სიახლეები

აჭარის მთავარი მაშველი ახლო ხედით

28.12.2014 • 2253
აჭარის მთავარი მაშველი ახლო ხედით

მამუკა თურმანიძე

ბატონო მამუკა, როგორც სამაშველო სამსახურის უფროსი, როგორ შეაფასებთ 2014 წელს, მძიმე სამუშაო წელი გქონდათ?

2014 წელი კატაკლიზმებით დაიწყო, უხვი ნალექი მოვიდა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, რამაც გამოიწვია სპეციალური სამსახურების პარალიზება, ერთადერთი დასაყრდენი მოსახლეობისთვის იყო სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მიდიოდნენ საჭიროების მქონე პირებთან, ჩვენს თანამშრომლებს უწევდათ სასწრაფო დახმარების ფუნქციების შეთავსებაც, საკაცეზე დაწვენილი ავადმყოფები სამი-ოთხი საათის სავალ გზაზე ჩამოჰყავდათ ფეხით, მათ შორის ფეხმძიმე ქალებიც, რომლებმაც იმშობიარეს რამდენიმე საათში.

საგზაო დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაც გვიწევდა, ძალიან მძიმე დღეები იყო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ოჯახი არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ. ამას უძღვოდა მძიმე ტურისტული სეზონი, წელს ტურისტების შემოსვლით, მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რომელიც არ დაფიქსირებულა საქართველოში კომუნისტური პერიოდის შემდეგ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა რეგიონიდან გასვლა გვიწევდა. შემოდგომაზე იყო სამი საგანგებო მდგომარეობა აჭარაში, ექვსბალიანი შტორმით. მძიმე წელი იყო, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია სამაშველო ოპერაციებისთვის თავის გართმევა. 25 პროცენტით გაიზარდა წელს გამოძახება, უპრეცედენტო ნიშნულს ვუახლოვდებით. შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი სეზონი წარმატებით სრულდება, რადგან წელს ჩვენი მუშაობის შედეგად შემცირებულია გარდაცვლილთა რიცხვი.

სამაშველო სამსახურში რამდენი ხანია მუშაობთ?

2011 წლიდან – ერთი წლის განმავლობაში ვიყავი სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე, შემდეგ ჩვენმა ხელმძღვანელმა გადაინაცვლა სხვა სამსახურში, მე დავინიშნე სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ექვსი თვის შემდეგ კი _ უფროსად.

აქ მოსვლამდე სად მუშაობდით?

ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, სკოლის დასრულების შემდეგ ვმუშაობდი სამკერვალო ფაბრიკაში, მერე გამიწვიეს ჯარში, მერე თამბაქოს ქარხანაში დავიწყე მუშაობა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ათი წლის განმავლობაში პირველ არხზე ვმუშაობდი, დავიწყე ოპერატორად და იქ მუშაობა დავასრულე რეჟისორის ამპლუაში. შემდეგ აღმოვჩნდი 31-ე საავიაციო ქარხნის უსაფრთხოების სამსახურში, ვიყავი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ დაცვაში, ოღონდ მაშინ ის პრემიერი არ იყო.

ჟურნალისტები ხშრად ამბობენ, რომ ყველაზე რთულ დროსაც პასუხობთ ჟურნალისტების შეკითხვებს, მოგწონთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს საჭიროა თქვენი სამსახურისთვის?

ტელევიზიაში მუშაობის ათი წლის შედეგია ის, რომ მოგვარებული მაქვს ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ვიცი რას აკეთებენ ჟურნალისტები, როგორ სჭირდებათ ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო, თუ არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ ასე, ერთი მხრივ, არის ჩემი გამოცდილება და მეორე მხრივ, ვფიქრობ, საჭიროა ჩვენი სამსახურის პოპულარიზაცია. ადამიანებმა ბოლო-ბოლო გაიგეს, რომ არსებობს სამაშველო სამსახური, რომელსაც შეიძლება მიმართო. წელს 112-ის მანქანებს უთმობდნენ გზას, ადრე ასე არ იყო, მხოლოდ უცხოელები გვითმობდნენ. ხოფის ბაზრობის აფეთქების თემაზე რომ ვთქვათ, თუ ჟურნალისტებმა არ გააშუქეს ეს თემა შესაბამისად, არ მოხდება დროული რეაგირება, ჟურნალისტები სვამენ კითხვებს, გვთავაზობენ ექსპერტების მოსაზრებებს, რითაც ნათელია, რომ ფეთქებადი ნივთიერებები არ უნდა იყიდებოდეს მსგავს დაწესებულებებში. ჩემი საუბარი ამ თემაზე მხოლოდ კაბინეტში ვერ შეცვლის ვერაფერს, ჩვენ ვიბრძვით პრევენციისათვის, მედია კი გვიმცირებს სამუშაოს.

თქვენი სამსახური გადადის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი ხომ არ დააზარალებს სამაშველოს მედიასთან ურთიერთობის  თვალსაზრისით?

შსს ერთ-ერთი სამმართველოს სახით გავაგრძელებთ მუშაობას იანვრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ გამიჭირდება ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ადამიანი, რომელიც ატარებს სამუშაო ფორმას, უნდა იყოს ბრძანების მორჩილი, აქამდე მაძლევდნენ საშუალებას დამემყარებინა კომუნიკაცია მასმედიასთან, მე არ მეზარებოდა ღამის საათებში ჟურნალისტების ზარებზე პასუხი, მათ ვაგებინებდი ამბავს. სამწუხაროდ, ამას ვეღარ შევძლებ. ეს ფაქტი არ მახარებს, თუმცა მე ყველაზე დიდ დისკომფორტს შემიქნის ის, თუ არ შევასრულებ იმ ბრძანებას, რომელსაც დამავალებენ.

თქვენი ამ სამსახურში მუშაობის განმავლობაში რომელი მომენტი გახსენდებათ ყველაზე რთულად?

ახალსოფელში, ეკლესიის ჩამონგრევა მახსენდება. 40-ტონიანი გუმბათი ჩამოიშალა და მოიყოლა ოთხი სტიქაროსანი. ჩვენმა თანამშრომლებმა შეუძლებელი შეძლეს, რთული ვითარება იყო, სამწუხაროდ, ორი სტიქაროსანი გარდაიცვალა, ორის გადარჩენა კი, შემიძლია თამამად ვთქვა, ჩვენი ბიჭების დამსახურებაა, ბეტონის მასის ქვეშ შეძვრნენ მაშველები და გამაყუჩებლები გაუკეთეს სტიქაროსნებს, სასწრაფოს ექიმებმა ეს ვერ შეძლეს. მაშველები განსაცდელის გამო არ წუწუნებენ, იციან რა სამსახურშიც არიან. მე, პირადად, ყველაზე მძიმედ განვიცადე ერთი შემთხვევა: თბილისში მივლინებით ვიყავი, მეგობრის ოჯახში მეზობლის პატარა ბიჭმა დახმარება გვთხოვა, გვითხრა, რომ პაპა უკვდებოდა. როცა მივედი იმ ადამიანთან, უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა გულის მასაჟითა და ხელოვნური სუნთქვით მოვაბრუნე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჟანგბადი არ მქონდა, სასწრაფომ კი დაიგვიანა. დღემდე განვიცდი ამას, ჟანგბადი რომ მქონოდა, ადამიანს გადავარჩენდი.


მამუკა თურმანიძე

ხშირ შემთხვევაში თავად გადიხართ შემთხვევის ადგილზე, გაქვთ ვალდებულება ოპერაციებში ჩართვის?

ჩემი უშუალო ვალდებულება არ არის, რომ ვესწრებოდე ოპერაციებს, ჩემი ფუნქციაა სამუშაო ადგილიდან დავგეგმო ოპერაცია, მაგრამ არ შემიძლია შედეგის ლოდინი სამსახურში, ვასწრებ ოპერაციაზე მისვლასაც, სამაშველო ოპერაციების 80 პროცენტს ვესწრები. მაშველი როცა ხედავს, რომ ხელმძღვანელი გვერდითაა, გაათმაგებულად მუშაობს, უფრო მონდომებულია, მეც ვერთვები სამაშველო პროცესებში.

გადაბმულად რამდენ ხანს გიმუშავიათ?

ქალაქის დატბორვისას ხუთი დღის განმავლობაში მაშველები სახლებში არ მივსულვართ, მხოლოდ რამდენიმე საათით ვისვენებდით ისევ ოფისში.

როგორი სამუშაოს შემდეგ ხართ კმაყოფილი?

ჩვენი სამსახურის კმაყოფილება მრავალგვარია, გააჩნია რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კმაყოფილი ვარ, როდესაც ადამიანს გადავარჩენ და კმაყოფილი ვარ მაშინაც, როცა გარდაცვლილს ვიპოვი, შარშან, მაგალითად, სომხეთიდან ჩამოსულ ბიჭს სამი დღე ვეძებდით ზღვაში, ცოლთან და ცოლის ძმასთან ერთად იყო ჩამოსული, ზღვაზე ისვენებდნენ, მოულოდნელად ტალღები ამოვარდა, ცოლმა და ცოლის ძმამ არ იცოდნენ ცურვა, ეს ბიჭი, ფაქტობრივად, ორივეს იჭერდა, ჩვენმა მაშველებმა მათი გამოყვანა შეძლეს, მაგრამ ამ ბიჭის გამოსაყვანად რომ შეტრიალდნენ, ვეღარ იპოვეს. მამაც ჩამოფრინდა მერე ამ ბიჭის, მახინჯაურში ვიპოვეთ სამდღიანი ძებნის შემდეგ. ჩემთვის ბედნიერება იყო, რომ ჭირისუფალს მიცვალებული დავუბრუნეთ. ჩვენი მაშველები როცა ადამიანი არის გადასარჩენი, ექვსბალიან შტორმშიც ითხოვენ ზღვაში შესვლის უფლებას, მაგრამ მე ამ უფლებას ვერ გავცემ, ნიახურივით მეორედ ვერ მოვლენ.

კურიოზულ შემთხვევას გაიხსენებთ?

ზღვაზე, „ალი და ნინოს“ ძეგლთან მივიღეთ გამოძახება. წყლიდან ამოვიყვანეთ ქალი, საკაცეზე გვეწვა უკვე, როცა მოვარდა სამი პატარა გოგონა, ორიდან ათ წლამდე თუ იქნებოდა მათი ასაკი, ცოტა მოვასულიერეთ ეს ქალი თუ არა, დაიწყო ბავშვებზე ზრუნვა, დაისვა პატარა და ძუძუს წოვება დაუწყო, ჭამის დრო აქვსო. თვითონ არ იყო კარგად, კუჭის ამორეცხვა სჭირდებოდა, ვთხოვე ქმრის ნომერი მოეცა, რომ ბავშვები დაგვეტოვებინა მამისთვის, იუარა, არ მოგცემთ, ერთი კვირის წინ ინფარქტი მიიღო, ეს რომ გაიგოს, გული გაუსკდებაო. გავაყოლე ქალი სასწრაფოს, მივიყვანე ბავშვებიც საავადმყოფოში, რეამინაციაში შეყვანამდე ისევ ვთხოვე ქმრის ნომერი და არ მომცა, თითქმის უკვე შეყვანილი ჰყავდათ რეანიმაციაში, გააჩერებინა საკაცე და დამიძახა: ორ საათზე შუათანას ჭამის დრო არისო! –  ეს თქვა და შეიყვანეს, მე დამრჩა ეს სამი ბავშვი, საითაც წავიდოდი, ყველგან მომსდევდნენ უკან დედიკო-დედიკოს ძახილით, ბოლოს ექთნებმა დაიტოვეს.

რამდენია მაშველის ხელფასი და თუ სარგებლობთ სახელმწიფო დაზღვევით?

630 ლარი აქვთ ანაზღაურება, ჩვენ ასევე გვაქვს საპრემიო ფონდი, წელს თითქმის მთლიანად ამოვწურეთ ეს ფონდი მაშველების წასახალისებლად. 2011 წლამდე მაშველებმა არ იცოდნენ პრემია რა იყო, ამ პრემიის ხარჯზე თითქმის ათას ლარამდე აუდით ანაზღაურება ყოველთვიურად, მაქსიმუმი საპრემიო თანხა არის ხელფასის 100 პროცენტი. ყველა იღებს თავისი დამსახურების შესაბამის პრემიას, მაგალითად, 100 პროცენტი პრემია მიიღო მაშველმა, რომელიც შევიდა ხუთბალიან შტორმში და გამოიყვანა მსხვერპლი, რომელმაც თავი დაიხრჩო, გემებს შორის იყო გვამი, სხვა ვერაფრით მივუდექით. სახელმწიფო დაზღვევით არ ვსარგებლობთ, ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური დაზღვევა.

რა ტიპის სამუშაოები მოგწონთ?

მე მომწონს, როცა სამუშაო მთაშია, ბუნებაში ყოფნა მომწონს. აჭარაში არ დარჩენილა ადგილი, სადაც არ ვყოფილვარ.

თქვენი სამსახურის მიმართ მადლიერებას თუ გამოხატავენ მოქალაქეები?

რა თქმა უნდა, ცდილობენ მაშველებს რამე აჩუქონ ან სადმე დაპატიჟონ, მაგრამ ამის უფლება არ აქვს მაშველს. მე ყველას ვეუბნები, თუ გსურთ მადლობის გადახდა მაშველისათვის, დარეკეთ 112-ზე და თქვით, რომ მაშველმა კარგად იმუშავა. მაშველებს რაც შეუძლიათ აკეთებენ, ჩვენ მადლობასაც შეჩვეული ვართ და უკმაყოფილებასაც, ადამიანებს ზოგჯერ ისეთი ზარალი ადგებათ, რომ შეუძლებელია არ იყვნენ უკმაყოფილო.

თქვენი ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენი სამსახურის მიმართ?

თავადაც შევეჩვიეთ ამ რეჟიმს და შევაჩვიეთ ჩვენი ოჯახის წევრებიც. თუ ამ სამსახურში ხარ, უნდა გააკეთო ეს. ძალიან ვეცოდები ამ რეჟიმისთვის ოჯახის წევრებს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეეჩვიენ. ღამით რომ მივდივარ სახლიდან, ცოტას აპროტესტებენ, მაგრამ მერე უკვე გულშემატკივრობენ. ჩემი მეუღლე სხვა ოთახში იმის გამო გადავიდა, რომ ღამის სამ საათზე ჩემთან დარეკილი ზარები აღვიძებს და მერე თვითონაც ვეღარ ისვენებს.

თქვენი სამომავლო გეგმები როგორია, კარიერულ ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?

ბავშვობიდან მიყვარს ადამიანების დახმარება, ახლა სწორედ იქ ვარ, სადაც შემიძლია ეს საქმე გავაკეთო. ცვლილებები სამაშველო სფეროში იგეგმება, ჩვენ გვემატება სამოქალაქო უსაფრთხოება. უსაფრთხოების წესებს შევიმუშავებთ, ამის სტატუსიც გვექნება და მოთხოვნის უფლებაც. ისეთ ობიექტებში, სადაც მასობრივად არიან ადამიანები, ჩვენ ჩავატარებთ ინფორმაციულ შეხვედრებს, საგანგაშო სირენები უნდა აღვადგინოთ დაწესებულებებში.

გადაბეჭდვის წესი