სპორტი

მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები საქართველოდან – 2014 წლის სპორტული ქრონიკა

28.12.2014 • 5212
მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები საქართველოდან – 2014 წლის სპორტული ქრონიკა

 

2014 წელს მსოფლიო ჩემპიონობა სპორტსმენებმა საქართველოდან ოთხ სახეობაში -ძიუდოში, სამბოში, მკლავჭიდსა და კარატეში მოიპოვეს; ევროპის ჩემპიონობა კი შვიდ სახეობაში – ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, სამბოში, მკლავჭიდში, კარატესა და სუმოში. ამათგან ოლიმპიური სახეობა მხოლოდ ძიუდოა. შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიურ სახეობაში ჩემპიონი არ ჰყოლია.

 

მსოფლიო ჩემპიონები


ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო, 81კგ);

გენადი ჩირგაძე (სამბო, 52კგ);

ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო, 57 კგ);

იმედა ჭინჭარაული (მკლავჭიდი, 55 კგ. მარცხენა);

ლევან საგინაშვილი (მკლავჭიდი, მძიმე, მარცხენა/მარჯვენა);

ალექსი ფრეწუაშვილი (მკლავჭიდი, მძიმე, მარჯვენა);

გელა არაბული (მკლავჭიდი, 60 კგ. მარჯვენა);

გოგიტა არქანია (კარატე, 84 კგ).


 

ევროპის ჩემპიონები


ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო, 81 კგ);

ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 90 კგ);

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 57 კგ);

ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო, 57 კგ);

დავით ლორიაშვილი (სამბო, აბსოლუტურში);

ვილენ გაბრავა (მკლავჭიდი, 60 კგ. მარცხენა);

ჯამბულ ვიბლიანი (მკლავჭიდი, 65 კგ. მარჯვენა);

ანდრეი ზინჩენკო (კონტაქტური კარატე. 70 კგ);

გიორგი მეშვილდიშვილი (სუმო, აბსოლუტურში);

ირაკლი გაგუა (ბოდიბილდინგი 168 სმ სიმაღლის

სპორტსმენებს  შორის).

 

 

 

  

გასულ წელს საქართველოში წლის სპორტსმენი 23 წლის ძიუდოისტი ავთანდილ კრიჭიშვილი გახდა. 2014 წელი კი მისთვის უფრო წარმატებული აღმოჩნდა და წლის დასაწყისში ჯერ ევროპის, აგვისტოში კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გარდაბნელი ავთანდილ ჭრიკიშვილი მეხუთე სპორტსმენია საქართველოდან, რომელმაც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო. ბოლოს ეს ტიტული ირაკლი ცირეკიძემ მოიპოვა 2007 წელს. შვიდი წლის განმავლობაში კი საქართველოს ოლიმპიური პრიზიორი არ ჰყოლია.

 

თანაბრად მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის ოქროს პრიზები ქართველმა სამბოელებმა. იაპონიის ქალაქ ნარიტაში 21 ნოემბერს ჩემპიონობა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში წაუგებლად მოიგო გენადი ჩირგაძემ, 57 კგ-ში კი –  ვახტანგ ჩიდრაშვილმა, რომელიც ორგზის ჩემპიონია. მაისში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა 100 კილოგრამში დავით ლორიაშვილმა, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ვახტანგ ჩიდრაშვილმა.

 

2014 სადებიუტო წელი აღმოჩნდა საქართველოს კარატეს ისტორიაში. კარატეს საერთაშორისო ფედერაციის (WKF – World Karate Federation) მონაცემით გოგიტა არქანია პირველი ქართველი კარატისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო. გოგიტა არქანია 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა 2014 წლის 10 ნოემბერს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მან ფინალში 4:1 დაამარცხა იაპონელი რიუტარო არაგა. გოგიტა არქანია ასევე არის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.   

 

ევროპის ოქრო მოიპოვა კონტაქტურ კარატეში ანდრეი ზინჩენკომ, რომელიც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ორუჯ საკაროვი დაამარცხა. საქართველომ კონტაქტურ კარატეში მესამედ აიღო პირველობა – 2009 და 2011 წლებში ორივე მათგანი მიხეილ წიკლაურმა მოიპოვა.

 

ყველაზე მეტი ოქროს მედალი საქართველოს წელს მკლავჭიდელებმა მოუტანეს. მკლავჭიდში ოთხი მსოფლიო და ორი ევროპის ჩემპიონი გახდა. მათგან ლევან საგინაშვილმა ორი ოქრო მოიპოვა, როგორც მარჯვენა მკლავით, ისე მარცხენა მკლავით ასპარეზობაში.

 

წელს ჩემპიონობის კიდევ ერთი დებიუტი ბოდიბილდინგში შედგა. მაისში ესპანეთის ქალაქ სანტა-სუსანაში გამართულ ევროპის ჩემპიონატში თბილისელი ირაკლი გაგუა 168 სანტიმეტრ სიმაღლეში ჩემპიონი გახდა. ამ შედეგით საქართველოს ბოდიბილდინგის ისტორიაში ირაკლი გაგუა პირველია, ვინც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

 

წელს საქართველომ გუნდურ ასპარეზობაში პირველობა მოიგო ძიუდოში, 19 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა კი – ევროპის ჩემპიონობა.

 

წლის მნიშვნელოვანი მოვლანა იყო კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ჯგუფიდან გასვლა, რითაც საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპაზე ასპარეზობის უფლება. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში 2015 წელს 5-20 სექტემბერს გაიმართება და მასში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი ოთხ ქალაქში – ზაგრებში (საფრანგეთი), ბერლინში (გერმანია), რიგაში (ლატვია), მონპელიეში (საფრანგეთი) ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ჩ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან: ჰოლანდია, ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია. პირველ თამაშს საქართველო 5 სექტემბერს ჰოლანდიასთან გამართავს. ასევე კალათბურთში მსოფლიო ასპარეზობა მოიპოვეს 18 წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ივნისში ტუნისში გაიმართება.

 

მნიშვნელოვანი იყო წყალბურთის ეროვნული ნაკრების 2014 წელს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა. 2014 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში 14-27 ივლისში ბუდაპეშტი (უნგრეთი) ჩატარდა. თუმცა საქართველოს ნაკრების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

 

ჭადრაკში წარმატება ჰქონდა ბათუმის ქალ მოჭადრაკეთა კლუბ „ნონას“, რომელმაც პირველად იასპარეზა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონს „მონტე კარლოს“ მოუგო. ჭადრაკში აღსანიშნავია ბათუმელი სალომე მელიას ასპარეზობაც, რომელმაც ევროპის ინდივიდუალურ მე-15 ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ევროპის ჩემპიონობა არც წელს დაუთმია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ერთა თასზე 15 მარტს ფინალში რუმინეთი 22:9 დაამარცხა და ერთა თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო. 2000 წლიდან დღემდე კი საქართველო ერთა თასის შვიდგზის გამარჯვებულია (2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014 წლებში). ერთა თასი რაგბის ჩემპიონატია, რომელიც ევროპის ეროვნულ ნაკრებებს შორის იმართება.

 

2014 წელს რამდენიმე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის, მათ შორის ძიუდოში, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გახდა ბექა ღვინიაშვილი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი მსოფლიო პირველობა ხულოელმა სპორტსმენმა შმაგი ბოლქვაძემ დაისაკუთრა. 2014 წელი წარმატებული აღმოჩნდა მოფარიკავე ბექა ბაზაძესთვისაც, ის 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის შეფასებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო მიღწევები ძიუდოში, კალათბურთსა და რაგბში. 2015 წლისთვის რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება დაფინანსება, მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება გაეზრდება ძიუდოსა და კალათბურთს, რაც, მინისტრის თქმით, ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობაში სტაბილურობის შენარჩუნებას. 

გადაბეჭდვის წესი