Batumelebi | ატესტატის გარეშე დარჩენილები ატესტატის გარეშე დარჩენილები – Batumelebi
RU | GE  

ატესტატის გარეშე დარჩენილები

 

მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები ბათუმში სულ 41 მოსწავლისთვის დასრულდა დრამატულად – ზოგიერთმა გამოცდა ვერც ერთ საგანში ვერ ჩააბარა, ზოგიერთმაც მხოლოდ ერთში ან ორში. თუმცა ამ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობა აქ არ სრულდება – მათ შეუძლიათ მომავალ წელსაც ჩააბარონ გამოსაშვები გამოცდები. მეტიც, შეუძლიათ გაისად ისწავლონ მე-12 კლასშიც, მაგრამ მათ ოჯახებს ამ შემთხვევაში ცუდი „სიურპრიზი“ ელით – შვილების სასკოლო განათლება თავადვე უნდა დააფინანსონ, განთალების სამინისტრო მათზე ვაუჩერს აღარ გასცემს. 

 

ქვეყნის მასშტაბით გამოსაშვებ გამოცდებზე დაახლოებით 44 ათასი მოსწავლე დარეგისტრირდა. მათგან ნაწილი გამოცდებზე არ გამოცხადდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წელს განმეორებით აბარებდნენ გამოცდას. განათლების ეროვნული ცენტრის ცნობით, მათგან თითქმის 5%-მა ვერ მოახერხა ბარიერის დაძლევა, ეს დაახლოებით 2 200 მოსწავლეა.

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, ბათუმის სკოლების მოსწავლეებმა წელს ყველაზე ცუდი შედეგი მათემატიკის გამოცდაზე აჩვენეს. „მათემატიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წელს გადალახა 93.2%-მა – ყველაზე ცუდი შედეგი ეს გვაქვს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 96%. უცხო ენაში ზღვარი გადალახა 95,5%-მა. გასულ წელს – 97,5%-მა. როგორც მე ვიცი, ძირითადად, რუსულზე იყო ჩავარდნა. კარგი მდგომარეობა გვაქვს ქართულსა და ისტორიაში: 98.3%-მა დაძლია ქართული, 98,4%-მა კი – ისტორია“, – ამბობს გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის უფროსი.
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, „1796 მოსწავლიდან გამოცდები ყველა საგანში ვერ დაძლია 176-მა მოსწავლემ, მათგან მხოლოდ 41 მოსწავლე იქნება ვალდებული განმეორებით ისწავლონ მე-12 კლასში ან ექსტერნად დაძლიოს ეს კლასი. მთლიანობაში გამოცდა ვერ ჩააბარა 9,8%-მა. წინა წელსაც თითქმის იგივე მდგომარეობა გვქონდა – 9,9%~ ჩაიჭრა“.

გასულ წელს საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეებიდან წელს განმეორებით დარეგისტრირდა 137 მოსწავლე, მათგან 46-მა ბარიერი ვერც წელს დაძლია.

რატომ გაუჭირდათ წელს მოსწავლეებს მათემატიკის გამოცდის ჩაბარება იმაზე მეტად, ვიდრე გასულ წელს? – სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ეკატერინე თურმანიძე, რომელიც ამადროულად მასწავლებელთა სახლის ტრენერიც არის, ფიქრობს, რომ ტესტი რთული არ იყო:
„მათემატიკის გამოცდის დილემა იცით რა არის – სახელმძღვანელო გვაქვს ძალიან ცუდი, ხოლო პროცესი, რომელშიც ბავშვები არიან მე-12 კლასში, ძალიან არახელსაყრელია. მე-12 კლასში შემოდის მასალა, რომელსაც ვერ წვდება ბავშვების 2%-ი. ერთი აბიტურის საათი არასაკმარისია იმისათვის, რომ თავიდან ბოლომდე 12 წლის მასალა მოვიდეს აჟურში – განმეორება, მათემატიკური სხეულის შემეცნება-აღქმა. ეს პროცესი მხოლოდ მასწავლებლების მიდგომებზეა დაყვანილი“.

ამის მიუხედავად ეკატერინე თურმანიძე ფიქრობს, რომ მოსწავლეებისთვის ეს საგანი დაუძლეველი არ არის: „მე ვასწავლი სოფლის სკოლაში, სადაც მოტივაცია პრაქტიკულად გვაქვს ნულოვანი. ბავშვებიც ცოტა გვყავს – 4 ბიჭი და 2 გოგონა, რომელთაგან ერთ-ერთი გათხოვილი იყო და ყველა სიკეთესთან ერთად ბოლო წელი დადიოდა სპეციალური განრიგით, ანუ ესენი არ არიან ბავშვები სასათბურე პირობებიდან, რეპეტიტორებთან რომ იზრდებიან, მაგრამ ექვსივემ იმ ნიშანზე ჩააბარა, რა ნიშნის მოლოდინიც გვქონდა. ეს არ იყო სენსაციური შედეგი, მაგრამ არც ცუდი იყო“.

ეკატერინე თურმანიძე ამბობს, რომ სახელმძღვანელოს შექმნაში პედაგოგებმა უნდა მიიღონ მონაწილება: „სახელმძღვანელო ჩვენი მოსაფიქრებელია, თორემ პროფესორს, ვინც ამ სახელმძღვანელოს წერს, არ დაესიზმრება პრობლემები, რასაც ჩვენ ვაწყდებით. სახელმძღვანელო რომ იყოს ნორმალური და მე-12 კლასში არაფერს რომ აღარ ვამატებდეთ, ცოდნის სისტემაში მოყვანით რომ ვიყოთ დაკავებულები, არავის გაუჭირდებოდა ამ გამოცდის ჩაბარება“.
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა დავითაძის ინფორმაციით, იმ მოსწავლეებმა, რომლებიც აპირებენ კიდევ ერთი წელი ისწავლონ მე-12 კლასში, უმჯობესია მერიას მიმართონ დაფინანსების თხოვნით: „გასულ წელსაც გვყავდა ასეთი მოსწავლეები და ვიცი, რომ ზოგი მათგანის სწავლა დააფინანსა ბათუმის მერიამ. მაგრამ პროცედურები იქნება გასავლელი, სკოლამ უნდა მიმართოს თვითმმართველობას, დოკუმენტები უნდა მომზადდეს და ა.შ. ხოლო ის მოსწავლეები, რომლებმაც მე-12 კლასი დაძლიეს, მაგრამ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრნენ რომელიმე საგანში, შემდეგი სასწავლო წლის ბოლოს დარეგისტრირდებიან გამოსაშვებ გამოცდებზე და ჩააბარებენ იმ საგანს, რომელიც წელს ვერ ჩააბარეს. ეს უფასოა“.

წელს კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა ბათუმის სკოლების შემთხვევაში, – გასულ წელს 80 მოსწავლე არ დაუშვეს გამოცდებზე გაცდენების გამო. წელს მათი რაოდენობა განახევრდა – 40 მოსწავლეს უთხრეს უარი ამ მიზეზით.

რაც შეეხება კერძო სკოლებს – მათ უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე საჯაროებს. „მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კერძო სკოლებს უფრო ნაკლები მე-12 კლასელი ჰყავთ, ვიდრე საჯარო სკოლებს. კერძო სკოლებიდან მხოლოდ ერთ სკოლაში გვყავს ჩაჭრილები – ოთხი ბავშვი ჩაიჭრა, დანარჩენმა ყველამ ყველა გამოცდა ჩააბარა“.

ბათუმის საჯარო სკოლებს შორის ორი სკოლაა, რომელთა ყველა მეთორმეტეკლასელმა ჩააბარა გამოცდა. ეს სკოლებია – მე-10 (31 მოსწავლე) და მე-15 (62 მოსწავლე) სკოლები. გოჩა დავითაძის ინფორმაციით, ყველაზე ბევრი მეთორმეტეკლასელი ჰყავდა პირველ სკოლას – 133; ამ სკოლაში გამოცდა ჩააბარა 139-მა მოსწავლემ (6 გასული წლის კურსდამთავრებული იყო). წელს პირველ სკოლაში ორმა მოსწავლემ ვერ დაძლია გამოცდა, ხოლო მეორე სკოლაში ერთმა მეთორმეტეკლასელმა.

 

ზღვარგადალახულთა პროცენტული რაოდენობა გამოცდების მიხედვით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე