სიახლეები

ქალების გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც პოლიციელის მკვლელობით დასრულდა

29.12.2014 • 1583
ქალების გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც პოლიციელის მკვლელობით დასრულდა

 

საქმე ეხება 27 დეკემბერს ბათუმის გარეუბანში, ანგისაში მდებარე ღამის კლუბ „ლეგასში“ მომხდარ მკვლელობას. შს სამინისტროს ინფორმაციით,  გარდაცვლილი პოლიციელი  იმ ღამეს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მოკლული პოლიციელი 22 წლისაა.

 

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი

 

გამოძიების ვერსიით, 27 დეკემბერს, ღამის 12:30 საათზე, კლუბ „ლეგსაში“ კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბესიკ მ. კლუბში მყოფ  აზერბაიჯანის მოქალაქე ფირუზა ა.-ს და უზბეკეთის მოქალაქე ილაჰიმ მ.-ს აიძულებდა სექსუალურ მომსახურებას. ამ დროს მათთან მივიდა პოლიციელი თარაშ მუკბანიანი და სთხოვა თავი დაენებებინა ქალებისთვის. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბესიკ მ. ამან გააღიზიანა და დაიწყო გინება. ამ დროს საქმეში ჩაერია მასთან ერთად მყოფი მოჭიდავე რამაზ დ. და ორივე 5-6 წუთის განმავლობაში სცემდა აწ უკვე გარდაცვლის. შემდეგ კი რამაზ დ.-მ მას წაართვა პოლიციელზე რიცხული ტაბელური იარაღი და ერთჯერადად გაისროლა. თარაშ მუკბანიანს ტყვია მოხვდა თავის არეში და ადგილზე გარდაიცვალა.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ეს საქმე დააკვალიფიცირა, როგორც რამაზ დ-ს მიერ ადამიანის სიცოცხლის განზრახ მოსპობა. გარდა ამისა, ორივე დაკავებულს წარდგენილი აქვს ბრალდება ჯგუფური ხულიგნობის მუხლითაც. შესაბამისად, პროკურორმა  ორივე ბრალდებულის დაპატიმრება მოითხოვა.

 

რამაზ დ.ს ადვოკატმა პაატა შავაძემ და თავად ბრალდებულმა ფაქტის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს მოსამართლეს. ადვოკატის მტკიცებით, დისკო კლუბ „ლეგასიდან“ ამოღებულ ვიდეოფირზე ნათლად ჩანს, რომ რამაზ დ.ს განზრახ არ უსვრია და საქმე გვაქვს ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასთან.

 

მეორე ბრალდებულის – ბესიკ მ.-ს სასამართლოსთვის მიცემული განმარტების მიხედვით, ღამის კლუბში ყოფნის დროს ის ნამდვილად მივიდა ზემოთ დასახელებულ ქალებთან და ერთ-ერთს ხელიც მოჰკიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას მათ განუმარტეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ, ქალებს თავი დაანება და რამაზ დ.სთან ერთად ავიდა შენობის მეორე სართულზე. 3-5 წუთის შემდეგ კი მათთან მივიდა აწ უკვე გარდაცვლილი და უთხრა, თუ რა მიზნით მოჰკიდა ხელი მასთან ერთად მყოფ ქალებს. „მე ვუთხარი, რომ დისკოში ვარ და აბა რას ვიზამდი-მეთქი. მან დაიწყო ყვირილი და გინება, მეც იგივე გავაკეთე. მერე მან გამოიწია ჩემკენ და ჩვენ შორის ჩადგა ჩვენი მესამე მეგობარი“. ამის შემდეგ ბრალდებულის თქმით, მუკბანიანმა ამოიღო იარაღი და მათ დაუმიზნა. დაიწყო არეულობა და მან დაიწყო სროლა. „რამაზი ამის შემდეგ ჩაერია საქმეში და ცდილობდა იარაღის წართმევას. მერე ისმოდა სროლის ხმა და ისინი კიბეზე დაგორდნენ. ხალხი გარეთ გარბოდა“.

 

მხარეების თქმით, რამაზ დ. რომელიც არის ჭიდაობაში სხვადასხვა ტიტულის მფლობელი, მუკბანიანს ჩაუტარა პროფესიული ილეთი და ისე წაართვა იარაღი.

 

ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ კიბეზე დაცემულ გარდაცვლილს ბრალდებულმა რამაზ დ.მ „ფეხი დაარტყა“ და „იარაღი მიუგდო“, რის შემდეგაც დატოვა ტერიტორია.

 

სასამართლოს განუმარტა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ამ ფაქტამდე 11 დღით ადრე სხვა სამართალდარღვევის გამოც ჰყავს  ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასამართლებული.

 

 „ბათუმელების“ მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით მართლაც დგინდება, რომ ბრალდებულმა რამაზ დ.-მ და კიდევ ორმა პიროვნებამ 2014 წლის 26 ივნისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კიდევ ერთ პოლიციელს და სხვა პირებს.  ამ შემთხვევაში სხვებთან ერთად პოლიციის ინსპექტორი – ილია კუკალაძე დაზარალდა.

თარაშ მუკბანიანი
თარაშ მუკბანიანი

 

 

ეს ინციდენტიც ღამის კლუბს უკავშირდება. სასამართლო დადგენილების მიხედვით, ამ შემთხვევაშიც: „დისკო კლუბის სტუმრებისა და მათი ხულიგნური ქმედების აღკვეთის მიზნით მისულ დისკო-კლუბის თანამშრომლების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის გამოყენებით [რამაზ დ.მ და მისმა თანმხლებმა პირებმა ]უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, გამოხატა კლუბში და კლუბთან მყოფი საზოგადოების წევრების მიმართ აშკარა უპატივცემულობა, ხოლო დისკო-კლუბში  მყოფ პირ ი.გ-ს სხვა საგნის – სავარძლის გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“.

 

ზაფხულში მომხდარ სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშვედ ცნო რამაზ დ. და 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ, 11 დღის წინ გაათავისუფლა.

 

წარსულში ასევე ორჯერ არის გასამართლებული მეორე ბრალდებული ბესიკ მ. ერთხელ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის, ხოლო 2007 წელს ის გაასამართლეს გამოძალვის მუხლით. ბესიკ მ.ს წარსულში ჩადენილი ორივე დანაშაული გაქარწყლებული აქვს და დაპატიმრებამდე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში კონტროლიორად მუშაობდა.

 

სამართალდამცავებმა ბრალდებული რამაზ დ- საარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, ხოლო ბესიკ მ. მას შემდეგ, რაც მკვლელობის ღამეს ის გადავიდა თურქეთში, შემდეგ კი ისევ დაბრუნდა საქართველოში. გამოძიებაში მოწმის სტატუსით დაბარებული ბესიკ მ. მოწმეთა ჩვენებისა და ამოცნობის პროცედურების ჩატარების შემდეგ იქნა დაპატიმრებული.

 

ბრალდებული ბესიკ მ. არის ცოლშვილიანი. ცოლ-შვილი ჰყავდა ასევე გარდაცვლილ პოლიციციელ თარაშ მუკბანიანს.  

 

რამაზ დ.-ს ადვოკატმა  სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით 200 ათასი ლარის გირაო შესთავაზა უძრავი ქონების სახით, ხოლო ბესიკ მ-მ 5 ათასი ლარის გირაო, ასევე უძრავი ქონების სახით. მოსამართლემ კი აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რამაზ დ.ს 7-დან 15-წელი (108-ე)  და  2-დან 5-წელი (239 მუხლის 2 პუნქტის ა და გ ქვეპუნქტები), ხოლო ბესიკ მ.ს 2-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: