 

 

 

საკრებულოს სხდომა ბათუმში
საკრებულოს სხდომა ბათუმში

 

დღის წესრიგში ასევე შეტანილია საკრებულოს თანამდებობის პირების უფლებამოსილების განხორციელების  ხარჯების გაუქმების საკითხიც.

 

ბათუმის საკრებულოში 12 თანამდებობის პირია. თითოეული ხელფასის სახით  თვეში 1350 ლარს იღებდა, უფლებამოსილების ხარჯებისთვის კი – 1000 ლარს. 

 

თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირებს მომავალი წლიდან  უფლებამოსილების ხარჯი ანუ ათასლარიანი დანამატი აღარ ექნებათ.

 

თუმცა, ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ათასლარიანი დანამატის გაუქმების სანაცვლოდ საკრებულოს თანამდებობის პირებს ხელფასები 650 ლარით გაუზარდოს.

 

2015 წლიდან საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2750 ლარი იქნება, დანამატის გარეშე, თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი _ 2550 ლარი, საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელებისა და კომისიის თავმჯდომარეების ხელფასი, ათასლარიანი დანამატის გაუქმების შემდეგ, 2000 ლარი გახდება.

 

ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე გახდება

 

„მას არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს. ეს იყო საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილება. ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატურაა ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჯემალ მუსხაჯბამ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

 

ხელვაჩაურის საკრებულომ 30 დეკემბერს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკვე დაანონსა.

 

საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე ასლან კახიძე ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია და ის ამ პარტიდან ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ დრომდე მის მოვალეობას მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ასრულებდა. საკრებულოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხლებოდა, თუმცა, როგორც ჯემალ მუსხაჯბამ „ ბათუმელებს“ უთხრა, მან ამ თანამდებობაზე უარი თქვა.

 

ჯუმბერ ბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „შეიძლება სხდომაზე სხვაც დასახელდეს და ის საკრებულოს თავმჯდომარე ვერ გახდეს“, ამიტომ წინასწარ კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

ჯუმბერ ბერიძე 2004-2006 წლებში დასავლეთ საქართველოს ბათუმის სამმართველოს საბაჟო გაფორმების განყოფილების უფროსად, მანამდე კი ბათუმის საბაჟოს ცვლის უფროსად მუშაობდა. 1998-2004 წლებში სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის საინსპექტორო სექტორის ინსპექტორი იყო.

 

1992-1998 წლებში ჯუმბერ ბერიძემ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის, საზღვაო ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1990-1992 წლებში ბათუმის საბაჟოს უფროსად, 1986-1990 წლებში ბათუმის საბაჟოს ოპერატიული განყოფილების უფროსად, 1981-1987 წლებში ბათუმის საბაჟოს უფროსი  ინსპექტორად მუშაობდა.

 

სამი სოფლის საპროტესტო აქცია ჰესების წინააღმდეგ

 

 

 

 

„ჰესების მშენებლობას ვაპროტესტებთ, რადგან ჰესების გამო 200-მდე ოჯახს მიწას ართმევენ და გლეხებს პროკურატურაში იბარებენ. მოვითხოვთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს“, – აცხადებს კირნათის მაცხოვრებელი ჯუმბერ ჯიხაძე.

 

 

საპროტესტო აქცია 13:30 წუთზე, მაჭახლის ხიდთან გაიმართება: „შემდეგ, აქციის მონაწილეები, ჰესების მშენებელი კომპანიის ოფისთან ვაპირებთ გადასვლას და ჩვენი მოთხოვნების წამოყენებას“.

 

 

საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღებას, ორასამდე ადამიანი გეგმავს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

 

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ბათუმში მცხოვრებ მარტოხელა დედას – მაია ბოლქვაძეს, ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში მცხოვრებ, სამი მცირეწლოვანი შვილის დედას – ზეინაბ მიქელაძესა და ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში ხუთი შვილის მამას – ზვიად ქათამაძეს პლაზმური ტელევიზორი, პერსონალური კომპიუტერი, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს. სამართალდამცველები ბათუმში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ ნაირა ცინცაძესაც ესტუმრნენ, რომელიც ექვსი მზუნველობამოკლებული ბავშვის აღმზრდელი და დედობილია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ პლაზმური ტელევიზორი, პროდუქტები და საახალწლო ნობათი გადასცეს.

 

აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიაში, ბავშთა სახლში მცხოვრები ბავშვები  პლაზმური ტელევიზორითა და საახალწლო ნობათით გაახარეს. ბათუმში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს კი პირადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი და ტკბილეული გადასცეს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აცხდებს, რომ  ქვეყნის მასშტაბით, სამომავლოდაც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

დაკავება ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ბრალდებული და მისი მეგობარი უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ კლუბში მყოფ პირებს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბ. მ. არის თანმხლები იმ პირისა, რომელმაც იმავე საღამოს კლუბში სასიკვდილოდ დაჭრა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროსი ინსპექტორი თარაშ მ. რომელიც იმ საღამოს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს, რომელიც არღვევს უხეშად საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისათვის აშკარა უპატივცემულობას (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები აჭარაში

დაჯილდოების ცერემონიას სპორტსმენები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საუკეთესო სპორტსმენებს შორის მოხვდნენ

  1. 1. შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

შედეგები:

მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ავთანდილ აბულაძე)

ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ავთანდილ აბულაძე)

საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ავთანდილ აბულაძე)

2. გელა ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

შედეგები:

მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III  ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)

ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)

საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)

თურქეთის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)

3. ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

შედეგები:

მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III  ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)

ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)

საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ლევან შავაძე)

4. ირინე ლეონიძე (სამბო)

შედეგები:

ევროპის ჩემპიონატი დიდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ნანი კირკიტაძე)

საქართველოს ჩემპიონატი – II ადგილი (მწვრთნელი ნანი კირკიტაძე)

5. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო)

შედეგები:

მსოფლიო ჩემპიონატი დიდებს შორის – III  ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)

ევროპის ჩემპიონატი დიდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)

6. სალომე მელია (ჭადრაკი)

შედეგები:

ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი

მოიპოვა 2015 და 2016 წლების მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია

შეასრულა მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის სამივე ნორმა

7.ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)

შედეგები:

მსოფლიო ჩემპიონატი დიდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)

ევროპის ჩემპიონატი დიდებს შორის – IIადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)

8. თორნიკე ჭოველიძე (ძიუდო)

შედეგები:

მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ვახტანგ ზოიძე)

ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – IIადგილი (მწვრთნელი ვახტანგ ზოიძე)

საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ვახტანგ ზოიძე)

9. რევაზ წულუკიძე (სამბო)

შედეგები:

მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – II ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)

ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – IIადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)

საქართველოს ჩემპიონატი დიდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)

საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – II ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)

საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი)

10. გიზო მელაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

შედეგები:

მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ავთანდილ აბულაძე)

ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – III ადგილი (მწვრთნელი ავთანდილ აბულაძე)

საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის – I ადგილი (მწვრთნელი ავთანდილ აბულაძე)

შმაგი ბოლქვაძე

საუკეთესო მწვრთნელები გახდნენ:

1. ავთანდილ აბულაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

2. ლევან შავაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

3. გელა ჯანელიძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

4. მარად არძენაძე – თავისუფალი ჭიდაობა

5. ჯემალ კილაძე – თავისუფალი ჭიდაობა

6. ვახტანგ ზოიძე – ძიუდო

7. ნანი კირკიტაძე – ძიუდო

8. სოლომონ ფეიქრიშვილი – ძიუდო

9. აბესალომ ბასილია – ძალოსნობა

10. თამაზ ფუტკარაძე – მშვილდოსნობა

 
ავთანდილ აბულაძე და გელა ჯანელიძე

პერსპექტიულ სპორტსმენებად დასახელდნენ:

1. მოკრივე – გელა აბაშიძე

2. ძიუდოისტი – სალომე აბაშიძე

3. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში – ლერი აბულაძე

4. სამბოში – ლერი ბედინაძე

5. ველოსპორტსმენი – გიორგი გობაძე

6. თავისუფალ ჭიდაობაში – რამაზ დარჩიძე

7. მკლავჭიდელი – მერაბ კაკაბაძე

8. მკლავჭიდელი – ლევან პოღოსიანი

9. ძიუდოისტი – ნინო მგელაძე

10. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში – მინდია წულუკიძე

96 ათასი ლარი ბათუმის მერიის შენობის დასუფთავებისთვის

 

მომავალ წელს მერიის შენობებს ის კომპანია დაასუფთავებს, რომელიც ანალოგიურ სამუშაოს მიმდინარე წელშიც ასრულებდა. შპს „სუფთა სამყარო აჭარაში“ წელს მერიის საოფისე და არასაოფისე ფართობებს 98 ათას 919 ლარსა და 97 თეთრად ასუფთავებდა, მომავალ წელს კი, თითქმის იგივე სამუშაოს 96 ათას ლარად შეასრულებს.

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობების საოფისე და არასაოფისე ფართობი ჯამში 4817 კვ/მეტრია, რომლის დასუფთავებას თვეში 3612 ლარზე მეტი, ანუ წელიწადში 43 ათას ლარზე მეტი დასჭირდება. 216 ფანჯრის გაწმენდაში მერია წელიწადში 3 700 ლარამდე, ხოლო 11 ცალი ფარდის გარეცხვაში 99 ლარს გადაიხდის; 2277 ლარი დასჭირდება 69 ვიტრაჟის დაწმენდას, ხოლო 120 კვ/მ ხალიჩების წმენდას – 3500 ლარზე მეტი.

 

დერეფნებისა და კაბინეტების 15 ჭაღის დაწმენდაში მერია მომავალ წელს 504 ლარს გადაიხდის, ხოლო ჰოლის დიდი ჭაღი მხოლოდ ერთხელ,  25 ლარად გაიწმინდება.  ერთხელ ჩამოირეცხება ლუკა ასათიანის 25 ნომერში მდებარე შენობის გარე ფასადიც, რომელშიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 647 ლარსა და 96 თეთრს გადაუხდიან.

 

ბათუმის მერია ერთი სველი წერტილის ყოველდღიურ დალაგებაში, ქიმიურ დასუფთავება-დეზინფექციასა და საჭირო ჰიგიენური ნივთებით მომარაგებაში თვეში 120 ლარს, წელიწადში კი ჯამში 38 880 ლარს გადაიხდის (მერიის შენობებში ყოველდღიურად 27 სველი წერტილი უნდა დალაგდეს).

 

ელექტრონულ ტენდერში, რომელიც 19 დეკემბერს დასრულდა, ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „სუფთა სამყარო აჭარაში“ და შპს „სისუფთავის სერვისი“. ამ უკანასკნელმა მერიას თავისი მომსახურების საბოლოო ღირებულება, პრეტენდენტისგან განსხვავებით, ერთი ლარით ნაკლები – 95 999 ლარი შესთავაზა. სატენდერო კომისიამ კი დაზუსტებული დოკუმენტაციის ერთ დღეში წარმოუდგენლობის გამო მისი დისკვალიფიკაცია მოახდინა.

 

„დაზუსტებული დოკუმენტაცია“ კომისიაში მოთხოვნილებისამებრ, ერთ დღეში წარადგინა  „სუფთა სამყარო აჭარამ“, რომელსაც  შესაბამისი ხელშეკრულების მაქსიმუმ ოთხი დღის ვადაში გაფორმება, 25 დეკემბერს, წერილობით აცნობეს.

აჭარის მთავარი მაშველი ახლო ხედით

მამუკა თურმანიძე

ბატონო მამუკა, როგორც სამაშველო სამსახურის უფროსი, როგორ შეაფასებთ 2014 წელს, მძიმე სამუშაო წელი გქონდათ?

2014 წელი კატაკლიზმებით დაიწყო, უხვი ნალექი მოვიდა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, რამაც გამოიწვია სპეციალური სამსახურების პარალიზება, ერთადერთი დასაყრდენი მოსახლეობისთვის იყო სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მიდიოდნენ საჭიროების მქონე პირებთან, ჩვენს თანამშრომლებს უწევდათ სასწრაფო დახმარების ფუნქციების შეთავსებაც, საკაცეზე დაწვენილი ავადმყოფები სამი-ოთხი საათის სავალ გზაზე ჩამოჰყავდათ ფეხით, მათ შორის ფეხმძიმე ქალებიც, რომლებმაც იმშობიარეს რამდენიმე საათში.

საგზაო დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაც გვიწევდა, ძალიან მძიმე დღეები იყო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ოჯახი არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ. ამას უძღვოდა მძიმე ტურისტული სეზონი, წელს ტურისტების შემოსვლით, მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რომელიც არ დაფიქსირებულა საქართველოში კომუნისტური პერიოდის შემდეგ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა რეგიონიდან გასვლა გვიწევდა. შემოდგომაზე იყო სამი საგანგებო მდგომარეობა აჭარაში, ექვსბალიანი შტორმით. მძიმე წელი იყო, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია სამაშველო ოპერაციებისთვის თავის გართმევა. 25 პროცენტით გაიზარდა წელს გამოძახება, უპრეცედენტო ნიშნულს ვუახლოვდებით. შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი სეზონი წარმატებით სრულდება, რადგან წელს ჩვენი მუშაობის შედეგად შემცირებულია გარდაცვლილთა რიცხვი.

სამაშველო სამსახურში რამდენი ხანია მუშაობთ?

2011 წლიდან – ერთი წლის განმავლობაში ვიყავი სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე, შემდეგ ჩვენმა ხელმძღვანელმა გადაინაცვლა სხვა სამსახურში, მე დავინიშნე სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ექვსი თვის შემდეგ კი _ უფროსად.

აქ მოსვლამდე სად მუშაობდით?

ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, სკოლის დასრულების შემდეგ ვმუშაობდი სამკერვალო ფაბრიკაში, მერე გამიწვიეს ჯარში, მერე თამბაქოს ქარხანაში დავიწყე მუშაობა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ათი წლის განმავლობაში პირველ არხზე ვმუშაობდი, დავიწყე ოპერატორად და იქ მუშაობა დავასრულე რეჟისორის ამპლუაში. შემდეგ აღმოვჩნდი 31-ე საავიაციო ქარხნის უსაფრთხოების სამსახურში, ვიყავი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ დაცვაში, ოღონდ მაშინ ის პრემიერი არ იყო.

ჟურნალისტები ხშრად ამბობენ, რომ ყველაზე რთულ დროსაც პასუხობთ ჟურნალისტების შეკითხვებს, მოგწონთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს საჭიროა თქვენი სამსახურისთვის?

ტელევიზიაში მუშაობის ათი წლის შედეგია ის, რომ მოგვარებული მაქვს ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ვიცი რას აკეთებენ ჟურნალისტები, როგორ სჭირდებათ ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო, თუ არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ ასე, ერთი მხრივ, არის ჩემი გამოცდილება და მეორე მხრივ, ვფიქრობ, საჭიროა ჩვენი სამსახურის პოპულარიზაცია. ადამიანებმა ბოლო-ბოლო გაიგეს, რომ არსებობს სამაშველო სამსახური, რომელსაც შეიძლება მიმართო. წელს 112-ის მანქანებს უთმობდნენ გზას, ადრე ასე არ იყო, მხოლოდ უცხოელები გვითმობდნენ. ხოფის ბაზრობის აფეთქების თემაზე რომ ვთქვათ, თუ ჟურნალისტებმა არ გააშუქეს ეს თემა შესაბამისად, არ მოხდება დროული რეაგირება, ჟურნალისტები სვამენ კითხვებს, გვთავაზობენ ექსპერტების მოსაზრებებს, რითაც ნათელია, რომ ფეთქებადი ნივთიერებები არ უნდა იყიდებოდეს მსგავს დაწესებულებებში. ჩემი საუბარი ამ თემაზე მხოლოდ კაბინეტში ვერ შეცვლის ვერაფერს, ჩვენ ვიბრძვით პრევენციისათვის, მედია კი გვიმცირებს სამუშაოს.

თქვენი სამსახური გადადის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი ხომ არ დააზარალებს სამაშველოს მედიასთან ურთიერთობის  თვალსაზრისით?

შსს ერთ-ერთი სამმართველოს სახით გავაგრძელებთ მუშაობას იანვრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ გამიჭირდება ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ადამიანი, რომელიც ატარებს სამუშაო ფორმას, უნდა იყოს ბრძანების მორჩილი, აქამდე მაძლევდნენ საშუალებას დამემყარებინა კომუნიკაცია მასმედიასთან, მე არ მეზარებოდა ღამის საათებში ჟურნალისტების ზარებზე პასუხი, მათ ვაგებინებდი ამბავს. სამწუხაროდ, ამას ვეღარ შევძლებ. ეს ფაქტი არ მახარებს, თუმცა მე ყველაზე დიდ დისკომფორტს შემიქნის ის, თუ არ შევასრულებ იმ ბრძანებას, რომელსაც დამავალებენ.

თქვენი ამ სამსახურში მუშაობის განმავლობაში რომელი მომენტი გახსენდებათ ყველაზე რთულად?

ახალსოფელში, ეკლესიის ჩამონგრევა მახსენდება. 40-ტონიანი გუმბათი ჩამოიშალა და მოიყოლა ოთხი სტიქაროსანი. ჩვენმა თანამშრომლებმა შეუძლებელი შეძლეს, რთული ვითარება იყო, სამწუხაროდ, ორი სტიქაროსანი გარდაიცვალა, ორის გადარჩენა კი, შემიძლია თამამად ვთქვა, ჩვენი ბიჭების დამსახურებაა, ბეტონის მასის ქვეშ შეძვრნენ მაშველები და გამაყუჩებლები გაუკეთეს სტიქაროსნებს, სასწრაფოს ექიმებმა ეს ვერ შეძლეს. მაშველები განსაცდელის გამო არ წუწუნებენ, იციან რა სამსახურშიც არიან. მე, პირადად, ყველაზე მძიმედ განვიცადე ერთი შემთხვევა: თბილისში მივლინებით ვიყავი, მეგობრის ოჯახში მეზობლის პატარა ბიჭმა დახმარება გვთხოვა, გვითხრა, რომ პაპა უკვდებოდა. როცა მივედი იმ ადამიანთან, უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა გულის მასაჟითა და ხელოვნური სუნთქვით მოვაბრუნე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჟანგბადი არ მქონდა, სასწრაფომ კი დაიგვიანა. დღემდე განვიცდი ამას, ჟანგბადი რომ მქონოდა, ადამიანს გადავარჩენდი.


მამუკა თურმანიძე

ხშირ შემთხვევაში თავად გადიხართ შემთხვევის ადგილზე, გაქვთ ვალდებულება ოპერაციებში ჩართვის?

ჩემი უშუალო ვალდებულება არ არის, რომ ვესწრებოდე ოპერაციებს, ჩემი ფუნქციაა სამუშაო ადგილიდან დავგეგმო ოპერაცია, მაგრამ არ შემიძლია შედეგის ლოდინი სამსახურში, ვასწრებ ოპერაციაზე მისვლასაც, სამაშველო ოპერაციების 80 პროცენტს ვესწრები. მაშველი როცა ხედავს, რომ ხელმძღვანელი გვერდითაა, გაათმაგებულად მუშაობს, უფრო მონდომებულია, მეც ვერთვები სამაშველო პროცესებში.

გადაბმულად რამდენ ხანს გიმუშავიათ?

ქალაქის დატბორვისას ხუთი დღის განმავლობაში მაშველები სახლებში არ მივსულვართ, მხოლოდ რამდენიმე საათით ვისვენებდით ისევ ოფისში.

როგორი სამუშაოს შემდეგ ხართ კმაყოფილი?

ჩვენი სამსახურის კმაყოფილება მრავალგვარია, გააჩნია რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კმაყოფილი ვარ, როდესაც ადამიანს გადავარჩენ და კმაყოფილი ვარ მაშინაც, როცა გარდაცვლილს ვიპოვი, შარშან, მაგალითად, სომხეთიდან ჩამოსულ ბიჭს სამი დღე ვეძებდით ზღვაში, ცოლთან და ცოლის ძმასთან ერთად იყო ჩამოსული, ზღვაზე ისვენებდნენ, მოულოდნელად ტალღები ამოვარდა, ცოლმა და ცოლის ძმამ არ იცოდნენ ცურვა, ეს ბიჭი, ფაქტობრივად, ორივეს იჭერდა, ჩვენმა მაშველებმა მათი გამოყვანა შეძლეს, მაგრამ ამ ბიჭის გამოსაყვანად რომ შეტრიალდნენ, ვეღარ იპოვეს. მამაც ჩამოფრინდა მერე ამ ბიჭის, მახინჯაურში ვიპოვეთ სამდღიანი ძებნის შემდეგ. ჩემთვის ბედნიერება იყო, რომ ჭირისუფალს მიცვალებული დავუბრუნეთ. ჩვენი მაშველები როცა ადამიანი არის გადასარჩენი, ექვსბალიან შტორმშიც ითხოვენ ზღვაში შესვლის უფლებას, მაგრამ მე ამ უფლებას ვერ გავცემ, ნიახურივით მეორედ ვერ მოვლენ.

კურიოზულ შემთხვევას გაიხსენებთ?

ზღვაზე, „ალი და ნინოს“ ძეგლთან მივიღეთ გამოძახება. წყლიდან ამოვიყვანეთ ქალი, საკაცეზე გვეწვა უკვე, როცა მოვარდა სამი პატარა გოგონა, ორიდან ათ წლამდე თუ იქნებოდა მათი ასაკი, ცოტა მოვასულიერეთ ეს ქალი თუ არა, დაიწყო ბავშვებზე ზრუნვა, დაისვა პატარა და ძუძუს წოვება დაუწყო, ჭამის დრო აქვსო. თვითონ არ იყო კარგად, კუჭის ამორეცხვა სჭირდებოდა, ვთხოვე ქმრის ნომერი მოეცა, რომ ბავშვები დაგვეტოვებინა მამისთვის, იუარა, არ მოგცემთ, ერთი კვირის წინ ინფარქტი მიიღო, ეს რომ გაიგოს, გული გაუსკდებაო. გავაყოლე ქალი სასწრაფოს, მივიყვანე ბავშვებიც საავადმყოფოში, რეამინაციაში შეყვანამდე ისევ ვთხოვე ქმრის ნომერი და არ მომცა, თითქმის უკვე შეყვანილი ჰყავდათ რეანიმაციაში, გააჩერებინა საკაცე და დამიძახა: ორ საათზე შუათანას ჭამის დრო არისო! –  ეს თქვა და შეიყვანეს, მე დამრჩა ეს სამი ბავშვი, საითაც წავიდოდი, ყველგან მომსდევდნენ უკან დედიკო-დედიკოს ძახილით, ბოლოს ექთნებმა დაიტოვეს.

რამდენია მაშველის ხელფასი და თუ სარგებლობთ სახელმწიფო დაზღვევით?

630 ლარი აქვთ ანაზღაურება, ჩვენ ასევე გვაქვს საპრემიო ფონდი, წელს თითქმის მთლიანად ამოვწურეთ ეს ფონდი მაშველების წასახალისებლად. 2011 წლამდე მაშველებმა არ იცოდნენ პრემია რა იყო, ამ პრემიის ხარჯზე თითქმის ათას ლარამდე აუდით ანაზღაურება ყოველთვიურად, მაქსიმუმი საპრემიო თანხა არის ხელფასის 100 პროცენტი. ყველა იღებს თავისი დამსახურების შესაბამის პრემიას, მაგალითად, 100 პროცენტი პრემია მიიღო მაშველმა, რომელიც შევიდა ხუთბალიან შტორმში და გამოიყვანა მსხვერპლი, რომელმაც თავი დაიხრჩო, გემებს შორის იყო გვამი, სხვა ვერაფრით მივუდექით. სახელმწიფო დაზღვევით არ ვსარგებლობთ, ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური დაზღვევა.

რა ტიპის სამუშაოები მოგწონთ?

მე მომწონს, როცა სამუშაო მთაშია, ბუნებაში ყოფნა მომწონს. აჭარაში არ დარჩენილა ადგილი, სადაც არ ვყოფილვარ.

თქვენი სამსახურის მიმართ მადლიერებას თუ გამოხატავენ მოქალაქეები?

რა თქმა უნდა, ცდილობენ მაშველებს რამე აჩუქონ ან სადმე დაპატიჟონ, მაგრამ ამის უფლება არ აქვს მაშველს. მე ყველას ვეუბნები, თუ გსურთ მადლობის გადახდა მაშველისათვის, დარეკეთ 112-ზე და თქვით, რომ მაშველმა კარგად იმუშავა. მაშველებს რაც შეუძლიათ აკეთებენ, ჩვენ მადლობასაც შეჩვეული ვართ და უკმაყოფილებასაც, ადამიანებს ზოგჯერ ისეთი ზარალი ადგებათ, რომ შეუძლებელია არ იყვნენ უკმაყოფილო.

თქვენი ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენი სამსახურის მიმართ?

თავადაც შევეჩვიეთ ამ რეჟიმს და შევაჩვიეთ ჩვენი ოჯახის წევრებიც. თუ ამ სამსახურში ხარ, უნდა გააკეთო ეს. ძალიან ვეცოდები ამ რეჟიმისთვის ოჯახის წევრებს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეეჩვიენ. ღამით რომ მივდივარ სახლიდან, ცოტას აპროტესტებენ, მაგრამ მერე უკვე გულშემატკივრობენ. ჩემი მეუღლე სხვა ოთახში იმის გამო გადავიდა, რომ ღამის სამ საათზე ჩემთან დარეკილი ზარები აღვიძებს და მერე თვითონაც ვეღარ ისვენებს.

თქვენი სამომავლო გეგმები როგორია, კარიერულ ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?

ბავშვობიდან მიყვარს ადამიანების დახმარება, ახლა სწორედ იქ ვარ, სადაც შემიძლია ეს საქმე გავაკეთო. ცვლილებები სამაშველო სფეროში იგეგმება, ჩვენ გვემატება სამოქალაქო უსაფრთხოება. უსაფრთხოების წესებს შევიმუშავებთ, ამის სტატუსიც გვექნება და მოთხოვნის უფლებაც. ისეთ ობიექტებში, სადაც მასობრივად არიან ადამიანები, ჩვენ ჩავატარებთ ინფორმაციულ შეხვედრებს, საგანგაშო სირენები უნდა აღვადგინოთ დაწესებულებებში.

მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები საქართველოდან – 2014 წლის სპორტული ქრონიკა

 

2014 წელს მსოფლიო ჩემპიონობა სპორტსმენებმა საქართველოდან ოთხ სახეობაში -ძიუდოში, სამბოში, მკლავჭიდსა და კარატეში მოიპოვეს; ევროპის ჩემპიონობა კი შვიდ სახეობაში – ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, სამბოში, მკლავჭიდში, კარატესა და სუმოში. ამათგან ოლიმპიური სახეობა მხოლოდ ძიუდოა. შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიურ სახეობაში ჩემპიონი არ ჰყოლია.

 

მსოფლიო ჩემპიონები


ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო, 81კგ);

გენადი ჩირგაძე (სამბო, 52კგ);

ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო, 57 კგ);

იმედა ჭინჭარაული (მკლავჭიდი, 55 კგ. მარცხენა);

ლევან საგინაშვილი (მკლავჭიდი, მძიმე, მარცხენა/მარჯვენა);

ალექსი ფრეწუაშვილი (მკლავჭიდი, მძიმე, მარჯვენა);

გელა არაბული (მკლავჭიდი, 60 კგ. მარჯვენა);

გოგიტა არქანია (კარატე, 84 კგ).


 

ევროპის ჩემპიონები


ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო, 81 კგ);

ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 90 კგ);

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 57 კგ);

ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო, 57 კგ);

დავით ლორიაშვილი (სამბო, აბსოლუტურში);

ვილენ გაბრავა (მკლავჭიდი, 60 კგ. მარცხენა);

ჯამბულ ვიბლიანი (მკლავჭიდი, 65 კგ. მარჯვენა);

ანდრეი ზინჩენკო (კონტაქტური კარატე. 70 კგ);

გიორგი მეშვილდიშვილი (სუმო, აბსოლუტურში);

ირაკლი გაგუა (ბოდიბილდინგი 168 სმ სიმაღლის

სპორტსმენებს  შორის).

 

 

 

  

გასულ წელს საქართველოში წლის სპორტსმენი 23 წლის ძიუდოისტი ავთანდილ კრიჭიშვილი გახდა. 2014 წელი კი მისთვის უფრო წარმატებული აღმოჩნდა და წლის დასაწყისში ჯერ ევროპის, აგვისტოში კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გარდაბნელი ავთანდილ ჭრიკიშვილი მეხუთე სპორტსმენია საქართველოდან, რომელმაც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო. ბოლოს ეს ტიტული ირაკლი ცირეკიძემ მოიპოვა 2007 წელს. შვიდი წლის განმავლობაში კი საქართველოს ოლიმპიური პრიზიორი არ ჰყოლია.

 

თანაბრად მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის ოქროს პრიზები ქართველმა სამბოელებმა. იაპონიის ქალაქ ნარიტაში 21 ნოემბერს ჩემპიონობა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში წაუგებლად მოიგო გენადი ჩირგაძემ, 57 კგ-ში კი –  ვახტანგ ჩიდრაშვილმა, რომელიც ორგზის ჩემპიონია. მაისში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა 100 კილოგრამში დავით ლორიაშვილმა, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ვახტანგ ჩიდრაშვილმა.

 

2014 სადებიუტო წელი აღმოჩნდა საქართველოს კარატეს ისტორიაში. კარატეს საერთაშორისო ფედერაციის (WKF – World Karate Federation) მონაცემით გოგიტა არქანია პირველი ქართველი კარატისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო. გოგიტა არქანია 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა 2014 წლის 10 ნოემბერს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მან ფინალში 4:1 დაამარცხა იაპონელი რიუტარო არაგა. გოგიტა არქანია ასევე არის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.   

 

ევროპის ოქრო მოიპოვა კონტაქტურ კარატეში ანდრეი ზინჩენკომ, რომელიც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ორუჯ საკაროვი დაამარცხა. საქართველომ კონტაქტურ კარატეში მესამედ აიღო პირველობა – 2009 და 2011 წლებში ორივე მათგანი მიხეილ წიკლაურმა მოიპოვა.

 

ყველაზე მეტი ოქროს მედალი საქართველოს წელს მკლავჭიდელებმა მოუტანეს. მკლავჭიდში ოთხი მსოფლიო და ორი ევროპის ჩემპიონი გახდა. მათგან ლევან საგინაშვილმა ორი ოქრო მოიპოვა, როგორც მარჯვენა მკლავით, ისე მარცხენა მკლავით ასპარეზობაში.

 

წელს ჩემპიონობის კიდევ ერთი დებიუტი ბოდიბილდინგში შედგა. მაისში ესპანეთის ქალაქ სანტა-სუსანაში გამართულ ევროპის ჩემპიონატში თბილისელი ირაკლი გაგუა 168 სანტიმეტრ სიმაღლეში ჩემპიონი გახდა. ამ შედეგით საქართველოს ბოდიბილდინგის ისტორიაში ირაკლი გაგუა პირველია, ვინც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

 

წელს საქართველომ გუნდურ ასპარეზობაში პირველობა მოიგო ძიუდოში, 19 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა კი – ევროპის ჩემპიონობა.

 

წლის მნიშვნელოვანი მოვლანა იყო კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ჯგუფიდან გასვლა, რითაც საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპაზე ასპარეზობის უფლება. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში 2015 წელს 5-20 სექტემბერს გაიმართება და მასში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი ოთხ ქალაქში – ზაგრებში (საფრანგეთი), ბერლინში (გერმანია), რიგაში (ლატვია), მონპელიეში (საფრანგეთი) ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ჩ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან: ჰოლანდია, ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია. პირველ თამაშს საქართველო 5 სექტემბერს ჰოლანდიასთან გამართავს. ასევე კალათბურთში მსოფლიო ასპარეზობა მოიპოვეს 18 წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ივნისში ტუნისში გაიმართება.

 

მნიშვნელოვანი იყო წყალბურთის ეროვნული ნაკრების 2014 წელს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა. 2014 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში 14-27 ივლისში ბუდაპეშტი (უნგრეთი) ჩატარდა. თუმცა საქართველოს ნაკრების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

 

ჭადრაკში წარმატება ჰქონდა ბათუმის ქალ მოჭადრაკეთა კლუბ „ნონას“, რომელმაც პირველად იასპარეზა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონს „მონტე კარლოს“ მოუგო. ჭადრაკში აღსანიშნავია ბათუმელი სალომე მელიას ასპარეზობაც, რომელმაც ევროპის ინდივიდუალურ მე-15 ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ევროპის ჩემპიონობა არც წელს დაუთმია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ერთა თასზე 15 მარტს ფინალში რუმინეთი 22:9 დაამარცხა და ერთა თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო. 2000 წლიდან დღემდე კი საქართველო ერთა თასის შვიდგზის გამარჯვებულია (2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014 წლებში). ერთა თასი რაგბის ჩემპიონატია, რომელიც ევროპის ეროვნულ ნაკრებებს შორის იმართება.

 

2014 წელს რამდენიმე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის, მათ შორის ძიუდოში, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გახდა ბექა ღვინიაშვილი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი მსოფლიო პირველობა ხულოელმა სპორტსმენმა შმაგი ბოლქვაძემ დაისაკუთრა. 2014 წელი წარმატებული აღმოჩნდა მოფარიკავე ბექა ბაზაძესთვისაც, ის 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის შეფასებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო მიღწევები ძიუდოში, კალათბურთსა და რაგბში. 2015 წლისთვის რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება დაფინანსება, მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება გაეზრდება ძიუდოსა და კალათბურთს, რაც, მინისტრის თქმით, ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობაში სტაბილურობის შენარჩუნებას. 

90 მილიონიანი ინვესტიცია ახალ ბულვარში

 

„ეს არის „ატლას ჯორჯია“, ხუთი თვე ვცდილობდით ამ ბიზნესმენის მობრუნებას და დღეს აქ ცხოვრობს. კარგი ინვესტორია და ბევრს გააკეთებს ბათუმისთვის. ეს იქნება 250 ნომერზე გათვლილი სასტუმრო. იქნება სავაჭრო ცენტრი, აპარტამენტები. ჩვენი საინვესტიციო პირობებით 42 მილიონი უნდა დახარჯოს, იმ პროექტით კი, რაც მას აქვს წარმოდგენილი, 90-მილიონი. ამ პიროვნებას უკავშირდება ის, რომ ბათუმი-თბილისის რეისი (ავტობუსი „მეტრო“) გაჩნდა, თავიდან 10 ლარი იყო ფასი, ახლა 12 ლარია. ყბადაღებული რკინიგზის სადგურიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ მათი [ყოფილი ხელისუფლების] დაწყებულია… ავტოსადგური „ატლას ჯორჯიამ“ გააკეთა. რკინიგზის სადგურს რაც შეეხება, ინვესტორს უნდოდა მისი გაკეთება, მაგრამ არ აძლევდნენ საშუალებას. მოვედით თუ არა, ითხოვა ვადის გაგრძელება…     

 

ქალაქის ტერიტორია რომ აიღოთ (გონიოს პოლიგონის გარდა, რომელზეც მუშავდება კონცეფცია) 10-15 ნაკვეთია დარჩენილი – ყველა 1 ლარადაა გაცემული. ახლა ინვესტორებთან ვმუშაობთ, ან უნდა ჩამოვართვათ, რაც არც ისე სახარბიელოა, რადგან ან დაწყებული აქვს მშენებლობა, ან შუაში აქვს მიყვანილი, ან უნდა გააგრძელონ. ვმუშაობთ, რომ საქმე გააგრძელონ. ყველაზე იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემი შემოყვანილიაო, მაგრამ მისი შემოყვანილი ათიდან ორი განხორციელდა, რვა – არა.

 

 ინვესტორებთან ძალიან ფაქიზად უნდა მუშაობა. არჩევნების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი გაჰკიოდა, რომ ინვესტიციები შეჩერდა და ქვეყანა აღარ არის მიმზიდველი. ჩემი წინამორბედი თურქეთში დარბოდა, იქ ინვესტიცია არ ჩადოთ, ყველაფერი შეჩერდაო. ამ ფონზე ვცდილობდით ინვესტორების მობრუნებას და „ატლას-ჯორჯია“ ზუსტად ასეთია, თვითონ ამბობს – ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები მეუბნებოდნენ არ ჩადო ინვესტიციაო. ახალ ბულვარშიც იგივე სიტუაცია იყო. ბევრი ინვესტორი მოვაბრუნეთ.“ -განაცხადა არჩილ ხაბაძემ. 

არჩილ ხაბაძე ციტრუსის სეზონზე: მეტი სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს?!

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

 „ქობულეთში მანდარინის მიმღები საწარმო გავხსენით, პირველად ხდება წელს მანდარინის პარაფირება, ნედლეულის მიღება, დამუშავება, შეფუთვა.

 

რადგან შარშან ყინვის გამო გაუფუჭდათ მანდარინი, დაზღვევამდეც კი მივედით – რისი 80%-ც სახელმწიფომ გადაიხადა, ხუთი – მოსახლეობამ. ჩვენ გადავეცით ობიექტები იმისთვის, რომ გახსნილიყო დამკალიბებელი ობიექტები, რამდენიმე დაგვიბრუნდა უკან, მაგრამ 16 ობიექტი მაინც ამუშავდა.

 

…მოსახლეობას ვეუბნები, უნდა ვისწავლოთ ჩვენც პასუხისმგებლობის ჩვენს თავზე აღება.

 

შარშან მიწის დამუშავება სახელმწიფომ გააკეთა, შხამქიმიკატებისა და ხელსაწყოებისთვის თანხა სახელმწიფომ გამოყო გლეხს, ყუთის პრობლემაც მოვაგვარეთ. პლასტმასის, მუყაოს და ხის, სამივე სახეობის ყუთი მოვამზადეთ. ბოლოს გლეხებისგან მოვისმინეთ , ბაღში სამუშაო ყუთი არ გვაქვსო, რა მთავრობა ხართ სამუშაო ყუთი რომ არ გვაქვსო. წელს საამქრომ მარაგის სახით ეს ყუთებიც გამოუშვა და მათ ვინც მასთან აბარებს მანდარინს, აწვდის ამ ყუთებს. ამ წარმატებას ყველამ უნდა შევხედოთ თვალებში, ჟურნალისტმაც, სახელმწიფო მოხელემაც, გლეხმაც და თქვას რომ ასეთი არ ყოფილა ბოლო 25 წლის განმავლობაში.   

 

დღეს რომ დეფიციტია სტანდარტული მანდარინის, ასეთი არასროს არ ყოფილა, სოფელ-სოფელ დადიან შემსყიდველები და ვერ პოულობენ მანდარინს.  იმიტომ რომ გარკვეული რაოდენობა შეინახა ხალხმა. იცით ალბათ რომ ინახავენ და იანვარში ან თებერვალში გადაყიდიან. ამიტომ წლევანდელი სეზონი სოფლის მეურნეობის და ციტრუსის კუთხით მე ვფიქრობ არის საამაყო. ვერც ერთი ოპონენტი, ვერც ნაციონალური მოძრაობიდან და ვერც სხვა პარტიებიდან წელს ვერ ამბობს, რომ პრობლემები არის. მე არ ვამობს უმნიშვნელოს ტექნიკურს. ერთი დღე გაზი არ იყო, ვერ მიიღო საამქრომ მანდარინი, რიგები დადგებოდა, გეთანხმებით, ტექნიკური გადაიარაღების  ან წვიმების დროს ჩვეულებრივი მომენტია და არგუმენტი ამასთან დაკავშირებით აქვს ორივე საამქროს.

 

მეტი სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, უნდა შექმნას პირობა, რომ გლეხმა ნორმალურად ჩააბაროს მისი მონაგარი. გზები გავხსენით, ლარსი გაიხსნა. ყოველდღიურად იქ ვაკონტროლებთ სიტუაციას რომ მანქანების დაგროვება არ მოხდეს, მთელი მთავრობა, საპატრულო და საბაჟო მობილიზებულია რომ მანდარინი პირველ რიგში გავიდეს იქ. მე ვფიქრობ ეს ყველაფერი საამაყოა.

 

 ერთი რამ მინდა ვუთხრა მკითხველს, რომ შეიძლება ალმასის ან „ხრუსტალის“ სასახლები არ აგვიშენებია და ამ კუთხით არ ვიტრაბახოთ, მაგრამ განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით ბევრი საქმე გავაკეთეთ. მომავალში ჩვენ აუცილებლად კიდევ ერთ საწარმოს გავხსნით ხელვაჩაურში, რადგან მხოლოდ ქობულეთში საკმარისი არ არის, ტერიტორიულადაც შორია და თან მოსავალი უფრო მეტი იქნება. ისე გავაკეთებთ, რომ მოსახლეობას პრობლემა არ ქონდეს და ბაზრებს გავხსნით ჩვენ ამისთვის. წელს რუსეთი დაემატა, მომავალში ალბათ უკრაინაც. წელს იცით უკრაინაში რაც ხდება და მანდარინისთვის არავის არ ეცალა. მაგრამ იქაც დავალაგეთ და სიტუაცია გავმართეთ ისე, რომ უპრობლემოდ შედის მანდარინი  და განბაჟების ტარიფიც შარშან რაც იყო ის არის“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში. 

საჯარო მოხელეების კონკურსი ქედაში

 

კონკურსანტების ცოდნას კომისიის ხუთი წევრი აფასებს. კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძეა. კომისიის შემადგენლობაში შედის ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ანანიძე, ქედის საკრებულოს წევრი ჯამბულ სურმანიძე და მოწვეული წევრები: პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე დოდო მექვაბიშვილი და აჭარის მთავრობის აპარატიდან -ავთანდილ ბოლქვაძე.

 

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დავით დუმბაძის განცხადებით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში ვაკანტური თამნამდებობის დასაკავებლად, კონკურსის მესამე ეტაპს-გასაუბრებას 116 აპლიკანტი გაივლის,  კონკურსის წესით შერჩეულ თაანამშრომლების დანიშვნის ბრძანებულება კი 31 დეკემბერს დაიწერება.

 

 „გასაუბრება დღეს დავიწყეთ და სამშაბათს დასრულდება. საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია ხუთი წევრით არის წარმოდგენილი და შემადგენლობა არ შეიცვლება. მაქსიმალურად ვცდილობდით კომისია ობიექტური ყოფილიყო და შესაბამისად ყველა კონკურსანტს ერთი და იგივე კითხვა დავუსვით.  31 დეკემბერს დაიწერება ბრძანება თანამშრომლების აყვანასთან დაკავშირებით“ – აცხადებს დავით დუმბაძე.

 

პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე დოდო მექვაბიშვილი გასაუბრებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში პროფკავშირებს პირველად მიეცათ უფლება კომისიის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ.

 

 „ბოლო ათი წლის განმავლობაში  პირველია შემთხვევა როცა პროფკავშირები მიგვიწვიეს კომისიის შემადგენლობაში, ეს კარგი და აღსანიშნი ფაქტია, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი წარმომადგელები არიან კომისიის წევრები. რაც შეეხება დღევანდელ გასაუბრებას ქედაში, ნორმალურად მიმდინარეობდა. კითხვებთან მიმართებაში ობიექტური იყო კომისიის ყველა წევრი.  ვცდილობდით ისეთი გარემო შეგვექმნა კონკურსანტებისთვის, რომ არავინ აღელვებულიყო“ – აცხადებს დოდო მექვაბიშვილი.

 

გასაუბრებას ქედაში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ვლადიმერ თებიძე ესწრებოდა.

 

კონკურსის მესამე ეტაპი დღეს დაიწყო და სამშაბათს დასრულდება. ვინ დაიკავებს  31 ვაკანტურ თანამდებობას ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სარებულოში, ოთხ დღეში გახდება ცნობილი.

 

10 ყველაზე პოპულარული ფოტო “ბათუმელების“ ფეისბუქგვერდიდან


 

ცურვა რეზინის ნავით ბათუმის ქუჩებში. 21 სექტემბერი. ავტორის ვინაობა „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა, ავტორის გამოხმაურების შემთხვევაში, ფოტოზე მისი სახელი და გვარი მითითებული იქნება. 213 მოწონება, 144 გაზიარება.  


 

ბათუმში, ევროპის მოედანზე ნაძვის ხე იწვის. 25 დეკემბერი. ხვიჩა მამულაძის ფოტო. 191 მოწონება, 193 გაზიარება 



მუსლიმები  ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ლოცვა ღია ცისქვეშ, ბათუმის მეჩეთთან. 4 ოქტომბერი. მანანა ქველიაშვილის ფოტო. 148 მოწონება, 28 გაზიარება. 



მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში. 25 ივნისი. მანანა ქველიაშვილის ფოტო.  142 მოწონება, 30 გაზიარება.


 



საპატრულო პოლიციის მანქანა ევაკუატორზე, დატბორილ ბათუმში. ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთა. გელა ძნელაძის ფოტო. 21 სექტემბერი.
133 მოწონება, 160 გაზიარება. 



ბათუმში, „ხოფის“ ბაზრობაზე ფეიერვერკების მაღაზია იწვის. 7 დეკემბერი.  ვლადიმერ ღლონტის ფოტო. 124 მოწონება, 121 გაზიარება 



 „ბათუმმა“ რაგბში „არმაზი“ დაამარცხა. 12 მარტი. ნინო ხიმშიაშვილის ფოტო.  113 მოწონება, 105 გაზიარება. 



ქედაში თოვს. 2 ნოემბერი. სოფელი მეძიბნა. უჩა დუმბაძის ფოტო. 112 მოწონება, 28 გაზიარება. 


 

წყალდიდობა ბათუმში. დატბორილი #11 მუნიციპალური ავტობუსი. 21 სექტემბერი.  ზვიად ჩხენკელის ფოტო. 97 მოწონება, 92 გაზიარება.  


წყალდიდობა ბათუმში. 21 სექტემბერი. გელა ძნელაძის ფოტო80 მოწონება, 36 გაზიარება.


 

„რვაფეხა“ სააგენტოს გადაწყვეტილების მოლოდინში

„საკითხი ჯერჯერობით განხილული არ ყოფილა. მოწმდება დოკუმენტაცია, რამდენად სწორად არის ყველაფერი და გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ. მისი თქმით, მსგავსი საკითხების განხილვა სააგენტოში სწრაფ ვადებში ხდება. „ახალ წლამდე შეიძლება ვერ მოხერხდეს, რადგან საბჭოში მოწვეული სპეციალისტები არიან და მათი მოწვევა ახლა ცოტათი გართულდება, მაგრამ იანვარის დასაწყისში, პირველივე სამუშაო დღეებში  მოხდება საკითხის განხილვა“, – აღნიშნა ნიკა ანთიძემ.

კითხვაზე, მისი პირადი მოსაზრებით, არსებობს თუ არა „რვაფეხასათვის“ ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი, ნიკა ანთიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სპეციალისტების დასკვნას დაეყრდნობა.

„ეს არის განსახილველი სპეციალისტების მიერ. პირადი, სუბიექტური მოსაზრება ამ შემთხვევაში არა მაქვს, მე ვეყრდნობი სპეციალისტების დასკვნას. ჩათვალეთ, რომ საბჭოს დასკვნა იქნება სააგენტოს და მისი ხელმძღვანელის მოსაზრება“, – განაცხადა ნიკა ანთიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ „რვაფეხას“ სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებს, მას კანონი დაიცავს. „რვაფეხა“ ცნობილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ნამუშევარია, ძეგლს ჯერჯერობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არა აქვს. ძეგლის სტატუსის გარეშე შესაძლოა „რვაფეხა“ გადაიტანონ ან დაანგრიონ, მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“ გეგმავს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. 

ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცველები ხელისუფლებას „რვაფეხას“, როგორც უნიკალური და ბათუმისათვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას და შენარჩუნებას სთხოვენ.  აქცია სახელწოდებით – „დაიცავი რვაფეხა“ ბათუმში 6 დეკემბერს გაიმართა.  აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ქალაქის მერი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ. იმავე დღეს განცხადება გაავრცელა სასტუმრო “ჰილტონ ბათუმმა“, რომლის წინაც მდებარეობს „რვაფეხა“. “კაფე ფანტაზიის დანგრევა არასდროს ყოფილა ჩვენი განზრახვა“ – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარაში ქრთამის აღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, საექსპორტოდ გასატანი თივის შესამოწმებლად სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში მისულ მოქალაქეს ამავე სააგენტოს თანამშრომელმა გიორგი კაკაბაძემ ფიტო-სანიტარული სერტიფიკატის გაცემის სანაცვლოდ ოფიციალური გადასახადის გარდა ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 325 ლარი, ამასთანავე, აღნიშნული მოქალაქე დააკავშირა ამავე სააგენტოს თანამშრომელს ლია ქიქავას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ბათუმის საველე სადგურის უფროსს თამარ ჭკუასელს და შპს “ფუმიგატორი“-ს ხელმძღვანელს ირაკლი ზაქარაძეს, რის შემდეგაც ლია ქიქავამ ვეტერინარული ექსპორტის სერტიფიკატის გაცემის სანაცვლოდ, სამსახურის ანგარიშზე კანონით დადგენილი გადასახადის შეტანის გარდა, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 150 ლარი; თამარ ჭკუასელმა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის გაცემის სანაცვლოდ, სამსახურის ანგარიშზე კანონით დადგენილი გადასახადის შეტანის გარდა, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 150 ლარი; ირაკლი ზაქარაძემ კი ფუმიგაციის მომსახურებასთან დაკავშირებით ყალბი მოწმობა დაუმზადა.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ოთხივე პირი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და ჯგუფურად ჩადენილი ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 338-ე მუხლის 2-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

პასუხი მედეა ვასაძეს “ოცნების ქალაქიდან“

 

როინ გუნდაძე
როინ გუნდაძე

მე მოვუწოდებ ქალბატონ მედეას, რომელმაც არ იცის ადამიანის უფლებები როგორ უნდა დაიცვას, არ იცის როგორ უნდა დაიცვას ბავშვთა უფლებები, არ იცის როგორ უნდა ესაუბროს ხალხს და არ იცის, როგორ უნდა მოექცეს ჟურნალისტებს, გადახედოს თავის ქცევებს, თორემ მსგავსი ტიპის ადამიანებს არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში და არც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქმე არ აქვთ.

 

რაც შეეხება ბოდიშის მოხდას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მას „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ბოდიში მოუხადეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, „ოცნების ქალაქში“ მედეა ვასაძის ყოფნის დროს მსგავსი არაფერი მომხდარა.

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავამატო ერთი რამ – 22 დეკემბრის აქციასთან თამაზ ბაკურიძის კავშირი მინიმალურია: ჩვენ ვართ ცუდ დღეში და ჩვენ ვსაჭიროებთ დახმარებას.

 

დეპუტატმა გადაცემაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ ამდენი ხალხი როგორ ჩავიდა ჩაქვში. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა – მოსახლეობამ შევკრიბეთ სამ-სამი ლარი და გავიყოლეთ მიკროავტობუსები.

 

ასე რომ, თამაზი ბაკურიძის მიმართ ბრალდება ქალბატონ მედეას მიერ, არის სრულიად უსაფუძვლო. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არა თამაზ ბაკურიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები იმ დღეს, როცა ხალხი ჩაქვში, უმაღლეს საბჭოში ჩავიდა, აღარ დარჩებოდნენ სკამებზე – ფანჯრებიდან გაფრინდებოდნენ და იმიტომ.  

 

მაგრამ იცოდეთ, ამის შემდეგ ხალხს ვერც თამაზი ბაკურიძე და ვეღარც მერაბ ბლადაძე ვეღარ დაიმორჩილებს, ამიტომ სიფრთხილისკენ მოვუწოდებ მთავრობას, ქალბატონ მედეასაც და უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებსაც. იქნება საუბრის დროს შეარჩიოთ სათანადო სიტყვები და ცეცხლს ნუ ეთამაშებით. 

 

აქცია ოცნების ქალაქში
აქცია ოცნების ქალაქში

მომავლის ბათუმი


„იქ, სადაც ერთვის ჭოროხი შავ ზღვას,

სად თოლიების ისმის წივილი,

ალბათ ოდესმე აღვადგენთ ქალაქს,

ბათუმ აფსირტეს სახელწოდებით.“

 

ნიაზ მალაყმაძე
ნიაზ მალაყმაძე

დღეს მსოფლიოში მრავალი ცნობილი ქალაქი არსებობს, რომლებიც მდინარის ახლოს არის გაშენებული. მდინარე ჭოროხის სანაპიროზე, რომელიც თურქეთის მთებიდან მოედინება, გაშენებულია ქალაქები: ბაიბურთი, სპერი, ართვინი, ბორჩხა. არსებობს 1864 წლის 17 ნოემბრის ლაზისტანის სანჯაყბეგის განკარგულება ბათუმში ახალი ქალაქის დაარსების შესახებ. „ბათუმი, რომელიც შედგება 200 სახლის, 400 დუქნის, 2 მეჩეთის, მედრესესა და აბანოსაგან, ცნობილია თავისი ცუდი კლიმატით. ამ მიზეზით მოსახლეობა და მოხელეები ზაფხულობით დაბა ხოფაში მიდიან და სამი-ოთხი თვე იქ ცხოვრობენ, ზამთარში კი უკან, ბათუმში ბრუნდებიან. უკეთესი კლიმატი ბათუმის პორტის კონცხზეა, სადაც მართებული იქნება ახალი ქალაქის გაშენება, სადაც იქნება მეჩეთი, მთავრობის სახლი და საპყრობილე.  საბჭომ განიხილა საკითხი და ფადიშაჰმა აზიზეიმ დართო ნება ლაზისტანის სანჯაყბეგის მიერ ხსენებულ ტერიტორიაზე საქალაქო შენობების აშენების შესახებ“, – ეს იყო 1865 წლის 23 აპრილი. შემდგომში ხელისუფლებამ ნება დართო მორწმუნეებს ეკლესია აშენებულიყო ცნობილ აზიზიეს უბანში,  რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.

 

მიზანშეწონილად მიმაჩნია 1865 წლის 23 აპრილი იქცეს ბათუმის ქალაქად გამოცხადების დღედ და არა 1888 წელი, როგორც ადრე აღნიშნავდნენ. 2015 წელს კი აღინიშნოს ბათუმის დაარსების 150 წლისთავი. ასევე შესაძლებლად მიმაჩნია ბათუმის განვითარება ჭოროხის აუზში: „იქ, სადაც ერთვის ჭოროხი შავ ზღვას“, აშენდეს მომავლის ზღაპრული ქალაქი  თანამედროვე ბათუმელი არქიტექტორების: ბაღოშვილის, გოგიტიძის,  აფაქიძის, ზამთარაძის,  სურმანიძის და  სხვა პიროვნებების მიერ შედგენილი პროექტებით. ქალაქი, სადაც შერწყმული იქნება მზისა და მდინარის პეიზაჟები.   

 

აჭარის მთავრობამ გამოიჩინოს კეთილი ნება, მისცეს მსურველებს მშენებლობის ნებართვა და გამოყოს უანგაროდ მიწა. ასე ჩაეყრება საფუძველი ახალი ქალაქის მშენებლობას, რომლის შექმნაში გარკვეული ისტორიული როლი მიენიჭება აჭარის მთავრობას და ბათუმელი არქიტექტორების პროექტებს.

გთხოვთ, საზოგადოების მსჯელობის საგნად გახადოთ მომავლის ქალაქის მშენებლობის საკითხი.

იმედია, ბათუმის საზოგადოება დაინტერესდება და გამოთქვამს თავის მოსაზრებებს.

2014 წლის გახმაურებული საქმეები “ბათუმელებში“


პატიმრების წამებაში ბრალდებულების  გირაოთი გათავისუფლება


ბათუმის მესამე საპყრობილის დირექტორი გიორგი ვეკუა და მისი მოადგილე ზაზა  ჯიქია ათეულობით პატიმრის არაადამიანურ, დამამცირებელ და სასტიკად მოპყრობაში არიან ბრალდებულები; გიორგი ვეკუა 15 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გაათავისუფლა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კი გირაოს – 12 ათასი ლარის საფუძველზე ასევე პატიმრობიდან გაათავისუფლა გიორგი ვეკუას მოადგილე, ზაზა ჯიქია. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ყოფილმა პატიმრებმა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბრალდებულების დაკავება სთხოვეს: „ბატონო მოსამართლე, შეშის ქურდი ციხეში ზის და მწამებელი თავისუფლად დადის ქუჩაში, გთხოვთ დააპატიმრეთ ისინი“.

 

რატომ არის ბათუმის ციხის უფროსის ბიოგრაფია საიდუმლო?!


პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის №3 დაწესებულების დირექტორის, ალექსანდრე პეტროსიანის ბიოგრაფიას საქართველოს  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  სამინისტრო ასაიდუმლოებს. წერილით, რომელიც სამინისტროს „ბათუმელებმა“ 2014 წლის 12 თებერვალს გაუგზავნა, რედაქცია სამინისტროსგან ბათუმის ციხის დირექტორის ავტობიოგრაფიას ითხოვდა. თითქმის შვიდი თვის შემდეგ მიღებულ პასუხში წერია, რომ სამინისტროს ციხის დირექტორის ავტობიოგრაფია პერსონალურ ინფორმაციად მიაჩნია და ამიტომაც მის მოწოდებაზე უარს გვეუბნება, ანუ ასაიდუმლოებს.

 

ახალი პროკურორი


2014 წელს აჭარის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი გახდა. ისიც თავისი წინამორბედის მსგავსად ამბობს, რომ რეზონანსული საქმეების გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა. ასევე წინამორბედის მსგავსად ვერ დაასახელა სავარაუდო თარიღი, როდის დასრულდება ამ საქმეების გამოძიება. თუმცა წინამორბედისგან განსხვავებით, საკუთარ თავს მედიასთან დამოუკიდებელი ურთიერთობის უფლება ვერ მისცა. ტყეშელაშვილის დანიშვნის შემდეგ, როგორც ადვოკატები ამბობენ, აჭარაში გართულდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. პროკურორმაც `ბათუმელებთან~ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ადამიანს მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, საპროცესო შეთანხმებას ასეთ დროს არ აფორმებენ. შოთა ტყეშელაშვილი 2012 წელს „გლობალის“ სატელიტური ანტენების დაყადაღების საქმეში იყო პროკურორი. მაშინ პროკურორ ტყეშელაშვილის განმარტებით, გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. 

 

პოლიციის ახალი უფროსი აჭარაში


აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვალერი თელია თანამდებობიდან გადააყენეს. თელია აჭარაში დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სკანდალში გაეხვა – პოლიციის უფროსს ინციდენტი მოუხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელთან, რომელსაც არაერთი თვითმხილველის თანდასწრებით ტანსაცმელი შეახია და მისი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთი სათვალთვალო კამერიდან ამოიღეს, შს სამინისტროს განმარტებით, ამოღების დროს დაზიანდა. სამინისტრომ ალტერნატიული სათვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრები გაავრცელა. ამ კადრებზე პოლიციის უფროსის ძალადობა არ ჩანდა.

ვალერი თელია დავით თამაზაშვილმა ჩაანაცვლა. რომელიც შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. უფრო ადრე კი დავით თამაზაშვილი თავდაცვის სამინისტროში – გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. დავით თამაზაშვილი ანსამბლ „ქართული ხმების“  ერთ-ერთი გარდაცვლილი წევრის, გურამ თამაზაშვილის შვილია.

 

იეჰოვას მოწმეების საქმე

რელიგიური წესის აღსრულებისთვის ხელის  შეშლაში  ეჭვმიტანილი ხუთი სტუდენტი დაზარალებულებმა ამოიცნეს. დაზარალებულების ადვოკატი ამბობს, რომ „გამოძიება შენელებული ტემპით მიმდინარეობს“.  ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან მომხდარი ჩხუბის დროს დაზარალებულები იეჰოვას მოწმეები არიან. თვითმხილველების თქმით, ისინი სტუდენტებმა იმისათვის სცემეს, რომ უნივერსიტეტთან რელიგიურ ლიტერატურას არიგებდნენ. „იეღოველების საქმეს“ პოლიციის ბათუმის მეორე განყოფილებაში იძიებენ. საქმეს აჭარის პროკურატურა ზედამხედველობს. რელიგიური აღმსარებლობისთვის უკანონოდ ხელის შეშლაში ეჭვმიტანილები ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მათ ასობით ადამიანის თანდასწრებით სცემეს სამ მოქალაქეს. გამოძიება სისხლის სამართლის 155-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებმა რელიგიური წესის აღსრულებას შეუშალეს ხელი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.  ამ საქმეს დღემდე იძიებენ.

 

ციხეები

8 თებერვალს ბათუმში, იუსტიციის სახლთან, გეგუთის ციხეში მყოფი პატიმრების ოჯახის წევრების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ გეგუთის ციხიდან უკავშირდებოდნენ და ატყობინებდნენ, რომ ციხეში პატიმრების პირობები გაუარესდა. აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს.

პატიმრებს, რომლებიც არასათანადო პირობებში იმყოფებიან, მაგალითად, არ აქვთ ჯანდაცვისა და განათლების უფლება, წვდომა ჰიგიენურ საშუალებებთან, ან ოჯახთან ხშირი კომუნიკაცია ეზღუდებათ, უფლება აქვთ ადმინისტრაციას პირობების გაუმჯობესება მოსთხოვონ. ფაქტი, როცა პატიმრები თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით ცდილობენ,  იშვიათია. ამის მიზეზად ადვოკატების ერთი ნაწილი კოლეგების არაპროფესიონალიზმს, ნაწილი კი პატიმრების შიშს ასახლებს. 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში 2014 წლის მაისიდან 16 ოქტომბრამდე თვითდაზიანება 59-მა პატიმარმა მიიღო. ამავე პერიოდში ციხეებიდან საავადმყოფოში 3400 პატიმარი გადაიყვანეს.

 

სახალხო დამცველი პატიმრების დარღვეულ უფლებებზე


სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თებერვლის ანგარიშში წერს, რომ #7 დაწესებულებაში პატიმრების უფლებები ირღვევა. დაწესებულებაში არ არის გამართული სავენტილაციო სისტემა, საკნების ნაწილი ნესტიანია, რაც ფილტვის ტუბერკულოზით დაავადების ან განმეორებით დაავადების საფრთხეს ქმნის. დაწესებულებაში არ არის სამრეცხაო, პატიმრებს არ აქვთ საკმარისი თბილი ტანსაცმელი, საკნებს არ აქვს თაროები, რის გამოც პატიმრებს პირადი ნივთები და საკვები იატაკზე ან საწოლზე უწყვიათ. ირღვევა ჰიგიენური ნორმები.

გეგუთის მე-14 დაწესებულებაში 25 წლის ავთო მაისურაძე გარდაიცვალა. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ვარაუდობს, რომ ის მოკლეს. „ბათუმელების“ მოპოვებული  ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საპყრობილეებში დაახლოებით 7 ათასმა პატიმარმა მიიღო სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანება და 378 გარდაიცვალა. 

 

ფარული მოსმენები


უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციით, 2013 წლის მანძილზე და 2014 წლის იანვარსა და თებერვალში ოპერატიულ სამძებრო მოქმედებებზე საქართველოს საერთო სასამართლოების პირველმა ინსტანციებმა განიხილეს 4180 შუამდგომლობა. მათ შორის 2013 წელს განიხილეს 3 699 შუამდგომლობა და დააკმაყოფილეს 3419.

2014 წლის ორ თვეში სასამართლოებმა 524 შუამდგომლობიდან 481 დააკმაყოფილა. უზენაესი სასამართლოს წერილიდან ირკვევა, რომ ისინი ცალკე არ აღწერენ ადამიანებისთვის ფარულად მიყურადება რომელმა საგამოძიებო უწყებებმა მოითხოვეს და რამდენჯერ. შესაბამისად, ფარული მიყურადების სტატისტიკა ცალკე „ბათუმელებს“ უზენაესმა სასამართლომ არ მიაწოდა.

„ბათუმელებმა“ ფარული მიყურადების სტატისტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა შს სამინისტროდან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, ასევე პროკურატურიდან, ანუ ყველა იმ უწყებიდან, რომელსაც აქვს მოქალაქის თვალთვალის უფლება. არც ერთმა ამ უწყებამ არ მიიჩნია საჭიროდ, მოეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

გარდაცვლილი პატიმრის საქმე


გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის ბებია „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მათ მოსყიდვას ცდილობს. გიგას ბებიას თქმით, დიმიტრი დარბაისელმა მედიასთან კონტაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ „სახლის ფუნდამენტის ჩამოსხმა“, ასევე „სახლის აშენებამდე ქირით გადაყვანა“ შესთავაზა. გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე პროკურატურამ სამი მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო გამოძიება. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში დარბაისელი თანამდებობიდან გადადგა.

 

როცა სოფლიდან გასახლებენ და სახელმწიფო ვერ გიცავს


მაგული იაკობაძე და მისი ქმარი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ახალციხის ავტოსადგურის წინ ათევდნენ ღამეს. მისი დის ოჯახი კი წალკაში ნათესავებს იყო შეხიზნული. მაგულისა და მაყვალას ძმა პოლიციამ ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრა. მოკლულის ნათესავები ბრალდებულის დებს ემუქრებოდნენ. პოლიციამ და გამგებელმა დების ოჯახებს სოფლიდან დროებით გასვლა ურჩიეს. ათი დღის შემდეგაც სოფელში მიბრუნებულებს გარდაცვლილის ნათესავები სახლთან ქვებით დახვდნენ. მაყვალა იაკობაძე ამბობს, რომ თეიმურაზ კალანდაძემ მას და მის 17 წლის გოგონას უშვერი სიტყვებით აგინა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად სცემეს კიდეც. მაყვალა ამბობს, რომ ყველა მოძალადე პოლიციელს ამოიცნობს. პოლიციელების შესაძლო დანაშაულის ფაქტის შესახებ `ბათუმელებმა~ გენერალულ ინსპექციას აცნობა… სოფლიდან გამოსახლებული ბრალდებული დების ოჯახები სოფელში საცხოვრებლად დაბრუნდნენ, მათ უსაფრთხოებას პოლიცია ახლაც იცავს.

 

ბათუმში პატრულის თანამშრომლებს  ბრალი წარუდგინეს


გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ბათუმში საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს. კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა პოლიციის თანამშრომლების გულგრილობა – უწყებაში „ბათუმელების“ ამ შეკითხვას არ უპასუხეს. „ბათუმელების~ ინფორმაციით კი, პატრულის თანამშრომლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზეზი გახდა ის, რომ მათ მოქალაქეს ჯარიმა არ გამოუწერეს.

 

2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი  ჰეროინის საქმე


2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი „ჰეროინის“ გადატანისთვის დაკავებული გაათავისუფლეს. ადვოკატ ემზარ პაქსაძის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რადგან  წინასწარ გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით მათი ბრალეულობა არ მტკიცდებოდა.

 

სახელმწიფო და რწმენის უფლება


10 სექტემბერს ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩის #13-ში, მუსლიმური  სასწავლებლისთვის განკუთვნილი შენობის კარზე ღორის თავის მიმაგრებისთვის პასუხი სახელმწიფოს არავისთვის მოუთხოვია. მომხდარის შესახებ პოლიციაში განცხადება იმავე დღესვე შეიტანეს. ამ საქმეზე გამოძიება 151-ე მუხლით (მუქარა) მიმდინარეობს. საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ „ბათუმელებთან~ განაცხადა, რომ მუსლიმი ხალხი პანსიონის კარზე ღორის თავის მიმაგრების გამო შეურაცხყოფილი და დამცირებულია. ქობულეთში მომხდარ ინციდენტს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და ხელისუფლებას ფაქტის დროულად გამოძიება ურჩია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ფაქტი დაგმეს, პროცესს მართული და „პროვოკაცია“ უწოდეს. 

 

100 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ცოლის ცემის გამო


ეს განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ცოლის ცემაში ბრალდებულს 22 ოქტომბერს გამოუტანა. ძალადობის მსხვერპლი 21 წლის ქალია. მას მოსამართლის განაჩენის გასაჩივრების სურვილი აქვს, მაგრამ კანონი ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

 

საკანი №229 – წერილი ბათუმის ციხიდან

 

ბათუმის მესამე საპყრობილის №229 საკანია, სადაც 32 წლის პატიმარი ნუგზარ თაბაგარი  71  დღის წინ შეასახლეს. ის ციხის ადმინისტრაციას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს და პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს. სამინისტროში პატიმრის ბრალდებებს აბსურდს უწოდებენ, სახალხო დამცველის აპარატი კი მის საქმეს სწავლობს. ევროპულმა სასამართლომ ერთხელ უკვე დაადგინა, რომ პატიმრობისას თაბაგარს სახელმწიფო არაადამიანურად მოეპყრო. „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

 

დღეში 3 ლარი პატიმრის კვებისთვის

 

საქართველოს ციხეებში ოქტომბრის თვეში მთლიანობაში 10 500 პატიმარი ჰყავდათ შესახლებული. პატიმრებისა და ციხეების თანამშრომლების გამოსაკვებად ბიუჯეტიდან 2014 წელს 14 940 700 ლარი იყო გამოყოფილი. ბოლო სამი წლის განმავლობაში „ციხეების გამოკვებაზე“ ერთი და იგივე კომპანია – შპს G.M.M.-ი მუშაობს. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ დღეში ერთი პატიმრის სამჯერადი კვებისთვის მხოლოდ 3 ლარია გამოყოფილი.

შსს-მ ბათუმში პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, 1992 წელს დაბადებულ თარაშ მ-ს, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

 

თარაშ მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა   ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი და მასრები ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

Exit mobile version