Batumelebi | როდის გაიხსნება „სემირამიდას ბაღები“ – ტოვებს თუ არა აზერბაიჯანელი ინვესტორი ბათუმს როდის გაიხსნება „სემირამიდას ბაღები“ – ტოვებს თუ არა აზერბაიჯანელი ინვესტორი ბათუმს – Batumelebi

როდის გაიხსნება „სემირამიდას ბაღები“ – ტოვებს თუ არა აზერბაიჯანელი ინვესტორი ბათუმს

 

ბათუმში, ზღვის პირას, აზერბაიჯანის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანზე 2011 წელს 1 ლარად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სასტუმრო კომპლექსის გახსნა გაჭიანურდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ობიექტის მშენებლობა ინვესტორის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის გამოა შეჩერებული. შესაძლოა, მშენებარე კომპლექსი აზერბაიჯანულმა მხარემ გაასხვისოს და ბაზრიდან გავიდეს კიდეც. ინვესტორი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებული პირია. 

სასტუმრო კომპლექსი „გაზელი“ (ე.წ. „სემირამიდას ბაღები“) ბათუმში, ზღვისპირას შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 2013 წლის აგვისტომდე უნდა გახსნილიყო. მიმდინარე წლის 19 მაისს კი, სასტუმრო კომპლექსის გახსნა კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადა.

სამინისტროში მიზეზად იმას ასახელებენ, რომ კომპანიამ გარკვეულო სამუშაოების შესრულება ვერ მოასწრო. ერთ-ერთი ინფორმირებული წყაროს ცნობით კი, აზერბაიჯანულმა მხარემ მშენებელ კომპანიას მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო თანხის გადახდა შეუწყვიტა.

წყაროს თქმით, ის, რომ ინვესტორს ფული არ აქვს, არადამაჯერებელია. ამასთან, საუბარია მშენებარე კომპლექსის გაყიდვაზეც: „ამბობენ, ფული არ გვაქვსო, მაგრამ არ იქნება ეს სიმართლე. მშენებლობა თითქმის დასრულებულია. გამორიცხული არ არის ობიექტი გაიყიდოს. შესაძლებელია იტალიელები შემოვიდნენ. ეს მშენებელი კომპანიაც ეუბნება – ჩვენ მოგვყიდეთო. დეტალები არ ვიცი. ვითომ ორ თვეში გადაწყდება ყველაფერი“.

ჩვენივე ინფორმაციით, ინვესტორს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის 31 მილიონამდე აშშ დოლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა ხარჯებმა უკვე 40 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

სასტუმროს თურქული „მაფა სამშენებლო სავაჭრო კომპანიის ბათუმის ფილიალი“ („მაფა“) აშენებს. კომპანიაში ოფიციალურ კომენტარს, თუ რატომ შეჩერდა მშენებლობა, არ აკეთებენ. „ჩათვალეთ, რომ ჩვენ ჩვენი სამუშაო ფაქტობრივად შევასრულეთ. ის, თუ ვინ დაასრულებს დარჩენილ სამუშაოებს, ეს დამკვეთზეა დამოკიდებული“, – გვითხრეს კომპანიაში.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „მარინასა“ და „აკვაპარკს“ შორის ერთ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი აზერბაიჯანის მოქალაქე ზარიფა გამზაევას 2011 წლის ივნისში, აჭარის მაშინდელმა მთავრობამ 1 ლარად გადასცა. ზარიფა გამზაევას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 100 მოქალაქის დასაქმება დაევალა.

„მაფას“ სასტუმროს მშენებლობა კომპანია SW INN LLC-მა დაუკვეთა. კომპლექსის მშენებლობა მხოლოდ 2012 წელს დაიწყო. სასტუმრო კომპლექსში 130-ზე მეტი ნომერი იქნება. დასაქმებულთა 90% კი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

მშენებლობაზე დღეს გამოკრული სტენდის მიხედვით, დამკვეთი შპს „გლორიაა“. „გლორია“ კი, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, იგივე SW INN LLC-ია, რომელსაც სახელწოდება 2010 წელს შეეცვალა. კომპანიის სახელწოდების შეცვლასთან ერთად, როგორც ერთ-ერთმა პარტნიორმა, ზარიფა გამზაევამ კომპანიის კაპიტალში დამატებით შეიტანა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე ქ. ბათუმში, მისამართზე – კ. გამსახურდიას ქუჩა #8-10 (საკონსტიტუციო სასამართლოს უკან).

ეს ქონება – ორი ავტოფარეხი, საერთო ჯამში, 27 კვ/მ და 618 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობი პირველ სართულზე, მაშინ 1 მილიონ ექვსი ათას ხუთას ლარად შეფასდა. ამ ქონების შეტანით შპს „გლორიას“ საწესდებო კაპიტალი 3 მილიონ 393 ათასზე მეტი ლარით განისაზღვრა. კომპანიის წილის 50,8 პროცენტს ზარიფა გამზაევა ფლობს, დანარჩენი წილი კი რეგისტრირებულია ჯამილა და მალახატ ასკეროვებზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ისინი ზარიფა გამზაევას შვილები არიან.

რატომ ვერ მოესწო სასტუმროს გახსნა 2013 წელს? რა მიზეზების გამოა შეჩერებული მშენებლობა და როდის განახლდება? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ აზერბაიჯანშიც სცადა და თბილისშიც, სადაც კომპანია „გლორიას“ წარმომადგენლობის ოფისია. მცდელობის მიუხედავად, პასუხები დღემდე ვერ მივიღეთ.

აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით გარკვეულია, რომ ზარიფა გამზაევა აზერბაიჯანელი მილიარდერის, ავიაკომპანია AძAL-ის პრეზიდენტის ჯახანგირ ასკეროვის მეუღლეა. ამასთან, ზარიფა გამზაევა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილ არზუ ალიევასთან ერთად „Silkway Holding“-ში შემავალი შილკწაყBანკ-ის დამფუძნებელია. მილიარდერის მეუღლე ასევე ფლობს პარფიუმერულ მაღაზიათა უმსხვილეს ქსელს – „გაზელი“.

რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ალიევასა და ზარიფა გამზაევას ჰოლდინგში 23 კომპანიაა გაერთიანებული და ავიაციის სფეროს მომსახურებაში დომინანტური როლი აქვს.

აზერბაიჯანულენოვანი რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ზარიფა გამზაევა და პრეზიდენტ ალიევის ქალიშვილი საკმაოდ სკანდალური პიროვნებები არიან. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, მათ საქმიანობას „თან ახლდა და ახლავს მთელი რიგი სამართალდარღვევები და კორუფციული ელემენტები“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე