სიახლეები

ახალი ბინები ბათუმის მერიას

07.06.2015 • 1786
ახალი ბინები ბათუმის მერიას

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „კინოს უბანთან” ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ხელშეკრულება 2012 წლის დასაწყისში გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ. N42-ში, ზუბალაშვილის შესახვევი N1-ში და ზუბალაშვილისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე უძრავ ქონებებზე კომპანიას 2014 წლის აგვისტომდე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა აეგო. იმავდროულად ინვესტორის ერთ-ერთი ვალდებულება იყო, რომ ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის საკუთრებაში 400 კვ/მ კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართობი გადაეცა.

 

11 კეთილმოწყობილი ბინა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკუთრებაში 2015 წლის თებერვალში დაირეგისტრირა, აქედან 9 ბინა კი მაისში ბათუმის მერიას გადასცა საკუთრებაში. როგორ განკარგავს აღნიშნულ ბინებს ბათუმის მერია? – ამ კითხვით “ბათუმელები” ქალაქის მერს გიორგი ერმაკოვს დაუკავშირდა.

 

გიორგი ერმაკოვი

 

„ახლა ანგარიშს ვერ ჩაგაბარებთ ზუსტად რაში გვჭირდება ეს ბინები, მაგრამ გეტყვით, რომ ესაა საბინაო ფონდი, რომელსაც ვიყენებთ დანიშნულებისამებრ. გვიწევს ქონების ჩამორთმევა ექსპროპრეაციით, ან გვაქვს ასათვისებელი გარკვეული ფართობები, ისე, როგორც მაგალითად ერისთავის ქუჩაზე, ან გაგვყავს გზა, ან საკრებულოს გადაწყვეტილებით გადავცემთ ბინებს, მაგალითად, მრავალშვილიან (7 და მეტი შვილი) ოჯახს. ანუ, ასეთი ღონისძიებებისთვის ამ საბინაო ფონდით ვსარგებლობთ – ვაძლევთ სანაცვლოდ მოქალაქეებს, ვაძლევთ ასევე რემონტის თანხასაც“, – აღნიშნა “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში ქალაქის მერმა.

 

გიორგი ერმაკოვის თქმით, ქალაქის სხვადასხვა უბანში, სადაც აითვისეს ტერიტორია და მოქალაქეებთან ვალდებულება წარმოეშვა სახელმწიფოს, ქალაქს ამ შემთხვევაში, ამისთვის იქნება გამოყენებული ეს ბინები ზ. გამსახურდიას ქუჩაზე: „ასეთი ოჯახები გვყავს. რაც შეეხება დაკონკრეტებას, ინდივიდუალური პირები არიან და ზოგს შესაძლოა არ უნდოდეს ინფორმაციის გაჟღერება. რაც შეეხება სახელმწიფოს თუ ქალაქის ქონებას, მას უკანონოდ არ გავცემთ“.

 

ამ კორპუსში რომლის პირველ სართულზე მაღაზია ვაიკიკია ბათუმის მერიას 9 ბინა აქვს

 

ბათუმის მერიას გარდა აღნიშნული ბინებისა, საკუთრებაში კიდევ 50-მდე ბინა აქვს ქალაქის სხვადასხვა უბანში, რომლებშიც არავინ ცხოვრობს (ეს ბინები მერიას საკუთრებაში 2012 წლის იანვრიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში აქვს დარეგისტრირებული).

 

რატომ არ გამოიყენა ეს ფონდი მერიამ და რატომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეები ბინებით, თუ ასეთი ვალდებულება გააჩნდა – ამასთან დაკავშირებით ქალაქის მერი აღნიშნავს: „სხვა ბინებიც გვაქვს, ალბათ, გვქონდა, მაგრამ ეს თქვენი განსასაზღვრი ხომ არ არის, რატომ ვაძლევთ ერთ და არა სხვა სახლში ბინას… კანონის ფარგლებს არ გავცდებით. ყველას, ვისაც ეკუთვნის ასეთ შემთხვევაში, მერიის თუ ფინანსთა სამინისტროს ფონდში რიცხული თუ ამორიცხული საცხოვრებელი ფართობები, კანონის შესაბამისად გადაეცემა“.

 

2014 წელს და მიმდინარე წლის აპრილამდე პერიოდში მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში სულ შესული და განხილული იქნა 2027 მოქალაქის განცხადება ბინით დაკმაყოფილების თაობაზე.

 

ამავე სამსახურის ინფორმაციით: „რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ ადამიანებისა ან/და ოჯახების რაოდენობას, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, მსგავსი ინფორმაცია ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში არ მოიპოვება“.

 

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში, როგორც მერიიდან გვიპასუხეს, ხორციელდება განცხადებების აღრიცხვიანობა თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ. 2011 წლიდან 2015 წლის 27 მარტამდე კი აღნიშნულ სამსახურში სულ შესულია 2064 განცხადება: „აქედან, თანაქალაქელებისთვის სტანდარტული საცხოვრისის _ იაფი სახლის (ეკონომიკურად ხელმისაწვდომი გრძელვადიანი გამოსყიდვის (ეტაპობრივად გადახდის) უფლებით) პროექტში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რაოდენობა 216-ია“.

 

„ქალაქის მერია განცხადების საფუძველზე არავის ბინას არ აძლევს. საბინაო ფონდში არსებული ბინები არ განიკარგება არც ერთ შემთხვევაში გარდა შემთხვევისა, რაც არის კანონით გათვალისწინებული. ის, რომ მოქალაქე შემოდის განაცხადით – ბინა არა მაქვს, მასეთი განცხადება უამრავი იქნება, მაგრამ საბინაო ფონდიდან ბინის განკარგვა ამ განცხადებების საფუძველზე არ შეიძლება. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, მერია საჩუქრად გადასცემს ვინმეს ბინას? – მიუხედავად იმისა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველას ჰქონდეს საკუთარი საცხოვრებელი. მაგრამ მე რომ ბინა არ მქონდეს და მივწერო რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ მომეცით ბინა, ასეთი კანონი არ არსებობს. ამასთან, როგორც ამბობენ – გამოკეტილი არ არის ეს ბინები, იქედან გამომდინარე, რომ ვსარგებლობთ ამ ფართობებით საჭიროებისამებრ“,  – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა `ბათუმელებთან“.

 

კითხვაზე, შეისწავლა ან შეისწავლის თუ არა მერია ამ განცხადებებს? ქალაქის მერი გვპასუხობს: „როგორ უნდა შევისწავლოთ განცხადებები, ვინც გვწერს ბინა არ გვაქო… ჩვენ რეესტრს ვაკეთებთ და საერთო ინფორმაცია გვაქვს რამდენი განაცხადია, თორემ ბინის გადაცემა, როგორც ასეთი, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ხდება. სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ ეკომიგრანტებს გადაეცემა. ამ შემთხვევაშიც, არსებობს სამთავრობო კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ეკომიგრანტებთან დაკავშირებით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: