ბათუმი

96 ათასი ლარი ბათუმის მერიის შენობის დასუფთავებისთვის

28.12.2014
96 ათასი ლარი ბათუმის მერიის შენობის დასუფთავებისთვის

 

მომავალ წელს მერიის შენობებს ის კომპანია დაასუფთავებს, რომელიც ანალოგიურ სამუშაოს მიმდინარე წელშიც ასრულებდა. შპს „სუფთა სამყარო აჭარაში“ წელს მერიის საოფისე და არასაოფისე ფართობებს 98 ათას 919 ლარსა და 97 თეთრად ასუფთავებდა, მომავალ წელს კი, თითქმის იგივე სამუშაოს 96 ათას ლარად შეასრულებს.

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობების საოფისე და არასაოფისე ფართობი ჯამში 4817 კვ/მეტრია, რომლის დასუფთავებას თვეში 3612 ლარზე მეტი, ანუ წელიწადში 43 ათას ლარზე მეტი დასჭირდება. 216 ფანჯრის გაწმენდაში მერია წელიწადში 3 700 ლარამდე, ხოლო 11 ცალი ფარდის გარეცხვაში 99 ლარს გადაიხდის; 2277 ლარი დასჭირდება 69 ვიტრაჟის დაწმენდას, ხოლო 120 კვ/მ ხალიჩების წმენდას – 3500 ლარზე მეტი.

 

დერეფნებისა და კაბინეტების 15 ჭაღის დაწმენდაში მერია მომავალ წელს 504 ლარს გადაიხდის, ხოლო ჰოლის დიდი ჭაღი მხოლოდ ერთხელ,  25 ლარად გაიწმინდება.  ერთხელ ჩამოირეცხება ლუკა ასათიანის 25 ნომერში მდებარე შენობის გარე ფასადიც, რომელშიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 647 ლარსა და 96 თეთრს გადაუხდიან.

 

ბათუმის მერია ერთი სველი წერტილის ყოველდღიურ დალაგებაში, ქიმიურ დასუფთავება-დეზინფექციასა და საჭირო ჰიგიენური ნივთებით მომარაგებაში თვეში 120 ლარს, წელიწადში კი ჯამში 38 880 ლარს გადაიხდის (მერიის შენობებში ყოველდღიურად 27 სველი წერტილი უნდა დალაგდეს).

 

ელექტრონულ ტენდერში, რომელიც 19 დეკემბერს დასრულდა, ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „სუფთა სამყარო აჭარაში“ და შპს „სისუფთავის სერვისი“. ამ უკანასკნელმა მერიას თავისი მომსახურების საბოლოო ღირებულება, პრეტენდენტისგან განსხვავებით, ერთი ლარით ნაკლები – 95 999 ლარი შესთავაზა. სატენდერო კომისიამ კი დაზუსტებული დოკუმენტაციის ერთ დღეში წარმოუდგენლობის გამო მისი დისკვალიფიკაცია მოახდინა.

 

„დაზუსტებული დოკუმენტაცია“ კომისიაში მოთხოვნილებისამებრ, ერთ დღეში წარადგინა  „სუფთა სამყარო აჭარამ“, რომელსაც  შესაბამისი ხელშეკრულების მაქსიმუმ ოთხი დღის ვადაში გაფორმება, 25 დეკემბერს, წერილობით აცნობეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: