სიახლეები

ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე გახდება

29.12.2014 • 2325
ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე გახდება

 

„მას არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს. ეს იყო საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილება. ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატურაა ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჯემალ მუსხაჯბამ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

 

ხელვაჩაურის საკრებულომ 30 დეკემბერს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკვე დაანონსა.

 

საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე ასლან კახიძე ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია და ის ამ პარტიდან ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ დრომდე მის მოვალეობას მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ასრულებდა. საკრებულოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხლებოდა, თუმცა, როგორც ჯემალ მუსხაჯბამ „ ბათუმელებს“ უთხრა, მან ამ თანამდებობაზე უარი თქვა.

 

ჯუმბერ ბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „შეიძლება სხდომაზე სხვაც დასახელდეს და ის საკრებულოს თავმჯდომარე ვერ გახდეს“, ამიტომ წინასწარ კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

ჯუმბერ ბერიძე 2004-2006 წლებში დასავლეთ საქართველოს ბათუმის სამმართველოს საბაჟო გაფორმების განყოფილების უფროსად, მანამდე კი ბათუმის საბაჟოს ცვლის უფროსად მუშაობდა. 1998-2004 წლებში სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის საინსპექტორო სექტორის ინსპექტორი იყო.

 

1992-1998 წლებში ჯუმბერ ბერიძემ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის, საზღვაო ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1990-1992 წლებში ბათუმის საბაჟოს უფროსად, 1986-1990 წლებში ბათუმის საბაჟოს ოპერატიული განყოფილების უფროსად, 1981-1987 წლებში ბათუმის საბაჟოს უფროსი  ინსპექტორად მუშაობდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: