სიახლეები

2015 წლის ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცეს – რეპორტაჟი საკრებულოს სხდომიდან

29.12.2014 • 1371
2015 წლის ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცეს – რეპორტაჟი საკრებულოს სხდომიდან

მიუხედავად იმისა, რომ საკითხის განხილვა დიდხანს გაგრძელდა და თავმჯდომარისგან პროცედურის დაცვას ითხოვდნენ, ირაკლი ჭეიშვილმა   სიტყვა ყველას მისცა: „ბიუჯეტია, კითხვის დასმა ყველას შეუძლია.“

ბათუმის მერმა საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის წარდგენა, სხდომათა დარბაზიდან, ტრიბუნასთან მისვლის გარეშე სცადა. განმარტა,  რომ ასე მისთვის უფრო კომფორტული იქნებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც რეგლამენტით გათვალისწინებული წესების დაცვისკენ მოუწოდეს, გიორგი ერმაკოვმა ტრიბუნასთან განკუთვნილი ადგილი დაიკავა. მოგვიანებით,  ბიუჯეტთან დაკავშირებული რეპლიკის გასაკეთებლად ტრიბუნასთან მისულმა საკრებულოს წევრმა  ნატალია ზოიძემ მერს ირიბად უსაყვედურა:

„ზოგიერთებისგან განსხვევებით საკრებულოს წევრებზე პირდაპირ ყურება არ მიჭირს.“

მერის ტრიბუნასთან მისვლა არ მისვლის საკითხს სხდომათა დარბაზიდან სხვები არ გამოხმაურებიან, თუმცა პირად საუბრებში იყო მოსაზრება, რომ „მერს საკრებულოსთან ანგარიშვალდებულების, ანუ სუბორდინაციის პრობლემა აქვს და ტრიბუნასთან მისვლაც ამიტომ არ უნდოდა.“

გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი

მერმა 2015 წლის ბიუჯეტი ვრცლად მიმოიხილა, რის შემდეგაც სიტყვა ოპოზიციურ ფრაქციებს მისცეს.

„ ეს არის ყველაზე ცუდად განხილური ბიუჯეტი როგორც საკრებულოს წევრებისგან, ასევე საზოგადოების ჩართულობის თვალსაზრისით. რაც შეეხება ბიუჯეტს,  როდესაც მერს ვუსმენდი, მეგონა ვისმენდით 2012 წლის ბიუჯეტს, რადგან ზუსტად ორი წლის წინ  აქ სხვა მერი, თქვენი წინამორბედი იდგა და საუბრობდა ზუსტად იმ პროგრამებზე რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ეს არის ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება, ჟილინის არხის რეკონსტუქცია და ასე შემდეგ… სიახლეს ფატობრივად არ არის ბიუჯეტში.“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ თავის გამოსვლაში.

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ კობა ჩხეიძემ კი  იმ 17 მილიონის გადანაწილებაზე გააკეთა აქცენტი, რომელიც კორექტირებულ ბიუჯეტს დაამატეს. კორექტირებული ბიუჯეტის განხილვისა და შენიშვნებით უკან დაბრუნების საშუალება კი საკრებულოს მცირე ვადის გამო არ მიეცა. მან მერიას ე.წ „იაფი სახლის“ პროექტის და ასევე ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებაზე კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურის გაჭიანურების გამოც უსაყვედურა. კობა ჩხეიძის მოსაზრებით ბიუჯეტში ის დაპირებები არ აისახა რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ მისცა.

კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ცინცქილაძის მოსაზრებით კარგი იქნებოდა თუ მერია საკრებულოს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების  პრეზენტაციებს წარუდგენდა, რომლის განხორცილებაც 2015 წელს იგეგმება.

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის თემურ ყურაშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებიათ მისი ფრაქციის მთავარი შენიშვნები საყრდენ გეგმასთან , კულტურული მემკვიდრეობის მოვლა – პატრონობასთან და იაფ სახლთან დაკავშირებით:

„თუმცა, ვენდობი მერს სიტყვაზე, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად დაიწყება. “

დღესვე საკრებულოს სხდომაზე თემურ ყურაშვილმა მოითხოვა მერისგან პირობა, რომ მომავალ წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აუცილებლად შეიცვლება:

„ რაც გვაქვს იმას ღამით არაუშავს, მაგრამ დღისით ძალიან ცუდი სანახავია.“

მიუხედავად იმისა, რომ სხდომას მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, ოპოზიციის შენიშვნებს მაინც გიორგი ერმაკოვი პასუხობდა:

„ პოლემიკაში არ შევალ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მეც შემეძლო ის 30 მილიონი გამომეთხოვა აჭარის მთავრობისგან, რომელიც სტადიონის მშენებლობისთვისაა განკუთვნილი და მელაპარაკა იმაზე, როგორი იყო თქვენი ბიუჯეტი. ეს საკრებულოს სხდომაა, ეს არ არი პოლიტიკური დებატები თორემ ლაფის დასხმაზე თუ მიდგა საქმე, მართალია მე ამ მიმართულებით არ ვმუშაობდი , მაგრამ კარგად ვიცი რა ხორციელდებოდა და როგორ“ – ასე უპასუხა მან გიორგი კირთაძის რეპლიკებს.

ოპოზიციასთან ცხარე დებატების, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების შემდეგ საკრებულოს უმრავლესობა მივიდა დაკვნამდე:

„ბიუჯეტი ოქროსი რომც იყოს, ოპოზიცია მხარს მაინც არ დაუჭერს.“

საბოლოოდ, ბიუჯეტი საკრებულოს უმრავლესობამ 16 ხმით დაამტკიცა. ოპოზიციიდან რვამ კი ხელი ბიუჯეტის  წინააღმდეგ აწია. ბათუმის მომავალი წლი ბიუჯეტი 113 642 300 ლარია.

ახალი ბიუჯეტის მიხედვით პრიორიტეტები ასე გადანაწილდა:

ინფრასტუქტურა, მშენებლობა და რეაბილიტაცია – 60 მილიონ ლარზე მეტი.

განათლება –  10 მილიონ ლარზე მეტი.

კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის ხელშეწყობა – 10 მილიონ ლარზე მეტი.

ჯანდაცვა –   8 მილიონ ლარზე მეტი

თავდაცვა და უსაფრთხოება –  2 მილიონამდე ლარი.

ბიუჯეტის დამტკიცებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოცხადა, რის შემდეგაც მას საკრებულოს წევრების ისევ შესაკრებად 15 წუთი დასჭირდა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა

ბათუმის საკრებულოს სხდომა

გადაბეჭდვის წესი