კვირის ამბები

ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ავარიულ ლიფტზე

08.06.2015 • 1610
ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ავარიულ ლიფტზე

 

ლიფტის მოწყვეტის ფაქტიდან შვიდი თვის გასვლის მიუხედავად, მე-2 სადარბაზოში ლიფტი დღემდე არ მუშაობს. უფრო მეტიც _ ლიფტის მდგომარეობით არც არავინ დაინტერესებულა. ამაში გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობენ როგორც ამხანაგობა `წინსვლას~ (კორპუსის ამხანაგობა) თავმჯდომარე ზურაბ ფარტენაძე, ისე სხვა მცხოვრებლები. 


„ცოტა ჩვენი ბრალიც არის, მაშინ როცა ბავშვები მოწყდნენ ლიფტში, არ გამოგვიძახებია არც სამედიცინო ჯგუფი და არც 112, არც მერიისთვის მიგვიწოდებია ლიფტის მოწყვეტის შესახებ ინფორმაცია. ფაქტი როცა მოხდა, მე სახლშიც არ ვიყავი, როცა დავბრუნდი და ვიკითხე, მითხრეს, რომ ოთხივე ბავშვი გადარჩა. მერე ჰქონდათ თუ არა რაიმე გართულებები, ვერ გეტყვით. ბავშვები იმ ოჯახთან იყვნენ სტუმრად, ვინც მდგურად ცხოვრობდა ჩვენს კორპუსში. ამ ამბის შემდეგ მდგურიც გადავიდა. ასე რომ, არ ვიცი იმ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის ამბავი როგორ წავიდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ფარტენაძემ.

 

ტაბიძის ქუჩის 31-ში მცხოვრები ჯუმბერ ძირკვაძე კი ირწმუნება, რომ ლიფტის ჩავარდნის შემდეგ სადარბაზოს მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს მერიას. „მივმართეთ მერიის შესაბამის სამსახურს და თვითონ მერსაც, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ამ წელშიც არ ჩაგვსვეს არც რემონტის და არც ახალი ლიფტის მონტაჟის რიგში“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

 

ზურაბ ფარტენაძის თქმით, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მათ კორპუსში ლიფტის მოწყვეტის ფაქტით „ბათუმელები“ დაინტერესდა, მიმართა ქალაქ ბათუმის შესაბამის აიპის – „ბათუმის კორპუსს“. „მერიაში გვითხრეს, რომ ჩვენზე წინ ჰყავთ კიდევ 9 სახლი, რომლებსაც ლიფტი სჭირდება. დამპირდნენ, რომ ჩვენ მეათე ვიქნებით. მითხრეს, რომ აპირებენ მერიას მოსთხოვონ 140 ათასი ლარის დამატება და თუ დაუმატეს, მაშინ ჩვენც მოგვხედავენ“.

 

ზურაბ ფარტენაძის თქმით, ამ დღეებში მან ასევე მოიწვია სპეციალისტი, რომელმაც ახალი ლიფტებისთვის ხარჯთაღრიცვა გააკეთა. „24 470 ლარი სჭირდება ახალი ლიფტის დამონტაჟებას“, – ამბობს ზურაბ ფარტენაძე.

 

ტაბიძის ქუჩის 31-ში მცხოვრებლებს კი, ისე როგორც სხვა მისამართებზე მცხოვრებთ, ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემა აწუხებთ. ერთ-ერთი მათგანი, ვინც „ბათუმელებს“ მათ კორპუსში ლიფტის მოწყვეტის შესახებ შეატყობინა, ამბობს, რომ ერთი წლის წინ გაიკეთა გულის ოპერაცია (კორონარული შუნტირება), რის შემდეგაც დარჩა არითმია. შესაბამისად, მისთვის არ შეიძლება კიბეებზე ასვლა.
2015 წელს ლიფტების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული. გამოყოფილი თანხით იმ ლიფტების გამოცვლა იგეგმება, რომლებიც რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.

 

ლიფტებს იბარებს „ბათუმის კორპუსი“ და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება.
ბათუმის საკრებულოს ბოლო სხდომაზე საკრებულოს სახელისუფლო და ოპოზიციური წევრები დიდი ვნებათაღელვით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა ბოლო სხდომაზეც არავის გახსენებია ავარიული ლიფტების საკითხი.

გადაბეჭდვის წესი