სიახლეები

ახალი კანონი – სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ დევნილებსა და ეკლესიას

30.12.2014 • 1493
ახალი კანონი – სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ დევნილებსა და ეკლესიას

 

ეკლესიისთვის ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების ფაქტობრივად უსასყიდლოდ – სიმბოლურ 1 ლარად – გადაცემა კანონით აქამდეც დასაშვები იყო. მხოლოდ  მიმდინარე თვეში, ეკლესიას 111 800 კვ/მ მიწის ნაკვეთები თითო ლარად, ჯამში 3 ლარად, მარტო საქართველოს მთავრობამ გადასცა. ეკლესიის ერთადერთი ვალდებულება კი სახელმწიფოს წინაშე ისაა, რომ აღნიშნული 3 ლარი ერთი თვის განმავლობაში ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს.

 

 

ახალი კანონით ხელისუფლებამ საპატრიარქო ქონების ნაცვლად სიმბოლური 1 ლარის გადახდისგანაც გაათავისუფლა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ხელი 11 დეკემბერს მოაწერა, ერთ-ერთ მუხლში უკვე პირდაპირაა აღნიშნული, რომ: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას“.

 

ამ კანონის მიხედვით, მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობას წარუდგენს უშუალოდ ქონების მმართველი, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების მმართველსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.

 

ორი თვით ადრე, 2014 წლის სექტემბერში კი გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება (№1-1/242), რომლითაც სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში შევიდა ცვლილებები და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას შემძენი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას – სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება ასევე იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.“

 

ამავე ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ „ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, მიმდინარე, დეკემბრის თვეში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცა შემდეგი სახელმწიფო ქონება:

 

ქალაქ თბილისში, ლესელიძის ქუჩა №41-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №7-ში, II სართულზე და მანსარდში არსებული 423,34 კვ/მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;

 

ქალაქ თბილისში, ნორიოს აღმართ №36-ში (კუკიის სასაფლაო) არსებული 108,49 კვ.მ ვერანდა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი;

 

ქალაქ თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩა №12-ში მდებარე 1200 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში მდებარე 20325 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარე 12713 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

 

ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარე 77562 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

ორი თვის წინ მთავრობამ ასევე 1 ლარად, ეკლესიას გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 97 ძირი კრიპტომერიის ხის მორი: 3 ცალი 9-მეტრიანი, 26 ცალი 4-მეტრიანი და 68 ცალი 8-მეტრიანი, საერთო მოცულობით: 93,1 მ/კუბი.

 

გარდა ქონების გადაცემისა, მთავრობა ეკლესიას პირგასამტეხლოსგანაც ათავისუფლებს. მთავრობის ერთ-ერთი ბოლო განკარგულებით: „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (საქართველოს საპატრიარქო) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 2009 წლის 8 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული /დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან“.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს პროექტების მენეჯერმა, იურისტმა გია გვალავამ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში პირველი მიწათმფლობელია, რომელსაც  აქვს ძალიან დიდი მიწის ნაკვეთები გადაცემული. ნაწილი აქედან, მას ეკუთვნოდა კონკორდატით, როგორც  ეკლესია-მონასტრებისა თუ მათი მიმდებარე ტერიტორია. თუმცა, არის ისეთებიც, რომლებიც იყო საზოგადოების სარგებლობაში და გაუგებარია, რა პრინციპით გადაეცა ისინი ეკლესიას“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: