შპს ‘გლორიას’ განმარტება სტატიაზე – როდის გაიხსნება სემირამიდას ბაღები

„შპს „გლორია“ გაეცნო გაზეთ  „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას და გადავწყვიტა პასუხი გაეცა იმ უზუსტობისთვის, რაც სტატიაში იყო ასახული.

პირველი, რაც მინდა ავღნიშნო არის ის, რომ მე, როგორც კომპანიის ფინანსური მენეჯერი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აზერბაიჯანელი ინვესტორი არ ტოვებს არც ბათუმს და არც საქართველოს.

სტატიაში ასახული  უზუსტობა გამოწვეული იყო იმით, რომ თურქულმა კომპანიამ „მაფა“, რომელსაც შპს „გლორიას“-თან გაფორმებული  სამშენებლო ხელშეკრულებით  დავალებული ჰქონდა შენობის გარე სამუშაოები, დაამთავრა მუშაობა და ამ ეტაპზე მათ (სს „მაფას“) მიერ შესრულებული  სამუშაოები დასრულებულია.

თუმცაღა, ეს ყველაფერი ხდება გეგმიურად: ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენი სასტუმროს გარე დიზაინი რადიკალურად განსხვავდება ბათუმში მდებარე სხვა მრავალი სასტუმროსაგან (რასაც ხშირად აღნიშნავს ბათუმში ჩასული ქართველი თუ უცხოელი სტუმარი),  გარდა ამისა,  ჩვენი  სასტუმროს – „სემირამიდას ბაღების“, მშენებლობის პროცესში ბათუმში ბევრი 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა. ჩვენმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, რომ ბათუმისათვის შეეთავაზებინა განსხვავებული,  ბევრად უფრო მაღალი დონის და მაღალი კლასის მომსახურეობის სასტუმრო და აქედან გამომდინარე მოხდა პროექტის შიდა დიზაინის ცვლილება, რასაც მოჰყვა სხვა დიზაინერების დაქირავება. მშენებლობას დამფუძნებლის მიერ შერჩეული სამშენებლო კომპანია დაასრულებს.  

როგორც მოგეხსენებათ, შიდა დიზაინის ცვლილებას უფრო მაღალი კლასის მომსახურეობის მისაღებად,  უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ მოხდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთახმება მშენებლობის ვადის 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებასთან დაკავშირებით.

დღესდღეობით, კომპანიას დაგეგმილი აქვს სასტუმროს გახსნა 2015 წლის 31 დეკემბრისათვის. იქედან გამომდინარე, რომ სასტუმროს გახსნამდე სულ რამოდენიმე თვეა დარჩენილი, უახლოეს მომავალში დაიწყება უკვე სასტუმროს პერსონალის შერჩევა და მათი დატრენინგება შესაბამისი დონის  მომსახურეობის მისაღებად“.

შეგახსენებთ, გაზეთ „ბათუმელებს“ სტატიის მომზადებისას ჰქონდა არა ერთი მცდელობა, მიეღო ზუსტი პასუხი კომპანიისგან, თუმცა განმარტება ვერ მივიღეთ.  

 

ბათუმში მშენებარე კომპლექსი გაზელი /სემირამიდას ბაღები/ ფოტო: თედო ჯორბენაძე

დაზიანებული ნარგავების გამო მოქალაქე კომპენსაციას ითხოვს

 

„სოფელ მახალაკიძეებში გზის პირას ვცხოვრობ.  მძიმეწონიანი მანქანების ინტენსიურად მოძრაობის გამო, გზა მთლიანად გამოსულია მწყობრიდან. შარშან კომპანიის მანქანა გადავარდა გზიდან, მაგრამ მაინც არ გააკეთეს.  სავალი ნაწილი დავიწროვებულია  და სულ ცვივა ქვა და ღორღი. ახლახანს,  ჩამოშლილი მიწის მასისგან დაიწყეს გზის გაწმენდა, მაგრამ მთელი ნაშალი მასა ჩემს საკუთრებაში გადმოყარეს.  გამინადგურდა კიტრის, პომიდვრის და კარტოფილის ნარგავები“ – გვეუბნება ის.

 

გენადი მახარაძე ამბობს, რომ ვითარების შესასწავლად და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მან  შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წერილობით მიმართა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

 

„არც გამგეობიდან მოსულა ვინმე. მე არ ვაპირებ იმ მიწის გატანას და სავარგულების გაწმენდას, მოვიდნენ  და ნახონ რა ზარალი მომაყენეს. გარდა იმისა, რომ ღამით არ გვძინავს მანქანების ხმაურის გამო და არის მტვერიც. ახლა ეს ზარალიც დაგვემატა“-ამბობს გენადი მახარაძე.

 

 

„ბათუმელები“ კომპანია  „აჭარსიწყალი ჯორჯიას“  წარმომადგენელს დაუკავშირდა. რამინ შავაძე, რომელიც კომპანიის მიწის ოფიცერია, ამბობს, რომ მსგავსი ტიპის საკითხებზე ხიჭაურში სპეციალური კომისია მუშაობს  და გენადი მახარაძემ მას უნდა მიმართოს.   

 

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტი

განახლებული აგროდაზღვევა ალდაგისაგან

ფერმერებს შეუძლიათ თავი დაცულად იგრძნონ, ვინაიდან მათი მოსავალი დაზღვეული იქნება, თუკი აირჩევენ სტაბილურ და გამოცდილ კომპანია „ალდაგს“, სადაც ფერმერები აღნიშნულ ხილს დააზღვევენ სეტყვის, ჭარბი ნალექის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისაგან. აქედან საშემოდგომო ყინვა ვრცელდება მხოლოდ ციტრუსის მოსავალზე. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი„ აანაზღაურებს. ოღონდ ფერმერმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს – ზარალიდან 24 საათის განმავლობაში უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე: 2 444 999 და კომპანიას ზარალის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. რის შემდეგაც სადაზღვევო კომპანიის ნებისმიერ ფილიალს ხუთი დღის ვადაში მიაკითხავს ზარალის ასანაზღაურებლად. 


შეხვედრა ფერმერებთან

ქედაში მცხოვრები სოსო შერვაშიძე, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ მისთვის საინტერესო პირობები აქვს „ალდაგს“ და თავისი მოსავლის დაზღვევას აპირებს. „მოსავალი ხშირად ზიანდება სეტყვისგან. ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობამ მიიღოს მსგავსი სერვისები“ – აღნიშნავს ის.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ აგროდაზღვევის მიმართულებით 25-წლიანი გამოცდილება აქვს. 10 წელია კი აგროდაზღვევის მიმართულებითაც მუშაობს და ბოლო სამი წლის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ზარალი აანაზღაურა.

„აგროდაზღვევის პროგრამის განახლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფერმერებს გამართულ სერვისებს ვსთავაზობთ როგორც პოლისების კუთხით, ასევე ზარალის ანაზღაურების კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანია ვაზღვევთ ფერმერების მოსავალს, ნებისმიერ მათგანს შეუძლია იგრძნოს თავი დაცულად, რადგან სადაზღვევო კომპანია ნებისმიერ რისკს აანაზღაურებს“ – განაცხადა ფერმერებთან შეხვედრისას ნონა ბარამიამ, „ალდაგის“ ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. სახელმწიფო ფერმერებს დაუფინანსებს სადაზღვევო პრემიის ნაწილს (40%-დან 60%-მდე).

მაგალითად, მანდარინის პლანტაციის დაზღვევისას თუ მოსავლის სახით 1 ჰექტარზე უნდა მიიღოს 20 ტონა ნაყოფი, რომლის ღირებულება შეადგენს 10000 ლარს, ფერმერს ამ თანხის 3.4 % ანუ 340 ლარის გადახდა მოუწევს. პრემიის დანარჩენ ნაწილს. 510 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს, 1 ტონა მანდარინის მოსავლის დაზღვევისათვის კი ფერმერს მაქსიმუმ 17 ლარის გადახდა მოუწევს.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოსთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით, ფერმერებს აგროდაზღვევის პოლისების შეძენის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. ფერმერებს საშუალება ეძლევათ, სადაზღვევო პრემიის შეღავათიან პირობებში დაფინანსებისთვის მიმართონ „კრედოსა“ და „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით.

დაზღვევის 25 წლის იუბილე


2015 წელს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. 25 წლის წინ „ალდაგის“ მიერ საფუძველი ჩაეყარა ქართულ კერძო დაზღვევას. „ალდაგი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 25 წელია ბაზრის ლიდერის პოზიციას იკავებს. „ალდაგი“ ქონებასთან დაკავშირებული, ასევე სიცოცხლის დაზღვევის მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს საცალო და კორპორატიულ მომხმარებელს. 2014 წლის მონაცემებით, „ალდაგის“ ბაზრის წილი მოზიდული პრემიის მიხედვით 35%-ია, ანაზღაურებული ზარალების მიხედვით მთელი ბაზრის – 33%, გამომუშავებული პრემიის მიხედვით კი – 36%. ავტომობილების დაზღვევაში „ალდაგს“ ბაზრის 40% უჭირავს, ქონების დაზღვევაში – 49%. 2014 წლის მონაცემებით, ანაზღაურებული ზარალი ჯამურად 15,169,000 ლარია.

ფოსტის ფასადის ახალი სიცოცხლე

ფოსტის ფასადზე დამაგრებულ ხარაჩოებზე უკვე ერთი თვეა დილის 9 საათიდან საღამოს შვიდამდე რესტავრატორ-კონსერვატორები მუშაობენ. სანდრო რუბაშვილი ფოსტის რესტავრატორთა ჯგუფის ხელმძღვანელი და ბათუმის ფოსტის ფასადის რესტავრაციის პროექტის ერთ-ერთი ავტორია. იგი ამბობს, რომ რესტავრატორები აქ დაახლოებით 3-4 თვეს იმუშავებენ. „ჩვენი პროექტის მიზანია ძველი ფასადის შენარჩუნება, კონსერვაცია და რესტავრაცია. ფასადი საკმაოდ დაზიანებულია ნალექის ზემოქმედებით, სამწუხაროდ, ბევრი დეტალი დაკარგულია, ფოსტის უნიკალური გუმბათი საერთოდ გამქრალია, დაკარგულია ლითონისა და თაბაშირის დეტალებიც. ახლა ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ფასადი ისე, როგორიც ის იყო წლების წინ“, – ამბობს სანდრო.

სანამ რესტავრატორები ფოსტაზე მუშაობას დაიწყებდნენ, მანამდე ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა კვლევა მოამზადა, სადაც დაწვრილებითაა მოცემული შენობაზე არსებული დაზიანებები, დაზიანების ფაქტორები და ფასადზე ჩასატარებელი სამუშაოები, შენობის ისტორია და ფოტომასალა. პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არსებულმა სარეკომენდაციო საბჭომ მოიწონა და შპს „აქთივ ბათუმი“, რომლის მფლობელობაშიცაა ამჟამად შენობა, დაავალდებულა ფოსტის ფასადზე რესტავრატორებს ეზრუნათ.

სანდრო რუბაშვილი ამბობს, რომ რესტავრატორთა ჯგუფს, რომელიც ამჟამად ფოსტის შენობის ფასადზე მუშაობს, კულტურული მემკვიდრეობის არაერთ ძეგლზე უმუშავია. ჯგუფის წევრები პარალელურად მუშაობენ გელათის მონასტერში, ატენის სიონში, მცხეთაში მდებარე სამთავროს დედათა მონასტერსა და თბილისის მეტეხში.

ელენე თორღლაიძე რესტავრატორია. იგი ამბობს, რომ ჯგუფი წინასწარ გაწერილი გრაფიკით მუშაობს. ფასადი უკვე შეიწამლა და მისი დიდი ნაწილი გასუფთავდა. „ფასადი წყლის ჩამოდინებისგან დაზიანებულია, არის ბიოლოგიური დაზიანებები – ხავსი, ობი, რაც უნდა მოშორდეს, ამიტომ შეიწამლა სპეციალური ხსნარით. ამ დროს სუფთავდება ფიგურებიც“, _ განმარტავს ელენე. იგი ამბობს, რომ სამუშაო საკმაოდ რთული და შრომატევადია, რადგან რესტავრაციის დროს სპეციალისტს შეიძლება ბევრი გაუთვალისწინებელი დაზიანება შეხვდეს. „ფოსტაზე ასეთი ბევრი შემთხვევა არ არის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე სკულპტურა იმაზე მეტად არის დაზიანებული, ვიდრე მივიჩნევდით. იყო რამდენიმე ადგილი, რომელიც თითქმის მყარად ზის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გასამაგრებელია და ეს აუცილებელად უნდა გაკეთდეს. თუმცა საგანგაშო არაფერია, ყველა სამუშაო შესრულდება“, – ამბობს ელენე.

რესტავრატორები ამბობენ, რომ ფოსტის ფასადზე დაზიანებული ორნამენტები და სკულპტურები იმავე მასალით აღდგება, რა მასალითაც იყო გაკეთებული თავის დროზე. „ეს აუცილებელია, რომ ერთიანობის აღქმა არ დაიკარგოს“, – განმარტავს ელენე, – „შენობას სხვანაირი მიდგომა სჭირდება. მხატვრობაში კონსერვაციას ვანიჭებთ უპირატესობას და არასოდეს არ აღვადგენთ არაფერს თავიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა აღდგეს, ნახევრად ჩამოშლილ ფიგურებს ვერ დავტოვებთ. ყველაფერი აღდგება ისე, როგორც იყო. შენობის ფასადი თავის პირვანდელ ფერსაც კი დაიბრუნებს.“

რესტავრატორები ახალი, პატარა აღმოჩენების მომსწრეც არიან. ფოსტის აღმოსავლეთ კედელზე საღებავების ფენის ქვეშ წარწერები გამოჩნდა. ელენე ამბობს, რომ ერთგან სლავური შრიფტით იკითხება „კანტორა“ [შენობას ადრე ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა ეწოდებოდა], მეორე წარწერის ამოკითხვა კი ვერ შეძლეს. რესტავრაციის პროცესში ისიც გამოჩნდა, თუ რა ფერად ღებავდნენ ფოსტის შენობას სხვადასხვა დროს.

„ძირითადად ბაცი და თბილი ფერები, თეთრი დომინირებს, მოვარდისფრო, სპილოსძვლისფერი, ღია ყვითელი, ღია მწვანე… სინჯების მიხედვით დავადგინეთ თავდაპირველი ფერები და შევეცდებით იგივე ფერები გამოვიყენოთ სამუშაოს დასრულებისას“, რესტავრაციის დროს ძალიან ბევრ დეტალზე გიწევს მუშაობა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იწერება ანგარიშში და თან ერთვის ფოტომასალაც“ – ამბობს ელენე.

ფოსტის ფასადის რესტავრაციას თვალყურს ადევნებენ საქართველოს და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოები.

სარესტავრაციო სამუშაოები ბათუმის ფოსტის ფასადზე წლის ბოლომდე დასრულდება. 2016 წლის დასაწყისში კი იმ ადგილას, სადაც ბათუმის ფოსტა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იდგა, გამოჩნდება ახალი აბრა – სასტუმრო და კაზინო „პრინცესა“. ახალი აბრა ბათუმის ფოსტის განახლებულ და მაინც ძველ ფასადზე.

შუახევსა და ხულოში, საოჯახო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდება

 

ტრენინგები შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ათი სოფლის მცხოვრებლებს ჩაუტარდებათ: დიდაჭარა, დაიკონიძეები, ღურტა, იაკობაძეები, ვაშლოვანი, წაბლანა, წაბლიანი, ახალდაბა, ჩანჩხალო, მახალაკიძეები.

 

ტრენინგების დასრულებისთანავე ამავე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდება. პირველ ეტაპზე კონკურსის გზით არჩეული 20-მდე პროექტი დაფინანსდება (საშუალოდ ერთ სოფელში 2 პროექტი).

 

ერთი პროექტის (გრანტის) ღირებულება 1000-დან – 22.000 ლარამდე იქნება. დაფინანსე-ბის ოდენობა დამოკიდებულია პროექტში ჩართული ოჯახების რაოდენობაზე, პროექტის მასშტაბზე და დაგეგმილ შედეგებზე.

 

საოჯახო ბიზნეს-პროექტებს განიხილავს და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ’’დემოკრატიის ინსტიტუტისა’’ და შპს ’’აჭარისწყალი ჯორჯია’’-ს წარმომადგენლები.

ტრენინგები შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, 9 ივნისს დაიწყება და 23 ივნისამდე გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება შპს ’’აჭარისწყალი ჯორჯია’’-ს მხარდაჭერით.

 

როგორ იმუშავებს საუნივერსიტეტო კლინიკა და ახალი უნივერსიტეტი ბათუმში

 

ქალბატონო ლეილა, ვინ ისწავლის ამ კლინიკაში?

ეს არის საერთაშორისო უნივერსიტეტთა ქსელის – ბაუ გლობალის (ბაჰჩეშეჰირის გლობალური საუნივერსიტეტო ქსელი) ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი. რახან უნივერსიტეტი საერთაშორისოა, სწავლება ინგლისურ ენაზე იქნება, სტუდენტებს მივიღებთ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. უნივერსიტეტი ავტორიზებულია, პროგრამა – აკრედიტებული. წელს, სექტემბერში მხოლოდ უცხოელი სტუდენტების მიღება შეგვიძლია, მომავალი წლის სექტემბრიდან კი, ქართველ სტუდენტებსაც მივიღებთ. უნივერსიტეტში ჯერ მხოლოდ ერთი ფაკულტეტია – სამედიცინო, რომელზე სწავლაც უცხოელი სტუდენტებისთვის 15 000 დოლარი ღირს, ქართველი სტუდენტებისთვის კი – 7500 დოლარი. ყოველწლიურად ჩვენ 50-60 სტუდენტის მიღება შეგვეძლება.
ჩვენი უნივერსიტეტი სიამოვნებით ითანამშრომლებს ქართული სივრცის ნებისმიერ უნივერსიტეტთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე დადებული გვაქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ანატომიის ლაბორატორიულ მეცადინეობებზე გვამებთან მუშაობას დაესწრონ.

რა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს უნივერსიტეტს/ჰოსპიტალს?


გვაქვს უახლესი მიკროსკოპებით და ხელსაწყოებით აღჭურვილი ჰისტოლოგიური ლაბორატორია. გარდა ამისა გვაქვს ბიოქიმიური, მიკრობიოლოგიური და ანატომიური ლაბორატორიები, კლინიკური უნარ-ჩვევების შესწავლის ცენტრი (სადაც მულაჟებზე მოხდება პრაქტიკული უნარების გამომუშავება), უკვე დაკვეთილი გვაქვს და ზაფხულის ბოლოს ჩამოვა სპეციალურად დამუშავებული და დეზინფეცირებული გვამები ანატომური ლაბორატორიისათვის. სტუდენტები ანატომიას, სწორედ გვამებზე შეისწავლიან, რაც ქართულ სივრცეში დიდი ფუფუნებაა.
ლექციები ჩატარდება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებიში.
ასევე გვაქვს დისტანციური სწავლების კაბინეტები – დისტანციური ლექციების და ტელეკონფერენციების ჩასატარებლად. ის ლექტორები, რომლებიც კონკრეტული მიზეზების გამო ვერ მოახერხებენ ჩამოსვლას ბათუმში, ჩაერთვებიან სტამბულის ბაჰჩეშეირის უნივერსიტეტიდან. ასევე, ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება დისტანციურად დაესწრონ იშვიათ ოპერაციებს, რომელიც ბაჰჩეშირის უნივერსიტეტის აფილირებულ „მედიკა პარკის“ კლინიკაში ჩატარდება.
მეხუთე- მეექვსე კურსებზე ჩვენი სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკას გაივლიან ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე (ბაუ-სტამბულში) და მასთან აფილირებულ კლინიკა – მედიკალ პარკში, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ჩადის ხოლმე სამკურნალოდ.

 

ვინ ასწავლის ბაუ ბათუმის უნივერსიტეტში?


 იმის გამო, რომ ძალიან გაგვიჭირდა ინგლისური ენის მცოდნე სპეციალისტების პოვნა, უნივერსიტეტის პროფესორების უმრავლესობა მოწვეულია თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და სტამბულის ბაუ-ს სამედიცინო ფაკულტეტიდან, რამდენიმე კი ჩვენს რეგიონში მომუშავე პროფესორია.
რადგან რეგიონში ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების უნარის მქონე კადრების დეფიციტია, საბაზისო სამედიცინო დარგებში, როგორიცაა ანატომია, ციტოლოგია, ჰისტოლოგია და ფიზიოლოგია, ჩვენ ვიზრუნებთ ახალგაზრდა კადრების მომზადებაზეც. ამჟამად ანატომიის მიმართულებით ვეძებთ კადრს, რომელსაც გავუშვებთ სტამბულში, სადაც იგი ისწავლის მუშაობას გვამებთან. ბაუ საკუთარ თავზე იღებს ასეთი კადრების მომზადების ხარჯებს. მომავალში ციტოლოგსაც, ჰისტოლოგსაც და ფიზიოლოგსაც სიამოვნებით გავუშვებთ, თუ ასეთი ახალგაზრდა კადრები გამოჩნდებიან.

 

მაღალი გადასახადის გათვალისწინებით, დააწესებს თუ არა უნივერსიტეტი სახელმწიფო გრანტის გარდა თავის, საუნივერსიტეტო გრანტს?


სტუდენტებს, რომელთაც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი სარეიტინგო ქულა ექნებათ, სახელმწიფო გრანტის გარდა ჩვენთან დაენიშნებათ სტიპენდია. ძალიან მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე სტუდენტები შესაძლებელია საერთოდ გათავისუფლდნენ სწავლის საფასურისაგან. სტიპენდიას მიიღებენ ის სტუდენტებიც, რომელთაც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ექნებათ მაღალი აკადემიური მოსწრება.

 

 

საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მარკეტინგის მენეჯერის ნოდარ ფუტკარაძის თქმით, კლინიკა ივლისის ბოლოს გაიხსნება, ამჟამად კი კადრების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, ჰოსპიტალი ითანამშრომლებს ყველა სადაზღვევო კომპანიასთან და ამოქმედებისთანავე ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებშიც. წინასწარი ცნობით, ჰოსპიტლის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ფასები სხვა კლინიკებთან შედარებით დაახლოებით 10%-ით მაღალი იქნება. ნოდარ ფუტკარაძე ამბობს, რომ კლინიკის ძლიერი მხარე კარდიოლოგია და ნეონატოლოგია იქნება – ”ბავშვთა ინტენსიური მოვლის ცენტრი და ბავშვთა ქირურგია, ის რაც რეგიონში დეფიციტურია”.
ჰოსპიტალი 120 პაციენტზეა გათვლილი.

 

„მე ვარ მედეა“ – პერფორმანსი ბათუმში

 

არტისტები მუშაობის კრეატიულ პროცესს წარმოუდგენენ საზოგადოებას და მისცემენ დისკუსიაში ჩართვის საშუალებას.

იოხენ შტეხმანი – თანამედროვე ცეკვის ქორეოგრაფი და მათემატიკოსია ბერლინიდან, ნადია წულიკიძე კი თბილისსა და ამსტერდამში მოღვაწე არტისტია, რომელიც თავის შემოქმედებაში იყენებს მუსიკას, ცეკვასა და ვიზუალურ ხელოვნებას.

 

ამ ორი არტისტის თანამშრომლობა დაიწყო ამსტერდამში, DasArts თეატრლური სამაგისტრო პროგრამის პერიოდში. არტისტების პოსტ–დრამატული ნამუშევრები ექსპერიმენტულია, თუმცა აღსაქმელად ხელმისაწვდომი.

 

მათი ნამუშევრის ნახვა მსურველს 19 ივნისს, 19 საათზე, ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ შეეძლება.  

 

სამინისტრო: ბათუმის ციხე მაღალი რისკისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა

 

“სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში არასათანადო საცხოვრებელი პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ გამოთქმული მოსაზრებების საპასუხოდ მოგახსენებთ, რომ განახლებული და ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად მიახლოებული N3 დაწესებულება 2013 წლის 30 აპრილს გაიხსნა, სრულად გარემონტებულ დაწესებულებაში განთავსებულია ახალი გათბობის სისტემა, ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი ოთახი, ბიბლიოთეკა, სასეირნო და სავარჯიშო სივრცე 230 პატიმარზე.


ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მოცემულ მომენტში მიმდინარეობს ინდივიდუალური კონდიცირების ახალი სისტემის მონტაჟი.


დაწესებულებაში არსებობდა წყლალმომარაგების პრობლემა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ბათუმის იმ რაიონის მაცხოვრებელებს, სადაც აღნიშნული დაწესებულებაა განთავსებული, წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. იგივე პირობები ვრცელდება N 3 დაწესებულებაზეც, თუმცა ჩვენ გადავჭერით მოცემული საკითხი და წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად ციხეში დავამონტაჟეთ შესაბამისი ტევადობის ავზი.


რაც შეეხება სამედიცინო მიმართულებას. დაწესებულების სამედიცინო პერსონალი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და აკეთებს მაქსიმუმს. შესაბამისად, პატიმრები საჭირო სამედიცინო მომსახურებას დაუბრკოლებლად იღებენ. ჭHO რეკომენდაციების თანახმად, შეიქმნა და დამტკიცდა პენიტენციური ჯანდაცვის მედიკამენტების სტანდარტი და გაუმჯობესდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. მედიკამენტებზე დანახარჯი 2013 წლიდან 2014 წლამდე 3-ჯერ გაიზარდა.სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში მიმდინარეობს სუიციდის პრევენციის საპილოტე პროგრამა. ამავე დაწესებეულებაში მინისტრის მიერ დამტკიცებული პენიტენციური ჯანდაცვის სტანდრატის ფარგლებში, ისევე ,როგორც წინამორბედ 4 დაწესებულებაში, 20 ივნისს მრავალპროფილური პრევენციურლი სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება და ეს პროცესი ყველა დაწესებულებას მოიცავს.


სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების აფთიაქში 400-ზე მეტი მედიკამენტია. ბოლოს მარაგი, საჭიროებისამებრ, 43 მედიკამენტით 2015 წლის 5 ივნისს განახლდა.

 

“სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულთათვის უკვე დაინერგა არტთერაპიის პროგრამა, რომელშიც ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკები არიან ჩართულები. უახლოეს მომავალში იგეგმება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით რამდენიმე პროგრამის განხორციელება (კოგნიტური და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა, ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეების სარეაბილიტაციო პროგრამა, აზროვნების უნარ-ჩვევების პროგრამა).


მოგეხსენებათ, რომ დაწესებულება გახლავთ მაღალი რისკის და უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, მასშტაბური კულტურულ-სპორტული ღონისძიებების გამართვა შეუძლებელია, თუმცა ეწყობა ტურნირები ჭადრაკსა და შაშში. დაწესებულების ბიბლიოთეკა საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს პატიმრებს და პერიოდულად ახლდება.


ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსჯავრდებულთა თითოეულ განცხადებას სამინისტროს შესაბამისი უწყებები გულდასმით, დეტალურად სწავლობენ და მოქმედებენ კანონით დადგენილი წესით. შედეგად, ნებისმიერი დარღვევის არსებობის შემთხვევაში, რეაგირება არის მყისიერი და ადეკვატური.

 

N3 დაწესებულება არის მაღალი რისკისა და მკაცრი რეჟიმის, სადაც შესაბამისი კატეგორიის პატიმრები არიან განთავსებულნი. აქ ხშირია მსჯვარდებულთა თუ ბრალდებულთა მხრიდან პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოვლინების ფაქტები, როცა ისინი თავიანთი არალეგიტიმიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რიგ ინსინუაციებს მიმართავენ და შედეგად, მათ მიერ მედიასთან, თუ პრვენეციის ეროვნული მექნიზმის წარმომადგენლებთან დეკლარირებული განცხადებები რადიკალურად განსხვადება მათი რეალური მოთხოვნებისგან. საყურადღებოა, რომ სამინისტრო მოქმედებს პატიმართა უსაფთხოების სტანდარტების გათვალისწინებით კანონით განსაზღვრული წესით.

ამდენად, მიდგომა ექვემდებარება კანონის უზენაესობას და შესაბამისად და ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.”

 

სახალხო დამცველი: ბათუმის ციხეში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებს სამარტოო საკანში ისევ ათავსებენ

 

უწყების ცნობით, დაწესებულებაში მწვავედ დგას არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხი. ვიზიტისას აშკარა იყო თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, რაც პატიმრების არასათანადო მოპყრობის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს; სამედიცინო პერსონალი კვლავაც ხარვეზებით აწარმოებს დაწესებულებაში მიღებული დაზიანებების დოკუმენტირებას.

არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად ხდება უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება. დაწესებულების ადმინისტრაცია ძირითადად ეყრდნობა ე.წ. „სტატიკური უსაფრთხოების“ ელემენტებს (განცალკევება, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა), რაც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას. შედეგად, დაწესებულებაში რჩება დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია, თვითდაზიანების, ძალადობისა და აგრესიის გამოვლენის მაღალი რისკი.

სახალხო დამცველის მონიტორიონგის ჯგუფის ინფორმაციით,  “გაზრდილია დისციპლინური სახდელების გამოყენების მაჩვენებელი.  ისევ აქვს ადგილი ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსებას; სრულად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო სამედიცინო მომსახურება; არ ხდება დაწესებულების საკმარისი მედიკამენტებით მომარაგება. დაწესებულებაში არ არის მენიუ დიაბეტით დაავადებული პატიმრებისთვის. საკვების მომზადებისას არ არის გათვალისწინებული  სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა საჭიროებები.

კვლავაც პრობლემად რჩება დაწესებულების ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მიუხედავად სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციისა, მოუგვარებელია ხელოვნური ვენტილაციის, ბუნებრივი განათებისა და წყალმომარაგების საკითხები.

დაწესებულებაში პრაქტიკულად არ ხორციელდება ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო აქტივობები. ამგვარ აქტივობათა განსახორციელებლად დაწესებულებაში არ არსებობს საკმარისი რესურსი.

დაწესებულებაში განთავსებისას პატიმართა ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის გაუთვალისწინებლობა აფერხებს პაემნის უფლებით სარგებლობას. ხანმოკლე პაემანი ხორციელდება მინით გადატიხრულ ოთახებში, რის გამოც პატიმარი თავის ოჯახის წევრებთან ფიზიკურ კონტაქტს ვერ ამყარებს. სატელეფონო ზარი საკმარისი რაოდენობითა და კონფიდენციალურობის დაცვით ვერ ხორციელდება. არ ხდება დაწესებულების მაღაზიის პროდუქციით სათანადო მომარაგება.”

სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა სპეციალური ანგარიში მოამზადა. 

ბათუმის სამშობიარო სახლში 9 თვის ნაყოფი დაიღუპა

ოჯახის წევრების თქმით, ექიმმა საკეისრო კვეთა დაგვიანებით დანიშნა, რაც ნაყოფის დაღუპვის მიზეზი გახდა.  სამშობიარო სახლის დირექტორი, ნუკრი ბეჟანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ექიმის ბრალეულობას გამორიცხავს:

„ექიმი არაფერ შუაშია, ნაყოფს ოთხჯერ ჰქონდა ყელზე ჭიპლარი შემოხვეული და ამან გამოიწვია ნაყოფის სიკვდილი“ – ამბობს ის.

 

ნუკრი ბეჟანიძის თქმით, პაციენტი ექიმთან დღეს იმყოფებოდა: „მანამდე არ ყოფილა კონსულტაციაზე. დღეს ვნახეთ ბავშვის მდგომარეობა. ქალი მკვდარი ნაყოფით შემოვიდა“. 

ქალი, რომელსაც ცხრა თვის ნაყოფი დაეღუპა 30 წლისაა და ნუკრი ბეჟანიძის თქმით, ეს მისთვის პირველი მშობიარობა იყო. პაციენტი ქედის მუნიციპალიტეტიდანაა.   

 ბათუმის სამშობიარო სახლი

 

საქართველოს ჩემპიონატი 2015 ფიგურულ ციგურაობაში

 

გამარჯვებულები გახდნენ:

ნოვისებში, ვაჟებში – არმენ აგაიანი (ზუგდიდი); გოგოებში ნია გადელია (ზუგდიდი);
ნოვისების A კატეგორიში, მარიამ მეშველიანი (ქუთაისი);
2004-2006 წლიანებში, გოგოებში ანადეა გულბიანი-შმიდტიი (ბათუმი); ვაჟებში – ილია გოგიტიძე (ბათუმი);
2006-2007 წლიანებში, ეკატერინე იაზადჟი (ბათუმი);
2007-2008 წლიანებში, გოგოებში – ლიზი ჟორჟოლიანი (ქუთაისი); ვაჟებში დავით გურგენიძე (ბათუმი).

 

„წლევანდელი სეზონი ჩემთვის დიდი წინსვლით დაიწყო. გამოვიცვალე მწვრთნელი. შარშანდელთან შედარებით უკეთესი შედეგები მაქვს. ვიმედოვნებ, მომავალში შევძლებ უფრო გართულებული ილეთების ჩვენებას“, – გვითხრა ჩემპიონატის დასრულებისას არმენ აგაიანმა.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში წელს პირველად მონაწილეობდა სინქრონული დასი, რომელიც გასულ წელს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ფიგურული ციგურაობის მწვრთნელმა და აჭარის ფიგურული სრიალის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლია ნაკაიძემ ჩამოაყალიბა.

 

ჩემპიონატი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

 

ფედერაციის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის თქმით, ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც ყოველწლიურად სეზონის ბოლოს ტარდება, საქართველოს ნაკრები გუნდი ჩამოყალიბდება და ის საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას. 

 

„ბორჯღალმა“ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

კონკურსის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეკვლიათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ისტორია. მოეძიათ თავიანთ სოფლებში შემორჩენილი თქმულებები, აეღოთ ინტერვიუები უხუცესი ადამიანებისაგან და მცირე ესეების სახით დაეწერათ ლეგენდები.

„გააცოცხლე წარსული მომავლისათვის“ პროექტ „ლეგენდების გზამკვლევის“ ფარგლებში ჩატარდა.  პროექტის ორგანიზატორთა თქმით, მისი მიზანი აჭარის რეგიონში შემორჩენილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის ფიქსირება-სისტემატიზირება და ხალხური შემოქმდებისადმი ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება იყო.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი იყო.

კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები

მარწყვის ბიზნესის პრობლემები ქედაში


მარწყვი ქედაში მაისის შუა რიცხვებიდან ივლისის თვის დასაწყისამდე მწიფს და ერთი თვის განმავლობაში იკრიფება. მას შემდეგ, როდესაც სოფლებში მოსავალი მიილევა, მარწყვის სეზონი ბარიდან მთაში ინაცვლებს. მთის მარწყვის ფასი უფრო მაღალია. 

 

გლეხები, რომლებსაც მარწყვი მოჰყავთ, ამბობენ, რომ წინა წელთან შედარებით წელს მოსავალი ნაკლებია. მოსავლის შემცირებას აქ ცივი ამინდით ხსნიან. ამბობენ, რომ სიცივემ მარწყვის პირველად გამოღებული ყვავილი დააზრო, რამაც მოსავალი შეამცირა.
მიუხედავად იმისა, რომ ქედაში მარწყვის მოყვანის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ახლა სოფლებში გასაყიდად თითო-ოროლა ოჯახს მოჰყავს მარწყვი. სოფელი აბუქეთა და კვაშტა ის სოფლებია, სადაც დღემდე მოჰყავთ ეს კულტურა. მარწყვის ყოფილი დიდი მწარმოებლები ამბობენ, რომ დღევანდელ მოთხოვნას ეს კულტურა ვერ აკმაყოფილებს, ნაკლებშემოსავლიანია, სეზონურია და ოჯახის რჩენა მარწყვიდან მიღებული თანხით შეუძლებელია.

 

სოფელ აბუქეთაში, რომელიც ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს, არის უბანი, რომელსაც აქ მცხოვრებლები ნაომარს ეძახიან. აქ ზოგიერთი ოჯახისთვის მარწყვი დღემდე შემოსავლის წყაროდ ითვლება, თუმცა ზოგიერთმა ოჯახმა, მრავალწლოვანი გამოცდილების მიუხედავად, ან უარი თქვა მარწყვის გამოყვანაზე და მის ნაცვლად თამბაქო მოაშენა, ან შეამცირა ნაკვეთი.

 

ნაომარი იმდენად ცივი ადგილია, რომ აქ მარწყვის კრეფის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ვიდრე მათთან კრეფის სეზონი დაიწყება, მარწყვი სხვა სოფლებში მოილევა და შესაძლოა, ფასმა მოიმატოს კიდეც.

 

ციური დოლიძე სკოლის პედაგოგია. მის ოჯახს მარწყვი რამდენიმე წელია მოჰყავს. ერთი წელია, რაც ოჯახმა ნაკვეთი შეამცირა და წელს შედარებით ნაკლებ მოსავალს ელოდება. ციური ამბობს, რომ მეურნეობისთვის დრო ნაკლებად რჩება და ამავდროულად ურჩევნია მარწყვის ნაცვლად თამბაქო მოიყვანოს.

 

„წლის განმავლობაში ხუთასი კილო მარწყვი მომყავდა, წელს 100 კილომდე მოსავალს ველოდები. მარწყვის გამოყვანას თამბაქო ჯობია, გაცილებით მომგებიანია, მარწყვი მალფუჭებადია და თან სეზონური, ერთი თვე იძლევა ნაყოფს, იმდენს კი ვერ მოიყვან, ოჯახი წლიდან წლამდე არჩინო, მარწყვს მხოლოდ ის აქვს დადებითი, რომ იმ დროს მოდის, როდესაც სოფელში ძალიან ჭირს, გაყიდი და ხელს მოიბრუნებ“, – ამბობს ციური.

 

მარწყვს აქაური მწარმოებლები ბათუმის ბაზარზე ყიდიან. წინა დღით დაკრეფილი მარწყვი კალათებით ბათუმში ჩააქვთ გასაყიდად და ე.წ. „გადამყიდველებს“ აბარებენ, მათი მთავარი პრობლემაც სწორედ მოსავლის გადატანას უკავშირდება.

 

მზევინარ ბერიძის თქმით, კარგი მოსავალი რომ მიიღო, მცენარეს სასუქი უნდა მისცე, „თუ აზოტს მისცემ, კარგ ნაყოფს გაიზრდის“, მაგრამ ასეთი მარწყვი შორ მანძილზე გადატანისას მალე ფუჭდება.

 

„ამიტომ გვირჩევნია, რაც მოვა, იმით დავკმაყოფილდეთ. წინა წლებში პრობლემას ისიც გვიქმნიდა, რომ სოფელს მარშუტკა არ ჰყავდა, გადატანის პრობლემა გვექმნებოდა, ვცდილობდით ყველას ერთ დღეს დაგვეკრიფა და მეზობლის მანქანით გადაგვეტანა ბათუმში, წელს ეს პრობლემა არ იქნება, პირველად სოფელში მარშუტკა დადის“, – ამბობს მზევინარ ბერიძე.

 

„მარწყვის მოშენებას თამბაქოს დარგვა ჯობია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შრომა სჭირდება. ყველაზე ძნელი ის არის, რომ მოხრილმა უნდა იმუშაო, წელში ვერ იმართები, ხშირად უნდა მარგლო მარწყვი, თორემ ბალახი გააქრობს. დაკრეფაც კი ძნელია, არ ღირს“, – ამბობს 76 წლის დარიკო არძენაძე.

 

ნაომარისგან განსხვავებით მარწყვი მოვიდა სოფელ კვაშტაში. მალხაზ ჯაყელს მარწყვი აქ 20 წელია გამოჰყავს. წელს მოსავლით კმაყოფილია, ფასით კი – არა.

 

„20 წელია მომყავს მარწყვი, გასულ წელს 1000 კილო მოვიყვანე. წელს იმ რაოდენობის მოსავალს ვერ მივიღებ, რადგან განვაახლე და განახლებული მარწყვი პირველ წელს ნაკლებ მოსავალს იძლევა. შარშან 1 კილოგრამს 5 ლარში ვაბარებდი, წელს შედარებით ნაკლები ღირს. გლეხი კაცის შრომას არასდროს აქვს ფასი, თუმცა ვერ ვიტყვი, სულ უკმაყოფილო ვარ-მეთქი, ყოფილა სეზონი 20-ჯერაც დამიკრეფია, ეს დამოკიდებულია ამინდზე, წვიმა აფუჭებს, მზე უხდება, უნდა იცოდე და ხელი შეუწყო“, – ამბობს მალხაზი.

 

სახელმწიფოს ხელშეწყობა ქობულეთს, ხელვაჩაურს და არა ქედას

 

ქედაში მარწყვის ბიზნესის ხელშეწყობის ერთ-ერთი ფორმა სასათბურე მეურნეობების განვითარებაა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ამბობს, რომ სახელმწიფო მარწყვის მეურნეობის გასავითარებლად მიზნობრივ ქვეპროგრამას –  „ფერმერულ მეურნეობებში სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის გზით მარწყვის კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობას“ ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ოთხი ცალი 200 კვ.მ სასათბურე კონსტრუქცია (ლითონის კარკასით, პოლიეთილენის ფირით, მულჩფირით, ორტონიანი სარწყავი ავზით, წვეთოვანი სარწყავი მილებითა და წყლის საქაჩი ტუმბოთი) გაიცემა, თუმცა არა ქედაში. ავთანდილ მესხიძის განმარტებით, სასათბურე კონსტრუქციას ნერგებითა და სხვა საჭირო აღჭურვილობით, სახელმწიფოს თანადაფინანსებით წელს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მიიღებს, სოფლად მცხოვრები ფერმერი კი პროგრამაში ვერ მოხვდება.

 

„აქცენტი სასათბურე მეურნეობაზე იქნება გადატანილი. აუცილებელია ჯიშები განახლდეს. მიზნობრივი პროგრამით, სპეციალურად მარწყვისთვის ოთხი სათბური გვაქვს გაწერილი, 200 კვადრატულ მეტრ სასათბურე კონსტრუქციას მხოლოდ კოოპერატივი მიიღებს. ვფიქრობთ, ორი ქობულეთში გავცეთ, ორი – ხელვაჩაურში. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, წელს სათბური აქ არ გაიცემა, სათბურში მარწყვის გამოყვანას სპეციალური ცოდნა სჭირდება. ჩვენ გვაქვს მარწყვის სადემონსტრაციო მეურნეობა სოფელ გვარაში, სადაც შეუძლიათ გაეცნონ ინოვაციებს. ქედის კლიმატურ პირობებში უკეთესია პატარა კონსტრუქციების მოწყობა საკარმიდამო ადგილებში“, – ამბობს ავთანდილ მესხიძე. მისი თქმით, მარწყვის სასათბურე კონსტრუქციის პროგრამული ღირებულება 26 000 ლარია, შერჩეული კოოპერატივი კონსტრუქციას 80%-იანი თანადაფინანსებით მიიღებს.

 

კითხვაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მარწყვის კულტურა განვითარდეს ქედაში და აქ მოყვანილი მოსავალი კონკურენტუნარიანი გახდეს? – ავთანდილ მესხიძე პასუხობს: „ჯიშის შეცვლა, რომელიც ღია გრუნტში ყვავილობას აპრილიდან დაიწყებს და სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. მაგრამ საზღვარგარეთიდან შემოტანილი ჯიშების პირდაპირ ქედაში გავრცელება არ იქნება მართებული. თუმცა, ჯიშის შეცვლის გარეშე არაფერი გამოვა“.

 

ქედაში მცხოვრები მალხაზ ჯაყელი ამბობს, რომ ინფორმაციას სამინისტროს პროგრამის შესახებ ფლობს: „ამ პროგრამებს თანხა სჭირდება, რასაც გლეხი ვერ მიწვდება. იაფი სესხი რომ იყოს, შეიძლება გარისკო. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის, მათ შორის მარწყვის წარმოების განვითარებისთვის აუცილებელია იაფი სესხი გაიცეს და გლეხმა პროდუქციის მოყვანის შემდეგ გადაიხადოს თანხა, სხვანაირად სოფლის მეურნეობა და გლეხი ვერ განვითარდება“.

ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ავარიულ ლიფტზე

 

ლიფტის მოწყვეტის ფაქტიდან შვიდი თვის გასვლის მიუხედავად, მე-2 სადარბაზოში ლიფტი დღემდე არ მუშაობს. უფრო მეტიც _ ლიფტის მდგომარეობით არც არავინ დაინტერესებულა. ამაში გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობენ როგორც ამხანაგობა `წინსვლას~ (კორპუსის ამხანაგობა) თავმჯდომარე ზურაბ ფარტენაძე, ისე სხვა მცხოვრებლები. 


„ცოტა ჩვენი ბრალიც არის, მაშინ როცა ბავშვები მოწყდნენ ლიფტში, არ გამოგვიძახებია არც სამედიცინო ჯგუფი და არც 112, არც მერიისთვის მიგვიწოდებია ლიფტის მოწყვეტის შესახებ ინფორმაცია. ფაქტი როცა მოხდა, მე სახლშიც არ ვიყავი, როცა დავბრუნდი და ვიკითხე, მითხრეს, რომ ოთხივე ბავშვი გადარჩა. მერე ჰქონდათ თუ არა რაიმე გართულებები, ვერ გეტყვით. ბავშვები იმ ოჯახთან იყვნენ სტუმრად, ვინც მდგურად ცხოვრობდა ჩვენს კორპუსში. ამ ამბის შემდეგ მდგურიც გადავიდა. ასე რომ, არ ვიცი იმ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის ამბავი როგორ წავიდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ფარტენაძემ.

 

ტაბიძის ქუჩის 31-ში მცხოვრები ჯუმბერ ძირკვაძე კი ირწმუნება, რომ ლიფტის ჩავარდნის შემდეგ სადარბაზოს მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს მერიას. „მივმართეთ მერიის შესაბამის სამსახურს და თვითონ მერსაც, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ამ წელშიც არ ჩაგვსვეს არც რემონტის და არც ახალი ლიფტის მონტაჟის რიგში“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

 

ზურაბ ფარტენაძის თქმით, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მათ კორპუსში ლიფტის მოწყვეტის ფაქტით „ბათუმელები“ დაინტერესდა, მიმართა ქალაქ ბათუმის შესაბამის აიპის – „ბათუმის კორპუსს“. „მერიაში გვითხრეს, რომ ჩვენზე წინ ჰყავთ კიდევ 9 სახლი, რომლებსაც ლიფტი სჭირდება. დამპირდნენ, რომ ჩვენ მეათე ვიქნებით. მითხრეს, რომ აპირებენ მერიას მოსთხოვონ 140 ათასი ლარის დამატება და თუ დაუმატეს, მაშინ ჩვენც მოგვხედავენ“.

 

ზურაბ ფარტენაძის თქმით, ამ დღეებში მან ასევე მოიწვია სპეციალისტი, რომელმაც ახალი ლიფტებისთვის ხარჯთაღრიცვა გააკეთა. „24 470 ლარი სჭირდება ახალი ლიფტის დამონტაჟებას“, – ამბობს ზურაბ ფარტენაძე.

 

ტაბიძის ქუჩის 31-ში მცხოვრებლებს კი, ისე როგორც სხვა მისამართებზე მცხოვრებთ, ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემა აწუხებთ. ერთ-ერთი მათგანი, ვინც „ბათუმელებს“ მათ კორპუსში ლიფტის მოწყვეტის შესახებ შეატყობინა, ამბობს, რომ ერთი წლის წინ გაიკეთა გულის ოპერაცია (კორონარული შუნტირება), რის შემდეგაც დარჩა არითმია. შესაბამისად, მისთვის არ შეიძლება კიბეებზე ასვლა.
2015 წელს ლიფტების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული. გამოყოფილი თანხით იმ ლიფტების გამოცვლა იგეგმება, რომლებიც რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.

 

ლიფტებს იბარებს „ბათუმის კორპუსი“ და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება.
ბათუმის საკრებულოს ბოლო სხდომაზე საკრებულოს სახელისუფლო და ოპოზიციური წევრები დიდი ვნებათაღელვით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა ბოლო სხდომაზეც არავის გახსენებია ავარიული ლიფტების საკითხი.

როდის გაიხსნება „სემირამიდას ბაღები“ – ტოვებს თუ არა აზერბაიჯანელი ინვესტორი ბათუმს

სასტუმრო კომპლექსი „გაზელი“ (ე.წ. „სემირამიდას ბაღები“) ბათუმში, ზღვისპირას შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 2013 წლის აგვისტომდე უნდა გახსნილიყო. მიმდინარე წლის 19 მაისს კი, სასტუმრო კომპლექსის გახსნა კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადა.

სამინისტროში მიზეზად იმას ასახელებენ, რომ კომპანიამ გარკვეულო სამუშაოების შესრულება ვერ მოასწრო. ერთ-ერთი ინფორმირებული წყაროს ცნობით კი, აზერბაიჯანულმა მხარემ მშენებელ კომპანიას მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო თანხის გადახდა შეუწყვიტა.

წყაროს თქმით, ის, რომ ინვესტორს ფული არ აქვს, არადამაჯერებელია. ამასთან, საუბარია მშენებარე კომპლექსის გაყიდვაზეც: „ამბობენ, ფული არ გვაქვსო, მაგრამ არ იქნება ეს სიმართლე. მშენებლობა თითქმის დასრულებულია. გამორიცხული არ არის ობიექტი გაიყიდოს. შესაძლებელია იტალიელები შემოვიდნენ. ეს მშენებელი კომპანიაც ეუბნება – ჩვენ მოგვყიდეთო. დეტალები არ ვიცი. ვითომ ორ თვეში გადაწყდება ყველაფერი“.

ჩვენივე ინფორმაციით, ინვესტორს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის 31 მილიონამდე აშშ დოლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა ხარჯებმა უკვე 40 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

სასტუმროს თურქული „მაფა სამშენებლო სავაჭრო კომპანიის ბათუმის ფილიალი“ („მაფა“) აშენებს. კომპანიაში ოფიციალურ კომენტარს, თუ რატომ შეჩერდა მშენებლობა, არ აკეთებენ. „ჩათვალეთ, რომ ჩვენ ჩვენი სამუშაო ფაქტობრივად შევასრულეთ. ის, თუ ვინ დაასრულებს დარჩენილ სამუშაოებს, ეს დამკვეთზეა დამოკიდებული“, – გვითხრეს კომპანიაში.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „მარინასა“ და „აკვაპარკს“ შორის ერთ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი აზერბაიჯანის მოქალაქე ზარიფა გამზაევას 2011 წლის ივნისში, აჭარის მაშინდელმა მთავრობამ 1 ლარად გადასცა. ზარიფა გამზაევას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 100 მოქალაქის დასაქმება დაევალა.

„მაფას“ სასტუმროს მშენებლობა კომპანია SW INN LLC-მა დაუკვეთა. კომპლექსის მშენებლობა მხოლოდ 2012 წელს დაიწყო. სასტუმრო კომპლექსში 130-ზე მეტი ნომერი იქნება. დასაქმებულთა 90% კი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

მშენებლობაზე დღეს გამოკრული სტენდის მიხედვით, დამკვეთი შპს „გლორიაა“. „გლორია“ კი, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, იგივე SW INN LLC-ია, რომელსაც სახელწოდება 2010 წელს შეეცვალა. კომპანიის სახელწოდების შეცვლასთან ერთად, როგორც ერთ-ერთმა პარტნიორმა, ზარიფა გამზაევამ კომპანიის კაპიტალში დამატებით შეიტანა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე ქ. ბათუმში, მისამართზე – კ. გამსახურდიას ქუჩა #8-10 (საკონსტიტუციო სასამართლოს უკან).

ეს ქონება – ორი ავტოფარეხი, საერთო ჯამში, 27 კვ/მ და 618 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობი პირველ სართულზე, მაშინ 1 მილიონ ექვსი ათას ხუთას ლარად შეფასდა. ამ ქონების შეტანით შპს „გლორიას“ საწესდებო კაპიტალი 3 მილიონ 393 ათასზე მეტი ლარით განისაზღვრა. კომპანიის წილის 50,8 პროცენტს ზარიფა გამზაევა ფლობს, დანარჩენი წილი კი რეგისტრირებულია ჯამილა და მალახატ ასკეროვებზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ისინი ზარიფა გამზაევას შვილები არიან.

რატომ ვერ მოესწო სასტუმროს გახსნა 2013 წელს? რა მიზეზების გამოა შეჩერებული მშენებლობა და როდის განახლდება? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ აზერბაიჯანშიც სცადა და თბილისშიც, სადაც კომპანია „გლორიას“ წარმომადგენლობის ოფისია. მცდელობის მიუხედავად, პასუხები დღემდე ვერ მივიღეთ.

აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით გარკვეულია, რომ ზარიფა გამზაევა აზერბაიჯანელი მილიარდერის, ავიაკომპანია AძAL-ის პრეზიდენტის ჯახანგირ ასკეროვის მეუღლეა. ამასთან, ზარიფა გამზაევა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილ არზუ ალიევასთან ერთად „Silkway Holding“-ში შემავალი შილკწაყBანკ-ის დამფუძნებელია. მილიარდერის მეუღლე ასევე ფლობს პარფიუმერულ მაღაზიათა უმსხვილეს ქსელს – „გაზელი“.

რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ალიევასა და ზარიფა გამზაევას ჰოლდინგში 23 კომპანიაა გაერთიანებული და ავიაციის სფეროს მომსახურებაში დომინანტური როლი აქვს.

აზერბაიჯანულენოვანი რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ზარიფა გამზაევა და პრეზიდენტ ალიევის ქალიშვილი საკმაოდ სკანდალური პიროვნებები არიან. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, მათ საქმიანობას „თან ახლდა და ახლავს მთელი რიგი სამართალდარღვევები და კორუფციული ელემენტები“.

 

80 ახალგაზრდა ბათუმელი მთის ბანაკებში დაისვენებს

 

სამთო ბანაკები წელს უნდა მოეწყოს გველეთში (ყაზბეგის რაიონი) – 1 ბანაკი 25 კაცზე; მულახში (მესტიაში) – 1 ბანაკი 27 კაცზე და შოვში (რაჭა) – 1 ბანაკი 28 კაცზე;

 

გველეთი

 

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური მთამსვლელების ინსტრუქტაჟით, მათი უშუალო მონაწილეობითა და მეთვალყურეობით უსაფრთხო ასვლა, დაბანაკება და ჩამოსვლა:

მესტიიდან პირველი კატეგორიის მწვერვალ „დადიაშზე”, 3800 მ;

შოვიდან პირველი კატეგორიის მწვერვალ „დოლომისზე“, 3500 მ;

ყაზბეგიდან პირველი კატეგორიის მწვერვალ „შინოზე”, 4000 მ.

 

მულახი

 

მერიის პროგრამა „სამთო ბანაკი“ ითვალისწინებს საზაფხულო ბანაკების მოწყობას საქართველოს მთიანეთში (სვანეთი, რაჭა და  ყაზბეგი,) „სადაც ახალგაზრდები 8 დღის განმავლობაში იცხოვრებენ კარვებში, გამოცდილი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ისწავლიან ტურისტული ტექნიკის გამოყენებას (თანაბარი განიკვეთის თოკების ერთმანეთში გადაკვანძვა, სამთო აღჭურვილობის გამოყენებას, კარვის აწყობა, ზურგჩანთის ჩალაგება, მდინარეზე თოკით გადასვლა).

 

ასევე სამთო ბანაკის ფარგლებში დაგეგმილია: სპორტული შეჯიბრებები, ყოველდღიური ლაშქრობები, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საღამოები. აკლიმატიზაციის შემდეგ მონაწილეები ავლენ მწვერვალზე.

 

შოვი

მსურველებს შეარჩევს მერიის შესაბამისი კომისია გასაუბრების, სამოტივაციო წერილისა და  შევსებული აპლიკაციის მიხედვით.

 
პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ 17-27 წლამდე ასაკის მქონე პირები, რომლებიც ცხოვრობენ ან სწავლობენ ქ. ბათუმში.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ ახალგაზრდას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოხალისედ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების განხორციელების პროცესში ან მოხალისეობრივ საწყისებზე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სამოქალაქო საქმიანობაში. მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი სარეკომენდაციო წერილის სახით“.

 

პროგრამა უნდა განხორციელდეს ტენდერში გამარჯვებულსა და ბათუმის მერიას შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე. ტენდერში წინადადებების მიღება კი 25 ივნისს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება.

საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა

 

 

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტისა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა)1-ლი ნაწილითა და 214-ე მუხლის (საბაჟო წესის დარღვევა) მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ხუთ წლამდე, ხოლო საბაჟო წესის დარღვევა – ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

 

ცხმორისი-გეგელიძეების და შუახევი-უჩამბას გზაზე ასფალტის საფარი დაიგება

 

საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის ცხმორისი-გეგელიძეების  საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი  არასდროს ყოფილა. წელს  2760 მეტრ სიგრძეზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის მოწყობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.  

 

სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ბონდი 2009“.  დასაქმებულია 15 ადამიანი, მათ შორის 6 ადგილობრივია.  ჩასატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება  868 730  ლარია.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის შუახევი-უჩამბას საავტომობილო გზაზე კი 3500 მეტრზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის მოწყობისათვის მოსამზადებელი  სამუშაოები.  

 

დეპარტამეტის ინფორმაციით, სამუშაოებს  შპს „გზები“ აწარმოებს.  დასაქმებულია 14 ადამიანი, მათ შორის 4 ადგილობრივია.  ჩასატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება 940 450  ლარს შეადგენს. 

 

მუჰაჯირები და მათი შთამომავლები

 

თურქეთში მცხოვრები ნური ილდირიმი ქართველი მუჰაჯირის შთამომავალია ბურსადან. ის ერთ-ერთი მათგანია იმ ათიათასობით ქართველს შორის, რომლებიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და რომელთა წინაპრებმაც 140 წლის წინ  დატოვეს საქართველო.

 

„ბაბუაჩემის მამა და მისი ექვსი ძმა ჩამოსულა ბურსაში საქართველოდან, სავარაუდოდ ხულოდან. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. ბაბუას მამას ერქვა ბეჰლული, მის ძმებს: მევლუდი, ეუბი, სეიდალი და შაბანი. სამწუხაროდ, ერთის სახელი არ მახსოვს. ძმებს შორის ყველაზე პატარა იყო ბეჰლული. ძალიან ახალგაზრდა იყო, ბურსაში, ინეგოლის რაიონში რომ ჩამოვიდა და დასახლდა. ზუსტი ცნობები, თუ როგორ მოახერხეს აქ ჩამოსვლა, არ მაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, საკმაოდ რთულ გზას გამოივლიდნენ,“- იხსენებს ნური ილდირიმი თავის წინაპრების ისტორიას.

 

ნური ილდირიმი

 

ნურის წინაპრების ისტორია იმ ადამიანების ისტორიის მსგავსია, რომლებმაც მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში საკუთარი სამშობლო დატოვეს და ემიგრაციაში წავიდნენ. მათი კრებითი სახელი საქართველოს ისტორიის ფურცლებზე არის – ქართველი მუჰაჯირები.  

 

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა. აჭარაში მცხოვრები მუსულმანი ქართველები კი სამშობლოდან გადაიხვეწნენ. ქართველების მასობრივად გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში, ომის დამთავრებისთანავე დაიწყო. მთელს მხარეში შიმშილი და გაჭირვება მძვინვარებდა. ოსმალეთის ჯაშუშების კარგმა მუშაობამ ბევრი ქართველი დაარწმუნა, რომ იქ, ოსმალეთის იმპერიაში, უკეთესი ცხოვრება ელოდათ. საქართველოში დარჩენის შემთხვევაში კი მათ  რუსები რჯულს შეუცვლიდნენ. ათასობით ქართველი მუსულმანი ქედიდან, ხულოდან, შუახევიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან აიყარა და უკეთესი ცხოვრების საძიებლად ოსმალეთის იმპერიას მიაშურა. ამ პროცესს მუჰაჯირობა უწოდეს და გადასახლების მსურველებს სპეციალური ვადა დაუწესეს, თუ რა დროში უნდა მოესწროთ სამშობლოს დატოვება. 

 

წასვლის მსურველებს 1878 წლის 3 თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვლამდე უნდა დაეტოვებინათ საქართველო. თუმცა პროცესი სინამდვილეში 1921 წლამდე, საქართველოს გასაბჭოებამდე გაგრძელდა.

 

მუჰაჯირობით დაინტერესებული იყვ¬ნენ ოსმალები, ყველა მხრივ უწყობდნენ ხელს  წასვლის მსურველებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადასულიყო ოსმალეთის იმპერიაში საცხოვრებლად. მუჰაჯირობის მსურველები ოჯახებით წასვლამდე სოფლიდან აგზავნიდნენ ე.წ. „დელეგატებს“. ოსმალეთში ჩასულ დელეგატებს ხელგაშლილი ხვდებოდნენ და „ოქროს მთებს“ ჰპირდებოდნენ. უკან დაბრუნებულებს თავიანთ სოფლებში ჩამოჰქონდათ ამბავი ზღაპრული ცხოვრების შესახებ, რომელიც ელოდათ უცხო ქვეყანაში. ამ ისტორიების პარალელურად, რეალური ცხოვრება აჭარაში ყოვლად აუტანელი იყო. იმ პერიოდის პრესაში ბევრი წერილი იბეჭდებოდა აჭარაში გამეფებულ უსამართლობასა და უკიდურეს სიდუხჭირეზე.

 

მუჰაჯირად წასვლა გარკვეული წესით ხდებოდა. წასვლის მსურველი ვალდებული იყო რუსული ადმინისტრაციისთვის ჩაებარებინა მიწის ნასყიდობის საბუთი ანდა ხელწერილი მიწაზე სამუდამოდ უარის თქმის შესახებ. ამის შემდეგ მას უფლება ჰქონდა, გაეყიდა ან გაეჩუქებინა თავისი ქონება.

 

აჭარიდან მკვიდრი მოსახლეობის მუჰაჯირად წასვლას რუსეთის ხელისუფლებაც დიდად უწყობდა ხელს. ერთადერთი, ვინც მუჰაჯირობით იმ პერიოდში შეწუხებული იყო, ქართველი საზოგადო მოღვაწეები იყვნენ. სერგეი მესხმა გაზეთ „დროების“ ფურცლებზე არაერთი სტატია მიუძღვნა მუჰაჯირების თემას. მესხი თავის წერილებში ხელისუფლებას და პირველ რიგში, ქართველ საზოგადოებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რომლებსაც ისინი ახლადშემოერთებული აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების მიმართ იჩენდნენ.

 

„თითქმის არც ერთი ფაქტით, არც ერთი სახსრით და ჩვენი მოქმედებით, ჯერ არ დაგვიმტკიცებია ამ ხალხისთვის, რომ ჩვენ ამათთვის ბედნიერება და სიკეთე გვსურს, რომ ჩვენ ნამდვილ ძმებად მიგვაჩნია ისინი და ვზრუნავთ მათთვის, და ამის შემდეგ რად უნდა გვიკვირდეს, რომ ისინი მიდიან ოსმალეთში, სადაც საქმით თუ ვერ უსრულებენ, სიტყვით ჰპირდებიან გაჭირვებულ მდგომარეობაში ხელის გამართვას და დახმარებას. ამაზე ყველა ქართველმა უნდა იფიქროს, რომ ნაპოვნი ძმა ხელახლა არ დაგვეკარგოს“, – წერდა „დროების“ ფურცლებზე სერგეი მესხი.

 

იმ პერიოდის საქართველოში სამშობლოდან წასასვლელად გამზადებული ადამიანების ბედზე საზრუნავად საზოგადო მოღვაწეების გარდა არავის ეცალა. მათი წერილები და გულისტკივილი კი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ემიგრაციის ტალღა შეეჩერებინა. დაპირებული სამოთხე მუჰაჯირებმა ვერც ოსმალეთის იმპერიაში იპოვეს. ნური ილდირიმი თავისი წინაპრის ისტორიას იხსენებს და ამბობს:

 

„როცა ბაბუაჩემის მამა და მისი ძმები ბურსაში ჩამოვიდნენ, ოსმალეთის იმპერიის ბოლო წლები იყო. იყო ომი. თითქმის ყველა ოჯახიდან ხალხი ომში მიდიოდა. 9-10 წელი მაინც დაჰყვეს ჯარში.

 

როგორც გადმოცემით ვიცი, ბეჰლულ ბაბუას ცოლი სადღაც 75 წლის ყოფილა, რომ  გარდაცვლილა. ამის შემდეგ ცოლად მოუყვანია ახალგაზრდა ქვრივი ქალი. სწორედ იმ ქალთან შეეძინა ბეჰლულს ბაბუაჩემი – აბდულლაჰი. თუმცა ისე მომკვდარა, შვილის ნახვას ვერ მოსწრებია. ორი წლის ყოფილა ბაბუაჩემი, როცა დედაც გარდაცვლია. ექვს წლამდე დედის მამასთან ცხოვრობდა, რომლებიც გვარად მამალაძეები ყოფილან. ბაბუაჩემი თავის უფროს ძმას ბაბუას ეძახდა, რადგან ძმა სამოცი წლით უფროსი იყო მასზე“.

 

ინეგოლში, სადაც ნური ილდირიმი ცხოვრობს, სულ  18 ქართული სოფელია. როგორც ის ამბობს, ერთი სოფელი მაჭახელადან ჩამოსული ქართველი მუჰაჯირების შთამომავლებითაა დასახლებული, ორი სოფელი – ჩაქვიდან. „ჩემს სოფელს ჰქვია გულბაჰჩე, კიდევ ორი სოფელია, სადაც ხულოდან ჩამოსულები ცხოვრობენ. დანარჩენ სოფლებში კი სულ შუახევიდან ჩამოსულები არიან დასახლებულნი“,- ამბობს ნური.

 

ის რამდენიმე წელია საკუთარ გენეოლოგიას იკვლევს. დედის მხრიდან მისი წინაპრები  ქამადაძეები ყოფილან, მამის მხრიდან გვარი კი ჯერ ვერ დაადგინა.

„მამაჩემის მხრიდან გვარის ისტორია არ ვიცი. ოსმალეთის იმპერიის დროის გვარი ოღლი იყო. ბაბუას როგორც ახსოვდა – ვეჯელოღლი, ველეზოღლი ან ჯეჯელოღლი. მინდოდა გვარის ისტორია გამომეკვლია, წერილიც მივწერე, მაგრამ მომწერეს ოსმალური არქივები რემონტშიაო. მე ახლა ვეძებ და მაინტერესებს ჩემი გენეოლოგია. მიკვირს ადრე, მაგალითად, ბაბუაჩემის უფროს ძმას რატომ არ დააინტერესა თავისი წარმოშობა? რატომ არ ჰკითხა თავის მამას წარსული? სამწუხაროდ, ჩემს გარდა ეს საკითხი არც ჩემს ოჯახში აინტერესებს არავის.

 

პატარაობაში, როცა სკოლაში დავდიოდი, ვხვდებოდი, რომ ჩვენ განსხვავებულები ვიყავით. სკოლაში, ქალაქსა და ქუჩებში თურქული ლაპარაკი მესმოდა, სახლსა და სოფელში – ქართული. ჩემებს ვეკითხებოდი, თუ რატომ ამბობდნენ, ჩვენ გურჯები ვართ, ბათუმელი აჭარლებიო.

 

პირველად 2006 წელს ჩამოვედი საქართველოში ჩემს დეიდაშვილთან ერთად. რადგან მამაჩემის მხარის ისტორია არ ვიცოდი, დედაჩემის მხარის ნათესავების ძებნა დავიწყე. ბიძაჩემმა დამაბარა, ნახე კიდევ თუ არიან ჩვენი ნათესავებიო. შუახევში, სოფელ ფურტიოში უნდა ცხოვრობდნენ ჩვენი ნათესავები, ადრე მათ მელიქოღლები ერქვაო.  2006-ში ვიყავი პირველად ფურტიოში და ჩემი ნათესავები ვიპოვე.

 

აღფრთოვანებული დავრჩი შუახევის, ბათუმის და მთლიანად საქართველოს ნახვით. მთელი დღეები, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ვფიქრობდი, ნეტავ ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ? აქ დადიოდნენ?

 

თურქეთში 140 წელია ვცხოვრობთ და ჩემს ოჯახში, ჩემს ნათესავებში მხოლოდ მე ვარ მონდომებული, ვიპოვო საკუთარი ფესვები. ბევრ ჩემს ნათესავს ჰგონია, რომ თურქია. აქ ჩვენი ოჯახის მსგავსი ოჯახები ბევრია. თუმცა არიან ოჯახებიც, რომლებმაც იციან თავიანთი ისტორია“. 

 

ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ჭოროხი იმიტომაა ჩქარი მდინარე, რომ „გურჯისტანში ჩამოიტანოს მუჰაჯირთა სულები და ფიქრები“.

 

„გურჯისტანს, ანუ საქართველოს ისინი „დიდმემლექეთს“ ეძახიან. მეორე თქმულების თანახმად, იქაური ქალები ქმრების ჩუმად ტირიან, ცრემლებს ე.წ. გუგუმებში (თუნგი) აგროვებენ და ზაფხულში, ჩურუგას (ივლისი) თვეში გვალვების დროს უწყვეტად ადიან კოლადან, არტანიდან, შავშეთიდან, კლარჯეთიდან, სპერიდან, ერუშუთიდან, სხვა ქართული პროვინციებიდან მტკვრის სათავესთან, მიაქვთ დაგროვილი ცრემლი და უმატებენ თითქმის დამშრალ მტკვარს, რომელსაც საქართველოში ჩამოაქვს იქაურთა დარდი და ტკივილი“,- წერს ასოცირებული პროფესორი თამაზ ფუტკარაძე თურქეთის ქართულ მოსახლეობაზე მომზადებულ ნაშრომში.

ინფო ტური კინტრიშის ხეობაში

 

ღონისძიების ფარგლებში აჭარაში მოქმედმა ტუროპერატორებმა ნაკრძალის შესახებ ინფორმაცია  მიიღეს. ტურის ფარგლებში მათ კოხის საკალმახე მეურნეობა, სოფელ ქობულეთის, კობალაურისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, წმინდა გიორგის მონასტერი, კოლხური ბზის კორომები და უძველესი მარანი დაათვალიერეს.

ტურის მონაწილეებს, ტურიზმის განყოფილებისაგან სასაჩუქრე ჩანთები გადაეცათ.

 

ქობულეთში ტურიზმის კვირეული 4 ივნისს გაიხნა. კვირეულის ფარგლებში, იგეგმება ფოტოგამოფენა სახელწოდებით “ქობულეთიდან დანახული საქართველო”, ასევე ერთდღიანი ტრენინგ-სემინარი თემაზე “ტურიზმის განვითარება პატარა ქალაქში”.



თემის სამედიცინო პუნქტების მედდებს გლუკომეტრის აპარატები და ტესტ-ჩხირები გადაეცემათ

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ თემის სამედიცინო პუნქტებისათვის გლუკომეტრის აპარატები გასულ წელსაც შეიძინა, სამინისტროს ინფორმაციით, წელს აღნიშნულ სადიაგნოსტიკო საშუალებას 100 თემის სამედიცინო პუნქტი მიიღებს და ამით დასრულდება ექიმამდელი სამედიცინო დაწესებულების გლუკომეტრის აპარატებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ის ყველა თსპ-ს გადაეცემა.

 

„სოფლის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო ყველწლიურად ახორცილებს.

 

უწყების ცნობით, 2015 წელს, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 783 400 ლარით. პროგრამა ითვალისწინებს თემის სამედიცინო პუნქტების პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით, სადიაგნოსტიკო საშუალებებით და მედდების ხელფასით უზრუნველყოფასა. წელს, თემის სამედიცინო პუნქტებისათვის შეძენილია 38 219 ლარის ღირებულების პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტი და 9 839 ლარის ღირებულების შესახვევი მასალა.

 

2014 წელს, პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა 200 846 სოფლის მოსახლეს. პირველადი დახმარების მედიკამენტებზე გაიხარჯა 57 553 ლარი. თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე გამოიყო 677 383 ლარი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფუნქციონირებს 186 თემის სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებულია 230 მედდა.

დაზარალებულები მოსამართლეს წამებაში ბრალდებულების დაკავებას სთხოვენ

 მარცხნივ: ზაზა ჯიქია, გიორგი ვეკუა

დაზარალებულებს შორის არიან პატიმრები, რომლებიც სასჯელს ციხეებში ახლაც იხდიან. ბოლო სასამართლო პროცესზე სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მისცა სასამართლოს ჩვენება. მან მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბრალდებულების – ჯიქიასა და ვეკუას დაპატიმრება სთხოვა. წამებაში ბრალდებულები პატიმრობიდან სასამართლომ გირაოს საფუძველზე ორი წლის წინ გაათავისუფლა.

“გიორგი ვეკუა ნანახი არ მყავს, ჯიქია საზიზღრად გვექცეოდა, მაყენებდნენ შეურაცხყოფას, სასწაულად გვამცირებდნენ, მკლავდნენ ცემით… თავში გვირტყამდნენ, ცემა ერთია, ფსიქოლოგიურად გვანგრევდნენ, მისი პატიმრებს კი არა თანამშრომლებსაც ეშინოდათ. ცემა ყველა ციხეშია, მაგრამ აქ უმიზეზოდ სცემდნენ… დედაჩემი ამოვიდა, 70 წლის ქალი და მხოლოდ შვიდი წუთი მომცეს უფლება მენახა, პაემნის უფლებას გვიზღუდავდნენ… თქვენ ფიქრობთ, რომ რასაც ვყვები ეს სიმართლე არ არის? 2010 წელს ვინც იხდიდა სასჯელს ყველას ჰკითხეთ, იმავეს მოგიყვებიან. ცემით ხალხი ხერხემალში ჰყავთ გადატეხილი. პირველად ციხეზე რომ ამიყვანეს, 2010 წელი იყო, ტანსაცმელი გამხადეს, მხრებზე ვარსკვლავი მეხატა, ქურდებს შეაგინეო მითხრეს, მე არა ვარ ქურდი, სხვას რატომ უნდა შევაგინო-მეთქი… მომკლეს ცემაში. უფრო ხშირად აბანოში გვცემდნენ, სისხლი ადვილად ირეცხებოდა და იმიტომ. რამდენჯერ მცემეს? – 10-12-ჯერ.

 

მე მაინტერესებს, რატომ არიან ისინი თავისუფლებაში, ჩვენ როცა დანაშაული ჩავიდინეთ, ორ თვეში გაგვასამართლეთ, ეს მწამებლები კი ორი წელია გარეთ არიან. ეს სამართალია, ბატონო მოსამართლე? ესენი ციხეში უნდა იყვნენ, ცუდი ხალხია ესენი, ძალიან ცუდი, საზიზღრობებს სჩადიოდნენ… მე გთხოვ დააპატიმროთ ესენი. როგორც მე გამასამართლეთ ორ თვეში, როცა დანაშაული ჩავიდინე, ესენიც ისე გაასამართლეთ”.

 

პატიმარმა, რომელსაც დაკითხვის პროცესში მთელი სხეული უცახცახებდა, გასვლის წინ ციხის ყოფილ ხელმძღვანელს მიმართა – “მაინტერესებს შვილი ან ცოლი არ გყავს? ცოდვის არ გეშინია?”. ის დარბაზიდან ბადრაგმა გაიყვანა, გასვლის დროს შეგინების გამო მოსამართლემ დარბაზიდან გაყვანილი პატიმარი 400 ლარით დააჯარიმა.

 

აი, რა უამბო კიდევ რამდენიმე პატიმარმა სასამართლოს: „ათასჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე. კედელთან მიგვაყენებდნენ ზურგით, უკნიდან ხელკეტებს გვირტყამდნენ, ადვოკატებმა იცოდნენ რაც ხდებოდა ციხეში, მაგრამ ვერაფერს ამბობდნენ, ეშინოდათ უარესი შედეგის… პასუხი უნდა აგონ ამათ იმ სისასტიკისთვის, რაც გამოვიარეთ…“

 

„გვცემდნენ ყოველ დღე უმიზეზოდ: საბანი ვითხოვე – მცემეს, ექიმს ვერ მოითხოვდი, ერთხელ ჩუსტი გამძვრა- იმიტომ მცემეს. ჯიქია მახსოვს იმიტომ, რომ ნიღაბი არ ეკეთა, სხვები ნიღბებით იყვნენ. ესენი გირაოთი არ უნდა იყვნენ გარეთ~.
ადვოკატები ტრადიციულად ერთსა და იმავე კითხვებს უსვამდნენ დაზარალებულებს: ჰყავდათ თუ არა მათ მოწმეები, როცა ციხეში სცემდნენ, რას ფიქრობდნენ მაყურებლის ინსტიტუტზე და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან. ზოგი პატიმარი ამ კითხვებს პასუხობს, ზოგი კი კითხვებით ღიზიანდება. ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატები – სოსო ჯალაღონია და პაატა ბოლქვაძე იცავენ, სახელმწიფო ბრალმდებელი კი პროკურორი ირაკლი გაჩეჩილაძეა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო მეორე წელია განიხილავს. ჯერ მოწმეების ნახევარიც არ ჰყავთ დაკითხული.

ბათუმის მერია სამინისტროებსა და უწყებებს შორის ფეხბურთში ტურნირს ჩაატარებს

 

ბათუმის მერიის მოთხოვნაა პრეტენდენტმა უზრუნველყოს აჭარის სამინისტროებისა და უწყებების გუნდების მონაწილეობა ტურნირში;  მონაწილეთა ინფორმირება შეჯიბრების ჩატარების შესახებ; მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის დროულად მიღება; აფიშების განთავსება; გახმოვანების აპარატურით მომსახურება; ასევე 9 დღით  მთავარი მსაჯის (1კაცი), მსაჯების (2 კაცი), ექთნისა  (1 კაცი) და მდივნის (1 კაცი) მომსახურება.

 

გამარჯვებულმა ასევე უნდა უზრუნველყოს შეჯიბრების გახსნა-დახურვის ცერემონიალის მოწყობა; საუკეთესო ნომინაციების გამოვლენა (საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მცველი, საუკეთესო ნახევარმცველი, საუკეთესო თავდამსხმელი საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელი) და გამარჯვებულთათვის ფასიანი საჩუქრების გადაცემა; ტურნირში გამარჯვებულთა დაჯილდოება სიგელებითა და თასებით (სიგელები გადაეცემა პირველ, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ გუნდებს (3 ცალი), ასევე ნომინაციებში გამარჯვებულებს (6 ცალი)); ტურნირში შესაბამისი სახეობის სპორტის ფედერაციის ჩართულობა.

 

სატენდერო პირობების მიხედვით ტურნირის ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად. აუცილებელია ტექნიკური პირობების ყველა მოთხოვნის შეთანხმება მერიასთან, ასევე გამარჯვებულმა მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უნდა წარმოადგინოს ტურნირის დებულება.

 

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ტენდერი მერიამ 24 ივნისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 29 ივნისს დასრულდება. 

ბიზნესომბუდსმენის შესახებ კანონი ამოქმედდა

 

კანონის მიხედვით ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

 

ბიზნესომბუდსმენი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია. მასზე რაიმე ზემოქმედება და მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია.

 

ბიზნესომბუდსმენი განცხადების განხილვისას ნეიტრალურია და არ წარმოადგენს განმცხადებელს ან იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის გადაწყვე­ტი­ლების/ქმედების მარ­თლზომიერებასაც საეჭვოდ ხდის განმცხადებელი.  ბიზნესომბუდსმენი მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსის დაცვით ცდილობს კონსენსუსის მიღწევას.

 

 ბიზნესომბუდსმენს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მას, როგორც ბიზნესომბუდსმენს, გაანდეს. ეს უფლება ბიზნესომბუდსმენს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.

 

ბიზნესომბუდსმენს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით. ბიზნესომბუდსმენს უფლება არ აქვს, ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა.

 

ბიზნესომბუდსმენს ასევე უფლება არ აქვს, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

 

კანონი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ პარლამენტმა 28 მაისს მიიღო და ძალაში 4 ივნისს შევიდა. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა „საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილება.

 

თავის დროზე კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, რომლის ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ ახალ კანონს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები შეექმნა.

დაუბეგრავი მინიმუმი – დაბრუნებულია 90 მილიონ ლარზე მეტი

 

დღევანდელი დღის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურში დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობაა 439 513. დაბრუნებული რიგითი ნომრის [317 714] გათვალისწინებით, ამ დროისთვის თანხის დაბრუნებას 121 799 მოქალაქე ელოდება.

 

დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხის დაბრუნებაზე დეკლარაციების წარდგენა 1 აპრილს დაიწყო და 2015 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ახალი ბინები ბათუმის მერიას

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „კინოს უბანთან” ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ხელშეკრულება 2012 წლის დასაწყისში გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ. N42-ში, ზუბალაშვილის შესახვევი N1-ში და ზუბალაშვილისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე უძრავ ქონებებზე კომპანიას 2014 წლის აგვისტომდე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა აეგო. იმავდროულად ინვესტორის ერთ-ერთი ვალდებულება იყო, რომ ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის საკუთრებაში 400 კვ/მ კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართობი გადაეცა.

 

11 კეთილმოწყობილი ბინა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკუთრებაში 2015 წლის თებერვალში დაირეგისტრირა, აქედან 9 ბინა კი მაისში ბათუმის მერიას გადასცა საკუთრებაში. როგორ განკარგავს აღნიშნულ ბინებს ბათუმის მერია? – ამ კითხვით “ბათუმელები” ქალაქის მერს გიორგი ერმაკოვს დაუკავშირდა.

 

გიორგი ერმაკოვი

 

„ახლა ანგარიშს ვერ ჩაგაბარებთ ზუსტად რაში გვჭირდება ეს ბინები, მაგრამ გეტყვით, რომ ესაა საბინაო ფონდი, რომელსაც ვიყენებთ დანიშნულებისამებრ. გვიწევს ქონების ჩამორთმევა ექსპროპრეაციით, ან გვაქვს ასათვისებელი გარკვეული ფართობები, ისე, როგორც მაგალითად ერისთავის ქუჩაზე, ან გაგვყავს გზა, ან საკრებულოს გადაწყვეტილებით გადავცემთ ბინებს, მაგალითად, მრავალშვილიან (7 და მეტი შვილი) ოჯახს. ანუ, ასეთი ღონისძიებებისთვის ამ საბინაო ფონდით ვსარგებლობთ – ვაძლევთ სანაცვლოდ მოქალაქეებს, ვაძლევთ ასევე რემონტის თანხასაც“, – აღნიშნა “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში ქალაქის მერმა.

 

გიორგი ერმაკოვის თქმით, ქალაქის სხვადასხვა უბანში, სადაც აითვისეს ტერიტორია და მოქალაქეებთან ვალდებულება წარმოეშვა სახელმწიფოს, ქალაქს ამ შემთხვევაში, ამისთვის იქნება გამოყენებული ეს ბინები ზ. გამსახურდიას ქუჩაზე: „ასეთი ოჯახები გვყავს. რაც შეეხება დაკონკრეტებას, ინდივიდუალური პირები არიან და ზოგს შესაძლოა არ უნდოდეს ინფორმაციის გაჟღერება. რაც შეეხება სახელმწიფოს თუ ქალაქის ქონებას, მას უკანონოდ არ გავცემთ“.

 

ამ კორპუსში რომლის პირველ სართულზე მაღაზია ვაიკიკია ბათუმის მერიას 9 ბინა აქვს

 

ბათუმის მერიას გარდა აღნიშნული ბინებისა, საკუთრებაში კიდევ 50-მდე ბინა აქვს ქალაქის სხვადასხვა უბანში, რომლებშიც არავინ ცხოვრობს (ეს ბინები მერიას საკუთრებაში 2012 წლის იანვრიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში აქვს დარეგისტრირებული).

 

რატომ არ გამოიყენა ეს ფონდი მერიამ და რატომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეები ბინებით, თუ ასეთი ვალდებულება გააჩნდა – ამასთან დაკავშირებით ქალაქის მერი აღნიშნავს: „სხვა ბინებიც გვაქვს, ალბათ, გვქონდა, მაგრამ ეს თქვენი განსასაზღვრი ხომ არ არის, რატომ ვაძლევთ ერთ და არა სხვა სახლში ბინას… კანონის ფარგლებს არ გავცდებით. ყველას, ვისაც ეკუთვნის ასეთ შემთხვევაში, მერიის თუ ფინანსთა სამინისტროს ფონდში რიცხული თუ ამორიცხული საცხოვრებელი ფართობები, კანონის შესაბამისად გადაეცემა“.

 

2014 წელს და მიმდინარე წლის აპრილამდე პერიოდში მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში სულ შესული და განხილული იქნა 2027 მოქალაქის განცხადება ბინით დაკმაყოფილების თაობაზე.

 

ამავე სამსახურის ინფორმაციით: „რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ ადამიანებისა ან/და ოჯახების რაოდენობას, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, მსგავსი ინფორმაცია ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში არ მოიპოვება“.

 

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში, როგორც მერიიდან გვიპასუხეს, ხორციელდება განცხადებების აღრიცხვიანობა თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ. 2011 წლიდან 2015 წლის 27 მარტამდე კი აღნიშნულ სამსახურში სულ შესულია 2064 განცხადება: „აქედან, თანაქალაქელებისთვის სტანდარტული საცხოვრისის _ იაფი სახლის (ეკონომიკურად ხელმისაწვდომი გრძელვადიანი გამოსყიდვის (ეტაპობრივად გადახდის) უფლებით) პროექტში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რაოდენობა 216-ია“.

 

„ქალაქის მერია განცხადების საფუძველზე არავის ბინას არ აძლევს. საბინაო ფონდში არსებული ბინები არ განიკარგება არც ერთ შემთხვევაში გარდა შემთხვევისა, რაც არის კანონით გათვალისწინებული. ის, რომ მოქალაქე შემოდის განაცხადით – ბინა არა მაქვს, მასეთი განცხადება უამრავი იქნება, მაგრამ საბინაო ფონდიდან ბინის განკარგვა ამ განცხადებების საფუძველზე არ შეიძლება. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, მერია საჩუქრად გადასცემს ვინმეს ბინას? – მიუხედავად იმისა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველას ჰქონდეს საკუთარი საცხოვრებელი. მაგრამ მე რომ ბინა არ მქონდეს და მივწერო რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ მომეცით ბინა, ასეთი კანონი არ არსებობს. ამასთან, როგორც ამბობენ – გამოკეტილი არ არის ეს ბინები, იქედან გამომდინარე, რომ ვსარგებლობთ ამ ფართობებით საჭიროებისამებრ“,  – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა `ბათუმელებთან“.

 

კითხვაზე, შეისწავლა ან შეისწავლის თუ არა მერია ამ განცხადებებს? ქალაქის მერი გვპასუხობს: „როგორ უნდა შევისწავლოთ განცხადებები, ვინც გვწერს ბინა არ გვაქო… ჩვენ რეესტრს ვაკეთებთ და საერთო ინფორმაცია გვაქვს რამდენი განაცხადია, თორემ ბინის გადაცემა, როგორც ასეთი, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ხდება. სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ ეკომიგრანტებს გადაეცემა. ამ შემთხვევაშიც, არსებობს სამთავრობო კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ეკომიგრანტებთან დაკავშირებით“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში სასტუმრო ლეო გრანდი გახსნა

სასტუმრო 182-ნომრიანია, მასში ასევე საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრია განთავსებული. მთავრობის ინფორმაციით სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდება.

სასტუმრო „ლეო გრანდის“ გახსნამდე პრემიერ-მიმისტრმა ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, “ორბი ჯგუფის” პროექტის  “Orbi Beach Tower”-ის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

როგორ მოემზადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სეზონისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დაიჯესტში აღნიშნულია, რომ დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, ორგანიზება გაუწია სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მედიის საინფორმაციო ტურებს (ლიტვა, სომხეთი,პოლონეთი, ისრაელი, ბელორუსია, თურქეთი, ყაზახეთი); აწარმოა მონიტორინგი სამიზნე ქვეყნებში წარმოებული სარეკლამო კამპანიების შესახებ, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქალაქში 15 ივნისამდე გრძელდება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მხარდაჭერა გაუწია რეგიონში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას “ექსპო-ბათუმი 2015”, რომლის ფარგლებშიც უმაპინძლა სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს.

ტურიზმის დეპარტამენტი პერმანენტულად მონაწილეობდა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ახდენდა ისეთ საერთაშორისო ღონისძიებებში, როგორებიც იყო საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი, საქართველოს დღეები ასტანაში, ზაბრჟეს ინდუსტრიული ტურიზმის კონფერენცია.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მაისის თვეში ჩაატარა მონიტორინგი როგორც არსებული ტურისტული მარშრუტების შემოწმების, ისე 2015 წლის სეზონთან დაკავშირებული სიახლეების გამოვლენის მიზნით.

ირაკლი ღარიბაშვილი: მშენებლობის მხრივ პოზიტიური დინამიკა გვაქვს [ფოტო]

„კომპანია „ორბი ჯგუფმა“ საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. განხორციელებული აქვს 450 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საქმეში. ასე, რომ, მე ვულოცავ და კიდევ ერთხელ მინდა მთავრობის სახელით დიდი მხარდაჭერა დავუდასტურო ამ კომპანიას, მის მფლობელებს, მენეჯერებს, რომლებიც ძალიან წარმატებულ საქმეს ეწევიან. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი იმისა, რომ ზოგადად აჭარაში, საქართველოში მშენებლობა ძალიან კარგი ტემპებით ვითარდება. გასულ წელს ჩვენ გვქონდა 27%-იანი ზრდა მშენებლობაში, წელს, აჭარაში რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს აქტიურად, ზოგი გაიხსნა და წელს კიდევ გაიხსნება რამდენიმე, რაც ნიშანია იმისა, რომ ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის და პოზიტიური დინამიკა გვაქვს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Orbi Beach Tower-ის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრა [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

მთავრობის ინფორმაციით 39 სართულიანი, 785 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექს “Orbi Beach Tower”-ის ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობაზე დასაქმებულია 400 ადამიანი, მშენებლობის დასრულების შემდგომ კი 200 ადამიანი დასაქმდება.

პრემიერ-მინისტრმა დღესვე ბათუმში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “ლეო გრანდი” გახსნა.

შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე ბათუმში ორი პირია დაკავებული

 

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს, ამავე სამმართველოს მე-6 და მე-7 განყოფილებების თანამშრომლებმა, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე: სასტუმრო „ანას“ დროებითი მფლობელი, 1966 წელს დაბადებული ზორბეგ დ. და სასტუმრო „სთარის“ დროებითი მფლობელი, 1979 წელს დაბადებული რომან ფ. დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულში ამხილეს და პასუხისგებაში მისცეს 5 პირი: სასტუმროს და დისკო-კლუბ „ლეგასის“ დროებითი მფლობელები, საქართველოს მოქალაქეები – 1970 წელს დაბადებული ემზარ მ. და 1991 წელს დაბადებული ვახტანგ მ, სასტუმრო „ელეგანტის“ დროებითი მფლობელი, 1962 წელს დაბადებული ნინა კ, სასტუმრო „ეფესის“ დროებით მფლობელები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1968 წელს დაბადებული მეთინ დ. და 1983 წელს დაბადებული თამერ ი.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემული პირები ბათუმში მდებარე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკო-კლუბების ფართებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებსა და დისკო-კლუბებში მომუშავე პირები და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. ყველა დაკავებული და მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

„აჭარ ენერჯი-2007“-ს ხელვაჩაურში კერძო საკუთრებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა

 

ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველ კომისიას ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-მა 2014 წლის 19 ივნისს  მიმართა.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „მოცემულ შემთხვევაში გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის მე-13-მე-14 კილომეტრის სარეკონსტრუქციო ტერიტორიაზე მოხვედრილი ფიზიკური პირების: მამუდა, აბდულა, თემურ და რომან თავდგირიძეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ვინაიდან დასახელებულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს საავტომობილო გზის მშენებლობა მისი ამაღლების მიზნით, მანამ სანამ მოხდება ჰიდროელექტროსადგურის ოპერირება. აღნიშნული სამუშაოს შედეგად თავიდან იქნება აცილებული ჰესის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა, რომელზედაც განთავსებულია სასაფლაო. ამასთან, ,,კომპანიის“ მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთებზე უნდა გაკეთდეს დიაფრაგმული კედელი, ასევე საავტომობილო გზის დამცავი ქვის საყარი, რომელიც მთელს ტერიტორიას დაიცავს დატბორვისაგან“.  

 

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღსანიშნავია, რომ ,კომპანიამ განახორციელა მთელი რიგი სამუშაოები და შეისყიდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. მაგრამ, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ ოთხ მესაკუთრესთან, რომლებმაც შესაბამის საკომპენსაციო თანხის მიღებასა და მიწის ნაკვეთების გასხვისებაზე უარი განაცხადეს.

 

შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-ს მიენიჭა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება. კერძოდ: მამუდა თავდგირიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთი 2898 კვ.მ; აბდულა თავდგირიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთი 896 კვ.მ; თემურ თავდგირიძის  საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთი 2932 კვ.მ და რომან თავდგირიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთი 3024 კვ.მ.

 

ჭოროხზე მშენებარე ჰესი [ფოტო მანანა ქველიაშვილი]

 

 2011 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს ,,აჭარ ენერჯი-2007”-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, ,,კომპანიამ“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უნდა უზრუნველყოს 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა – მათ შორის უნდა აშენდეს ,,კირნათისა” და ,,ხელვაჩაური I” ჰიდროელექტროსადგურები, ხოლო მესამე პროექტი არჩევითია და გადაწყდება ,,კომპანიის“ ინიციატივით. 

1 800 რეპრესირებული გაზრდილ კომპენსაციას ელოდება

 

 

საიას აჭარის ფილიალში რეპრესირებულთა რიგებია

 

რეპრესირებულ მოქალაქეებზე კომპენსაციის გაცემა ხელისუფლებამ 2011 წლიდან დაიწყო. მოქალაქეებმა თავიანთი და მათი ოჯახის წევრების რეპრესიის შესახებ დოკუმენტაციის მოძიება არქივებში დაიწყეს, სწორედ ამ მასალების საფუძველზე უნდა ეღიარებინა სასამართლოს ისინი რეპრესიების მსხვერპლად. საარქივო დოკუმენტაციის მოპოვება გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებდა, საკომპენსაციო თანხა კი, რომელსაც სახელმწიფო რეპრესირებულებზე გასცემდა, ძალიან დაბალი იყო – 200-300 ლარი. მაქსიმალური თანხა, რაც ამ პერიოდში რეპრესირებულებზე გაიცა, 500 ლარი იყო.

რეპრესირებულები ან მათი პირდაპირი შთამომავლები მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფომ მათ დასცინა, რადგან საკომპენსაციო თანხა არ იყო იმ ზიანის ადეკვატური, რაც თვითონ თუ მათმა ოჯახის წევრებმა მიიღეს საბჭოთა რეჟიმისგან. ამ მიზეზით ადამიანების გარკველმა ნაწილმა დოკუმენტების მოძიების პროცესი შეწყვიტა, რის გამოც ეს პირები კანონში შეტანილი ცვლილების მიუხედავად, გაზრდილ კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ.

„სასამართლოს ეს ადამიანები რეპრესირებულად 2014 წლის ბოლომდე უნდა ეღიარებინა. ეს იყო კანონით დადგენილი ვადა. გამომდინარე იქედან, რომ თავდაპირველად კომპენსაციის თანხა იყო ძალიან დაბალი, გარკვეულმა პირებმა ჩათვალეს, რომ პროცესის გაგრძელება აღარ ღირდა, არც სასამართლოსთვის მიუმართავთ. რადგან ვადები გაშვებულია, ისინი გაზრდილ კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ“, –  ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი.

იურისტის განცხადებით, ეს დეტალი საკანონმდებლო ორგანოს კანონში ცვლილებების შეტანის განხილვის დროს უნდა გაეთვალისწინებინა და შეზღუდვა მოეხსნა.

ამ დროისთვის საიას ახალი სარჩელის მომზადების მიზნით 1300-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა და ეს ციფრი დღითი დღე მატულობს.
„მათ, ვინც პირველ ეტაპზე მიმართა სასამართლოს და აიღო კომპენსაცია, გაზრდილი კომპენსაციის მისაღებად ხელმეორედ უნდა მიმართონ სასამართლოს. ამ შემთხვევაში საკმარისია მოქალაქემ სასამართლოში წარადგინოს ის გადაწყვეტილება, რომელიც პირველად გამოიტანა სასამართლომ. გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს სასამართლო ბეჭდით დამოწმებული“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

ამ კატეგორიის მოქალაქეებს ზედმეტი პროცედურის გავლა აღარ უწევთ. ხოლო ის პირები, რომლებიც რეპრესირებულად აღიარა სასამართლომ, მაგრამ მათ კომპენსაცია ჯერ არ მიუღიათ, გაზრდილ თანხას მიიღებენ.

„კომპენსაციის ოდენობაზე ახლაც იმსჯელებს სასამართლო. განსხვავება ის არის, რომ საკომპენსაციო თანხა ვეღარ იქნება ათას ლარზე ნაკლები. ხოლო ის თანხა, რაც მოქალაქემ პირველ ეტაპზე აიღო, ბუნებრივია, გამოაკლდება იმ თანხას, რომელსაც კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ აიღებს“.
მოქალაქეებმა განცხადებით მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებს უნდა მიმართონ. როგორც გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, ადგილობრივ საქალაქო სასამართლოებს არ მიეცათ საქმეების განხილვის უფლება.

„თუ მოქალაქეს ექნება სურვილი, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს, მაშინ უნდა ჩავიდეს თბილისში ან ქუთაისში. თუმცა, სასამართლოს შეუძლია მათი პროცესზე დასწრების გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილება“.

რეპრესირებულ პირებს საიას უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევს. გიორგი ხიმშიაშვილი: „არიან ისეთი პირებიც, ვინც თავის დროზე კერძო ადვოკატები დაიქირავა და მათი მომსახურების საფასურის გადახდა ვეღარ შეძლო მცირე კომპენსაციის მიღების გამო. ამიტომ, მათ შესაძლებლობა აქვთ აიღონ გაზრდილი კომპენსაცია და ეს ვალი დაფარონ.“

 
სასამართლო გადაწყვეტილებას რეპრესირებული პირი წარადგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, მას პირად ანგარიშზე უნდა დაერიცხოს სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაციის თანხა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებით რეპრესირებულთა გაზრდილი კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეებს უფლება აქვთ, სასამართლოს 2018 წლის ბოლომდე მიმართონ.

საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებულ პირთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 1936-1939 წლებში სულ 30 ათასი ადამიანია რეპრესირებული. რეპრესირებულ პირთა ყველაზე დიდი რაოდენობა აჭარაშია.

 

ატესტატის გარეშე დარჩენილები

 

ქვეყნის მასშტაბით გამოსაშვებ გამოცდებზე დაახლოებით 44 ათასი მოსწავლე დარეგისტრირდა. მათგან ნაწილი გამოცდებზე არ გამოცხადდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წელს განმეორებით აბარებდნენ გამოცდას. განათლების ეროვნული ცენტრის ცნობით, მათგან თითქმის 5%-მა ვერ მოახერხა ბარიერის დაძლევა, ეს დაახლოებით 2 200 მოსწავლეა.

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, ბათუმის სკოლების მოსწავლეებმა წელს ყველაზე ცუდი შედეგი მათემატიკის გამოცდაზე აჩვენეს. „მათემატიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წელს გადალახა 93.2%-მა – ყველაზე ცუდი შედეგი ეს გვაქვს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 96%. უცხო ენაში ზღვარი გადალახა 95,5%-მა. გასულ წელს – 97,5%-მა. როგორც მე ვიცი, ძირითადად, რუსულზე იყო ჩავარდნა. კარგი მდგომარეობა გვაქვს ქართულსა და ისტორიაში: 98.3%-მა დაძლია ქართული, 98,4%-მა კი – ისტორია“, – ამბობს გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის უფროსი.
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, „1796 მოსწავლიდან გამოცდები ყველა საგანში ვერ დაძლია 176-მა მოსწავლემ, მათგან მხოლოდ 41 მოსწავლე იქნება ვალდებული განმეორებით ისწავლონ მე-12 კლასში ან ექსტერნად დაძლიოს ეს კლასი. მთლიანობაში გამოცდა ვერ ჩააბარა 9,8%-მა. წინა წელსაც თითქმის იგივე მდგომარეობა გვქონდა – 9,9%~ ჩაიჭრა“.

გასულ წელს საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეებიდან წელს განმეორებით დარეგისტრირდა 137 მოსწავლე, მათგან 46-მა ბარიერი ვერც წელს დაძლია.

რატომ გაუჭირდათ წელს მოსწავლეებს მათემატიკის გამოცდის ჩაბარება იმაზე მეტად, ვიდრე გასულ წელს? – სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ეკატერინე თურმანიძე, რომელიც ამადროულად მასწავლებელთა სახლის ტრენერიც არის, ფიქრობს, რომ ტესტი რთული არ იყო:
„მათემატიკის გამოცდის დილემა იცით რა არის – სახელმძღვანელო გვაქვს ძალიან ცუდი, ხოლო პროცესი, რომელშიც ბავშვები არიან მე-12 კლასში, ძალიან არახელსაყრელია. მე-12 კლასში შემოდის მასალა, რომელსაც ვერ წვდება ბავშვების 2%-ი. ერთი აბიტურის საათი არასაკმარისია იმისათვის, რომ თავიდან ბოლომდე 12 წლის მასალა მოვიდეს აჟურში – განმეორება, მათემატიკური სხეულის შემეცნება-აღქმა. ეს პროცესი მხოლოდ მასწავლებლების მიდგომებზეა დაყვანილი“.

ამის მიუხედავად ეკატერინე თურმანიძე ფიქრობს, რომ მოსწავლეებისთვის ეს საგანი დაუძლეველი არ არის: „მე ვასწავლი სოფლის სკოლაში, სადაც მოტივაცია პრაქტიკულად გვაქვს ნულოვანი. ბავშვებიც ცოტა გვყავს – 4 ბიჭი და 2 გოგონა, რომელთაგან ერთ-ერთი გათხოვილი იყო და ყველა სიკეთესთან ერთად ბოლო წელი დადიოდა სპეციალური განრიგით, ანუ ესენი არ არიან ბავშვები სასათბურე პირობებიდან, რეპეტიტორებთან რომ იზრდებიან, მაგრამ ექვსივემ იმ ნიშანზე ჩააბარა, რა ნიშნის მოლოდინიც გვქონდა. ეს არ იყო სენსაციური შედეგი, მაგრამ არც ცუდი იყო“.

ეკატერინე თურმანიძე ამბობს, რომ სახელმძღვანელოს შექმნაში პედაგოგებმა უნდა მიიღონ მონაწილება: „სახელმძღვანელო ჩვენი მოსაფიქრებელია, თორემ პროფესორს, ვინც ამ სახელმძღვანელოს წერს, არ დაესიზმრება პრობლემები, რასაც ჩვენ ვაწყდებით. სახელმძღვანელო რომ იყოს ნორმალური და მე-12 კლასში არაფერს რომ აღარ ვამატებდეთ, ცოდნის სისტემაში მოყვანით რომ ვიყოთ დაკავებულები, არავის გაუჭირდებოდა ამ გამოცდის ჩაბარება“.
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა დავითაძის ინფორმაციით, იმ მოსწავლეებმა, რომლებიც აპირებენ კიდევ ერთი წელი ისწავლონ მე-12 კლასში, უმჯობესია მერიას მიმართონ დაფინანსების თხოვნით: „გასულ წელსაც გვყავდა ასეთი მოსწავლეები და ვიცი, რომ ზოგი მათგანის სწავლა დააფინანსა ბათუმის მერიამ. მაგრამ პროცედურები იქნება გასავლელი, სკოლამ უნდა მიმართოს თვითმმართველობას, დოკუმენტები უნდა მომზადდეს და ა.შ. ხოლო ის მოსწავლეები, რომლებმაც მე-12 კლასი დაძლიეს, მაგრამ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრნენ რომელიმე საგანში, შემდეგი სასწავლო წლის ბოლოს დარეგისტრირდებიან გამოსაშვებ გამოცდებზე და ჩააბარებენ იმ საგანს, რომელიც წელს ვერ ჩააბარეს. ეს უფასოა“.

წელს კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა ბათუმის სკოლების შემთხვევაში, – გასულ წელს 80 მოსწავლე არ დაუშვეს გამოცდებზე გაცდენების გამო. წელს მათი რაოდენობა განახევრდა – 40 მოსწავლეს უთხრეს უარი ამ მიზეზით.

რაც შეეხება კერძო სკოლებს – მათ უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე საჯაროებს. „მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კერძო სკოლებს უფრო ნაკლები მე-12 კლასელი ჰყავთ, ვიდრე საჯარო სკოლებს. კერძო სკოლებიდან მხოლოდ ერთ სკოლაში გვყავს ჩაჭრილები – ოთხი ბავშვი ჩაიჭრა, დანარჩენმა ყველამ ყველა გამოცდა ჩააბარა“.

ბათუმის საჯარო სკოლებს შორის ორი სკოლაა, რომელთა ყველა მეთორმეტეკლასელმა ჩააბარა გამოცდა. ეს სკოლებია – მე-10 (31 მოსწავლე) და მე-15 (62 მოსწავლე) სკოლები. გოჩა დავითაძის ინფორმაციით, ყველაზე ბევრი მეთორმეტეკლასელი ჰყავდა პირველ სკოლას – 133; ამ სკოლაში გამოცდა ჩააბარა 139-მა მოსწავლემ (6 გასული წლის კურსდამთავრებული იყო). წელს პირველ სკოლაში ორმა მოსწავლემ ვერ დაძლია გამოცდა, ხოლო მეორე სკოლაში ერთმა მეთორმეტეკლასელმა.

 

ზღვარგადალახულთა პროცენტული რაოდენობა გამოცდების მიხედვით

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციების წევრი გახდა

 

ელისო ბოლქვაძე

 

ეს ასოციაცია უკვე 60 წელზე მეტია რაც არსებობს და აერთიანებს წამყვან მუსიკალურ, თეატრალურ და მულტიდისციპლინარულ ფესტივალებს მთელ ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ.

 

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, გიორგი მასალკინი და აკაკი ძნელაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ, რომლებიც ამ დროისთვის ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში იმყოფებიან. მათი ინფორმაციით,  ბათუმის გარდა, ევროპული ფესტივალების ასოციაში  ორი ახალი წევრი, ფესტივალი – იტალიიდან და ბელგიიდან მიიღეს.

 

ეს არის ის ფესტივალების ქსელი, რომელიც აერთიანებს მთავარ ფესტივალებს ევროპაში. „ჩვენ შევეცდებით, რომ არ შემოვიფარგლოთ მუსიკით და შევიყვანოთ ამ ქსელში სხვა ფესტივალები საქართველოდან – კინო, ცეკვა, ფოლკლორი, თეატრი და ასე შემდეგ“- ამბობს, გიორგი მასალკინი.

 

 ფესტივალების საერთაშორისო ასოციაცია  1952 წელს შვეიცარიაში დაარსდა. ახლა შტაბ-ბინა აქვთ გენტში, ბელგიაში.

 

ბათუმის ფესტივალი ცნობილმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ  გასულ წელს დააარსა. პირველი კონცერტი ბათუმში 10 ივლისს გაიმართა.

 

ფესტივალის ფარგლებში პიანისტმა მასტერ-კლასებიც ჩაატარა ბავსვებისთვის, სადაც 47 ბავშვი დარეგისტრირდა.  

 

ჩეხეთი, ქალაქი ოსტრავა. ფესტივალების ასოციაციის კონფერენციაზე

 

 

საქართველოში განქორწინების სტატისტიკა გაიზარდა

 

რეგიონების მიხედვით, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 3 348, თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ 1 423 – იმერეთში და 1 036 – ქვემო ქართლში.

 

აჭარაში განქორწინებულთა რაოდენობა გასულ წელს 678  იყო, 2013 წელს კი 546.

 

2013 წელთან შედარებით განქორწინების სტატსიტიკა  ქვეყნის მასშტაბით  1 030 -ითაა გაზრდილი.  წინა წლებთან შედარებით მაჩვენებლი თიტქმის ყველა რეგიონში მაღალია.

 

2013 წელთან შედარებით, 2014 წელს, შემცირებულია დაქორწინებულთა რაოდენობაც. სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით 34  693 წყვილი დაქორწინდა, გასულ წელს კი 31 526 წყვილი.

 

 

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „რედისონში“ მოსამართლეებს ხვდება

 

ნინო გვენეტაძე

 

აღნიშნული შეხვედრა იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის გაგრძელებაა, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

 

განხილვის თემა ასევე იქნება, საქართველოს  კანონებში, – „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ და „საქართველოს  იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“  და „უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ“ შესატანი ცვლილებები.

 

კანონპროექტების წარმოდგენის შემდეგ, გაიმართება დისკუსია.

 

შეხვედრის ინიციატორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოა. შეხვედრა იმართება ევროპის საბჭოს პროექტის,-  „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

 

 

შეხვედრა მოსამართლეებთან სასტუმრო „რედისონში“

 

Exit mobile version