სიახლეები

წარმატებული და წარუმატებელი 2014 წელი

30.12.2014 •
წარმატებული და წარუმატებელი 2014 წელი

 

სულხან სალაძე


სულხან, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2014 წელს ქვეყნისთვის და რამდენად წარმატებული იყო ამ პროცესებში ხელისუფლება?

ყველაზე დიდი წარმატება ქვეყნისთვის იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და ეს არ განისაზღვრება მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმატებით. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც საქართველომ დამოუკიდებლობის წლების შემდეგ მიაღწია. თუმცა, ამავე დროს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და უფრო მეტ გამოწვევაზე სათანადო მზადყოფნას და უფრო მეტი დემოკრატიული პროცესების გატარებას საჭიროებს, ვიდრე აქამდე ყოფილა. ვფიქრობ, ეს იმდენად დიდი გამოწვევაა, რომ ხელისუფლების ცალკეულ ჯგუფებს შეიძლება ბოლომდე არც კი ჰქონდეთ გაცნობიერებული, თუ რა დონის რეფორმები უნდა ჩაატარონ იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი ევროკავშირის წევრობით დასრულდეს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო თვითმმართველობის არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ დიდი აქტივობით არ გამოირჩეოდა. ხელისუფლების გადაცემის პროცესი, რაც დაიწყო 2012 წლიდან, მეტ-ნაკლებად მაინც კარგად მიდის და იმედი მაქვს, ეს პროცესი მომავალში უფრო დახვეწილი იქნება.

 

ყველაზე მეტი კრიტიკა ხელისუფლებამ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების, ლარის ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდის გამო მიიღო ამომრჩევლისგან. თქვენი აზრით, რისი შეცვლა შეეძლო ხელისუფლებას?
 

ორ ან სამ წელიწადში რადიკალური ცვლილებები არ შეიძლება, თუმცა, ხელისუფლებას აშკარად აკლია ეკონომიკურ პოლიტიკაში გამოცდილება და არა მარტო ამ მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკა მეტწილად დამოკიდებულია გარე პროცესებზე, რადგან შიდა ეკონომიკა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ახდენს გავლენას დასაქმებაზე, სახელფასო ბადეზე და ეკონომიკურ წინსვლაზეც. შიდა წარმოებაზე გადასვლა კი არ არის იოლი.

 

კულტურული მემკვიდრეობა როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების დილემა აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე?
 

ვფიქრობ, საყდრისთან დაკავშირებით ძალიან ბევრი თემა იკვეთება, თუმცა ეკონომიკური კეთილდღეობა თუ კულტურული მემკვიდრეობა – საკითხის ასე დაყენება არასწორია. ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობა გამოიყენება ეკონომიკური სარგებლისთვის და არა ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ. ამის უამრავი მაგალითი არსებობს მსოფლიოში, ჩვენთან, სწრაფი და საეჭვო ფულის სახელით ხშირად ხდება ძეგლის გაწირვა. თუმცა, პრობლემები მხოლოდ ამ მიმართულებით არ არის. პრობლემებია გარემოს დაცვის საკითხებში, ხშირად არ არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, ინფორმაცია, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ადამიანებს.

პრობლემად რჩება სამართალდამცავი სისტემაც. ბევრად სერიოზული რეფორმაა საჭირო ამ მიმართულებით. პროკურატურის საქმიანობა გარკვეულ სუბიექტურ შეფასებით ელემენტებს მართლა აჩენს და ამაში მარტო იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ვინმეს სუბიექტურად დევნიან, არამედ ვგულისხმობ იმასაც, რომ ბევრ საქმეში პროკურატურა არ არის სათანადოდ მომზადებული. ეს ცუდია მისი იმიჯისთვის. მნიშვნელოვანი იყო მოსმენებთან დაკავშირებული თემა. უცნაური იყო ის, რომ არც ერთი უწყება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები განიხილავდნენ, ვისაც შეიძლებოდა გადასცემოდა მოსმენების გასაღები, ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ასე რომ, შს სამინისტროს თუ სხვა უწყებას მაინც შეუძლია მოსმენის განხორციელება.

 

ხელისუფლება აცხადებდა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას ამის გამო. რატომ არჩია ხელისუფლებამ წინამორბედის გზას დასდგომოდა მოსმენების საკითხში?
 

 

მე მაინც მგონია, რომ ძალოვანი სტრუქტურები ეს ის სფეროა, რომელსაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს) ხელისუფლების დასაყრდენ ძალად მიიჩნევენ. დროთა განმავლობაში ესეც შეიცვლება ალბათ, რადგან, როცა ასოცირების ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, აქ საუბარია რეფორმების კომპლექსურ გატარებაზე, რაც თავისთავში ძალოვანი უწყებების რეფორმასაც მოიაზრებს.

 

წელს საკმაოდ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. თქვენ როგორც იურისტი, რომელ კანონს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად?

მე გამოვყოფდი მიწის შესახებ კანონს, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის შესყიდვის უფლება შეეზღუდათ. ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომები დაუშვა და თვითონაც აღიარა შემდეგ. ამ ტიპის შეცდომა კანონმდებლობაში, როგორც წესი, უარყოფით შედეგებს იძლევა და მის გამოსასწორებლად რამდენიმე წელი შეიძლება გახდეს საჭირო. პოზიტიური იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. მართალია, ბევრი ხარვეზი აქვს ამ პროგრამას, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. როცა ხელისუფლება გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იდეალური არ არის. ვფიქრობ, უნდა გაიზარდოს საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობაც, რადგან ყველა ის აქტივობა, რომელიც წელს განხორციელდა, იყო ეს გარემოს თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, არ ატარებდა მასობრივ ხასიათს, უფრო კონკრეტული ჯგუფების აქტივობა იყო. ეს კი არ მოიცავდა იმ ტიპის ზეწოლას, რომელიც აუცილებელია კონკრეტული რეფორმების დასაწყებად.


ერთ-ერთი ხმაურიანი თემა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც მნიშვნელოვნად უნდა შეეცვალა მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. წელს რელიგიური კონფლიქტების ბევრი შემთხვევა გვქონდა. ამ პროცესებში როგორი იყო ხელისუფლების როლი?

 

ხელისუფლებას უჭირს კონკრეტულ თემებზე საზოგადოებასთან დიალოგი, ხოლო სხვა ინსტიტუციები უფრო აქტიურობენ მოსახლეობაში. ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ ანტიდისკრიმინაციული კანონის როგორც საფრთხის თაობაზე, მათ არც კანონი ჰქონდათ წაკითხული და არც ხელისუფლებას მიუწოდებია მათთვის სრული ინფორმაცია.

 

რატომ გაუჭირდა ხელისუფლებას დიალოგი საზოგადოებასთან?

 

იმიტომ, რომ მას არ აქვს მკაფიო ხედვა ამ მიმართულებით. წელიწადში რამდენჯერმე სარეკლამო რგოლების დამზადება და ბუკლეტების დარიგება საკმარისი არ არის. საქართველო არ არის მხოლოდ ის, რაც დედაქალაქში ხდება, გაცილებით რთული პრობლემებია რეგიონებში, სოფლებში. ამ მიმართულებით ხელისუფლებას მომავალში უფრო მეტი გამოწვევა ექნება, რადგან ქართულმა სახელმწიფომ იმდენს მაინც მიაღწია, რომ ხელისუფლებაs, რომელიც ვერ ატარებს მნიშვნელოვან ცვლილებებს,  ცხრა ან ათი წელი ისევ ადროვონ.

 

ხელისუფლებას მიაჩნია, რომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ოჯახური ძალადობის და ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ, თუმცა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე, რომელიც ქმრის ნათესავებმა და თანასოფლელებმა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, არც კი დაუწყიათ ძიება. ეს საქმე იქნება ამ ხელისუფლების ტესტი ადამიანის უფლებებზე?

 

ხანუმ ჯეირანოვას საქმე მხოლოდ ხელისუფლებისთვის არ არის ტესტი, აქ საზოგადოებასაც მიუძღვის როლი, რადგან საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ არაერთგვაროვანია. სერიოზული რეფორმაა საჭირო განათლების სისტემაში. გაცილებით მეტი თანხა უნდა ჩადოს განათლებაში, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას უნდა მისცეს უცხოეთში წასვლის, განათლების მიღების საშუალება. ჩემი აზრით, სწორედ ამ ტიპის რეფორმებით იქნება შესაძლებელი ბევრი პრობლემის დაძლევა. როცა ერთ წელიწადში 26 ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, მცირე გააქტიურება ვერ მოგვცემს შედეგს. განათლებაზე, უცხო ენებზე ხელმისაწვდომობა აუცილებელია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო განვითარებისთვის.

 

 რომ შევაჯამოთ, იყო ეს წელი ხელისუფლებისთვის წარმატებული თუ სისუსტეები უფრო სჭარბობდა?
 

 

იქნებოდა წარმატებული, თუმცა საყდრისის საბადოსთან დაკავშირებულმა ქმედებებმა ბევრი რამ გადააფასა. ვფიქრობ, ამას სერიოზული გაგრძელება ექნება 2015 წელსაც, რადგან საყდრისი არ არის მხოლოდ ერთადერთი მაგალითი, ხვალ კიდევ ბევრი საყდრისი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: