სიახლეები

გოლფის მოედნები 15 მილიონად

30.12.2014
გოლფის მოედნები  15  მილიონად

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 19 დეკემბერს მოაწერა, საკანონმდებლო მაცნეში კი გუშინ გამოქვეყნდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში მდებარე 3 311 127 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო თანხა – 9 მილიონი ლარი – კომპანიამ სახელმწიფოს 2015 წლის 15 იანვრამდე სრულად უნდა გადაუხადოს.

 

კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით გადაცემულ უძრავ ქონებაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კოპლექსის (მათ შორის, არანაკლებ 18 ორმოს მქონე გოლფის სათამაშო მოედანი/მოედნები, ორმოებს შორის ჯამური მანძილით არანაკლებ 6 000 მეტრი – შექმნა, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება;

 

ასევე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 6 400 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. ანუ კომპანიას კომპლექსის აშენება მინიმუმ 15 მილიონი ლარი დაუჯდება.

შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცი“ ქონების გადაცემამდე თვენახევრით ადრე,  2014 წლის 30 ოქტომბერსაა დაფუძნებული და  მისი მესაკუთრე, 100 პროცენტიანი წილის მმართველია შპს „SKINEST RAIL GEORGIA“. ეს უკანასკნელი დაფუძნებულია სააქციო საზოგადოება „SKINEST RAIL“-ის მიერ, რომელიც ესტონეთის დედაქალაქ ტალინშია რეგისტრირებული. „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცი“-ს დირექტორია მამული მამულაშვილი, რომელიც ასევე „SKINEST RAIL GEORGIA“-ს  დირექტორიც იყო.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.