კვირის ამბები

2014 წლის გახმაურებული საქმეები “ბათუმელებში“

27.12.2014 • 2840
2014 წლის გახმაურებული საქმეები “ბათუმელებში“


პატიმრების წამებაში ბრალდებულების  გირაოთი გათავისუფლება


ბათუმის მესამე საპყრობილის დირექტორი გიორგი ვეკუა და მისი მოადგილე ზაზა  ჯიქია ათეულობით პატიმრის არაადამიანურ, დამამცირებელ და სასტიკად მოპყრობაში არიან ბრალდებულები; გიორგი ვეკუა 15 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გაათავისუფლა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კი გირაოს – 12 ათასი ლარის საფუძველზე ასევე პატიმრობიდან გაათავისუფლა გიორგი ვეკუას მოადგილე, ზაზა ჯიქია. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ყოფილმა პატიმრებმა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბრალდებულების დაკავება სთხოვეს: „ბატონო მოსამართლე, შეშის ქურდი ციხეში ზის და მწამებელი თავისუფლად დადის ქუჩაში, გთხოვთ დააპატიმრეთ ისინი“.

 

რატომ არის ბათუმის ციხის უფროსის ბიოგრაფია საიდუმლო?!


პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის №3 დაწესებულების დირექტორის, ალექსანდრე პეტროსიანის ბიოგრაფიას საქართველოს  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  სამინისტრო ასაიდუმლოებს. წერილით, რომელიც სამინისტროს „ბათუმელებმა“ 2014 წლის 12 თებერვალს გაუგზავნა, რედაქცია სამინისტროსგან ბათუმის ციხის დირექტორის ავტობიოგრაფიას ითხოვდა. თითქმის შვიდი თვის შემდეგ მიღებულ პასუხში წერია, რომ სამინისტროს ციხის დირექტორის ავტობიოგრაფია პერსონალურ ინფორმაციად მიაჩნია და ამიტომაც მის მოწოდებაზე უარს გვეუბნება, ანუ ასაიდუმლოებს.

 

ახალი პროკურორი


2014 წელს აჭარის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი გახდა. ისიც თავისი წინამორბედის მსგავსად ამბობს, რომ რეზონანსული საქმეების გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა. ასევე წინამორბედის მსგავსად ვერ დაასახელა სავარაუდო თარიღი, როდის დასრულდება ამ საქმეების გამოძიება. თუმცა წინამორბედისგან განსხვავებით, საკუთარ თავს მედიასთან დამოუკიდებელი ურთიერთობის უფლება ვერ მისცა. ტყეშელაშვილის დანიშვნის შემდეგ, როგორც ადვოკატები ამბობენ, აჭარაში გართულდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. პროკურორმაც `ბათუმელებთან~ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ადამიანს მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, საპროცესო შეთანხმებას ასეთ დროს არ აფორმებენ. შოთა ტყეშელაშვილი 2012 წელს „გლობალის“ სატელიტური ანტენების დაყადაღების საქმეში იყო პროკურორი. მაშინ პროკურორ ტყეშელაშვილის განმარტებით, გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. 

 

პოლიციის ახალი უფროსი აჭარაში


აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვალერი თელია თანამდებობიდან გადააყენეს. თელია აჭარაში დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სკანდალში გაეხვა – პოლიციის უფროსს ინციდენტი მოუხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელთან, რომელსაც არაერთი თვითმხილველის თანდასწრებით ტანსაცმელი შეახია და მისი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთი სათვალთვალო კამერიდან ამოიღეს, შს სამინისტროს განმარტებით, ამოღების დროს დაზიანდა. სამინისტრომ ალტერნატიული სათვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრები გაავრცელა. ამ კადრებზე პოლიციის უფროსის ძალადობა არ ჩანდა.

ვალერი თელია დავით თამაზაშვილმა ჩაანაცვლა. რომელიც შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. უფრო ადრე კი დავით თამაზაშვილი თავდაცვის სამინისტროში – გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. დავით თამაზაშვილი ანსამბლ „ქართული ხმების“  ერთ-ერთი გარდაცვლილი წევრის, გურამ თამაზაშვილის შვილია.

 

იეჰოვას მოწმეების საქმე

რელიგიური წესის აღსრულებისთვის ხელის  შეშლაში  ეჭვმიტანილი ხუთი სტუდენტი დაზარალებულებმა ამოიცნეს. დაზარალებულების ადვოკატი ამბობს, რომ „გამოძიება შენელებული ტემპით მიმდინარეობს“.  ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან მომხდარი ჩხუბის დროს დაზარალებულები იეჰოვას მოწმეები არიან. თვითმხილველების თქმით, ისინი სტუდენტებმა იმისათვის სცემეს, რომ უნივერსიტეტთან რელიგიურ ლიტერატურას არიგებდნენ. „იეღოველების საქმეს“ პოლიციის ბათუმის მეორე განყოფილებაში იძიებენ. საქმეს აჭარის პროკურატურა ზედამხედველობს. რელიგიური აღმსარებლობისთვის უკანონოდ ხელის შეშლაში ეჭვმიტანილები ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მათ ასობით ადამიანის თანდასწრებით სცემეს სამ მოქალაქეს. გამოძიება სისხლის სამართლის 155-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებმა რელიგიური წესის აღსრულებას შეუშალეს ხელი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.  ამ საქმეს დღემდე იძიებენ.

 

ციხეები

8 თებერვალს ბათუმში, იუსტიციის სახლთან, გეგუთის ციხეში მყოფი პატიმრების ოჯახის წევრების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ გეგუთის ციხიდან უკავშირდებოდნენ და ატყობინებდნენ, რომ ციხეში პატიმრების პირობები გაუარესდა. აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს.

პატიმრებს, რომლებიც არასათანადო პირობებში იმყოფებიან, მაგალითად, არ აქვთ ჯანდაცვისა და განათლების უფლება, წვდომა ჰიგიენურ საშუალებებთან, ან ოჯახთან ხშირი კომუნიკაცია ეზღუდებათ, უფლება აქვთ ადმინისტრაციას პირობების გაუმჯობესება მოსთხოვონ. ფაქტი, როცა პატიმრები თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით ცდილობენ,  იშვიათია. ამის მიზეზად ადვოკატების ერთი ნაწილი კოლეგების არაპროფესიონალიზმს, ნაწილი კი პატიმრების შიშს ასახლებს. 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში 2014 წლის მაისიდან 16 ოქტომბრამდე თვითდაზიანება 59-მა პატიმარმა მიიღო. ამავე პერიოდში ციხეებიდან საავადმყოფოში 3400 პატიმარი გადაიყვანეს.

 

სახალხო დამცველი პატიმრების დარღვეულ უფლებებზე


სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თებერვლის ანგარიშში წერს, რომ #7 დაწესებულებაში პატიმრების უფლებები ირღვევა. დაწესებულებაში არ არის გამართული სავენტილაციო სისტემა, საკნების ნაწილი ნესტიანია, რაც ფილტვის ტუბერკულოზით დაავადების ან განმეორებით დაავადების საფრთხეს ქმნის. დაწესებულებაში არ არის სამრეცხაო, პატიმრებს არ აქვთ საკმარისი თბილი ტანსაცმელი, საკნებს არ აქვს თაროები, რის გამოც პატიმრებს პირადი ნივთები და საკვები იატაკზე ან საწოლზე უწყვიათ. ირღვევა ჰიგიენური ნორმები.

გეგუთის მე-14 დაწესებულებაში 25 წლის ავთო მაისურაძე გარდაიცვალა. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ვარაუდობს, რომ ის მოკლეს. „ბათუმელების“ მოპოვებული  ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საპყრობილეებში დაახლოებით 7 ათასმა პატიმარმა მიიღო სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანება და 378 გარდაიცვალა. 

 

ფარული მოსმენები


უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციით, 2013 წლის მანძილზე და 2014 წლის იანვარსა და თებერვალში ოპერატიულ სამძებრო მოქმედებებზე საქართველოს საერთო სასამართლოების პირველმა ინსტანციებმა განიხილეს 4180 შუამდგომლობა. მათ შორის 2013 წელს განიხილეს 3 699 შუამდგომლობა და დააკმაყოფილეს 3419.

2014 წლის ორ თვეში სასამართლოებმა 524 შუამდგომლობიდან 481 დააკმაყოფილა. უზენაესი სასამართლოს წერილიდან ირკვევა, რომ ისინი ცალკე არ აღწერენ ადამიანებისთვის ფარულად მიყურადება რომელმა საგამოძიებო უწყებებმა მოითხოვეს და რამდენჯერ. შესაბამისად, ფარული მიყურადების სტატისტიკა ცალკე „ბათუმელებს“ უზენაესმა სასამართლომ არ მიაწოდა.

„ბათუმელებმა“ ფარული მიყურადების სტატისტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა შს სამინისტროდან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, ასევე პროკურატურიდან, ანუ ყველა იმ უწყებიდან, რომელსაც აქვს მოქალაქის თვალთვალის უფლება. არც ერთმა ამ უწყებამ არ მიიჩნია საჭიროდ, მოეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

გარდაცვლილი პატიმრის საქმე


გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის ბებია „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მათ მოსყიდვას ცდილობს. გიგას ბებიას თქმით, დიმიტრი დარბაისელმა მედიასთან კონტაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ „სახლის ფუნდამენტის ჩამოსხმა“, ასევე „სახლის აშენებამდე ქირით გადაყვანა“ შესთავაზა. გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე პროკურატურამ სამი მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო გამოძიება. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში დარბაისელი თანამდებობიდან გადადგა.

 

როცა სოფლიდან გასახლებენ და სახელმწიფო ვერ გიცავს


მაგული იაკობაძე და მისი ქმარი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ახალციხის ავტოსადგურის წინ ათევდნენ ღამეს. მისი დის ოჯახი კი წალკაში ნათესავებს იყო შეხიზნული. მაგულისა და მაყვალას ძმა პოლიციამ ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრა. მოკლულის ნათესავები ბრალდებულის დებს ემუქრებოდნენ. პოლიციამ და გამგებელმა დების ოჯახებს სოფლიდან დროებით გასვლა ურჩიეს. ათი დღის შემდეგაც სოფელში მიბრუნებულებს გარდაცვლილის ნათესავები სახლთან ქვებით დახვდნენ. მაყვალა იაკობაძე ამბობს, რომ თეიმურაზ კალანდაძემ მას და მის 17 წლის გოგონას უშვერი სიტყვებით აგინა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად სცემეს კიდეც. მაყვალა ამბობს, რომ ყველა მოძალადე პოლიციელს ამოიცნობს. პოლიციელების შესაძლო დანაშაულის ფაქტის შესახებ `ბათუმელებმა~ გენერალულ ინსპექციას აცნობა… სოფლიდან გამოსახლებული ბრალდებული დების ოჯახები სოფელში საცხოვრებლად დაბრუნდნენ, მათ უსაფრთხოებას პოლიცია ახლაც იცავს.

 

ბათუმში პატრულის თანამშრომლებს  ბრალი წარუდგინეს


გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ბათუმში საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს. კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა პოლიციის თანამშრომლების გულგრილობა – უწყებაში „ბათუმელების“ ამ შეკითხვას არ უპასუხეს. „ბათუმელების~ ინფორმაციით კი, პატრულის თანამშრომლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზეზი გახდა ის, რომ მათ მოქალაქეს ჯარიმა არ გამოუწერეს.

 

2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი  ჰეროინის საქმე


2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი „ჰეროინის“ გადატანისთვის დაკავებული გაათავისუფლეს. ადვოკატ ემზარ პაქსაძის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რადგან  წინასწარ გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით მათი ბრალეულობა არ მტკიცდებოდა.

 

სახელმწიფო და რწმენის უფლება


10 სექტემბერს ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩის #13-ში, მუსლიმური  სასწავლებლისთვის განკუთვნილი შენობის კარზე ღორის თავის მიმაგრებისთვის პასუხი სახელმწიფოს არავისთვის მოუთხოვია. მომხდარის შესახებ პოლიციაში განცხადება იმავე დღესვე შეიტანეს. ამ საქმეზე გამოძიება 151-ე მუხლით (მუქარა) მიმდინარეობს. საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ „ბათუმელებთან~ განაცხადა, რომ მუსლიმი ხალხი პანსიონის კარზე ღორის თავის მიმაგრების გამო შეურაცხყოფილი და დამცირებულია. ქობულეთში მომხდარ ინციდენტს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და ხელისუფლებას ფაქტის დროულად გამოძიება ურჩია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ფაქტი დაგმეს, პროცესს მართული და „პროვოკაცია“ უწოდეს. 

 

100 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ცოლის ცემის გამო


ეს განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ცოლის ცემაში ბრალდებულს 22 ოქტომბერს გამოუტანა. ძალადობის მსხვერპლი 21 წლის ქალია. მას მოსამართლის განაჩენის გასაჩივრების სურვილი აქვს, მაგრამ კანონი ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

 

საკანი №229 – წერილი ბათუმის ციხიდან

 

ბათუმის მესამე საპყრობილის №229 საკანია, სადაც 32 წლის პატიმარი ნუგზარ თაბაგარი  71  დღის წინ შეასახლეს. ის ციხის ადმინისტრაციას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს და პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს. სამინისტროში პატიმრის ბრალდებებს აბსურდს უწოდებენ, სახალხო დამცველის აპარატი კი მის საქმეს სწავლობს. ევროპულმა სასამართლომ ერთხელ უკვე დაადგინა, რომ პატიმრობისას თაბაგარს სახელმწიფო არაადამიანურად მოეპყრო. „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

 

დღეში 3 ლარი პატიმრის კვებისთვის

 

საქართველოს ციხეებში ოქტომბრის თვეში მთლიანობაში 10 500 პატიმარი ჰყავდათ შესახლებული. პატიმრებისა და ციხეების თანამშრომლების გამოსაკვებად ბიუჯეტიდან 2014 წელს 14 940 700 ლარი იყო გამოყოფილი. ბოლო სამი წლის განმავლობაში „ციხეების გამოკვებაზე“ ერთი და იგივე კომპანია – შპს G.M.M.-ი მუშაობს. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ დღეში ერთი პატიმრის სამჯერადი კვებისთვის მხოლოდ 3 ლარია გამოყოფილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: